კულტურული
შოკი #1
ამერიკის
უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლის დაწყებამდე
3 კვირა დარჩა და ჩვენ უკვე დავიწყეთ მომზადება. გვაცნობენ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას,
შიდა ოპერაციულ წესებს, სერვისებს რომელიც ხელმისაწვდომია და იმ ადამიანებს, რომლებიც
სხვადასხვა სასწავლო მიმართულების კოორდინატორები არიან.
ერთი
შეხედვით, თითქოს, ამ ყველაფერში არსებითად განსხვავებული საქართველოს საუნივერსიტეტო
სივრცისგან არაფერია, მაგრამ არის ერთი რამ, რითაც ნამდვილად განსხვავდება სასწავლო
კურსი და რამაც განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება. ეს არის უნივერსიტეტის ბაზაზე
არსებული კეთილდღეობის ცენტრი (wellness center).
რას
სთავაზობს ცენტრი სტუდენტებს?
- საგანმანათლებლო,
სასწავლო მასალებსა და უფასო კონსულტაციას ჯანმრთელობის თემაზე(ჭარბი წონა, დარღვეული
ძილი, ალკოჰოლიზმი, სტრესთან გამკლავება და სხვა);
- ისეთ
პროგრამებს, როგორიცაა მაგალითად იოგა და ფიტნესი;
- მსხვერპლთა
ადვოკატირების სერვისს.
მსხვერპლთა
ადვოკატირების სერვისი ემსახურება სხვადასხვა სახის სქესობრივი ძალადობის, ოჯახში ძალადობის,
ადევნების მსხვერპლებსა და სხვა სახის ძალადობაგამოვლილ სტუდენტებს.
ცენტრს
ჰყავს კვალიფიციური თანამშრომლები, რომელთა მიზანს წარმოადგენს სტუდენტების დაცვა ნებისმიერი
სახის ძალადობისგან, მაგალითად, სტუდენტებს შორის ან სტუდენტებსა და პროფესორებს შორის
წარმოქმნილი კონფლიქტის ან ძალადობის შემთხვევებში. ცენტრი მიმართულია სქესობრივი დანაშაულების
დროული გამოვლენისა და რეაგირებისკენ. რა თქმა უნდა, ეს ფუნქცია არ ანაცვლებს ფედერალური
საგამოძიებო ორგანოების ფუნქციებს, თუმცა უპირატესია იმით, რომ:
- უფრო სწრაფი და მოქნილი სისტემაა პრობლემის შესასწავლად;
- გამოიყენებს მტკიცების უფრო დაბალ სტანდარტს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტს, დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა თუ დისკრიმინაციის ფაქტი;
- სრულიად კონფიდენციალურია, თუ მისი გამჟღავნება თავად მსხვერპლის მოთხოვნა არ არის;
სრულიად მორგებულია ძალადობაგამოვლილ ან დისკრიმინირებულ სტუდენტზე, რომელსაც აუცილებლად მიაწვდიან შესაბამის სარეაბილიტაციო პროგრამას.
ყველაზე
მძიმე “სასჯელი”, რაც შეიძლება უნივერსიტეტმა სტუდენტისა და ლექტორის წინააღმდეგ გამოიყენოს,
უნივერსიტეტიდან გარიცხვაა.
რაც
შეეხება ძალადობის, როგორც დანაშაულის შესწავლას, მსხვერპლს უფლება აქვს, პარალელურად
წარმართოს პროცესი საგამოძიებო ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდების გზით.
კიდევ
უფრო გასაკვირი აღმოჩნდა ის, რომ უნივერსიტეტის პოლიტიკის მიხედვით, სექსუალური შევიწროებისა
თუ სხვა სახის სქესობრივი ძალადობის შემთხვევაში, სტუდენტს უნივერსიტეტი აძლევს დამატებით
დროს, რათა მშვიდად გაიაროს უფასო რეაბილიტაცია, დაისვენოს და მხოლოდ ამის შემდგომ
ჩაერთოს აკადემიურ პროცესში.
როცა
ამ ინფორმაციას ისმენ საქართველოდან ჩასული ყოფილი სტუდენტი, გახსენდება ორ სხვადასხვა
სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებული 6 წელი და გეუფლება განცდა, რომ აქ სტუდენტს ნამდვილად
აფასებენ, უფრთხილდებიან, აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ სტუდენტმა სწავლის მოტივაცია
არასდროს დაკარგოს. აქ ნამდვილად გრძნობ, რომ უყვართ სტუდენტები და ნამდვილად სურთ,
რომ მათი და არა მხოლოდ მათი ქვეყნის მოქალაქე, განათლებული და თავდაჯერებული იყოს.
ყველაფერი ეს მინიმალურია, რაც სჭირდება მშვიდობიან და ხარისხიან ცხოვრებას ქვეყნებში.
ჩვენ კი, ჯერ ცხრილი ვერ დაგვიზუსტებია…
ბლოგის
ავტორი: ანა აბაშიძე