შესავალი

ნინოს საქმე ნათლად აჩვენებს საქართველოში რამდენად რთული და ხანგრძლივია სამართლებრივი ბრძოლა ბავშვების ძალადობისგან დასაცავად. სამწუხაროდ, ეს ბრძოლა  გამარჯვებით ხშირად ვერ სრულდება.   სახელმწიფო უწყებების არაეფექტურობა, ცალკეული პროფესიონალების დაბალი კვალიფიკაცია, ბავშვთა უფლებებში სპეციალიზაციის პრობლემა და ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა - ყველა ეს პრობლემა თავმოყრილია ამ ერთ საქმეში.   

ნინოს საქმე

გასული წლის აგვისტოში ორგანიზაციაში ახალგაზრდა ქალი - ნინო* მოვიდა და გვთხოვა მისი 4 წლის შვილის დაცვა.  ქალმა გვიამბო:

ნინოს ყოფილმა ქმარმა, ფრიდონმა*,  საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა აიძულა. ქალს საქართველოში სამი შვილის დატოვება მოუწია. ნინოს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს: 13 წლის ლილი* და 21 წლის გიორგი*. ნინოს და ფრიდონის საერთო შვილი მარია* კი 4 წლისაა. ნინოს საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ ფრიდონი მარიასთან და ლილისთან ერთად საცხოვრებლად რეგიონში გადავიდა. გიორგი კი თბილისში მამასთან დარჩა. საზღვარგარეთ გამომუშავებულ თანხას ნინო სრულად უგზავნიდა ფრიდონს.

რა თქვა ბავშვმა

ემიგრაციაში მყოფ დედას ლილიმ უამბო, რომ  ფრიდონი სახლის დალაგებას, ჭურჭლის დარეცხვას და დის მოვლას აიძულებდა, თუ ამას კარგად არ გააკეთებდა ან შეეწინააღმდეგებოდა, ფრიდონი მას სჯიდა - ფიზიკურად სცემდა და ტელეფონსაც ართმევდა. ლილის გადმოცემით, ფრიდონი მარიასაც სცემდა ხოლმე, მაშინ როდესაც ის არ ჭამდა ან ხმაურობდა.

როგორ მოიქცა ემიგრაციაში მყოფი ნინო?

ჯერ კიდევ საზღვარგარეთ მყოფმა ნინომ  ლილი  თბილისში მეგობართან  უსაფრთხო ადგილას განარიდა.  4 წლის მარიას დასაცავად კი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიმართა. ამავდროულად, ფრიდონს თანხის გამოგზავნა შეუწყვიტა.  დასჯის მიზნით ფრიდონმა ნინოს მარიასთან კომუნიკაცია შეუზღუდა. ნინოს გადმოცემით ფრიდონი  უფროს შვილზე, გიორგიზეც ძალადობდა ხოლმე.

რა მოიმოქმედა ზრუნვის სააგენტომ?

ნინოს შეტყობინებას ადგილობრივი სოციალური მუშაკი გამოეხმაურა. მიუხედავად იმისა რომ მან ნინოსგან დეტალურად მოისმინა ფრიდონის მხრიდან შვილებზე ძალადობის, მათ შორის ფიზიკური ძალადობის შესახებ, სოციალურმა მუშაკმა ბავშვების მიმართ სავარაუდო ძალადობის შესახებ არ შეატყობინა პოლიციას.

4 წლის მარიასთან მუშაობა დაიწყო ადგილობრივმა სოციალურმა მუშაკმა და ფსიქოლოგმა. ისინი ხშირად სტუმრობდნენ მარიას სახლში, იქ, სადაც ხდებოდა მის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი ბავშვს მოძალადის თანდასწრებით ესაუბრებოდნენ. მაშინაც კი როდესაც მარიას ზრუნვის სააგენტოს შენობაში ხვდებოდნენ, იქ მოძალადეს მიჰყავდა, ელოდებოდა და ისევ უკან მოჰყავდა ბავშვი სახლში. არც სოციალურმა მუშაკმა და არც ფსიქოლოგმა საჭიროდ არ ჩათვალეს მოძალადის გარდა, მარიას ოჯახის სხვა წევრებს, მათ შორის შეტყობინების ინიციატორს - დედას და ძალადობის თვითმხილველ  დას გასაუბრებოდა. არც საგამოძიებო უწყებისთვის უკითხავთ  გამოძიებას რა მტკიცებულებები ჰქონდა შეგროვებული.

საბოლოოდ მარიას მდგომარეობა ფსიქოლოგმა ასე შეაფასა: ბავშვზე და მის მშობელზე (იგულისხმება მოძალადე) დაკვირვების, ინტერვიუირების შედეგების მიხედვით მარიას არ აღმოაჩნდა ძალადობის მსხვერპლისთვის დამახასიათებელი ნიშნები.

სააგენტოს 4 წლის მარიას მდგომარეობის საბოლოო შეფასებისას არ მიუღია მხედველობაში ის გარემოება, რომ ფრიდონს ბრალდება წარედგინა ოჯახის სამი წევრის, ნინოს, ლილის და გიორგის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე.  

გამოძიება:

2021 წლის 09 დეკემბერს პოლიციამ  გამოძიება დაიწყო ფრიდონის მხრიდან ლილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. შეტყობინება ნინოს თხოვნით, მისმა მეგობარმა გააკეთა. იმავე დღეს ლილიმ გამომძიებელს  დეტალურად უამბო, თუ როგორ ძალადობდა მასზე ფრიდონი. ლილიმ მისი უფროსი ძმის მიმართ ძალადობაც გაიხსენა და არც დედა და  4  წლის  მარია დავიწყებია. გამოძიებას ბავშვისთვის ნინოს და  მარიას მიმართ ძალადობის დეტალების შესახებ კითხვები არ დაუსვამს. პოლიციამ ფრიდონი დააკავა მხოლოდ ლილის და მისი უფროს ძმის მიმართ ძალადობის გამო. მოსამართლის გადაწყვეტილებით ფრიდონი 8000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდის შემდეგ ციხიდან გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვებოდა მტკიცებულებები რაც ადასტურებდა ფრიდონის მხრიდან ნინოს და მარიას მიმართ ძალადობასაც, PHR-ის ჩართვამდე გამოძიებამ ამ ნაწილში არაფერი მოიმოქმედა.

PHR აღნიშნულ საქმეში 2022 წლის 18 აგვისტოს ჩაერთო. 

რას ითხოვს PHR?

ადვოკატმა პირველ რიგში,  პროკურატურას, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და პოლიციას 4 წლის მარიას უსაფრთხოების დაცვა და მოძალადისგან მისი განცალკევება მოთხოვა, თუმცა უშედეგოდ.

მარიას ინტერესების დასაცავად პროკურორის უმოქმედობა ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრდა. PHR-ის იურისტმა ბავშვის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან ერთად, სისხლის სამართლის საქმიდან პროკურორის, გამომძიებლის, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ჩამოშორება მოითხოვა, ვინაიდან მათ თითქმის 10 თვის წინ გაიგეს რომ მარია სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო და მის დასაცავად არაფერი მოიმოქმედეს.

PHR-ის მოთხოვნით გამოძიებამ ლილი NICHD პროტოკოლით გამოკითხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლილის ეს გამოკითხვა სპეციალიზებულმა ინტერვიუერმა ბავშვზე მორგებულ სივრცეში ჩაატარა. მის გამოკითხვას ამჯერად PHR-ის ადვოკატიც ესწრებოდა და გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერაც განხორციელდა. ლილიმ გამომძიებელს უამბო თუ  როგორ ძალადობდა ფრიდონი ნინოზე, როგორ აიძულა ის საზღვარგარეთ წასულიყო და როგორ გაუსწორდა მას ფიზიკურად. ასევე, დეტალურად აღწერა, რა ვითარებაში და რა სიხშირით სცემდა ფრიდონი მარიას, გაიხსენა მარიას მიმართ მისი თანდასწრებით ბოლოს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტიც.  

ლილის გამოკითხვის საფუძველზე ადვოკატმა კიდევ ერთხელ მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა და  4 წლის ბავშვის მოძალადისგან გამოყვანა, თუმცა სახელმწიფო უწყებებმა რეაგირება კვლავ არ განახორციელეს.

PHR-ის იურისტმა მარიას გამოკითხვაც ამავე წესით მოითხოვა, მას შემდეგ რაც ის გაყვანილი იქნებოდა უსაფრთხო გარემოში. თუმცა ნაცვლად ამისა, გამოძიებამ მარია მამის მხრიდან ძალადობის შესახებ გამოსაკითხად პოლიციის შენობაში თავად მოძალადეს მიაყვანინა, რომელიც იქვე ელოდებოდა. ფსიქოლოგის განმარტებით, მარია გამოკითხვის დროს ხშირად გადიოდა ოთახიდან და მიდიოდა მამასთან. საბოლოო ჯამში, მარიას გამოკითხვა ვერ შედგა, რადგან ბავშვმა ძალადობის შესახებ არ ისაუბრა.  

ლილის გამოკითხვის საფუძველზე პროკურორმა ნინო დაზარალებულად ცნო და ფრიდონს დამატებით წარუდგინა ბრალდება ნინოს მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე.  ამჯერად, სასამართლომ უარი თქვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე და პროკურატურას მიუთითა გაჭიანურებულ რეაგირებაზე, რომ ძალადობის ინციდენტიდან დაახლოებით  8 თვე იყო გასული. მარიას მიმართ ძალადობის ფაქტები კვლავ შეფასების გარეშე დატოვა სახელმწიფომ. ფრიდონი სასამართლოში დაეთანხმა ლილის და გიორგის გამოკითხვის ოქმებს, უარი თქვა სასამართლოში მათ დაკითხვაზე.

დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნა

ვინაიდან სახელმწიფომ PHR-ის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა მარიას უსაფრთხოების დასაცავად და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ერთადერთი გზა სასამართლოსადმი მარიას დაცვის მიზნით დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნა დარჩა.

PHR-ის იურისტებმა 2022 წლის 22 სექტემბერს მიმართეს სასამართლოს მარიას დაცვის მიზნით მამის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სასამართლოს მაქსიმუმ 10 დღის ვადაში უნდა მიეღო გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ.[1] თუმცა ვინაიდან საქმე ბავშვის მიმართ ძალადობას შეეხებოდა, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, მოსამართლეს კიდევ უფრო სწრაფად უნდა განეხილა საქმე.  ამ შემთხვევაში კი სასამართლო დაახლოებით 40 დღის განმავლობაში იხილავდა დამცავი ორდერის გამოცემის საკითხს.

საქმის განხილვის პროცესში მესამე პირად ჩაერთო ზრუნვის სააგენტო, რომელსაც პროცესზე ბავშვთან უშუალოდ მომუშავე სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და იურისტი წარმოადგენდნენ.

როგორ მიმდინარეობდა პროცესი?

პროცესის მიმდინარეობის დროს გამოვლინდა რომ სოციალური მუშაკი არ იყო სპეციალიზებული ბავშვთა უფლებებში, არც რაიმე სწავლება გაუვლია ამ თემაზე, თუმცა 4 წლის ბავშვთან მაინც მუშაობდა. არასპეციალიზებული სოციალური მუშაკი სასამართლოს უმტკიცებდა, რომ რადგან საკუთარი თვალით არ უნახავს ბავშვის სხეულზე დაზიანება და ბავშვი მამის დანახვაზე არ ტიროდა, ამით გამორიცხავდა მის მიმართ რაიმე ფორმით ძალადობას. სოციალური მუშაკისგან განსხვავებული პოზიცია არც ფსიქოლოგს ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ თავად აღწერა რამდეჯერმე როგორ შეესწრო რომ  მოძალადე მშობელი ბავშვის თანდასწრებით სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეორე მშობელს, ეს არ ჩათვალა ფსიქოლოგიურ ძალადობად და არც ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნაში ასახა.

სააგენტოს იურისტმა აღიარა რომ ბავშვი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო მამის მხრიდან, თუმცა კატეგორიული უარი განუცხადა სასამართლოს ბავშვის მოძალადისგან განცალკევებაზე, მამის მიმართ მიჯაჭვულობის გამო. სანაცვლოდ ამისა, სააგენტომ სასამართლოს შესთავაზა მოძალადისთვის ქცევის კორექციის კურსის გავლა.

სასამართლომ სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნულ ბავშვის ადვოკატსაც მოუსმინა. ამ საქმეში ბავშვის ადვოკატის მთავარი კითხვის ადრესატი ემიგრანტი დედა აღმოჩნდა და სხდომის დარბაზში ყველას თანდასწრებით მიმართა: „რატომ მიატოვე შვილი და წახვედი საზღვარგარეთ?“ ადვოკატმა სასამართლოს უთხრა, რომ ბავშვს სახლში მოძალადის თანდასწრებით შეხვდა, 4 წლის მარიამ ის „ყავაზე დაპატიჟა“ და „ეჭორავა“ კიდეც.  ვინაიდან ბავშვი მხიარულდ დახვდა, მან ამ საფუძვლით გამორიცხა ბავშვის მიმართ ძალადობა და  სასამართლოს უთხრა, რომ მარიას დასაცავად დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნა არ დაეკმაყოფილებინა.

საბოლოოდ, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა PHR-ის მოთხოვნა, კერძოდ, ძალადობის ფაქტი დაადგინა, მოძალადეს ქცევის კორექციის პროგრამის გავლა დაავალა, თუმცა ბავშვი მოძალადესთან დატოვა. PHR-მა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ.

დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა

PHR-მა  მარიას დასაცავად სისხლის სამართლის საქმეში მისი დაზარალებულად ცნობაც მოითხოვა. პროკურორმა მარია დაზარალებულად არ აღიარა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობდა ძალადობის თვითმხილველი მოწმის - ლილის გამოკითხვის ოქმი, რომელიც ყველა სხვა მსხვერპლის ნაწილში თავადვე ჰქონდა უკვე გაზიარებული პროკურორის ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ზემდგომმა პროკურორმაც.

2022 წლის 22 ნოემბერს PHR-მა სასამართლოს მიმართა და მოითხოვა მარიას დაზარალებულად ცნობა. სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა და პროკურატურას დაავალა ფრიდონის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე მარიას დაზარალებულად ცნობა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების საფუძველზე PHR-მა კიდევ ერთხელ მიმართა პროკურორს და სააგენტოს, მარიას მოძალადისგან დაუყოვნებლივ გამოყვანის მოთხოვნით. სააგენტოს იურისტმა განმარტა, რომ ის მარიას მხოლოდ მაშინ გამოიყვანდა მოძალადე მამისგან, თუ პროკურორი  მარიას მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებას წარუდგენდა ფრიდონს. პროკურორს ფრიდონისთვის დღემდე არ წარუდგენია ბრალდება  მარიას მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე.

მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის მარია სასამართლომ ორჯერ ცნო მსხვერპლად, ის კვლავ რჩება მოძალადესთან.  PHR-მა მარიას დასაცავად ქვეყანაში არსებული ყველა ბერკეტი ამოწურა, ბავშვის ძალადობისგან დაცვის ერთადერთ გზად საერთაშორისო მექანიზმისთვის მიმართვა დარჩა. 

ბლოგი მომზადდა პროექტ "გენდერული ძალადობის უხილავი ფორმების გამოვლენა შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების მიმართ", რომელსაც ახორციელებს #PHR-ი, “ქალთა ფონდი საქართველოში" და "Sida - შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს" მხარდაჭერით.



 



პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით ყველა სახელი შეცვლილია.
[1] საქართველოს  ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი,   მუხლი 2113