არახალია სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ მიგრაციის დონე საქართველოდან სხვა ქვეყნებში გაზრდილია[1], და ამ მონაცემს გენდერული განზომილებაც აქვს. უმეტესად ქალები ტოვებენ ქვეყანას იმისათვის, რომ მატერიალურად გადაარჩინონ საკუთარი ოჯახები და შვილების მომავალი უზრუნველყონ[2]. ამისთვის კი იღებენ უკიდურესად მტკივნეულ გადაწყვეტილებას, თუმცა ერთადერთს, რომლითაც საბაზისო საჭიროებებს დაუკმაყოფილებენ შვილებს, როგორიცაა განათლება, კვება, ტანსაცმელი, ჯანდაცვა და სხვა

პრაქტიკა აჩვენებს, რომ საქართველოდან წასული მიგრანტი ქალების მიმართ,  მათი კაცი ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობა არ წარმოადგენს გამონაკლისს. ძალადობას სხვადასხვა ფორმა აქვს და როგორც წესი მას ორი საერთო მახასიათებელი აქვს:

მიზანი - ფულის გამოძალვა;

ხერხი - საერთო შვილით ქალზე მანიპულირება;

ჩემი, როგორც ბავშვთა და ქალთა უფლებების ადვოკატის მიზანია, რამდენიმე სასარგებლო რჩევა მივცე ქალებს, რათა თავიდან აირიდონ შვილებით მანიპულაცია და ასევე დაიცვან მათი და ბავშვების უფლებები.

რჩევა პირველი -წასვლამდე შეთანხმდით ბავშვზე ზრუნვის ძირითად საკითხებზე

საქართველოში კანონმდებლობით არსებობს ბავშვზე ზრუნვის ორი ფორმა „ერთობლივი მეურვეობა“ და „ერთი მშობლის მხრიდან მეურვეობა“. პრაქტიკა აჩვენებს რომ „ერთობლივი მეურვეობა“ ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ორივე მშობელს თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვთ ბავშვთან მიმართებაში.

მიგრაციაში წასვლამდე სასარგებლოა შეადგინოთ წერილობითი შეთანხმება ბავშვის მეორე მეურვესთან (ძირითადად მშობელთან) ბავშვზე ზრუნვის მნიშვნელოვანი თემების შესახებ. შეთანხმებაში ჩამოწერთ ყველა ძირითად საკითხს და შეთანხმდებით ამ საკითხების მოგვარების წესზეც. მაგალითად, სად იცხოვრებს ბავშვი? რომელ სკოლაში/ბაღში ისწავლის ბავშვი? რომელ საგანმანათლებლო თუ სპორტულ გასართობ წრეზე ივლის ბავშვი? ვინ არის პასუხისმგებელი ბავშვის ტრანსპორტირებაზე და სხვა. და რაც მთავარია, ჩამოწერთ ხარჯებს, რაც ბავშვის ზემოაღნიშნულ საკითხებს სჭირდება და ასევე გაანაწილებთ ფინანსურ და სხვა სახის პასუხისმგებლობას, რომელიმე ან ორივე მშობელზე. ამ საკითხებში შესაძლებელია ჩართოთ მესამე პირი (ბებია, ბაბუა, სხვა ახლო ნათესავი), რომელიც შეთანხმების მიხედვით გაიზიარებს ვალდებულებებს. ეს უნდა დაიწეროს და ხელი მოეწეროს მშობლების მხრიდან. ასეთი დოკუმენტის არსებობა გაგიადვილებთ (თუმცა სრულიად ვერ დაგიზღვევთ) მომავალში წამოჭრილი სადავო საკითხების მოგვარებას.

რჩევა მეორე - ბავშვთან იქონიეთ მუდმივი კავშირი

მანიპულატორის მხრიდან, მიზნებისთვის სწორედ ბავშვის გამოყენება ხდება. ამას ის ხისტად არ აკეთებს. იწყებს მსუბუქი, ერთგვარად შეფარული/შეუმჩნეველი ფორმით. მაგალითად, იშვიათდება პირდაპირი კომუნიკაცია ბავშვთან სხვადასხვა მიზეზით (მეცადინეობს, მეგობართან არის, არ სურს საუბარი ახლა და ა.შ.). ამის მიზანი შეიძლება იყოს, ნელ-ნელა შეაჩვიოს დედა და ბავშვი, რომ მათ შორის ხშირი კომუნიკაცია აღარ იყოს და ნელ-ნელა ამის საჭიროებაც (ე.წ. მიჯაჭვულობა) გაქრეს. ეს განსაკუთრებით „ეფექტურად“ გამოიყენება ბავშვთან, რომელიც ფიზიკურად ვერ ხედავს დედას. კომუნიკაციის გაიშვიათების შემდეგ დაიწყება მანიპულირება რომ შვილს საერთოდ აღარ დაალაპარაკებს დედას თუ დასმულ პირობას არ შეასრულებს ის. ეს პირობა როგორც წესი ფულის გამოძალვას უკავშირდება. ამ დროს ყველაზე დასანანი სწორედ ისაა, რომ ბავშვი შეიძლება ბუნებრივადაც აღარ ითხოვდეს დედასთან კავშირს. ან მას დედას შესახებ ცუდად ესაუბრებიან და უჩნდება აგრესია.

ამიტომ, დაიმახსოვრეთ, ყოველთვის, ყოველდღიურად იქონიეთ კავშირი შვილთან. ეს კავშირი აუცილებელია იყოს პრივატული, ისაუბროთ მხოლოდ დედამ და შვილმა და იყოს პირდაპირი, სხვების დახმარების გარეშე (თუ ბავშვის ასაკი ამის საშუალებას გაძლევთ).

ეს თქვენი და ბავშვის უფლებაა!


რჩევა მესამე - იყავით ჩართული ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში

ხშირად ქალები მძიმე შრომით არიან დაკავებულები იმ ქვეყნებში სადაც სწორედ ოჯახის რჩენის მიზნით წავიდნენ. მათ უამრავი მძიმე და სტრესული გამოცდილების გადატანა უწევთ. ისინი იღლებიან როგორც ფიზიკურად ისე ემოციურად. მუდმივია მონატრება და შვილებთან განშორების გამო წუხილები.

ამ დროს გასაგებია, რომ ისინი ხშირად ვერ ახერხებენ საქართველოში დატოვებული შვილების  ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობას. თუმცა, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ეს გარდა იმისა რომ თქვენი უფლებაა, აუცილებელიც არის იმისათვის, რომ ბავშვით მანიპულირების საშუალება არ მისცეთ საქართველოში მყოფთ, რომლებსაც შესაძლოა თქვენი კონტროლის ან/და ფულის გამოძალვის მიზანი ამოძრავებდეთ.

ამიტომ, აუცილებელია, ბავშვის ყოველდღიურ აქტივობებში იყოთ სრულყოფილად ჩართულები. თქვენს გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღებოდეს. 

იცოდეთ, კანონის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მშობელი ფიზიკურად სხვა ქვეყანაში იმყოფება, მას აქვს სრული უფლება და ბავშვთან მყოფი მშობელი ვალდებულია გადაწყვეტილებები მიიღონ ერთობლივად. ყველაზე უმნიშვნელო საკითხსაც კი უნდა მივუდგეთ, როგორც მნიშვნელოვანს ამ დროს. მაგალითად, სად უნდა შეიძინოთ ფორმა რომელიც ბავშვს სჭირდება სკოლის ან ბაღის ღონისძიებაზე? როგორ ისწავლა ლექსი ან როგორ მღერის ბავშვი? როგორი დღე ჰქონდა სპორტზე რა მოეწონა, რა არა? როგორი სათამაშო სურს ბავშვს? სად სურს დასვენების დღეების გატარება? ვისთან არ სურს ურთიერთობა?. ეს თითქოს ყოველდღიური თემებია და მათ განხილვებში მონაწილეობა არსებითი არ არის, თუმცა პირიქით, იმისათვის, რომ ბავშვთან მუდმივი კონტაქტი იქონიოთ და აგრეთვე თქვენ გარეშე არცერთი გადაწყვეტილება არ მიიღებოდეს ბავშვთან დაკავშირებით აუცილებელია ჩართული იყოთ ასეთი საკითხების განხილვებში.

ეს თქვენი და ბავშვის უფლებაა!


რჩევა მეოთხე  - რეაგირება მოახდინეთ პირველივე არასწორ ქმედებაზე

ხშირად ქალები თავს იდანაშაულებენ იმის გამო, რომ ფიზიკურად არ ცხოვრობენ შვილებთან. ამის „გამოსასყიდად“ კი ცდილობენ „აპატიონ“ მცირედი უხეშობა ან გადაცდომები ბავშვთან მყოფ ადამიანებს. თითქოს მათ ემადლიერებიან იმისათვის, რომ ზრუნავენ მათ შვილებზე. 

პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვზე ზრუნვა ორივე მშობლის მოვალეობაა და ფიზიკურად შორს ყოფნა არც სამართლებრივად და არც მორალურად არ აკნინებს ამ მშობლის მნიშვნელობას და როლს ბავშვის ცხოვრებაში. რაც შეეხება ყურადღების მოდუნებას მცირე გადაცდომებზე, ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს თოვლის გუნდის ეფექტის ნეგატიურ განვითარებას, რომელიც საბოლოოდ შესაძლოა გადაიქცეს საშიშ მანიპულაციად.

ამიტომ, აუცილებელია პირველივე არასწორ კომუნიკაციას, პირველივე აგრესიულ ქცევას, ან თუნდაც მანიპულირების ნიშნებს, მკაცრი და ადეკვატური პასუხი გასცეთ. ცხადად დაიცავით თქვენი პოზიცია, როგორც მშობელმა, შეახსენოთ ადამიანებს მშობლის უფლებები და მოვალეობები და დასვათ საკითხი ისე, რომ ყველამ იცოდეს თქვენ აღჭურვილი ხართ ინფორმაციით, უფლებებით და იცით როგორ მოიქცეთ თუ ამგვარი მოქმედებები გაგრძელდება.

და ბოლოს, გამოიყენეთ თქვენი უფლებები იმისთვის, რომ ბავშვით მანიპულირება ვერავინ შეძლოს. ყოველთვის გახსოვდეთ, პირველ რიგში, დაუკავშირდით ადვოკატებს სამართლებრივი კონსულტაციისთვის.

ეს თქვენი და თქვენი შვილის უფლებაა, ეს ბავშვისთვის საუკეთესო ინტერესია!



ბლოგი მომზადდა პროექტ "გენდერული ძალადობის უხილავი ფორმების გამოვლენა შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების მიმართ", რომელსაც ახორციელებს #PHR-ი, “ქალთა ფონდი საქართველოში" და "Sida - შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს" მხარდაჭერით.