როდესაც სპორტში ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროებაზე
ვსაუბრობთ, რთულია, გვერდი აშშ-ს ტანმოვარჯიშეთა ეროვნული ნაკრების (USA
Gymnastics) ყოფილი ექიმის, ლარი ნასარის ისტორიას ავუაროთ. ლარის 500-მდე ყოფილი თუ
მოქმედი ათლეტი ქალი, სიტყვიერ, ფიზიკურ, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
აგვისტოში ჩვენ სიმოუნ ბაილსზე მოგიყევით, რომელიც 32-ზე მეტ მედალს ფლობს ტანვარჯიშში, როგორც ოლიმპიურ, ასევე მსოფლიო და ეროვნულ დონეზე. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მსვლელობისას, მან უარი განაცხადა ფინალურ შეჯიბრში მონაწილეობის მიღებაზე, მიზეზად კი მენტალური ჯანმრთელობა დაასახელა. სიმოუნის ისტორია.
ლარი ნასარის მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ ცნობილმა სამაუწყებლო არხმა “NETFLIX”, გადაიღო დოკუმენტური ფილმი „Athlete A” .
დღევანდელ ბლოგში ვრცლად გიამბობთ ამ საქმესთან დაკავშირებით ამერიკის სენატის მართლმსაჯულების კომიტეტში გამართული მოსმენის შესახებ, სადაც სიმოუნი სხვა რამდენიმე ტანმოვარჯიშესთან ერთად იმ სისტემის წინააღმდეგ იძლევა ჩვენებას, რომელიც წლების განმავლობაში თვალს ხუჭავდა ბავშვებისა და ახალგაზრდა ქალი ათლეტების მიმართ ძალადობის ფაქტებზე.
2021 წლის 15 სექტემბრის
პროცესი
დარბაზში სამ ყოფილ თანაგუნდელთან ერთად მყოფი არაერთგზის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი სიმოუნ ბაილსი ჩვენების მიცემის დროს ცრემლებს ვერ იკავებდა. ის სენატის წარმომადგენლებს უხსნიდა, თუ როგორ არ სურს, სხვა რომელიმე ახალგაზრდა ათლეტმა გამოსცადოს ის ტანჯვა, რომლის განცდაც მას, და კიდევ 500-მდე ათლეტ ბავშვსა და ქალს მოუწია, ეროვნული ნაკრების ყოფილი ექიმისგან.
„მეტი სიცხადისთვის, მე ვადანაშაულებ ლარი ნასარს, მაგრამ ასევე ვადანაშაულებ მთელ სისტემას, რომელმაც ხელი შეუწყო მის დანაშაულებრივ ქმედებებსა და ძალადობას“, - თქვა სიმოუნმა.
მაკქეილა მარონი, ამერიკელი ტანმოვარჯიშე, რომელიც 2012 წლის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანია, იხსენებს 2015 წელს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ნასარის მხრიდან მის მიმართ სექსუალურ ძალადობაზე ის ფედერალური ბიუროს თანამშრომელს ესაუბრა. სამ საათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ კი თანამშრომლის მხრიდან გაისმა კითხვა: „სულ ეს არის“? სპორტსმენის თქმით მან თავი „განადგურებულად“ იგრძნო, მსგავსი აპათიის გამო. მაშინ მარონი 19 წლის იყო.
„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (F.B.I.) არა მხოლოდ იგნორირება გაუკეთა ჩემს მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, არამედ 17 თვის შემდეგ, როდესაც მათ ჩემი ჩვენების დოკუმენტირება მოახდინეს, იქ სრული სიცრუე ეწერა. მათ არჩიეს, სიცრუე დაეწერათ იმის შესახებ, თუ რა ვთქვი, და დაეცვათ ბავშვებზე სერიული მოძალადე, იმის ნაცვლად რომ დავეცავი მე და კიდევ უამრავი სხვა ქალი“, - ამბობს მარონი.
F.B.I. -ის დირექტორმა, ქრისტოფერ ა. რეიმ აღიარა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ დაშვებული შეცდომები და ძალადობა გამოვლილ სპორტსმენებს ბოდიში მოუხადა. სასამართლო სხდომაზე მან ასევე განაცხადა რომ F.B.I. - ის თანამშრომელი, რომელმაც მარუნის გამოკითხვა განახორციელა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს იყო ისტორიულად პირველი შემთხვევა, როცა F.B.I.-ის წარმომადგენელი საჯაროდ იკითხებოდა სააგენტოს მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტის უგულებელყოფის და არასათანადო გამოძიების გამო. F.B.I.-ის დირექტორი, რომელიც ამ პოზიციას 2017 წლიდან იკავებს, ბრაზსა და იმედგაცრუებას ვერ მალავდა:
„ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენმა ადამიანმა გაგიცრუვათ იმედი. კიდევ უფრო მეტად ვწუხვარ იმის გამო, რომ ამ ადამიანებს შორის იყვნენ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებიც, რომლებსაც ამ მონსტრის შეჩერების შესაძლებლობა 2015 წელს ჰქონდათ და ეს არ გააკეთეს. მათ ამით უპატიებელი შეცდომა დაუშვეს. მსგავსი ფაქტები არასოდეს უნდა მომხდარიყო, და ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ რომ მსგავსი შემთხვევა აღარასდროს განმეორდეს“,-თქვა მან სასამართლო პროცესზე.
რეიმ ასევე განაცხადა, რომ ლარი ნასარის საქმის შემდეგ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გააძლიერა საკუთარი პოლიტიკა, პროცედურები, სისტემები და ტრენინგები, მათ შორის ხაზი გაუსვა იმას, რომ ფედერალური ბიუროს აგენტები ძალადობის დაფიქსირების შემთხვევაში შეტყობინებას გააკეთებენ, როგორც შტატის, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან.
თუმცა, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის გამოსვლით სენატორი პატრიკ ლიჰი უკმაყოფილო დარჩა. მისი თქმით აღნიშნული დაპირებები ძალადობა გამოვლილ სპორტსმენებს არაფერს მოუტანს. ისევე როგორც ტანმოვარჯიშეებმა, სენატორმა ლიჰიმ და ასევე სენატის საბჭოს რამდენიმე წარმომადგენელმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ ფედერალური ბიუროს ის თანამშრომლები, რომლებიც ამ საქმეს იძიებდნენ და სამართლებრივ შეცდომებს უშვებდნენ, სასამართლოს წინაშე არ წარმდგარან.
ლიჰიმ განაცხა, რომ როგორც სპორტის მაღალჩინოსნების, ასევე სახელმწიფო წარმომადგენლების და ასევე ყველა სხვა ადამიანის, ვინც ნასარის ძალადობაზე თვალს ხუჭავდა, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს სამართლებრივად.
პროცესზე არ იმყოფებოდა იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც შეძლებდა განმარტებების გაკეთებას, თუ რატომ არ მიმდინარეობს სამართალწარმოება გულგრილობასთან დაკავშირებით. საკომიტეტო მოსმენა იუსტიციის დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის მძაფრი კრიტიკიდან ორ თვეში გაიმართა. გენერალური ინსპექტორი ფედერალური ბიუროს თანამშრომლებს და მათ შეცდომებს აკრიტიკებდა. სააგენტოს შეცდომებმა ნასარს შესაძლებლობა მისცა, რომ მიუხედავად მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებებისა, გაეგრძელებინა მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში პაციენტების მკურნალობა. მათ შორის იყვნენ ადგილობრივი ტანმოვარჯიშეთა ცენტრის და სკოლის სპორტსმენები. ეს ყველაფერი კი, იმის მიუხედავად ხდებოდა, რომ ნასარი აშშ-ს ტანმოვარჯიშეთა ნაკრებს სექსუალური ძალადობის ბრალდების საფუძველზე ჩამოშორდა. ამ პერიოდში მან 70-ზე მეტი გოგოსა და ქალზე იძალადა.
ფედერალური ბიუროს ორი აგენტი, რომლებიც ნასარის წინააღმდეგ საქმეს აწარმოებდნენ, უკვე დაითხოვეს ბიუროდან და მათ წინააღმდეგ დისციპლინარული ზომები იქნება გატარებული. მათ შორის ერთ-ერთი ის აგენტია, რომელმაც მარუნისგან მოისმინა ჩვენება ნასარის წინააღმდეგ,
ასობით ქალი, რომლებიც ნასარის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, წლობით ელოდნენ გამოძიების ფედერალური ბიუროსგან დაშვებული შეცდომების აღიარებას. სიმოუნ ბაილსმა თქვა, რომ მას სურდა, სცოდნოდა „ვინ, როდის და რა იცოდა“ ნასარის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. ბაილსის თქმით, ნასარის მიერ ჩადენილი ძალადობის გამო მას დღემდე მენტალური პრობლემები აწუხებს. სწორედ ლარი ნასარის მიერ ჩადენილი ძალადობა იყო იმის მიზეზი, რომ ბაილსმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალურ ეტაპში მონაწილეობაზე უარი თქვა. „ამ საშინელი ძალადობის იარები თითოეულ ჩვენთაგანთან ერთად აგრძელებენ არსებობას“, თქვა მან. სამოუნის ეს სიტყვები თითოეულმა სპორტსმენმა გაიზარა. მათ შორის იყოს „ათლეტი A“-დ წოდებული მეგი ნიკოლსი. მეგი ნიკოლსი პირველი ათლეტია ეროვნული ნაკრებიდან, რომელმაც ლარი ნასარს ბრალი დასდო.
ელი რაისმანმა სენატორებთან დამოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნა დააყენა. მან თქვა, რომ საკმაოდ მძიმე იყო ამ ყველაფრის მოყოლა და გახსენება, თუმცა აუცილებელი, რათა სამომავლოდ მოხდეს ეფექტური მექანიზმების შემუშავება, რაც სპორტსა და კანონმდებლობაში აუცილებელ ცვლილებებს გამოიწვევს.
„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ თავი ისე მაგრძნობინა, რომ ჩემს მიმართ განხორციელებული ძალადობა უმნიშვნელო იყო და სინამდვილეში ცუდი არაფერი მომხდარა“,-თქვა მან. ელი ასევე ამბობდა, რომ ამ ჩვენების შემდეგ შესაძლოა, თვეები დასჭირდეს კვლავ მიღებული ტრავმიდან რეაბილიტაციისთვის.
ლარი ნასარს, ტანვარჯიშის ოლიმპიური და ეროვნული ნაკრებების ყოფილ ექიმს, 175 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მასალა მომზადებულია შემდეგ წყაროზე დაყრდნობით:
NY Times
თარგმანი და ადაპტაცია - ანიკა ტიზლიარიშვილი.
*ფოტოზე საიმონ ბაილსი, მაკქეილა მარუნი, მეგი
ნიკოლსი და ელი რაისმანი, სასამართლოში. საულ
ლოების ფოტო.
მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი
ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია „პარტნიორობა
ადამიანის უფლებებისთვის“. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან
აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.
სტატია მომზადებულია პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში.