ალბათ რთულია დღეს საქართველოში ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც ნაცნობი, მეგობარი, ოჯახის წევრი, შორეული ნათესავი არ ჰყავს ემიგრაციაში, საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ერთი. ქართული საზოგადოებისთვის ეს საკმაოდ ხშირი და ცნობილი მოვლენაა.

საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მზარდ ხასიათს იღებს ქალების მიგრაცია, რომელსაც ფემინიზაციას ეძახიან. ქალები ემიგრაციაში მიდიან და აგრძელებენ „ზრუნვის“ საქმიანობას, თუმცა უკვე ანაზღაურების სანაცვლოდ. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ გლობალური შრომითი ბაზარი ძირითადად ქალებისთვის ქმნის ამ „შესაძლებლობას“. ამ მიზეზმა დიდი როლი ითამაშა მიგრაციის ფემინიზაციაში.

ემიგრაციაში წასული ქალები განსხვავებულ ისტორიებს ჰყვებიან, თუმცა უმეტესობას ერთი მიზეზი აერთიანებს - რთული და ხშირად გამოუვალი ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია როგორც უმუშევრობით და დაბალი ანაზღაურებით, ასევე უეცრად თავს დამტყდარი დიდი ხარჯით, ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით ან ბანკიდან აღებული ვალით.

მიუხედავად იმისა, რომ შრომით მიგრაციაში წასული ქალების ნაწილი აღნიშნავს, რომ საკუთარი სურვილით მიიღეს წასვლის გადაწყვეტილება,  ეს არ არის ცალსახად თავისუფალი არჩევანი, ეს უფრო ოჯახის ეკონომიკური გადარჩენის ერთადერთი გამოსავალია:

„სხვა გზა არ მქონდა, ჩემი შვილები აქ შიმშილისგან მოკვდებოდნენ“ - ამონარიდი ემიგრანტი ქალის ნაამბობიდან[1].

სად „მიდის“ აღებული ხელფასის უმეტესობა?

როგორც წესი, მასპინძელ ქვეყანაში  ემიგრანტი ქალები დაბალანაზღაურებად მუშახელად ითვლებიან, ქალები აღნიშნავენ რომ ეს მათთვის კარგი შემოსავალია[2]. თავიანთი შემოსავლის ძირითად ნაწილს საკუთარ ოჯახებში აგზავნიან და თვითონ ყოველდღიურ ხარჯს  იტოვებენ. ერთი შეხედვით ემიგრანტი ქალები თვითონ ანაწილებენ თავის მიღებულ შემოსავლებს, მაგრამ რეალურად, ისინი საკუთარ შემოსავალს ოჯახის საჭიროებებზე და მოთხოვნებზე ისე არგებენ, რომ თავად ნაკლები, ზოგ შემთხვევაში კი, მინიმუმიც არ დარჩეთ.  

როგორ? მათი ხელფასი გათვლილია ოჯახის ყოველდღიურ ხარჯებზე, განათლებაზე, ვალებზე, ბანკის სესხებზე და სხვა ფაქტორებზე, რაც ახანგრძლივებს ამ ქალების ემიგრაციაში ყოფნას წლობით.

ოჯახების ეკონომიკური დამოკიდებულება

საქართველოში არსებული კვლევები ძირითადად ფარავს ისეთ საკითხებს როგორიცა შრომითი მიგრაციის სფეროები, წასვლის მიზეზები, საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობები და ხშირად კვლევებს მიღმა რჩება ისეთი საკითხი როგორიცა  ეკონომიკური დამოკიდებულება (ფარული ძალადობა) ოჯახის წევრების მხრიდან.

ძირითად შემთხვევებში ოჯახები ეკონომიკურად სრულიად დამოკიდებულები ხდებიან ემიგრაციაში წასულ ოჯახის წევრზე, რაც ძალიან დიდ ტვირთად აწვება ემიგრაციაში მყოფ ქალს. ასეთ ქალებს ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ფულის საბეჭდ მანქანას“ ან „მეწველ ძროხას“.[3]

ოჯახის ეკონომიკური გაძლიერების შემდეგაც კი, ქალები იძულებულნი არიან რომ დარჩნენ შრომით მიგრაციაში, ეს მოვლენა არ არის მიმართული ქალების ეკონომიკურად გაძლიერებისკენ. შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების მიერ, დიდი შრომის შედეგად მოპოვებული შემოსავალი არასდროს არ არის მორგებული მათ პირად საჭიროებებზე, პროფესიონალურ ან პიროვნულ ზრდაზე. მთელი რესურსი მიდის ოჯახის და შვილების ეკონომიკურ გაძლიერებაზე, რაც ქალების ეკონომიკურ ან სოციალურ გაძლიერებად ვერ ჩაითვლება. ქალების გაძლიერებად შეიძლება ჩაითვალოს როდესაც ისინი შეძლებენ შექმნან ისეთ ცხოვრება, როგორიც მათ სურთ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შრომით ბაზართან შედარებით, უკეთესი ანაზღაურებას იღებენ ემიგრაციაში, და ერთის მხრივ, აძლიერებენ ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, მეორეს მხრივ ეს ქალები წლობით ვერ ნახულობენ საკუთარი ოჯახის წევრებს, ამასთანავე უწევთ უცხო ოჯახ(ებ)ზე ზრუნვა.

ემიგრაციაში წასვლის შემდეგაც ქალი ინარჩუნებს საკუთარ როლს ოჯახში, უბრალოდ ეს როლი გადადის ვირტუალურ სივრცეში. ქალებს უწევთ ორმაგი შრომის გაწევა, როგორც ფიზიკური, აგრეთვე ფსიქოლოგიურიც. მუდმივი ჩართულობა შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში უმეტესწილად ხორციელდება ფიზიკური შრომის პარალელურად, რაც უფრო ამძიმებს ქალების მდგომარეობას.

„ჩემს შვილზე ყველაფერი ვიცოდი, სად იყო, რას აკეთებდა. ხშირად გაკვეთილებსაც ვამზადებდით ერთად“ - გვიყვება ემიგრანტი ქალი..

ემიგრანტ ქალებს უწევთ ჩაერთონ ორმაგი „ზრუნვის“ შრომაში, ერთი, დისტანციურად საკუთარი ოჯახის წევრებისთვის და მეორე, ფიზიკურად იქ სადაც მუშაობენ. ასე გადაინაცვლა დედობამ ვირტუალურ სივრცეში[4].

ბევრი ქალი შვილების „დატოვების“ გამო დანაშაულის გრძნობას განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაციაში თავისივე შვილების კეთილდღეობისთვის მიდიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან დიდი წნეხი მოდის საზოგადოებისგან. ხშირ შემთხვევაში საზოგადოება ადანაშაულებს ქალს, რომ წავიდა და ქმარ-შვილი უყურადღებოდ დატოვა, მაშინ როდესაც კაცის მხრიდან ღალატს ან და შვილების მხრიდან ფულის „გაფლანგვას“ არავინ თვლის დანაშაულად[5].

დაბრუნება ოჯახში

სამწუხაროდ, შრომით ემიგრაციაში მყოფი ქალების მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს ოჯახებში დაბრუნებას. ამას სხვადასხვა კვლევები და ინტერვიუები ადასტურებს. ქალები სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ დაბრუნებაზე საუბრისას. ერთ-ერთი მიზეზი ოჯახთან გაუცხოვება და  ოჯახის წევრების მხრიდან, მხოლოდ შემოსავლის წყაროდ აღქმაა:

„წინა კვირას „პასილკას“ ვაგზავნიდი, იქ იყო ერთი ქალბატონი საქართველოდან, რომელიც ტიროდა და ამბობდა დავხევ ჩემ პასპორტს და მე იქ აღარ წავალო. ჩავიდა მის გარემონტებულ, მის აშენებულ სახლში.
ჩემი ჩატანილი ფული რო გამოილია, ჩემთვის ერთი თეფში საჭმელიც დასანანი იყოო, როცა 14 წელი წამოსული ვიყავიო.  ჩემმა შვილმა ასე მითხრა: შენი ხნის ქალები კი არიან იქეთ და გზა კი იცი, წადი და იმუშავეო.“[6]

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ის, რომ დაბრუნების შემდეგ ქალებს უწევთ სოციალურ სირთულეებთან გამკლავება. სახლში დაბრუნებისას უწევთ თავიდან „ისწავლონ“ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. ორივე მხარისთვის იცვლება ცხოვრების ჩვეული რეჟიმი, რაც ერთის მხრივ, ბუნებრივ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალიან დიდ გულისტკივილს იწვევს ქალებში. ხშირ შემთხვევაში კი ვერ ხერხდება იმ ურთიერთობის აღდგენა, როგორიც იყო წასვლამდე და ბევრი ქალი ისევ უკან, შრომით მიგრაციაში ბრუნდება.

რას აკეთებს სახელმწიფო?

შრომით მიგრაციაში მყოფი ქალები პირად საუბრებში ან სოციალურ ქსელში არსებულ სხვადასხვა ჯგუფებში ხშირად აღნიშნავენ, რომ მათზე არ ზრუნავენ და არავინ სთავაზობს კონკრეტული სირთულეების გადალახვისთვის დამხმარე სერვისებს, სადაც ქალი-ემიგრანტი ან და მათი ოჯახის წევრები მიიღებდნენ საჭირო ფსიქოლოგიურ დახმარებას, რაც მათ დაეხმარებოდა ოჯახის გამთლიანებაში ან შენარჩუნებაში.

ამ ქალებმა სახელმწიფოს უფუნქციობით გამოწვეული შრომითი, ეკონომიკური, სოციალური კრიზისის მართვა და ოჯახებზე ზრუნვა აიღეს საკუთარ თავზე, უმეტესობა იძულებული გახდა რომ წასულიყო უცხო ქვეყანაში, ყოველწლიურად საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების რიცხვი მზარდია. 

სტატისტიკის მაჩვენებლებიდან გამომდინარე კი, ჩვენ ყველანი პოტენციური ემიგრანტები ვართ.[7]

ოლიკო მიქაძე

მუშაობს ორგანიზაციაში  „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“

ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.


ბლოგი მომზადდა პროექტ "გენდერული ძალადობის უხილავი ფორმების გამოვლენა შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების მიმართ", რომელსაც ახორციელებს  #PHR- ი,“ქალთა ფონდი საქართველოში" და "Sida - შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს" მხარდაჭერით. 



[1] ემიგრაციაში მყოფი ქალის ნაამბობი

[2] წყარო: კვლევა „საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტი ქალების ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი შრომა“

[3] ემიგრაციაში მყოფი ქალის ნაამბობი

[4] წყარო: კვლევა „საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტი ქალების ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი შრომა“

[5] წყარო: კვლევა „საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტი ქალების ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი შრომა“

[6] (შრომით მიგრაციაში მყოფი ქალის ნაამბობი. 2023 წლის გაზაფხულზე #PHR-მა დაიწყო ძალადობის ფარული ფორმების კვლევა შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების მიმართ. კვლევას მალე გაგიზიარებთ).

[7] https://www.geostat.ge/ka/modules/categories/743/gare-migratsia