შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები განიცდიან მრავალ ბარიერს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ. ეს ბარიერები მოიცავს ნეგატიურ დამოკიდებულებას ოჯახის, თემის და სერვის-პროვაიდერების მხრიდან, ასევე ტრანსპორტირების, ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციის ბარიერებს და ჯანდაცვის სერვის-პროვაიდერებში ცოდნის ნაკლებობას შშმ ქალთა საჭიროებების და სპეციფიური გამოწვევების შესახებ.

ერთ-ერთ მთავარ ბარიერად რჩება სწორედ საზოგადოების მხრიდან არასწორი დამოკიდებულება შშმ ქალების და გოგონების მიმართ. შშმ ქალები და გოგონები ძალიან ხშირად აღიქმებიან, როგორც უსქესო არსებები, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეს დამხმარე მოწყობილობები ან სოციალური დახმარება, მაგრამ არა - კონტრაცეფცია, განათლება სექსუალური და რეპროდუქციული საკითხების შესახებ და შესაბამისი სერვისები. სერვის-პროვაიდერები და პოლიტიკოსები პირდაპირ ერიდებიან სექსუალურ თემებზე მითითებებს, მით უმეტეს - ამ თემებზე მსჯელობას. საილუსტრაციოდ, საქართველოს კანონი შშმ პირთა უფლებების შესახებ მოიცავს განმარტებას, რომ სახელმწიფო „ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთათვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის უფლების ხელმისაწვდომობას სხვებთან თანასწორად“. თუმცა, საერთაშორისო ინსტრუმენტებისთვის ტრადიციული სიტყვა „სექსუალური“ ან „სქესობრივი“, რომელსაც იყენებენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან ერთად, კანონში არ შევიდა. ცხადია, რომ სიტყვა „სექსუალურის“ ამოგდება ამ მუხლის ფორმულირებიდან მეტყველებს პოლიტიკოსების დისკომფორტზე და მზაობის ნაკლებობაზე, რომ სერიოზულად განიხილონ სექსუალური ჯანმრთელობის საკითხი.

ნეგატიური დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დამაჯერებლად ილუსტრირებულია 2020 წლის კვლევაში, ჩატარებული UNDP-ის მიერ [1]. კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ ინტელექტუალური და ფსიქიკური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს არ უნდა ჰქონდეთ შვილის ყოლის უფლება, ხოლო მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი (30-40%) ფიქრობს, რომ არც სენსორული ან ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ შვილის ყოლის უფლება. მსგავსი რეაქციები შეიძლება გამომდინარეობდეს როგორც შიშისგან ბავშვის მომავლის გამო - როგორ ვანდოთ ბავშვი შშმ დედას? ასევე გენეტიკური მიზეზებიდან გამომდინარე - როგორ უნდა „გავაფუჭოთ“ მოსახლეობის გენომი მსგავსი გენების გავრცელებით. კიდევ შეიძლება არსებობდეს მესამე არგუმენტი: რადგან შშმ დედა მაინც ვერ გაუმკლავდება შვილის გაზრდას, ბავშვი იქნება ტვირთი ან ნათესავებისთვის, ან უფრო ფართო საზოგადოებისთვის.

 

გენეტიკურ წმენდას რაც შეეხება, ისტორიულად არსებობს ბევრი სასტიკი, არაადამიანური და კაცობრიობისთვის შეურაცხმყოფელი მაგალითი, მათ შორის აქცია T4, რომელიც მიმდინარეობდა გერმანიაში, ავსტრიაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1939-1941 წლებში და რომლის ფარგლებში მოკლეს 5000 „დეფექტური“ ბავშვი და 300 000 ზრდასრული ადამიანი ფსიქიატრიულ ინსტიტუციებში. გაზის კამერები პირველად გამოიყენეს სწორედ ამ აქციის ფარგლებში და მოგვიანებით „წარმატებით“ გაავრცელეს სხვა ჯგუფებზე. მკვლელობების გარდა, ცივილიზებული სამყარო აქტიურად იყენებდა არანებაყოფლობითი სტერილიზაციის პროცედურებს. მაგალითად, აქცია T4-ის დაწყებამდე მხოლოდ გერმანიაში მოხდა 360000 ადამიანის სტერილიზაცია. იმ დროისთვის კანონები არანებაყოფლობითი სტერილიზაციის შესახებ უკვე არსებობდა კანადაში, შვეიცარიაში, აშშ-სა და დანიაში და ზოგადად შშმ ქალთა არანებაყოფლობითი სტერილიზაცია დღემდე აქტუალურ პრობლემად რჩება. ალბათ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის უფლებების, მათ შორის შშმ პირთა უფლებების ისტორია, დაწერილია სისხლით, და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი საშინელი პრაქტიკები ჰაერიდან არ ჩნდება და უკვალოდ არ ქრება. ასე რომ სიფრთხილე გვმართებს, როდესაც ვფიქრობთ, რომ გვაქვს უფლება განვსაზღვროთ, რომელი გენეტიკური კომბინაცია უნდა არსებობდეს და რომელი უნდა გაქრეს. 

 

მართალია, საქართველოში შშმ პირთა არანებაყოფლობითი სტერილიზაცია მასიურ ხასიათს არ ატარებს და ჩვენთვის საბედნიეროდ, არ არის დაკანონებული. თუმცა, არ არის გამორიცხული მანიპულაციები და ცალკეულ შემთხვევაში ინფორმირების ნაკლებობით სარგებლობა, როდესაც ქალი თანხმდება, მაგალითად, საშვილოსნოს მილების გადაკეტვაზე (სტერილიზაციაზე) საკეისრო კვეთასთან პარალელურად და არ იცის ამ პროცედურის მნიშვნელობა. მსგავსი შემთხვევების რეალური რაოდენობა და შესაბამისად, პრობლემის მასშტაბი უცნობია და საჭიროებს ყურადღებას. თუმცა გაცილებით უფრო ხშირად გამოიყენება არა თავად სტერილიზაცია, არამედ - სექსუალური ცხოვრების პრევენცია, მათ შორის მედიკამენტების გამოყენებით, ან ფიზიკური ბარიერების შექმნით: როდესაც ქალს სახლიდან არ უშვებენ. იგივე ფიზიკური ბარიერები გამოიყენება ფსიქიატრიულ ინსტიტუციებშიც, სადაც წლობით ცხოვრების მიუხედავად, ქალები და მამაკაცები გაყოფილია ერთმანეთისგან და ეკრძალებათ ეზოში ერთად სეირნობაც კი. სექსუალური ცხოვრების აკრძალვის/პრევენციის ერთ-ერთი მიზეზი დაფეხმძიმების თავიდან აცილებაა.

 

საბედნიეროდ, საქართველოში არსებობს წარმატებული მაგალითები როდესაც შშმ ქალები დედები ხდებიან ყველა არსებული ბარიერის მიუხედავად. ზოგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედა არა მარტო უმკლავდება შვილის გაზრდას, არამედ ახერხებს მძიმე სოციალურ ცხოვრებასთან გამკლავებას და სხვა პირებზე ზრუნვასაც. თუმცა ეს წარმატებული მაგალითები მაინც არ არის იმდენად ცნობილი და თვალსაჩინო. შესაბამისად საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დედობა და შეზღუდული შესაძლებლობების არსებობა ურთიერთგამომრიცხავ ცნებებად რჩება. რაც შეეხება საზოგადოებრივ „ტვირთს“, რომლითაც ხშირად აპელირებენ ამ თემაზე მსჯელობის დროს, სულაც არ არის საჭირო შვილის წაყვანა ოჯახიდან, თუ მშობელი შშმ პირია. პირველ რიგში შშმ დედას უნდა ჰქონდეს წვდომა მხარდაჭერით სერვისებზე მისი დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით, რისი უფლებაც შშმ პირებს გვაქვს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის წყალობით.  ბავშვის აღზრდის ნაწილში ისევე, როგორც საზოგადოების სხვა წევრებისთვის და სხვა დედებისთვის, ზოგს სჭირდება მეტი მხარდაჭერა, ზოგს ნაკლები - ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და არ არის დამოკიდებული კანის ფერზე, ეროვნებაზე ან შეზღუდული შესაძლებლობების არსებობაზე. ცხადია, რომ მხარდაჭერითი სერვისები საქართველოში უნდა იყოს მისაწვდომი ყველა დედისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დედების ჩათვლით.

 

თუმცა სანამ შშმ ქალი მივა დედობამდე, უნდა ჰქონდეს ძალადობისგან დაცული ჯანსაღი ურთიერთობების ქონის შესაძლებლობა. შვილის ყოლის გადაწყვეტილება კი უნდა იყოს დამოკიდებული შშმ ქალზე, რაც მოითხოვს ცოდნას კონტრაცეპციის შესახებ, და უშუალოდ კონტრაცეპციული საშუალებების მისაწვდომობას. გარდა ამისა, შშმ ქალებს შეიძლება დასჭირდეს სპეციალისტის კონსულტაციები, ან უბრალოდ ინფორმაცია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თავისებურებების შესახებ, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული მისი შეზღუდვით. მაგალითად, ეტლით მოსარგებლე ან მობილობის შეზღუდვების მქონე გოგონებმა და ქალებმა შეიძლება არ იცოდნენ, შესაძლებელია თუ არა მათთვის სექსუალური ცხოვრება და რა ფორმითაა შესაძლებელი. ასევე, შესაძლებელია თუ არა შვილის გაჩენა და რა რისკები არის დაკავშირებული ამ პროცესთან. მსგავსი ინფორმაცია შეზღუდვების სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება დასჭირდეს სხვა შეზღუდვების მქონე ქალებსაც. ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინფორმაცია ძალადობის ფორმების შესახებ და იმის შესახებ, თუ სად უნდა მიმართონ ძალადობაზე რეაგირების ან მისი პრევენციის მიზნით. ცხადია, რომ ეს ინფორმაცია უნდა იყოს გასაგებ ფორმატში შშმ ქალისთვის და უნდა იყოს ფართოდ გავრცელებული, რომ არა მხოლოდ თბილისში და დიდ ქალაქებში, არამედ სოფლად მცხოვრები შშმ ქალებიც იყვნენ ინფორმირებული ამ საკითხების შესახებ. სანამ შშმ ქალებს და გოგონებს არ ექნებათ ეს ცოდნა, ძალადობის შემთხვევების დიდი ნაწილი დარჩება უხილავი. ასევე ბევრ შშმ ქალს შეეშინდება ურთიერთობების დაწყება, მითუმეტეს - შვილის გაჩენაზე ფიქრი.

 

 

ავტორი: ოლგა კალინა

 

ბლოგის მომზადება შესაძლებელი გახდა პროექტ „Supporting women with disabilities in being, doing and becoming independent” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR”, RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით