მცირე შესავალი
ჩემს გარშემო უამრავი ქალი განიცდის მენსტრუალურ სიღარიბეს. თუმცა ამაზე ღიად და ხმამაღლა არავინ საუბრობს. სწორედ ამიტომ, მომინდა დამეწერა იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ქალები ვაწყდებით, რათა გადაწყვეტილების მიმღებები და სერვისის მიმწოდებლები კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, თავიანთი უმოქმედობით, როგორ ტოვებენ მენსტრუალურ სიღარიბეში ქალებს და განსაკუთრებით შშმ ქალებს და როგორ ურღვევენ ისინი მათ რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის უფლებას.
მენსტრუაცია რეპროდუქციული ასაკის 1,8 მილიარდი გოგონასა და ქალისთვის არის ბუნებრივი ფაქტი და ყოველთვიური რეალობა. ეს არის ადამიანის ორგანიზმის ისეთი ბუნებრივი მოცემულობა, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია და რომელსაც საშუალოდ ყოველი ქალი თავისი ცხოვრების 7 წელს უთმობს [1]. მენსტრუალური ჯანმრთელობა და ჰიგიენა ქალების საერთო კეთილდღეობის აუცილებელი ასპექტებია. ჰიგიენური საშუალებები ფუფუნების საგანს არ წარმოადგენს, ის ყველა ქალისთვის აუცილებლობაა. მიუხედავად ამისა, მთელ მსოფლიოში მილიონობით ქალს არ აქვს საშუალება, მართონ ყოველთვიური მენსტრუალური ციკლი ღირსეულად, ჯანსაღად. [2]
მსოფლიო ბანკის 2021 წლის კვლევის თანახმად, 500 მილიონ ქალს არ აქვს წვდომა მენსტრუაციისთვის აუცილებელ და ჰიგიენური ნორმების დაცვის შესაძლებლობაზე. [3] უამრავი გამოწვევა, რაც თან ახლავს მენსტრუაციის მართვას, განსაკუთრებით შშმ პირებს ხდის მოწყვლადს და შეიძლება ხელი შეუწყოს ისეთ ფენომენს , რომელიც ცნობილია როგორც მენსტრუალური სიღარიბე. [4].
მენსტრუალური სიღარიბე:
მენსტრუალური სიღარიბე (menstrual poverty) მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც გულისხმობს მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებებზე, სანიტარული ადგილებისა და მენსტრუალური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაზე მიუწვდომლობას, რაც გავლენას ახდენს გოგონებსა და ქალებზე მთელს მსოფლიოში. მენსტრუალურ სიღარიბეს არაერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება ახლდეს თან: საგანმანათლებლო პროცესებზე დაუსწრებლობა [5], სირცხვილისა და შიშის განცდა, რეპროდუქციული გართულებები, არაჰიგიენური და შეუსაბამო საშუალებების გამოყენებისას ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება [6]. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები კიდევ უფრო მეტი გამოწვევებისა და ბარიერების წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე. ეს არის საკითხი, რომელიც ხშირად საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი, იგნორირებული რჩება.
მენსტრუალური სიღარიბე გლობალური პრობლემაა არა მარტო განვითარებადი და დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. სხვადასხვა ქვეყნებმა დღის წესრიგში უკვე დააყენეს არსებული პრობლემა და გამონახეს გზები მის შესამცირებლად [7], მაგალითად კენიაში ინიცირებულ იქნა კანონპროექტი რომლითაც საჯარო სკოლის მოსწავლეებს უზრუნველყოფენ ჰიგიენური საშუალებებით, დიდ ბრიტანეთში უფასოა საჯარო სკოლებში და კოლეჯებში, ხოლო შოტლანდიაში 2020 წლიდან სრულად უფასოა ყველასთვის და იქცა პირველ ქვეყნად, რომელმაც მენსტრუალური სიღარიბე დაამარცხა, ახალმა ზელანდიამ 2021 წლიდან დააანონსა ინფორმაცია სკოლებში უფასო ჰიგიენური საშუალებების მისაწვდომობაზე. საფრანგეთში, ციხის მსჯავრდებულებისთვის ჰიგიენური საშუალებები გახდა უფასო, ხოლო 2024 წლიდან 25 წლამდე მოსახლეობისთვის უფასო გახდება ჰიგიენური საშუალებები, 2018 წლიდან, ინდოეთში, სოფლად მცხოვრებ ქალებს უფასოდ აქვთ წვდომა, 2017 წლიდან უფასოდ მიეწოდებათ სკოლის მოსწავლეებს ბოტსვანაში, 2019 წლიდან-ზამბიაში, 2015 წლიდან ამერიკის 20- მდე შტატში მოქმედებს საჯარო სკოლებში უფასო ჰიგიენის საშუალებებზე წვდომა. 2021 წლიდან კანადის მთელს ტერიტორიაზე გაუქმდა გადასახადები მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებებზე.
საქართველოს კონტექსტი:
„ჰიგიენური პროდუქტებისა და მედიკამენტების ფასების მკვეთრი ზრდისა და მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებლის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში მენსტრუალური სიღარიბის პრობლემა მწვავედ დგას. ამასთან, მენსტრუალურ პროდუქტებზე საგადასახადო შეღავათები არ ვრცელდება. მიუხედავად ამისა, მენსტრუალური სიღარიბე ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი არ არის: სახელმწიფო არ ზრუნავს ახალგაზრდებში მენსტრუაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაზე და არ უზრუნველყოფს საჭიროების მქონე პირებს მენსტრუალური ჰიგიენის პროდუქტებით. მენსტრუაციის მქონე ადამიანებს, რომლებიც სოციალური დახმარებით სარგებლობენ, მიღებული თანხის ნაწილის გადახდა მენსტრუალურ პროდუქტებში უწევთ, რასაც სახელმწიფო ასევე არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, ქვეყანაში არ არსებობს ფორმალური განათლება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან თუ უფლებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საზოგადოების ცნობიერება ამ საკითხების გარშემო ძალიან დაბალია, რაც აუარესებს მენსტრუალურ სიღარიბეს“. [8]
რა გამოწვევების წინაშე დგანან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგოები, როდესაც ვსაუბრობთ მენსტრუალურ სიღარიბეზე?
- ფინანსური შეზღუდვები ჰიგიენის პროდუქტებზე: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და გოგონებს ხშირად ექმნებათ ფინანსური პრობლემები მენსტრუალური ჰიგიენის პროდუქტების საჭიროებისას, მათი დაბალი დასაქმების მაჩვენებლების, ხელფასის სხვაობის და დამატებითი ჯანდაცვის ხარჯების საჭიროების გამო. მენსტრუალური ჰიგიენის პროდუქტებთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების გამო, მათ შეიძლება გაუჭირდეთ რეგულარულად შესაბამისი ჰიგიენური პროდუქტების შეძენა და შესაძლოა იძულებული იქნენ გამოიყენონ არაჰიგიენური ალტერნატივები, რაც ჯანმრთელობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.
- დაწესებულებების მისაწვდომობა: ბევრ დაწესებულებას არ გააჩნია სათანადო მისაწვდომობა შშმ პირებისთვის, რაც ართულებს მენსტრუაციის დროს, მათთვის პირადი ჰიგიენის დაცვას. მისაწვდომი საპირფარეშოების, სუფთა წყლის და ნაგავსაყრელი კონტეინერის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიგიენის დაუცველობა და ჯანმრთელობისთვის მთელი რიგი პოტენციური რისკები.
- ინფორმაციის მიწოდება/განათლება: მენსტრუალური ჯანმრთელობის შესახებ განათლება გადამწყვეტია ყველა ადამიანისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. პროგრამები ხშირად არ არის შემუშავებული ისე, რომ იყოს ინკლუზიური და ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისათვის. ინფორმაციის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი არაინფორმირებულობა და დატოვოს ისინი მოუმზადებელი მენსტრუალური საკითხების ეფექტურად მართვისათვის. მენსტრუალური სიღარიბის აღმოფხვრა მოითხოვს მრავალმხრივ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს მათ სპეციფიკურ საჭიროების გათვალისწინებას. მაგალითად: ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ქალებს შესაძლოა გაუჭირდეთ მენსტრუაციის დროს მათ სხეულში მომხდარი ცვლილებების გაგება, რაც ართულებს მათ საჭიროებებზე კომუნიკაციას ან შესაბამისი დახმარების ძებნას, მხედველობის არმქონე და მცირედმხედველი გოგონებისთვის ინფორმაციის მიღება შესაბამისი ფორმატის არარსებობის გამო მათ ხდის დამოკიდებულს სხვაზე.
- სტერეოტიპები და სტიგმა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოები და ქალები, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მუდმივად განიცდიან სოციალურ სტიგმას და დისკრიმინაციას რეპროდუქციული ცხოვრების შესახებ. მენსტრუაციის საკითხებიც სტიგმას აძლიერებს. ის დღემდე დაკავშირებულია სირცხვილთან, კომპლექსებთან და ხშირად დამამცირებლადაც იყენებენ. სიტყვა მენსტრუაციის წარმოთქმაც უჭირთ. რიგ შემთხვევებში, ხშირად „სიბინძურისგან განთავისუფლების“ პროცესადაც კი მოიხსენიებენ. სტიგმამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ თვითშეფასებაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და საერთო კეთილდღეობაზე.
როგორ აღმოვფხვრით მენსტრუალურ სიღარიბეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებში და ქალებში? რამდენიმე რეკომენდაცია:
- მისაწვდომობა და ინკლუზიურობა: მთავრობებმა, ორგანიზაციებმა და ბიზნესებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ მენსტრუალური ჰიგიენის პროდუქტებისა და საშუალებების მისაწვდომობას შშმ გოგონებისა და ქალებისთვის. ეს მოიცავს მისაწვდომი საპირფარეშოს დიზაინს, მენსტრუალური პროდუქტების მისაწვდომობის უზრუნველყოფას და ფინანსური დახმარების პროგრამების შეთავაზებას, რომლებიც სპეციალურად გამიზნულია ამ ჯგუფისთვის.
- განათლება: თავად შშმ პირთა ჩართულობით უნდა განხორციელდეს ინკლუზიური საგანმანათლებლო მასალებისა და პროგრამების შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებისა და ქალების სპეციფიკურ საჭიროებებს. სწორედ ეს საგანმანათლებლო პროგრამები უზრუნველყოფს სწორი ინფორმაციის მიწოდებას მენსტრუალური ჯანმრთელობის, ჰიგიენური პრაქტიკის და მართვის შესახებ მათთვის ხელმისაწვდომ ფორმატში, სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის და სწავლის სტილის გათვალისწინებით.
- დესტიგმატიზაცია და გაძლიერება: მენსტრუალური სიღარიბის შესახებ ცნობიერების ამაღლება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებში და ქალებში, გადამწყვეტია სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. პოზიტიური დამოკიდებულებებისა და სოციალურად მცდარი წარმოდგენების შეცვლით, საზოგადოებას შეუძლია შექმნას გარემო, რომელიც მხარს უჭერს ინკლუზიურობას, მიღებას და გაძლიერებას. ადვოკატირების კამპანიებმა და მედიის ინკლუზიურმა ჩართულობამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საზოგადოების აღქმის შეცვლაში.
დასკვნა:
მენსტრუალური სიღარიბე უნიკალურ გამოწვევებს უქმნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებსა და ქალებს, რაც ამძაფრებს მათ სიღარიბისა და მარგინალურ მდგომარეობას. მათი კონკრეტული ბრძოლების აღიარებით და მიზანმიმართული გადაწყვეტილებების განხორციელებით, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ მენსტრუალური ჰიგიენა გახდეს ხელმისაწვდომი ყველა ინდივიდისთვის. მისაწვდომობის, განათლების, დესტიგმატიზაციისა და თანამშრომლობის სფეროში ინვესტიცია აუცილებელია მენსტრუალური სიღარიბის ციკლის დასარღვევად და უფრო ინკლუზიური საზოგადოების შესაქმნელად, რომელიც მხარს უჭერს ყველა გოგონასა და ქალის საჭიროებებსა და უფლებებს, მიუხედავად მათი შეზღუდული შესაძლებლობისა
ნანა აბაშიძის ბლოგი.
ნანა PHR-ის ადმინისტრაციული მენეჯერია.
[5] https://www.actionaid.org.uk/our-work/period-poverty/periods-and-girls-education#:~:text=ActionAid%20works%20with%20communities%20to%20improve%20access%20to,poverty%20and%20take%20control%20of%20their%20own%20lives.
[6] https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/43846/9789241563567_eng.pdf?sequence=1
[8]