2019 წლის იანვარში მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონმა და ორი ზამთრის ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელმა შორტ-ტრეკში, სიმ სოკ-ჰიმ, ყოფილი მწვრთნელი ჩო ჟა ბოემი  სექსუალურ ძალადობაში ამხილა.

39 წლის მწვრთნელი სიმ სოკ ჰიმ და კიდევ სამმა სპორტსმენმა ქალმა ფიზიკურ ძალადობაში 2018 წელს ამხილეს და ამის გამო ჩო ჟა ბოემს 18 თვით პატიმრობა მიესაჯა. იმავე წელს, სიმ სოკ ჰის მიერ მეორე ოლიმპიური მედლის მოპოვებამდე ცოტა ხნით ადრე, ის დაითხოვეს შორტ-ტრეკის  ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოზიციიდან. ხოლო 2019 წლის იანვარში ოლიმპიურმა ჩემპიონმა სექსუალურ ძალადობაზეც განაცხადა.  

ოლიმპიური ჩემპიონის თქმით, 17 წლის ასაკიდან ყოფილი მწვრთნელის მხრიდან სისტემატიურად ჰქონდა ადგილი სექსუალურ შევიწროებას და ძალადობას. პროკურატურის განცხადებით 2014-2017 წლებში სექსუალური ძალადობის 30-მდე შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ყოფილი მწვრთნელი ადასტურებდა ვერბალური და ფიზიკური ძალადობის ფაქტებს, თუმცა გაუპატიურებას უარყოფდა. მოსამართლემ ქალი ათლეტის ჩვენება სანდოდ მიიჩნია. მტკიცებულებების სახით სასამართლოს ასევე წარედგინა ტექსტური შეტყობინებები, რომლებიც მიუთითებდნენ სპორტსმენსა და მწვრთნელს შორის ძალადობრივ ურთიერთობაზე.  

ქალაქ სუვონის რეგიონულმა სასამართლომ მოძალადეს 10 წლით და ექვსი თვით პატიმრობა და 200 საათი სექსუალური მოძალადეებისთვის განკუთვნილი სამკურნალო პროგრამაში მკურნალობა მიესაჯა. 

23 წლის სამხრეთ კორეელი ათლეტი, სიმ სოკ ჰი დიდი ავტორიტეტით სარგებლოს ქვეყანაში. ზოგადად, ჩქაროსნული სრიალი ციგურებით სამხრეთ კორეაში ეროვნულ სიამაყესთან არის გათანაბრებული. სწორედ სპორტის ამ სახეობაში აქვს ყველაზე მეტი ოლიმპიური მედალი მოპოვებული სამხრეთ კორეას სხვა ქვეყნებთან შედარებთ. მიუხედავად ამისა აქაც ხშირია ძალადობისა და კორუფციის ფაქტები.

უკანასკნელი წლების განმავლობაში მსოფლიოს პირველი კლასის ათლეტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ არსებულ ძალადობრივ კულტურაზე, რომელშიც მწვრთნელები და ექიმები დიდი ძალაუფლებით სარგებლობენ. სამხრეთ კორეაში ფიზიკური ძალადობა ხშირად ვარჯიშის უხეშ მაგრამ აუცილებელ ნაწილად მიიჩნევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სპორტსმენები პრესტიჟული ჯილდოს მოგებისთვის ემზადებიან.

სამხრეთ კორეელი ათლეტის მიერ ყოფილი მწვრთნელის მიმართ წაყენებული ბრალდებები  გარდამტეხი აღმოჩნდა სამხრეთ კორეელი შორტ-ტრეკერების საზოგადოებაში. პრეზიდენტმა მუნ ჯა-ინმა მთავრობის წევრებს მოუწოდა მსგავსი ბრალდებებისათვის სერიოზულად შეეხედათ. „მიმდინარე მოვლენებმა გამოავლინა ის დამამცირებელი გარემოებები, რომლებიც ჩვენი, როგორც წარმატებული სპორტული ქვეყნის, დიდების ფასადს მიღმა იმალებოდა“  თქვა მან 2019 წლის იანვარში.

ზოგი ექსპერტი აღნიშნავდა იმასაც, რომ მთავრობა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ხუჭავდა თვალს სპორტში არსებულ ძალადობრივ გარემოზე და მხოლოდ ბოლო პერიოდში გატარებულმა ღონისძიებებმა, მათ შორის ანონიმურმა ცხელმა ხაზმა გამოიღო შედეგი. ექსპერტები ასევე მიიჩნევენ რომ სწორედ სიმ სოკ ჰის ვარსკვლავურმა სტატუსმა და მის მიერ მოპოვებულმა ოქროს მედლებმა განაპირობა რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან.

„სიმ სოკ ჰი რომ არ ყოფილიყო ოლიმპიური მედლის მფლობელი, დიდი ალბათობით არც მისი საქმე გახმაურდებოდა“ - ამბობს სეულის სოგანგის უნივერსიტეტის სპორტული ფსიქოლოგიის პროფესორი ჩუნგ იონგ-ჩული.

„იმედი მაქვს რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენს საზოგადოებაში არსებულ სხვა ძალადობა გამოვლილ ქალებს საკუთარი ხმის პოვნაში დაეხმარება... მინდა მჯეროდეს რომ სამომავლოდ მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდება“ - ნათქვამი იყო სიმ სოკ ჰის მიერ გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში, რომელიც ათლეტმა მას შემდეგ გამოაქვეყნა რაც ყოფილი მწვრთნელის მიმართ განაჩენი დადგა.

 

 

სტატია მომზადებულია NY Times -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სტატიის თარგმანი და ადაპტაცია - ანიკა ტიზლიარიშვილი. 

*ფოტოზე ოლიმპიური ჩემპიონი შორტ ტრეკში სიმ-სოკ ჰი. ავტორი: Damir Sagolj/Reuters

სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

სტატია მომზადებულია პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში. 

 

 


შორტ ტრეკი - ჩქაროსნული სრიალი ციგურებით