რა მნიშვნელობა აქვს ექსპერტიზას ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საქმეში

შეიძლება ადამიანმა, რომელსაც არ აქვს იურიდიული განათლება არ იცოდეს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებში ექსპერტიზას მნიშვნელოვანი როლი აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლითაც განისაზღვრება ბავშვისთვის მიყენებული ფსიქოლოგიური ზიანი. ამავდროულად, ექსპერტიზის დასკვნაზე ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია მომხდარის სამართლებრივი შეფასება. შესაბამისად, ექსპერტიზა წარმოადგენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის შემადგენელ ნაწილს. 


PHR
-ის ადვოკატირება საერთაშორისო მექანიზმებში ექსპერტიზის გასაუმჯობესებლად

2019 წელს PHR-ის გუნდმა დაიწყო 9 წლის ბიჭის დაცვა, რომელიც იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ბიჭს აუტიზმის გამო არ შეეძლო მეტყველება. მოწმეების გადმოცემით, ის ხშირად ხდებოდა მამისგან ცემის და ემოციური ძალადობის მსხვერპლი. მიუხედავად ამისა, პროკურატურამ ბავშვი არ ცნო დაზარალებულად. რატომ? იმიტომ რომ ბავშვმა ვერ გადმოსცა მიყენებული ტკივილი. რატომ ვერ გადმოსცა? იმიტომ რომ აუტისტური სპექტრის გამო ვერ მეტყველებს. პროკურატურის პოზიცია გაიზიარა სასამართლომაც.

საქმეში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გამოიკვეთა ის, რომ, საქართველოში არ გვყავს შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტები, რომლებიც შეაფასებდნენ ბავშვის მიმართ მიყენებულ ზიანს.  ერთადერთი დაწესებულება სადაც  მსგავსი ექსპერტიზა ტარდება საქართველოში არის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. ვინაიდან ბავშვი ვერ მეტყველებდა და ინტერვიუერმა ვერ შეძლო მისი  გამოკითხვა, ბავშვის ადვოკატებისთვის დღის წესრიგში დადგა საკითხი როგორ შეძლებდა ექსპერტი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას  აუტიზმის მქონე ბავშვისთვის. სწორედ ამის დასადგენად მივმართეთ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, საიდანაც გვეცნობა შემდეგი:

  • ბიუროში არ არსებობს ბავშვზე მორგებული სივრცე ძალადობაგამოვლილი ბავშვისთვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად. ბავშვების მიმართ საექსპერტო გამოკვლევა ტარდება სპეციალისტების (ექსპერტ-ფსიქიატრის, ფსიქოლოგის) სამუშაო კაბინეტებში.
  • არცერთ სპეციალისტი არ არის სერტიფიცირებული ჩაატაროს ბავშვების ექსპერტიზა, ვინაიდან - საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს „ბავშვთა ექსპერტიზის სერტიფიკატის“ ცნებას.
  • არცერთ სპეციალისტს  (ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში დასაქმებულ ექსპერტებს, ფსიქიატრებს და ფსიქოლოგებს) არ აქვთ გავლილი სპეციალური ტრენინგი (სწავლება) ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკის კუთხით.
  • ბიუროს არ ჰყავს ბავშვთა ფსიქიატრიაში სერტიფიცირებული ექსპერტი და ბავშვთა ფსიქოლოგიის განხრით მომუშავე ფსიქოლოგი.
  • ბიუროს ექსპერტ-ფსიქიატრებსა და ფსიქოლოგებს არა აქვთ გავლილი სპეციალური ტრენინგი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე.
  • ბიუროს არ ჰყავს ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, რომელიც სპეციალიზებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სფეროში.
  • ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების ფსიქოლოგიური-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ტარდება ზოგადი სტანდარტით, (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 19 ივნისის N142/ნ ბრძანება „სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“) და არ მოიცავს სპეციალურ ჩანაწერს დაზარალებული და მოწმე ბავშვების, ძალადობაგამოვლილი ბავშვების ექსპერტიზის თუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხების შესახებ. 
  • ბიუროში არ არსებობს სპეციალური მეთოდიკა ძალადობაგამოვლილ ბავშვთა გამოსაკვლევად ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.
  • საქართველოში არ არსებობს პროტოკოლი ან დამტკიცებული სტანდარტი, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული მოწმე/დაზარალებული არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში.
  • საქართველოში არ არსებობს სპეციალურად შემუშავებული და პროტოკოლით დამტკიცებული მეთოდოლოგია, რომელსაც გამოიყენებდა ბიუროს ექსპერტი-ფსიქოლოგი იმ პირების გამოსაკვლევად, რომლებსაც დარღვეული აქვთ მეტყველება (მათ შორის სხვა გონებრივი ჩამორჩენილობის, ქცევისა და მეტყველების გამოხატული დარღვევით (F78.1) და განვითარების ეტაპების შეფერხების დიაგნოზით).

ბიუროსგან მიღებული ინფორმაციის გამო ბავშვის ადვოკატები იძულებული გავხდით უარი გვეთქვა სამხარაულის ბიუროში ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე, რათა თავიდან აგვერიდებინა ბავშვისთვის შესაძლო ზიანის მიყენება და ამასთანავე, არ დაგვერღვია კანონი.

არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოითხოვს, რომ ბავშვებთან შემხებლობაში მყოფი ექსპერტი უნდა იყოს სპეციალიზებული.  ცხადია, სახელმწიფოს მოვთხოვეთ  შესაბამის გარემოში, სპეციალიზებული ექსპერტების მიერ სათანადო მეთოდოლოგიით ექსპერტიზის ჩატარება, თუმცა უშედეგოდ.

ბავშვის ადვოკატებმა ეროვნულ დონეზე ყველა შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ მივმართეთ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს და სახელმწიფოს მხრიდან ბევრ სხვა დარღვევასთან ერთად მივუთითეთ, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო შშმ ბავშვის მიმართ შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება - ბავშვზე მორგებული სივრცის, ექსპერტთა სპეციალიზაციისა და ექსპერტიზის სტანდარტის არ არსებობის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე საკანონმდებლო ორგანოც აღიარებს ამ პრობლემის არსებობას, კომიტეტში სახელმწიფოს პოზიცია მიუთითებდა, ამ პრობლემის არარსებობაზე.    სახელმწიფოს პოზიცია დღემდე უცვლელია,  რომ აღნიშნულ ბავშვს ეს ექსპერტიზა უნდა გაევლო, მიუხედავად მისი რეტრავმატიზაციის მაღალი ალბათობისა. გაეროში სამართალწარმოება დასრულდა და ველით გადაწყვეტილებას 2022 წლის დასაწყიში.


როგორ ვიმუშავეთ ეროვნულ დონეზე ექსპერტიზის გასაუმჯობესებლად

როდესაც მივხვდით, რომ ამ პრობლემის გადაჭრას საერთაშორისო დონეზე დაჭირდებოდა დიდი დრო და ამასობაში დაზიანდებოდა ყველა სხვა ბავშვი, რომლებსაც სახელმწიფო აიძულებს არასპეციალიზებულ ექსპერტებთან ბავშვებისთვის შეუსაბამო გარემოში ექსპერტიზის გავლას,  2021 წლის 3 აგვისტოს კიდევ ერთი მსხვერპლი ბავშვის დასაცავად მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს. მოვითხოვეთ დროებითი ღონისძიების გამოცემა, რათა მომხდარიყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო ყველა იმ სპეციალისტის/ექსპერტის გადამზადება ბავშვთა მართლმსაჯულების, ბავშვთა უფლებების და  ბავშვებთან კომუნიკაციის თემაზე, ვისაც უშუალო შემხებლობა ექნებოდა ბავშვთან. ასევე მოვითხოვეთ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება ბავშვზე მორგებულ სივრცეში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სალომე სამხარაძემ უარი გვითხრა ჩვენ შუამდგომლობაზე. მისი გადაწყვეტილებით, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ეტაპზე შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა. მისი შეხედულებით, ექსპერტების გადამზადებას ესაჭიროებოდა დიდი დრო და მყისიერი შედეგი ვერ დადგებოდა.  პირველი ინსტანციის სასამართლოს სრულად დაეთანხმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ტყავაძე და დამატებით მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვება ადმინისტრაციული წარმოების გზით ვერ მოხდება.  გადავწყვიტეთ სხვა გზა გვეცადა.


რა შეუძლია გააკეთოს ერთმა მოსამართლემ რომელიც იცავს ბავშვებს

ექსპერტთა სავალდებულო სპეციალიზაციის მოთხოვნა 12 წლის ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გავაგრძელეთ. ამ საქმეში გორის რაიონულმა  სასამართლომ (მოსამართლე ლევან დარბაიძე) პროკურატურას დარღვევა დაუდგინა მათ შორის  ექსპერტიზის სავალდებულო სპეციალიზაციის საკითხზეც. 

პროკურატურას 15 ოქტომბრის სასამართლო პროცესზე ჰქონდა მყარი პოზიცია, რომ ექსპერტის სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სავალდებულო  არ არის. ცხადია, ამას არ დავეთანხმეთ ბავშვის ადვოკატები და მივუთითეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-16 მუხლზე, რომლის თანახმადაც:

 „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს აწარმოებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები. სრულწლოვანი პირის პროცესში მონაწილე არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის მიმართ საპროცესო მოქმედებებს ახორციელებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები.“

ჩვენი მოსაზრებით, ვინაიდან ექსპერტიზა წარმოადგენს საპროცესო მოქმედებას და ექსპერტიზის განმახორციელებელი პირი უშუალო შემხებლობაშია არასრულწლოვანთან, სავალდებულოა ის იყოს სპეციალიზებული, რათა ერთი მხრივ თავიდან იქნეს აცილებული ბავშვის რევიქტიმიზაცია, ხოლო მეორე მხრივ, ამგვარი ექსპერტიზის შედეგად მოპოვებული დასკვნა არ გახდეს დაუშვებელი მტკიცებულება. სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ექსპერტთა სავალდებულო სპეციალიზაციის შესახებ და მიუთითა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ამგვარ ვალდებულებას ითვალისწინებს.

მოსამართლე ლევან დარბაიძემ სრულად გაიზიარა ბავშვის ადვოკატების პოზიცია და პროკურატურას დაავალა ბავშვის უფლებები დაეცვა მიუხედავად აქამდე არსებული პრაქტიკისა. თუმცა პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას დღემდე არ ასრულებს.


რა (არ) გააკეთა სახელმწიფომ

მას შემდეგ რაც სახელმწიფომ დააფიქსირა, რომ PHR აღნიშნული ხარვეზის გასწორებას მიაღწევდა ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე სამართალწარმოების გზით, მოახდინა  "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის ინიცირება. 2021 წლის 15 ნოემბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის იგი განიხილა და მხარი დაუჭირა. 


ამ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიუთითა:

„საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია არასრულწლოვნები სისხლის სამართლის პროცესებში, განსაკუთრებით კი, ისეთ საქმეებზე, სადაც ისინი უშუალოდ არიან მსხვერპლები, დაზღვეულები იყვნენ მეორეული ვიქტიმიზაციისგან. ამ მიზნით კანონპროექტის თანახმად, იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მონაწილეობისთვის მოეთხოვებათ სპეციალიზაციის გავლა, ემატება ექსპერტიც, რომელსაც საექსპერტო კვლევიდან გამომდინარე, უწევს გამოსაკვლევ არასრულწლოვან პირთან კომუნიკაცია“.

 

მაშასადამე, PHR-ის პოზიცია, რომელსაც სახელმწიფო ორგანოები ეწინააღმდეგებოდნენ:
ა) გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში
ბ) თბილისის საქალაქო სასამართლოში.
გ) თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
დ) გორის რაიონულ სასამართლოში.
ე) გორის რაიონულ პროკურატურაში.
ვ) ძველი თბილისის რაიონული პროკურატურაში.

აღმოჩნდა საკანონმდებლო ცვლილების მიღების საფუძველი და 15 ნოემბერს, სწორედ ამ საფუძვლით დაასაბუთა პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ კანონში ცვლილების შეტანის საჭიროება.

 

დრო და ადამიანური რესურსი, რომელიც 2 წლის მანძილზე დაიხარჯა ბავშვთა ადვოკატების, პროკურორების, მოსამართლეების, გამომძიებლების, იურისტების და სხვა საჯარო მოხელეების მიერ, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე, დააკლდა ბავშვებს, ვისი უფლებებიც საჭიროებს დაცვას.

 


შეჯამება

ჩვენ ცხადია მივესალმებით ყველა იმ ცვლილებას, რაც  გააუმჯობესებს ბავშვების მდგომარეობას. 2021 წლის 16 ნოემბერს გაცხადებულ ცვლილებებს წინ უსწრებდა  PHR-ის ხანგრძლივი და რთული ბრძოლა, რაც ფაქტობრივად უგულებელყო სახელმწიფომ. ამასთანავე,  დაანონსებული ცვლილებები არ პასუხობს ამ საკითხზე არსებულ გამოწვევებს რამდენიმე მიზეზის გამო.

პირველ რიგში, ექსპერტთა სპეციალიზაციის ვალდებულება ისედაც დადგენილია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით. პრობლემას ამ ჩანაწერის აღუსრულებლობა წარმოადგენს. ასევე, საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება ექსპერტიზის პროცესში ექსპერტის ჩანაცვლება კოორდინატორით ან სხვა პროცესის მონაწილით (როგორც ეს ცვლილებაშია გათვალისწინებული), ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნის, როგორც მტკიცებულების სანდოობის საკითხი შესაძლებელია დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც ისევ ბავშვებს დააზიანებს.  გარდა ამისა, ისევ მოუწესრიგებელი რჩება ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა მიმართ ექსპერტიზის ჩატარების სტანდარტი და ექსპერტთა სპეციალიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობისას.

თუმცა, ყოველივე ამის დამტკიცებისთვის ბავშვების ადვოკატებს, სავარაუდოდ, რამდენიმე წლიანი ბრძოლა მოგვიწევს და ეს რესურსი ისევ ბავშვთა უფლებების დაცვას დააკლდება.

ანა თავხელიძე 

ანა არგანაშვილი