ბლოგის ავტორი PHR-ის იურისტი

 ანა თავხელიძე 

2022 წლის 21 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ, ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ოჯახში ძალადობის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო მის მიმართ წარდგენილ ოჯახში ძალადობის ყველა ეპიზოდში.

საქმეში ერთ-ერთ მტკიცებულებას ძალადობის შემსწრე, იმ დროისთვის 5  წლის ბავშვის მიერ ფსიქოლოგისთვის მიწოდებული ინფორმაცია იყო (ირიბი ჩვენება). ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე,  მისი მონათხრობის შინაარსზე არ ვისაუბრებ, თუმცა არც მოსამართლეს უმსჯელია ამაზე და ავტომატურად ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, ის მართლმსაჯულების პროცესს მიღმა დატოვა. 

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოსამართლის ერთ-ერთი, მაგრამ მთავარი არგუმენტი ბავშვის ასაკია. მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას აფუძნებს საქმეში დაცვის მხარის მიერ დაკითხული ფსიქოლოგის ჩვენებას, რომელიც არასდროს შეხვედრია ბავშვს, თუმცა მან კატეგორიული ფორმით განაცხადა,  რომ ზოგადად, ბავშვებს 6 წლის ასაკიდან უყალიბდებათ „ცნებითი აზროვნება,“ შესაბამისად, ამ ასაკამდე ბავშვების მიერ ცნებების გამოყენება, არ წარმოადგენს ბავშვის ინდივიდუალურ სუბიექტურ აზროვნებით აქტს. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში დაკითხულმა მეორე ფსიქოლოგმა, რომელიც უშუალოდ მუშაობდა ბავშვთან,  ასაკის ნიშნით ასეთი კატეგორიზაცია გამორიცხა, სასამართლომ  დაცვის მხარის მიერ დაქირავებული ფსიქოლოგის ჩვენება გაიზიარა.  საბოლოოდ, მოსამართლემ დაასკვნა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვების მონათხრობი სანდო არ არის.

მოსამართლეს განაჩენში ამ პოზიციის დასაბუთებისას არ მიუთითებია არცერთი კანონი ან/და გადაწყვეტილება ეროვნული თუ საერთაშორისო პრაქტიკიდან.

სამწუხაროდ, პრობლემა სისტემურია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე ბავშვის ხმას ახშობს და მას სანდო მოწმედ არ მიიჩნევს.

2020 წლის 20 ივლისს, სახალხო დამცველმა 10 წლამდე ასაკის ბავშვების მიმართ დისკრიმინაციის ფაქტზე, ზოგადი წინადადებით მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ვინაიდან ბიურო ჩამოყალიბებული პრაქტიკის მიხედვით არასანდოდ მიიჩნევდა 10 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ მიცემულ ჩვენებას. [1] 

სამართლებრივი ანალიზი:

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის იცავს ყველა ადამიანის სამართლის წინაშე თანასწორობას, განურჩევლად ნებისმიერი ნიშნისა, მათ შორის ასაკისა, რაც ნიშნავს იმას, რომ მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე ბავშვს მისთვის საზიანოდ განსხვავებულად ვერ მოეპყრობა სასამართლო.

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-12 მუხლი მიუთითებს, რომ „მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებები ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად“. ბავშვის უფლებათა კომიტეტი მე-12 ზოგად კომენტარში განმარტავს, რომ ამ მუხლის ლიმიტირებული ინტერპრეტაცია არ უნდა მოხდეს და წევრი სახელმწიფოები უნდა მოქმედებდნენ პრეზუმფციით, რომ ბავშვს აქვს თავისი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარი და გამოხატვის უფლება. ბავშვს არ უნდა ეკისრებოდეს მისი უნარების მტკიცების ტვირთი.[2]

აღნიშნული მუხლის თანახმად, ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, „მოსმენილი იყოს ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ სასამართლო ან ადმინისტრაციული პროცესის დროს უშუალოდ, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული პროცედურებისა და წესების შესაბამისად“. ბავშვის უფლებათა კომიტეტი დამატებით აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-12 მუხლი ასაკობრივ ლიმიტებს არ აწესებს და განამტკიცებს, რომ ბავშვებს შეუძლიათ ჩამოიყალიბონ შეხედულებები ადრეული ასაკიდან, მაშინაც კი, როდესაც არ შეუძლიათ ვერბალურად მათი გამოხატვა. ამასთანავე, ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი შეხედულებები და პრეტენზიები მართლმსაჯულების პროცესში მისი მონაწილეობის თაობაზე.[3]

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელმძღვანელო მითითებებით, მოწმე და დაზარალებულ ბავშვებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების საკითხებზე,  ასაკი არ უნდა იყოს ბარიერი, რათა ბავშვმა სრულად მიიღოს მონაწილეობა მართლმსაჯულების პროცესში და ყველა ბავშვი უნდა იყოს სრულუფლებიანი მოწმე. ბავშვის ჩვენების სარწმუნოობა და სანდოობა არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ მხოლოდ და მხოლოდ მის ასაკზე დაყრდნობით, მაშინ როდესაც ბავშვის ასაკი და განვითარების დონე იძლევა გასაგები და სანდო ჩვენების მიცემის შესაძლებლობას, კომუნიკაციისა და სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენებით, ან მათ გარეშე.[4]

მართლმსაჯულების კოდექსი“ სახელმწიფოს ავალდებულებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, რაც მხოლოდ ბავშვის მოსმენით განისაზღვრება.[5] ცხადია, ბავშვის მოსაზრების დაუშვებლად ცნობა ასაკის ნიშნით, ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ მოწმე არის ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი.[6]  კანონი პირის მოწმედ ყოფნას არ უკავშირებს მის ასაკს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან ბავშვების მონათხრობის გაზიარებაზე უარის თქმა ბავშვის ასაკის გამო, არღვევს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კანონმდებლობის დახვეწასთან ერთად, უზრუნველყოს ამ ნორმების პრაქტიკაში გამოყენება, განსაკუთრებით, როდესაც საქმე შეეხება ბავშვის ინტერესების დაცვას.

 

ინფორმაცია მომზადდა პარტნიორობადამიანის უფლებებისთვის (PHR) მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერითპროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითდოკუმენტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.



[2] UN Committee on the Rights of the Child, General comment No. 12 (2009): The right of the child to be heard, 20.07.2009, CRC/C/GC/12, §20.

[3] UN Committee on the Rights of the Child, General comment No. 12 (2009): The right of the child to be heard, 20.07.2009, CRC/C/GC/12, §21.

[4] United Nations Economic and Social Council, Resolution 2005/20, Guidelines on Justice in Matters involving Child Victims and Witnesses of Crime, 2005; §18

https://www.un.org/en/ecosoc/docs/2005/resolution%202005-20.pdf

[5] საქართველოს კანონი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი,“ მუხლი 3, ნაწილი 4; მუხლი; მუხლი 4

[6]  საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი,“ მუხლი 3, ნაწილი 20