სოფია [სახელი შეცვლილია] თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა. მას მრავალფეროვანი ინტერესები და გეგმები აქვს. სკოლაში მეგობრები ჰყავს და თითქოს ყველაფერი როგორც საჭიროა, ისე მიდის - სკოლა, სახლი, სხვადასხვა წრეებზე სიარული. სოფიას მხატვრობა, კინო და მუსიკა იტაცებს, აქვს უამრავი ოცნება.

მერვე კლასში, სასწავლო წლის დასაწყისიდან უცნაური რამ შენიშნა. მისი ერთ-ერთი მასწავლებელი (მამაკაცი) თითქმის ყოველ გაკვეთილზე მხრებზე უკეთებდა მასაჟს, სკოლის საერთო სივრცეში თითქმის ყველა  შეხვედრის დროს  ეხუტებოდა მჭიდროდ, წელზე ხვევდა ხელს, ეფერებოდა თავზე, ეხებოდა მხრებზე, ზურგზე და წრიულად უსვამდა ხელს.

ბავშვი, მისთვის არასასურველი ქცევების გამო, ხშირად იყო ცუდ ხასიათზე, ეშინოდა ამაზე საუბრის, ტიროდა, ხატავდა სისხლიან და ცრემლიან ქალებს. ბავშვმა, როცა გაუსაძლისი გახდა მასწავლებლის მხრიდან არასასურველი სექსუალური შინაარსის ქცევების ატანა,  გაბედა და დედას უამბო ამ ფაქტების შესახებ. დედამ ბავშვთან ერთად აქტიურად დაიწყო ბრძოლა.  მათ მიმართეს სკოლის ადმინისტრაციას, მანდატურის სამსახურს, პოლიციას.

სოფიას უჭირდა ამ ფაქტებზე ხმამაღლა საუბარი, ეშინოდა. რაც ყველაზე ცუდია, ბავშვის მოლოდინები გამართლდა და სკოლა მის მიმართ მტრულად განეწყო. საბოლოოდ, სკოლამ ბავშვის ნაამბობი ფანტაზიის ნაწილად ჩათვალა, მასწავლებელს „არაეთიკური“ ქცევის გამო მხოლოდ საყვედური გამოეცხადა. პოლიციამ კი უარი თქვა გამოძიების დაწყებაზე, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

პოლიციის უარი განპირობებული იყო იმით, რომ კანონმდებლობა სექსუალურ შევიწროებას განიხილავს სამოქალაქო დავის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ  სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლი ითვალისწინებს არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის სასჯელს და სისხლის სამართლებრივ დანაშაულად მიიჩნევს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, პრაქტიკაში ზღვრის გავლება და განსხვავება  ფიზიკურად გამოხატულ სექსუალ შევიწროებასა და გარყვნილ ქმედებას შორის პრობლემურია.

მოსწავლის და მისი ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად სკოლამ მასწავლებლის გათავისუფლებაზე უარი თქვა. მასწავლებლისთვის საქმიანობის შეჩერების მოთხოვნაზე უარი თქვა სასამართლომაც. ამჟამად შეჩერების საკითხს ზემდგომი სასამართლო სწავლობს. მასწავლებელმა კლასი დატოვა, თუმცა სოფიას ყოველ დღე ხვდება სკოლის საერთო სივრცეში და ყოველ დღე ახსენებს თავს, როგორც ყველაზე ცუდი მოგონება, რაც კი 16 წლამდე ჰქონია და განუცდია.

სოფია ახლა მის უფლებებს სასამართლოში იცავს და ითხოვს სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენას მასწავლებლის მიმართ და ასევე, სკოლის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებას, რადგან სკოლამ ვერ შეძლო ბავშვისთვის ზიანის არიდება.

რა უნდა იცოდეს ბავშვმა სკოლაში შევიწროებაზე, მათ შორის სექსუალურ შევიწროებაზე

საქართველოში აკრძალულია სექსუალური შევიწროება და ის დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად არის აღიარებული.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შევიწროება განიმარტება, როგორც „ნებისმიერი ნიშნით პირის დევნა, იძულება ან/და პირის მიმართ არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას“ [1].

ანტიდისკრიმინაციული კანონი კრძალავს სექსუალურ შევიწროებას ნებისმიერ სივრცეში - ეს შეიძლება იყოს სამუშაო ადგილი ან საგანმანათლებლო სივრცე. 

საგანმანათლებლო სივრცეში იგულისხმება დაწყებითი, საშუალო და შემდგომი განათლება, ასევე, სასკოლო აქტივობები. მათ შორის სპორტი, ხელოვნება და კულტურული აქტივობები, სკოლის ექსკურსიები.

სექსუალური შევიწროება განათლების სფეროში არის სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, რომელიც ხელს უშლის მოსწავლეს სწავლის,  მუშაობის ან სკოლის აქტივობებში ჩართვაში.  სექსუალური შევიწროება მოიცავს ქცევის მთელ რიგს, რომელიც შესაძლოა დაიწყოს სექსუალური შინაარსის კომენტარებით ან შეხებით და გაგრძელდეს  სექსუალურ ძალადობით.

განათლების სფეროში სექსუალური შევიწროების ორი ფორმა არსებობს.

  1. პირველი ფორმა არის quid pro quo. ამ ფორმის შევიწროება ხდება მაშინ, როდესაც სკოლის თანამშრომელი პირდაპირ ან ირიბად სთავაზობს მოსწავლეს საგანმანათლებლო პროგრამაში ან აქტივობაში მონაწილეობას მოსწავლის მიერ  სექსუალური შეთავაზებაზე თანხმობის, ასევე ვერბალური ან არავერბალური სექსუალური ხასიათის ფიზიკური ქცევის სანაცვლოდ. Quid pro quo შევიწროება სახეზეა მიუხედავად იმისა, მოსწავლე  წინააღმდეგობას გაუწევს თუ დაემორჩილება შემვიწროვებელს.
  2. სექსუალური შევიწროების მეორე აღიარებული ფორმა სკოლებში არის მტრული გარემოს შექმნა. მტრულ გარემოს შექმნა გულისხმობს არასასურველი სექსუალური ხასიათის  ვერბალურ, არავერბალურ ან ფიზიკურ ქცევას თანამშრომლის, სხვა მოსწავლის ან მესამე პირის მიმართ, რომელიც დამაშინებელი და ღირსების შემლახველია პირისთვის.


რა დაცვის საშუალებები აქვთ სკოლაში სექსუალური შევიწროების მსხვერპლებს?

თუ მოსწავლე სექსუალური შევიწროების მსხვერპლია, ბავშვს აქვს უფლება შეიტანოს სარჩელი სასამართლოში ან მიმართოს სახალხო დამცველის აპარატს.

საქართველოში სკოლებში არ არსებობს ისეთი ორგანო,  რომელსაც აქვს უფლება განიხილოს შევიწროების საქმე. სექსუალური შევიწროების საქმის შესწავლის პროცედურის და სამართლებრივი საკითხების არცოდნის, ასევე, სპეციალური მექანიზმის არარსებობის პირობებში, სკოლები უმეტეს შემთხვევაში საქმეს სწავლობენ ზოგადი დისციპლინური წარმოების ფარგლებში, რა დროსაც ვერ ხდება საჭირო და საკმარისი ზომების მიღება ბავშვის დასაცავად.

რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ სკოლებს სექსუალური შევიწროების შეწყვეტისა და/ან აღკვეთის მიზნით?

როგორც ეროვნული ისე საერთაშორისო კანონმდებლობით განათლების სისტემაში დანერგილი უნდა იყოს მექანიზმი, რომელიც დაიცავს სკოლებში ბავშვებს სექსუალური შევიწროებისაგან და ფაქტის არსებობის შემთხვევაში ეფექტური რეაგირების პროცედურას განსაზღვრავს.

საუკეთესო პრაქტიკის მაგალითია აშშ-ს განათლების დეპარტამენტის სამოქალაქო უფლებების ინსტრუქციები, რომლის თანახმად: სკოლები ვალდებულნი არიან მიიღონ და გამოაქვეყნონ საჩივრების პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ სექსუალური შევიწროების სწრაფ და სამართლიან გადაწყვეტას.  მოსწავლეებს უნდა ეცნობოთ პროცედურების შესახებ, რომლებიც უნდა დაიწეროს სკოლის მოსწავლეთა ასაკის შესაბამის ენაზე. [2]

რატომ უჭირთ ბავშვებს  სკოლებში შევიწროებაზე საუბარი?

როგორც სოფიასთვის, ისე უამრავი სხვა ბავშვისთვის მძიმეა დაიწყო საუბარი მსგავს თემაზე. მოსწავლეებს მასწავლებლების წინააღმდეგ ხმის ამოღების ეშინიათ, რადგან სკოლაში მასწავლებლები და შესაძლოა ბავშვებიც განეწყონ მის წინააღმდეგ.

მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შევიწროებამ შეიძლება შელახოს ბავშვის ღირსება და უსაფრთხოების განცდა, ხელი შეუშალოს  განათლების მიღების პროცესს.

მოსწავლემ, რომელიც განიცდის სექსუალურ შევიწროებას, შეიძლება შეწყვიტოს სწავლა და სკოლასთან დაკავშირებულ აქტივობებში მონაწილეობა. სექსუალურმა შევიწროებამ შესაძლოა ბავშვში გამოიწვიოს შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევა, მადის დაკარგვა, კონცენტრაციის უუნარობა, თვითშეფასების დაქვეითება, რეგულარული საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა, სოციალურ იზოლაცია და გამოიწვიოს სევდის, შიშის ან სირცხვილის გრძნობა.

მოსწავლეების მდგომარეობას ართულებს ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს უმეტეს შემთხვევაში არ აქვს ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ; არ იციან ვის მიმართონ, როცა ადგილი აქვს მსგავს ქმედებას. არ იციან როგორ დააღწიონ თავი შევიწროებას.

განსაკუთრებით დიდი ბარიერი არის მასწავლებლის სტატუსი და ძალაუფლება. ინტერ- ამერიკულმა  სასამართლომ 2020 წლის 24 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე  პაოლა გუზმანი  ეკვადორის სახელმწიფოს წინააღმდეგ (Paola Guzmán Albarracín v. Ecuador, Filing date: 09.30.2006) აღნიშნულ საქმეში პაოლა გუზმანი გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი სკოლის ვიცე-კანცლერის მხრიდან. გადაწყვეტილებაში ინტერ -ამერიკულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა არა მხოლოდ პაოლა გუზმანსა და მოძალადეს შორის ასაკობრივ სხვაობაზე, არამედ ასევე იმსჯელა ვიცე კანცლერის ხელთ არსებულ ძალაუფლებასა და პოზიციიდან გამომდინარე მოსწავლეების მიმართ ზრუნვის ვალდებულებაზე. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის პოზიცია და ასაკობრივი სხვაობა მასწავლებელს ანიჭებდა ძალაუფლებას, მით უფრო არასრულწლოვანი გოგოს შემთხვევაში, რაც ამ უკანასკნელს ბოჭავდა წინააღმდეგობის გაწევის დროს. [3]

რა უნდა გააკეთოს სკოლამ ბავშვთა მიმართ სექსუალური შევიწროებისაგან დასაცავად:

  1. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ეროვნული კანონმდებლობის თანახმად სკოლაში სექსუალური შევიწროების ფაქტების შესამცირებლად და საბოლოოდ აღმოსაფხვრელად აუცილებელია განათლების სამინისტრომ და სკოლებმა დანერგონ ეფექტური მექანიზმი ბავშვების სექსუალური შევიწროებისგან დასაცავად. სისტემა იმგვარად უნდა ჩამოყალიბდეს, რომ მექანიზმი იყოს მისაწვდომი ყველა ბავშვისთვის. ასევე, აუცილებელია ბავშვების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის შესახებ.
  2. აუცილებელია კონკრეტული საქმის განხილვისას მექანიზმი იმგვარად იქნეს გამოყენებული, რომ დაცული იყოს კონფიდენციალურობა, ბავშვის საუკეთესი ინტერესები, ბავშვის ფსიქო-ემოციური უსაფრთხოება და ღირსება. ამან შეიძლება წაახალისოს სხვა ბავშვები და გაზარდოს  შეტყობინების მაჩვენებელი.
  3. სახელმწიფოს ვალდებულებაა დისკრიმინაციისა და შევიწროების წინააღმდეგ არსებული პროცედურებთან დაკავშირებით შეაფასოს რამდენად სწრაფად რეაგირებს სკოლა. რამდენად სერიოზულად მოეკიდნენ პრობლემას; საჩივრის განხილვისთვის რესურსები იყო თუ არა მისაწვდომი; უქმნიდა თუ არა სკოლა მოსწავლეს ჯანსაღ გარემოს და ხომ არ მოხდა ბავშვის რეტრავმატიზაცია, გარიყვა, დადანაშაულება საჩივრის შეტანის გამო; რამდენად ინფორმირებული იყო საჩივრის ავტორი საქმეში არსებულ  მტკიცებულებების შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ სკოლამ ვერ უზრუნველყო ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, სოფიას ყოველ დღე უწევს იმ მასწავლებელთან შეხვედრა, რომელიც მისი შემავიწროებელია.

მას შემდეგ რაც დამრიგებელმა კლასში ფანტაზიორობა ახსენა, სოფიას სულ აქვს შიში რომ მისი არ სჯერათ. ამბობს რომ მასწავლებლები უმიზეზოდ აკრიტიკებენ. იმედგაცრუებულია, რომ მისი არ სჯერათ და მხარს არ უჭერენ - რადგან მასწავლებელი ვამხილე, ამის გამო ცუდი ადამიანი არ ვარ და არ არის საჭირო ეგრე მაგრძნობინონ თავი...“


სოფი მენაბდიშვილის ბლოგი. 

ფოტო: ორიგინალი წყარო.

ბლოგი მომზადდა "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის- PHR"-ის მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერითპროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. დოკუმენტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის- PHR" და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

  



[1] საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, მე-2 მუხლის 32 ნაწილი

[2]Ontario Human Rights commission, Sexual harassment in education (brochure)

[3] Paola Guzmán Albarracín v. Ecuador, Filing date: 09.30.2006)