2 დღეა საქართველოს პარლამენტი, სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშს ისმენს. ანგარიში, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას, განსაკუთრებულად მწვავედ  კი ბავშვთა სიღარიბეს შეეხო. ამან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  მიერ განხილული ერთი საქმე გამახსენა – R.M.S. v. Spain.

ამ საქმეში  დედა, სასამართლოს უყვებოდა, თუ როგორ მივიდა თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად ესპანეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოციალური სერვისების დეპარტამენტში იმისათვის, რომ სახელმწიფოსგან ეთხოვა – დასაქმება, საცხოვრებელი ადგილი, საკვები და სხვა საარსებოდ აუცილებელი პირობების დაკმაყოფილებაში დახმარება. საპასუხოდ კი სოციალურმა მუშაკმა მიიღო გადაწყვეტილება და სიღარიბის გამო დედას შვილი ჩამოართვა, ბავშვი კი საცხოვრებლად ბავშვთა სახლში განათავსა. შვილთან დაშორების გამო ნერვიულობის ნიადაგზე, ქალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სწორედ ამ საქმის განხილვის შედეგად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცალსახად თქვა, რომ  ესპანეთის სახელმწიფომ დაარღვია განმცხადებლისა და ბავშვის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემისა და ხელშეუხებლობის უფლება, რადგან მათ იმის ნაცვლად, რომ ოჯახი გაეძლიერებინათ, დედა-შვილი სიღარიბის გამო ერთმანეთს დააშორეს და ამით დაარღვიეს ბავშვის უფლებები. სახელმწიფოს კი მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა მოუწია.

საერთაშორისო სტანდარტი

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის (#64/142) თანახმად, ბავშვის გამოყვანა ბიოლოგიური ოჯახიდან და მშობლებთან დაშორება უნდა იყოს უკანასკნელი გადაწყვეტილება, მაქსიმალურად მოკლე ვადით განსაზღვრული და მხოლოდ მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან ყველა ტიპის დახმარება (სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებით) არის გაწეული ოჯახი გასაძლიერებლად და რასაც შედეგი არ მოჰყოლია.  

ამავდროულად, ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, ეკონომიკური და სოციალური სიდუხჭირე არასდროს შეიძლება გახდეს ბავშვისა და მშობლის ერთმანეთისგან დაშორების მიზეზი.

საქართველოს კონტექსტი

2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 431 000 სოციალურად დაუცველი ადამიანია რეგისტრირებული, აქედან საარსებო შემწეობას 169 503 ბავშვი, ხოლო 10 ლარიან დანამატს 62 522 ოჯახი იღებს. აქედან უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს 350 000-მდე ადამიანი. მონაცემები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განსაკუთრებულ სიმძიმეზე მეტყველებს. ხშირ შემთხვევაში მათ უჭირთ ბავშვების საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება, როგორიცაა ელემენტარული საკვები, საცხოვრებელი ადგილი, ტანსაცმელი, სამედიცინო და სხვა ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფა შვილებისთვის. სიღატაკის გამო ბავშვებს პრაქტიკულად ყველა უფლება ეზღუდებათ.

ამავდროულად, საგანგაშო მდგომარეობაა 0-5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის კუთხით. 2016 წელს საქართველოში მდგომარეობა გაუარესებულია. ყოველ 1000 ბავშვში 12 ბავშვი იღუპება მითითებულ ასაკში. აღნიშნული მაჩვენებელი ორჯერ აღემატება განვითარებული ქვეყნების მონაცემებს.

ამგვარი უკიდურესად მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე კი სახელმწიფოს ბავშვები ბიოლოგიური ოჯახებიდან სხვა ოჯახებში (მინდობით აღმზრდელები) გადაჰყავთ აღსაზრდელად. მიზეზი კი, მათ შორის, სწორედ სიღარიბეა. 2016 წლის მდგომარეობით 400-ზე მეტი ბავშვი დააშორეს ბიოლოგიურ ოჯახს მხოლოდ იმის გამო, რომ მათი მშობლები ღარიბები არიან – არ აქვთ სახლი, სამუშაო, ბავშვებისთვის ვერ მოიპოვებენ აუცილებელ საკვებს და სხვა.

ანგარიშის მოსმენის დროს დეპუტატებს ალბათ გაუჩნდებათ მწვავე კითხვები აღმასრულებელი შტოს მიმართ, თუ როგორ შეიძლება ასე ექცეოდნენ ბავშვებს?! როგორ შეიძლება სიღარიბე იყოს განაჩენი ბავშვისთვის?! როგორ შეიძლება ქვეყანაში  ყოველწლიურად იზრდებოდეს ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი?!

ალბათ მოსმენები პარლამენტში ისევ გაიმართება და ალბათ ისევ გაგვიმეორებენ, რომ ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ბავშვებზე ზრუნვაა…


წყარო: http://liberali.ge/blogs/view/28839/sigharibe–ganacheni-bavshvebistvis

ბლოგის ავტორი: ანა აბაშიძე