ბლოგი მომზადებულია სოფიკო მენაბდიშვილის მიერ

2014 წელს საქართველომ მოახდინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება და იკისრა მათი უფლებების დასაცავად მთელი რიგი ვალდებულებები, რომელთა შორისაა შშმ პირთა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვა.  აღნიშნულის ქვეშ მოიაზრება მათ შორის შშმ პირების ძალადობის და დისკრიმინაციის გარეშე ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უფლება სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე (სქესობრივი ურთიერთობების და ოჯახის დაგეგმვის ჩათვლით).

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა წარმოადგენს სრულ ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ სიჯანსაღეს რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში. ეს ნიშნავს მდგომარეობას, როცა ადამიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ დამაკმაყოფილებელი და უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრება, გამრავლების უნარი და შეეძლოთ მიიღონ თავისუფალი და ინფორმირებული გადაწყვეტილება, თუ რამდენი შვილი იყოლიონ და როდის. თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი თავის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.[1]

იმის გამო, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები ცხოვრების უმეტეს სფეროებში წინააღმდეგობებს აწყდებიან, ეს ქმნის ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაციის მრავალმხრივ და ინტერსექციურ ფორმებს, კერძოდ, ისეთ ასპექტებთან მიმართებით, როგორიცაა: განათლება, ეკონომიკური შესაძლებლობები, სოციალური ინტერაქცია, მართლმსაჯულებაზე თანაბარი წვდომა და სამართლის სუბიექტად აღიარება;[2] ასევე, საკუთარი ცხოვრების კონტროლი სხვადასხვა კონტექსტში (მაგ.: ჯანდაცვა, რაც მოიცავს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სერვისებს; არჩევანი, თუ სად და ვისთან ერთად სურთ ცხოვრება). აღნიშნულის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციამ  განსაზღვრა  შშმ პირებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებთან, ცრურწმენებსაც და მავნებლურ პრაქტიკასთან ბრძოლის ვალდებულება.

წინამდებარე ბლოგის მიზანია შეაფასოს არსებული სტერეოტიპები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობის უფლებებთან კავშირში და გამოავლინოს ის ძირითადი გამოწვევები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს.

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე და ინფორმაციაზე მისაწვდომობა გარკვეული სირთულით ხასიათდება, რასაც განაპირობებს სტიგმა შშმ ქალთა სექსუალობაზე და არსებული გენდერული სტერეოტიპები; ასევე, სერვისების მიმწოდებელთა ცნობიერების დაბალი დონე მათ სპეციფიკურ საჭიროებებზე; გარემოს, ფიზიკური მისაწვდომობის და ინფორმაციის არ არსებობა შესაბამის ფორმატში და სხვა. [3]

საზოგადოებაში არსებობს არაერთი სტერეოტიპი, რაც შშმ ქალების რეპროდუქციულ და სქესობრივ ჯანმრთელობის უფლებას ეხება. გავრცელებული შეხედულებებია:

სტერეოტიპიშშმ  ქალები არიან ასექსუალები/ჰიპერსექსუალურნი;

რეალობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს აქვთ სექსუალური ურთიერთობები ისევე, როგორც სხვებს.

სტერეოტიპი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს არ შეუძლიათ ჰყავდეთ მეგობარი ბიჭები, პარტნიორები, მათ არ აქვთ უფლება შექმნან ოჯახი და ჰყავდეთ შვილები. შშმ ქალებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები უჩნდებათ. (რაც, ასევე, განპირობებულია არსებული გენდერული სტერეოტიპებით ქალისა და მამაკაცის სოციალურ როლიდან გამომდინარე.)

რეალობა შშმ ქალებს აქვთ ოჯახები, ჰყავთ შვილები. მათი უფლებაა ჰყავდეთ პარტნიორი;  მცდარი სტერეოტიპები განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ქალების, მით უფრო, შშმ ქალებისა და გოგონების უფლებაზე, მიიღონ გადაწყვეტილება რამდენი შვილი ეყოლებათ, აკონტროლონ და თავისუფლად, სრული პასუხისმგებლობით გადაწყვიტონ საკუთარი სექსუალობის საკითხები.


მშობლობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს შეიძლება დასჭირდეთ დამატებითი დახმარება, როდესაც ისინი მშობლები გახდებიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ აღზრდის უნარი. აღზრდა არის ნასწავლი ქცევა და უნარი, რომლის მხარდაჭერაც შეიძლება. სახელწმიფოს ვალდებულებაა ამ მხარდაჭერის აღმოჩენა.

სტერეოტიპიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს არ სჭირდებათ ინფორმაცია კონტრაცეფციის შესახებ.

რეალობა ყველა ადამიანს სჭირდება ადეკვატური და ზუსტი ინფორმაცია კონტრაცეფციის შესახებ, რათა მათ შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ;

სტერეოტიპი მშობლის ან მზრუნველის პასუხისმგებლობაა, მიიღონ გადაწყვეტილებები მათ შვილთან დაკავშირებულ ურთიერთობებსა თუ დაოჯახებაზე.

რეალობათუ ადამიანები არიან სრულწლოვანები  და აქვთ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, მაშინ მათ აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილებები შვილების ყოლასთან ან დაოჯახებასთან დაკავშირებით.

 

ეს სტერეოტიპები მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მრავალთაგან, რომელიც მყარად ფესვგადგმულია საზოგადოებაში. აღნიშნული პრობლემა არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც პრობლემურ სფეროდ რჩება. საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით შშმ ქალები შვილის ჩამორთმევის 10-ჯერ უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.[4]

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის’“ (PHR) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ფსიქო სოციალური საჭიროებების მქონე ქალთა დედობის უფლება საქართველოში ხშირად ხელყოფილია, რასაც მეტწილად განაპირობებს მისი სამედიცინო დიაგნოზი და სტერეოტიპული დამოკიდებულება, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალები მოკლებულნი არიან შვილის აღზრდის შესაძლებლობას. [5]

ხშირად ორგანიზაციის იურისტები შშმ ქალებთან გასაუბრების ან/და იურიდიული კონსულტაციების გაცემის დროს  ვისმენთ შშმ ქალებთან დაკავშირებულ განსხვავებულ ისტორიებს და ყოველთვის თვალშისაცემია ოჯახსა და სამედიცინო კლინიკებში არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებები შვილების ყოლის, დაოჯახების თუ სხვა საკითხების შესახებ.

ამ გასაუბრებების დროს შშმ ქალები აღნიშნავდნენ, რომ მათ ოჯახის წევრებს არ სჯერათ,  რომ შშმ ოჯახის წევრი დამოუკიდებლად შეძლებს შვილზე ზრუნვას. ერთ-ერთი ქალის თქმით  „დედაჩემი ფიქრობს, რომ შეიძლება ბავშვს რამე დავუშავო“; „ჩემს ოჯახს შიშები აქვთ დამოუკიდებლად შვილების ზრუნვას ვერ შეძლებო მეუბნება;“.

მათი გადმოცემით სამედიცინო დაწესებულებებში პირველივე კონტაქტი ექიმთან იწყება შეძახილებით “უი“;  ექიმებისგან ისმის კითხვები -  „როგორ გაბედე? როგორ აპირებ გაზრდას?“

„მეორე შვილი? დარწმუნებული ხარ? შეძლებ?“ „შემდეგ მესმოდა შექება  „რა ყოჩაღი ხარ ვაიმე“ რა ადაპტირებული ხარ“;

ამ სტერეოტიპებს კი თავად შშმ ქალები ანგრევდნენ, როცა ყვებოდნენ მათ ოჯახებზე, შვილებზე.

ნინოს ისტორია (სახელი შეცვლილია) „25 წლის ასაკში დავოჯახდი, თითქმის 9 წელია გათხოვილი ვარ. მყავს მეუღლე და სამი შვილი. ვარ უსინათლო. ყველაფერს დამოუკიდებლად ვაკეთებ. ყველას უკვირს როგორ შევძელი სამი შვილის გაჩენა უსინათლო ქალმა. ალბათ ჰგონიათ ბევრი დამხმარე მყავს. თუმცა ასე არ არის, მე ჩემს შვილებს სრულიად დამოუკიდებლად ვზრდი.“

შშმ ქალების მიერ გადმოცემული ისტორიები ცხადყოფს ბევრი მიმართულებით პრობლემის მოგვარების აუცილებლობას, ასევე მიანიშნებს ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგებისა და პოლიტიკის ნაკლებობას.

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებთან ბრძოლისთვის განსაკუთრებულად მნიშნველოვანი და აუცილებელი არის სრული და ყოვლისმომცველი განათლება. სისტემური ცვლილებებისთვის,  სტერეოტიპული დამოკიდებულებები შეცვლისათვის აუცილებელია ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების დანერგვა, ცნობიერების ამაღლება და საჭირო სერვისების შექმნა . წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო დამძიმდება შშმ ქალების ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა და გარემოც დარჩება  სტერეოტიპებით სავსე.

ამ პრობლემასთან ბრძოლა შესაძლებელი გახდება მხოლოდ მაშინ, როცა სახელმწიფო ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირების ცნობიერების ამაღლებით, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სწავლებით და სტიგმასთან ბრძოლით მიაღწევს სისტემურ ცვლილებას.

 

 

ბლოგი შექმნილია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს RFSU-ს მოსაზრებებს.



[1] ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი, ზოგადი კომენტარი No22 (2016) სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე -12 მუხლი)

[2] მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და მსოფლიო ბანკი, ანგარიში შეზღუდული შესაძლებლოის შესახებ (ჟენევა, 2011).

[3] Report on SRHR of girls and young women with disabilities, Special Rapporteur on the rights of persons with disabilities, UN General Assembly, 2017

[4] The Sexual and Reproductive Rights of Women and Girls with disabilities, Issues paper. Carolyn Frohmader and Stephanie Ortoleva, 2013

[5] ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში - ძირითადი ტენდენციები. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, ნანა გოჩიაშვილი, 2015