ისტორიულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოკლებულები იყვნენ შესაძლებლობას, თავად მიეღოთ საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები. შეიძლება ითქვას, რომ ეს შეზღუდვა ვრცელდებოდა ცხოვრების ყველა სფეროზე. დღემდე ვხვდებით დამოკიდებულებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება. ხშირად საზოგადოებიდან თუ ოჯახიდან მომდინარე ეს დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ სხვა ყველა უფლებით ეფექტურად სარგებლობის შესაძლებლობაში ხელშეშლის წინაპირობას წარმოადგენს. სხვა უამრავ მიზეზთან ერთად, სწორედ ეს მიდგომა განაპირობებს ასევე სახელმწიფოს მიერ თემზე დაფუძნებული მომსახურებების ნაცვლად ინსტიტუციური ზრუნვის ფორმებისთვის უპირატესობის მინიჭებას, სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარებისათვის რესურსების გამოყოფაზე უარის თქმას, მაშინ როცა სწორედ აღნიშნული პროფესია თავისი შინაარსიდან გამომდინარე საუკეთესო რესურსს წარმოადგენს დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის მიმართულებით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის მე-19 მუხლში არის ასახული, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესების სფეროში. აღნიშნული უფლების დაცვა დაკავშირებულია კონვენციის ყველა სხვა უფლების დაცვისთვის შესაბამისი გარანტიების შექმნასთან. კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება საერთაშორისო სამართალში იმით გამოირჩევა, რომ ის დაკავშირებულია უფლებათა განუყოფლობის იდეასთან და თავის თავში მოიცავს, როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით, ისე სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებით ეფექტურად სარგებლობას.

დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება გულისხმობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უზრუნველყოფილია ყველა იმ აუცილებელი საშუალებებით, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს თავად მიიღოს საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებისთვის არსებითია პერსონალური ავტონომია და თვითგამორკვევა, რომელიც მოიცავს წვდომას ტრანსპორტზე, ინფორმაციაზე, საცხოვრებელზე, დასაქმებაზე, ჯანდაცვის სერვისებზე, კულტურულ აქტივობებზე, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ეს ყველაფერი დაკავშირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პიროვნულ განვითარებასა და პირადი ცხოვრების პატივისცემასთან, სად და ვისთან ერთად იცხოვროს, რა ჭამოს, როდის დაიძინოს, იყოლიოს შინაური ცხოველი თუ არა და ა.შ. დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების დაცვა არ გულისხმობს მარტო ცხოვრების უფლებას, პირიქით, ის უმეტესად დაკავშირებულია ეფექტურ პერსონალურ მხარდაჭერასთან და სხვადასხვა მომსახურებებზე წვდომასთან (General comment No. 5 (2017) on living independently and being included in the community).

ამის პარალელურად, როდესაც არ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციით გარანტირებული უფლებების დაცვა, შედეგი პირდაპირ აისახება დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების დაცვაზე. მაგალითად, დასაქმებაზე მისაწვდომობის ნაკლებობა მხოლოდ შრომის უფლებას არ არღვევს, არამედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ართმევს შესაძლებლობას ჰქონდეს შემოსავალი არსებული საბაზისო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად; ტრანსპორტზე მისაწვდომლობის პრობლემა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გადაადგილების თავისუფლებას კი არ არღვევს, არამედ წარმოადგენს ბარიერს დასაქმებაზე, განათლებაზე, ჯანდაცვის სერვისებზე წვდომისთვის და დაბრკოლებას სოციალური ინკლუზიის მიმართულებით; ადეკვატური საცხოვრებელი პირობებისა და საცხოვრისის პროგრამების არქონა შეიძლება აიძულებდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს იცხოვროს ინსტიტუციური ტიპის დაწესებულებაში.

თეორიაში არსებული უფლებათა ურთიერთდამოკიდებულებისა და განუყოფლობის იდეა კარგად ჩანს სტატისტიკურ მონაცემებშიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, დღეისთვის მსოფლიოში ცხოვრობს 600 მილიონზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 20%-ს წარმოადგენს (Factsheet on Persons with Disabilities, UN). ამასთან, განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში, როგორსაც საქართველო წარმოადგენს, მოსახლეობის საერთო რაოდენობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობა გაცილებით მეტია. ამასთან, პირდაპირი კორელაცია არსებობს სიღარიებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების რაოდენობასთან ქვეყნის მოსახლეობაში (Braithwaite, Carroll, Mont & Peffley, 2008). თუ გავითვალისწინებთ საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგებს (მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა, UNICEF), დავინახავთ, რომ შინამეურნეობების სიღარიბის მაჩვენებელი და ბავშვთა სიღარიბის მაღალი მონაცემები, სერიოზულ გამოწვევას უნდა წარმოადგენდეს ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ამასთან, სიღარიბე პირდაპირ დაკავშირებულია დასაქმების დაბალ მაჩვენებელთან, საცხოვრებლის არქონასთან, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან და .შ., რომელიც მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელ ცხოვრებაში.

საკმარისია შევხედოთ სტატისტიკურ მონაცემებსა და უფლებათა დარღვევის ბუნებას, რომ კარგად გამოჩნდება, რამხელა მნიშვნელობა აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წინაშე არსებული აღნიშნული გამოწვევების გადაჭრაში სოციალური მუშაობის პროფესიას. სოციალური მუშაობის პროფესიის მისია და მიზანი სწორედ ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრაზე მუშაობას გულისხმობს. კერძოდ, სოციალური მუშაკის მთავარი მისია ადამიანების კეთილდღეობის გაზრდა და მათი ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვაა. პროფესიის მიზანია დისკრიმინაციის, ჩაგვრის, სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა, თითოეული ინდივიდის გაძლიერება, მათთვის ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომ შემდგომში დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. რაც ყველაზე მთავარია სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობაში შედის მომსახურების მიმწოდებელი პირებისათვის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების გამომუშავება (IFSW).

სოციალური მუშაკის როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების დაცვის მიმართულებით განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოში 2015 წელს განხორციელებული ქმედუნარიანობის რეფორმის ფონზე. გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელის თანახმად, სოციალური მუშაკი, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებების დაცვის გარანტს წარმოადგენს. იგი არამხოლოდ მონიტორინგის საშუალებით ამოწმებს მხარდამჭერების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, არამედ - პროფესიის მისიისა და მიზნიდან გამომდინარე წარმოადგენს გარანტს მხარდაჭერის მიმღები პირის დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების დაცვის მიმართულებით ყველა იმ კომპონენტით, რომელსაც მოიცავს აღნიშნული უფლება შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციით გარანტირებული უფლებების ჭრილში.

მნიშვნელოვანია, რომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კომიტეტი კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას (მუხლი 12), რომელსაც საფუძვლად დაედო საქართველოში გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელის დანერგვა, სწორედ დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების დაცვას უკავშირებს და მათ განუყოფლობაზე საუბრობს. კომიტეტის განმარტებით, კანონის წინაშე თანასწორობის უფლების სრული რეალიზებისთვის, იმპერატიული მოთხოვნაა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საკუთარი სურვილების დაუბრკოლებლად გამოხატვის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ეს გულისხმობს, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად იცხოვრონ საზოგადოებაში, მიიღონ გადაწყვეტილებები და იქონიონ კონტროლი თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. უფრო მეტიც, კანონის წინაშე თანასწორობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებების ერთად წაკითხვა და ანალიზი წარმოადგენს კომიტეტის შეფასებით ინსტიტუციური ზრუნვის ფორმების დასრულებისა და მათ ნაცვლად, სათემო მომსახურებების განვითარების წინაპირობას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, განსაკუთრებით კი მხარდაჭერის მიმღები პირების დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების დაცვაში, რომელიც თავის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციით გარანტირებული თითქმის ყველა უფლებების დაცვასთან არის კორელაციაში, სოციალური მუშაკის როლის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარებაში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ადამიანის უფლებათა დაცვის მიდგომის ფართოდ დანერგვას დაეთმოს.

ბლოგპოსტი მომზადებულია პროექტის - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi). ბლოგპოსტში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს „ღია საზოგადოების ფონდების" შეხედულებებს.