ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების შესახებ

როგორც იცით, PHR სამართლებრივ დახმარებას უწვევს ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ აღსაზრდელს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის და სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების შესახებ.


ნინოწმინდის პანსიონის საქმის მიმოხილვა

2021 წლის გაზაფხულზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელისათვის მონიტორინგის უფლების შეზღუდვას დიდი ხმაური მოჰყვა. საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებებით უზრუნველყოფილი სახალხო დამცველის მანდატი კი ნინოწმინდის ბავშვთა სახლში უკანონოდ მოთავსებული ბავშვების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა იყო. სწორედ ამიტომ PHR-მა სახალხო დამცველის კონსტიტუციური ფუნქციის დასაცავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ხოლო მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ორგანიზაციამ გაეროს ბავშვთა კომიტეტს მიმართა.

2021 წლის 7 მაისს, გაეროს ბავშვთა კომიტეტმა გამოსცა დროებითი ზომა, რომლითაც საქართველოს მთავრობას სახალხო დამცველის ბავშვთა პანსიონში დაუყოვნებელი შეშვება დაავალა. ვინაიდან საქართველოს მთავრობამ, დროებითი ზომა დაუყოვნებლივ არ აღასრულა, PHR-მა განმეორებით მიმართა ეროვნულ სასამართლოს და ბავშვთა პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (შშმ) დაუყოვნებელი გამოყვანა მოითხოვა, რადგან ამ და სხვა ბავშვების მიმართ, ხორციელდებოდა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისის  განჩინებით დააკმაყოფილა PHR-ის მოთხოვნა და სახელმწიფოს ბავშვების გამოყვანა დაავალა.


ამ ეტაპზე:

გამოძიების მიმდინარეობა ერთ-ერთი ყოფილი აღსაზრდელის საქმეზე

2021 წლის 8 და 11 ივნისს ყოფილი აღსაზრდელი  სამცხე-ჯავახეთის პოლიციის  მიერ გამოიკითხა ნინოწმინდის პანსიონში, წლების განმავლობაში განხორციელებული ძალადობის და არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. გამოკითხვისას მან დეტალურად აღწერა პანსიონში მის მიმართ განხორციელებული დარღვევები, დასჯის მეთოდები,  ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები.  მას აგრეთვე ჩაუტარდა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. მისი განმარტებით, პანსიონში აღმზრდელები, დასჯის მიზნით, მუხლებით აყენებდნენ ბრინჯის და ხორბლის მარცვლებზე მთელი ღამის განმავლობაში, რაც იწვევდა მასში ტკივილს და დამცირებას. სასამართლო-სამედიცინიო ექსპერტიზის დასკვნით, მას მუხლებზე მართლაც აღენიშნება  დაზიანებები ნაჭდევებისა და ნაწიბურების სახით (ჭრილობების შეხორცების შემდგომი კვალი).

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის განცხადებით, საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოიძიება - ამ დრომდე სახელმწიფოს არ განუხორციელებია ნინოწმიდის პანიონის ყოფილი აღსაზრდელის უფლებების დასაცავად ეფექტური ღონისძიებები. 

ჩვენი მოთხოვნა

ამის გამო, ჩვენ 2021 წლის 1 სექტემბერს მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სადაც მივუთითეთ აღნიშნულ საქმეში გამოძიების ხარვეზებზე და მსხვერპლის უფლებების დარღევებზე. მათ შორის:

  • საქმეზე არასწორის კვალიფიკაციის;
  • მსხვერპლისთვის საქმის მასალების გაცნობის შეზღუდვის;
  • გამოძიების არაეფექტურობის;
  • უსაფუძვლოდ გაჭიანურების  და  გაუმჭვირვალობის შესახებ;
  • თუმცა, არც გენერალური პროკურატურის მხრიდანაც მომხდარა ეფექტური რეაგირება გამოძიების ხარვეზებზე და მსხვერპლის უფლებების დარღვევაზე


საქმის არასწორი კვალიფიკაცია

„წამება“ ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც ამა თუ იმ პირს განზრახ მიეყენება ძლიერი ტკივილი ან ტანჯვა, ფიზიკური ან სულიერი, ისეთი მიზნებით, როგორიცაა მისგან ამ მესამე პირისგან ინფორმაციის ან აღიარების მოპოვება, მისი დასჯა ქმედებისათვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა, ან რომლის ჩადენაშიც ეჭვმიტანილია, ან მისი ან მესამე პირის დაშინება ან იძულება, ან ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაციაზე დაფუძნებული ნებისმიერი მიზეზით, როდესაც ამგვარი ტკივილი ან ტანჯვა მიყენებულია სახელმწიფო თანამდებობის პირის, ან ოფიციალური თანამდებობით მოქმედი სხვა პირის მიერ, ან მისი წაქეზებით, ან მისი ნებართვით, ან მისი უსიტყვო თანხმობით. იგი არ მოიცავს ტკივილს ან ტანჯვას, რომელიც მხოლოდ კანონიერი სანქციების შედეგად წარმოიქმნება, არსებითად განუყოფელია მათგან, ან მათი თანმდევია.“ წამების და სხვა სასტიკი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენცია. 

გ.ჩ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულები,  თავისი ფორმების, დასჯის მიზნის, ინტენსივობის, ასაკის, მოწყვლადი და დაქვემდებარებული მდგომარეობის გათვალისწინებით აშკარად შეიცავს წამების და არასათანადო მოპყრობის ნიშნებს.

ჩვენი არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, გ.ჩ ეცნოთ დაზარალებულად  სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლით (წამება ანუ, ისეთ მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსიურობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას) ,პროკურატურის მიერ, გ.ჩ დაზარალებულად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც არასრულწლოვნის მიმართ  ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. ამ მოცემულობის მიუხედავად,  მსხვერპლის დაზარალებულად ცნობა სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით, არის ბავშვის უფლებების უგულვებელყოფა და მის ხელახალი ვიქტიმიზაცია.


საქმის მასალების გაცნობის შეზღუდვა

„დაზარალებულს უფლება აქვს: იცოდეს ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი;  მიიღოს ინფორმაცია გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებების შესახებ; უფასოდ მიიღოს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი და სხვა.“ საქართველოს სისხლის სამართლის პროცესის 57-ე მუხლი.

მას შემდეგ, რაც პანსიონატის ყოფილ აღსაზრდელს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, მოეცათ შესაძლებლობა გავცნობოდით საქმის მასალებს.  თუმცა,  მასალების სრულად გადმოცემაზე გვეთქვა უარი და გადმოგვეცა სისხლის სამართლის მასალების მხოლოდ მცირე ნაწილი.

მასალების გაცნობის შეზღუდვის შესახებ პროკურორის დადაგენილებაში,  შეზღუდვის მიზეზად მითითებულია სისხლის სამართლის საქმეში სხვა პირების პერსონალური მონაცემების არსებობა, რომელიც ვერ ჩაითვლება ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს, რადგან პროკურატურას მარტივად შეუძლია აღნიშნული მონაცემების ტექსტში დაფარვა დაშტრიხვის გზით.

მასალების შეზღუდვის შესახებ პროკურატურის გადაწყევტილება ჩვენ მიერ 2021 წლის 20 ოქტომბერს გასაჩივრდა ზემდგომ პროკურორთან, რომელმაც  საქმის მწარმოებელი პროკურორის დადგენილება დატოვა ძალაში. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება, ასევე გავასაჩივრეთ პირველი ინსტანციის სასამართლოში, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი ყველა ადამიანს აძლევს უფლებას, საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, პირველი ინსტანციის სასამართლომ, საჩივარი განხილვის გარეშე დატოვა. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, ჩვენს მიერ, გასაჩივრებული იქნა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილების შესახებ ასევე  ვაცნობებთ საზოგადოებას.


მსხვერპლის ინფორმირების უფლების დარღვევა

„დაზარალებულის აღჭურვა სათანადო ინფორმაციით ემსახურება, ერთი მხრივ, მისი (დაზარალებულის) ინტერესების ეფექტიან დაცვას, მაგალითად, შესაძლებლობას, გაასაჩივროს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება; ხოლო, მეორე მხრივ - სასამართლოსთვის ან ზემდგომი პროკურორისათვის მიმართვის მეშვეობით, საგამოძიებო საქმიანობის კონტროლს. იმავდროულად, ინფორმირებული დაზარალებული უნარიანია, საგამოძიებო საქმიანობის ხარვეზიანობის შემთხვევაში მიიპყროს საზოგადოების ყურადღება, ამ გზით გაზარდოს გამოძიებაზე საზოგადოების კონტროლი. ამდენად, ინფორმაცია დაზარალებულის ხელთ არსებულ ყველაზე მძლავრ იარაღს წარმოადგენს გამოძიების თვითნებობის შესაზღუდად, საკუთარი უფლებების სწორად რეალიზებისთვის. შესაბამისად, ცხადია, რომ დაზარალებულს გააჩნია მომეტებული ინტერესი - გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციასსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2020 წლის 18 დეკემბერის გადაწყვეტილება.

 „დანაშაულის მსხვერპლებს უფლება აქვთ, ხელი მიუწვდებოდეთ იმ ინფორმაციაზე, რომელიც სამართალწარმოების ვადებსა და პროცესის მიმდინარეობას ეხება. კერძოდ, უფლება აქვთ, ჰქონდეთ ინფორმაცია სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ან დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, იცოდნენ გადაწყვეტილებათა გასაჩივრების შესაძლებლობები და გასაჩივრების შემთხვევაში - სავარაუდო გადაწყვეტილებები. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულებს ხელი მიუწვდებოდეთ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე.[1] იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებს პრაქტიკაში ადეკვატურად არ გამოიყენებენ, აღნიშნული ნორმები მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება და ეს ფაქტობრივად, არ უზრუნველყოფს გამოძიების ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Ramsahai and others v. The Netherlands

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ აღსაზრდელს დღემდე პროკურატურა არ აწვდის არანაირ ინფორმაციას.  მსხვერპლმა არ იცის პასუხისგებაში მიცემულია თუ რა ძალადობის ჩამდენი პირები. არ ფლობს ინფორმაციას საქმეში განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ. აღნიშნულის გამო, დაზარალებულის ადვოკატებს ხელი გვეშლება განვახორციელოთ მსხვერპლის ინტერესების დაცვა. გამოძიების  გაჭიანურება და არაეფექტურად წარმართვა, არასწორი კვალიფიკაცია, მასალების შეზღუდვა, განმეორებით ტრამვას იწვევს წლების განმავლობაში ძალადობის ქვეშ მყოფი ბავშვების და ახალგაზრდებისთვის მიმართ.

#PHR-ი აგრძელებს ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელების უფლებების დაცვას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე რაზეც საზოგადოებას მუდმივად განახლებულ ინფორმაციას მიაწოდებს.

ავტორი: თამარ გაბოძე

 

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.



[1] Kelly and Others v. the United Kingdom, no. 30054/96, 4 August, 2001, § 118-136; Gorou v. Greece, no. 12686/03, 20 May, 2009, § 36-42.