ინფორმირებული მოქალაქე და კვალიფიციური საზოგადოებრივი
დისკუსია
საინფორმაციო საიტებზე ორი დღის წინ გავრცელებულმა განცხადების
შინაარსმა არაერთი მშობელი დააფიქრა. დაგვაფიქრა ის ადამიანებიც, ვისაც მიგვაჩნია,
რომ ქვეყანაში ბავშვთა უფლებებზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული
და დასაბუთებული უნდა იყოს. უკვე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას კი, საზოგადოების
ინფორმირება და მხარდაჭერა სჭირდება.
გავრცელებულ განცხადებაში დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე აცხადებს [1]:
„მშობელს თუ არ ესმის, რომ მისი შვილი უნდა იყოს აცრილი,
საზოგადოებამ თავი უნდა დაიცვას ასეთი მშობლისგან. კონფლიქტი ხდება ერთი მხრივ ადამიანის
უფლებასა და მეორე მხრივ, საზოგადოების უფლებას შორის. ასეთ შემთხვევაში, ყველა ქვეყანაში,
მათ შორის ძალიან დემოკრატიულშიც, უპირატესობა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ენიჭება”.
ციტატის წაკითხვის შემდეგ არაერთი კითხვა ჩნდება: რას
ნიშნავს საზოგადოების მიერ მშობლისგან თავის დაცვა? რას ნიშნავს საზოგადოებრივი უსაფრთხოება
და რატომ უპირისპირდება ის ადამიანის უფლებას? რა ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში და რა
პოზიცია აქვს ამ საკითხზე სასამართლოს?!
ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები რომ საზოგადოებრივი
დისკუსიის გარეშე მიიღება, ეს სიახლე არაა. დისკუსიის ნაცვლად კი, როგორც სჩვევიათ,
ამ ფორმულირებით დაუსვამენ კითხვებს ქუჩაში გამვლელ ადამიანებს:
– თქვენ ემხრობით სავალდებულო ვაქციანაციას? თქვენი
აზრით, ადამიანის უფლებები საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უპირისპირდება? – ადამიანებიც,
მიუხდავად იმისა, რომ საკითხის შესახებ მაინცადამაინც ინფომირებულები არ არიან, მხრებს
აიჩეჩავენ ან იქვე მოიფიქრებენ რაიმე პასუხს პასუხისთვის ისე, რომ წარმოდგენაც არ ექნებათ,
თუ რამდენად მნიშვნელოვანია სავალდებულო ვაქცინაცია ბევრი ქვეყნისთვის.
ამ რეალობის შეცვლის ერთადერთი გზა მოქალაქეების ინფორმირებაა,
რათა მათ ქვეყანაში მიმდინარე ყველა რეფორმაზე ჰქონდეთ დასაბუთებული პოზიცია და არგუმენტირებულად
ემხრობოდნენ ან ეწინააღმდეგებოდნენ ცვლილებებს.
ამ ბლოგით ვეცდები, გასაგები ენით მოგაწოდოთ ინფორმაცია
ზემოთ დასმულ კითხვებზე, რომელიც სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ თქვენი დასაბუთებული
პოზიციის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. დასაბუთებული პოზიცია კი, დაგვეხმარება საზოგადოებაში
კვალიფიციურ და ჯანსაღ დისკუსიაში, დისკუსია, თავის მხრივ, დაეხმარება ხელისუფლებას
სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
ვაქცინაციის მნიშვნელობა თითოეული ბავშვისთვის
სავალდებულო ვაქცინაციის სამართლებრივი მოწესრიგების
განხილვამდე, გავიხსენოთ, თუ რეალურად რა გავლენა და მნიშვნელობა აქვს მას ბავშვების
ცხოვრებაზე.
გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ვაქცინაცია ბავშვებს
არა მხოლოდ დაავადებებისგან, არამედ სიკვდილიანობისგანაც იცავს [2]. ყოველ 20 წამში
მსოფლიოში კვდება ბავშვი, რომლის გადარჩენაც ვაქცინაციით შეიძლებოდა. ყოველწლიურად,
იმუნიზაციის შედეგად გადარჩება სამი მილიონი ბავშვის სიცოცხლე.
გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის თანახმად, ბავშვებს აქვთ უფლება, ჯანდაცვის უმაღლეს სტანდარტსა და მომსახურებაზე მიუწვდებოდეთ ხელი, ამ უფლების განუყოფელი ნაწილი კი, გადამდები დაავადებებისგან მათი ვაქცინაციის გზით დაცვაა.
აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, ერთი შეხედვით,
გაუგებარია, რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მშობელი ბავშვთა ვაქცინაციას.
ამის პასუხია ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული მასალები
რომლის გადამოწმებისასაც “მედიაჩეკერმა” გამოაქვეყნა [3] შეფასება სათაურით – „მცდარი
შეხედულება აუტიზმისა და ვაქცინაციის კავშირზე“. “მედიაჩეკერის” მიერ ვაქცინაციის წინააღმდეგ
გავრცელებული დაუსაბუთებელი ინფორმაციის გადამოწმებისას გამოვლინდა, რომ სტატიები,
რომელიც ვაქცინაციას „მასობრივი განადგურების იარაღს“ უწოდებს, რეალურად არ ეყრდნობა
პროფესიონალების შეფასებას. ხოლო, სამეცნიერო კვლევებმა ვერ დაადასტურა ვაქცინაციით
გამოწვეული აუტიზმის ჰიპოთეზა.
თუმცა, მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევები, რომლითაც
ვაქცინაციით გამოწვეული დაავადებების მითს აქარწყლებს, უმეტესად, ინგლისურ ენაზეა და,
ბუნებრივია, ქართველი მშობლისათვის ის ძნელად მისაწვდომია.
მაშასადამე, ქართველი მშობელი, სრულფასოვნად ვერ ეცნობა
მტკიცებულებაზე-დაფუძნებულ ლიტერატურას ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ბავშვების სიცოცხლის
და ჯანმრთელობის გადარჩენისთვის, ხოლო ვაქცინაციის აუტიზმთან და სხვა მდგომარეობასთან
არარსებული კავშირის შესახებ სამეცნიერო სტატიები მისთვის ხელმიუწვდომელია.
ამის ფონზე, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ამბობენ,
რომ მშობლებს „არ ესმით“, თუმცა, როგორც ვნახეთ, მათთვის არც არავის აუხსნია და ძნელი
წარმოსადგენია, გაიზიარო და დაეთანხმო იმას, რის შესახებაც არაფერი გსმენია და არც
არავის უთქვამს.
ინფორმირებული თანხმობა
არგენტინელი იურისტი ხუანა აკოსტა, სავალდებულო ვაქცინაციის
საკითხს ადამიანის უფლებების ჭრილში განიხილავს [4] და, ამავე დროს, ამ საკითხის ისტორიული
განვითარების დოკუმენტირებას ახდენს:
აკოსტას თანახმად, ვაქცინაციის თემა ბოლო დროის ერთ-ერთი
ყველაზე აქტიური სადებატო თემაა სხვადასხვა ქვეყანაში. ამ თემაზე არსებობს არაერთი
პასუხგაუცემელი კითხვა, მაგალითად – სავალდებულო ვაქცინაციის პროგრამების აუცილებლობა,
ფარმაცევტული კომპანიების პასუხისმგებლობა და შესაძლო კომერციული ინტერესები და სხვა.
აკოსტას გადმოცემით, ჯანმრთელობის დაცვა პრევენციის
3 დონეს გულისხმობს: პირველადი პრევენცია (ჯანმრთელობის პრობლემის წარმოშობის თავიდან
აცილება), მეორადი პრევენცია (არსებული ჯანმრთელობის პრობლემის მართვა და ზიანის თავიდან
აცილება) და მესამე დონის პრევენცია (ზიანის შემცირება, ცხოვრების ხარისხის ზრდა და
მისი გახანგრძლივება). ვაქცინაცია, რომელიც პირველი დონის პრევენციას მიეკუთვნება,
ისევე როგორც, ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა, შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ პაციენტის
ინფორმირებული თანხმობით, გარდა გადაუდებელი და გამონაკლისი სიტუაციებისა.ინფორმირებული
თანხმობის საკითხს შემდეგი საერთაშორისო აქტები განმარტავს და არეგულირებს:
ნურემბერგის კოდექსი
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1947 წელს, მიიღეს ნურემბერგის
კოდექსი, რომელიც განსაზღვრავდა ადამიანის ნებაყოფლობითი თანხმობის აუცილებლობას და
მნიშვნელობას სამედიცინო ჩარევის განხორციელებისთვის. ამ აქტის მიზანი იყო, ადამიანებზე
სამედიცინო ექსპერიმენტების აკრძალვა თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობის გარეშე.
იუნესკოს უნივერსალური დეკლარაცია ბიოეთიკისა და ადამიანის
უფლებების შესახებ (UNESCO Declaration)
შემდეგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტი, რომელიც ინფორმირებული
თანხმობის საკითხს აწესრიგებდა, შეიქმნა 2005 წელს იუნესკოს (UNESCO )მიერ და ცნობილია
როგორც „უნივერსალური დეკლარაცია ბიოეთიკასა და ადამიანის უფლებების შესახებ“. დეკლარაციის
მე-6 მუხლის თანახმად:
„ნებისმიერი პრევენციული, დიაგნოსტიკური და თერაპიული სამედიცინო ჩარევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ წინასწარი, თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, ადეკვატური ინფორმაციის მიწოდების პირობით“.
2008 წელს „ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტმა“
(IBC) გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში, რომელიც იუნესკოს დეკლარაციის განხორციელების
პირობებს აზუსტებდა. ანგარიშის თანახმად:
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს, აღმოფხვრას ან შეამსუბუქოს მთელი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი პრობლემა, შესაძლოა ჩაერიონ ინდივიდის უფლებაში. ამგვარი ჩარევა, რომელიც გულისხმობს ადამიანის გადაწყვეტილების მიღების და არჩევის უფლების შეზღუდვას, უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული“.
ამგვარი შეზღუდვის, ანუ პიროვნების თავისუფალი განვითარებისა
და არჩევანის უფლებაში ჩარევის მაგალითებია კარანტინის გამოცხადება ან სავალდებულო
იმუნიზაციის დადგენა, ეპიდემიის გავრცელების საფრთხის დროს.
ოვიედოს კონვენცია (Oviedo Convention)
ევროპის საბჭომ 1997 წელს მიიღო სპეციალური კონვენცია
ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ, რომელიც სამედიცინო ჩარევაზე ინფორმირებული
თანხმობის შესახებ განმარტავს:
„ჯანმრთელობის სფეროში ჩარევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, თუ პირმა ამაზე მისცა თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობა. თანხმობის მიცემამდე ამ პირს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია სამედიცინო ჩარევის მიზანსა და ხასიათზე, ისევე როგორც, მოსალოდნელ შედეგზე და რისკებზე. პიროვნებას საკუთარი თანხმობის გაუქმება შეუძლია ნებისმიერ დროს“.
კონვენციის მიზნებისათვის, თანხმობა მხოლოდ მაშინაა
თავისუფალი და ინფორმირებული, თუ იგი გაცემულია სამედიცინო პროფესიონალის მიერ მიწოდებული
ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე. ინფორმაცია უნდა ატყობინებდეს პაციენტს სამედიცინო
ჩარევის შესაძლო შედეგებს, ამ ჩარევის ალტერნატივებს და არ ახორციელებდეს პაციენტის გადაწყვეტილებაზე
რაიმე სახის ზეწოლას.
ინდივიდუალური უფლებების შეზღუდვის პირობები სავალდებულო
ვაქცინაციის შემთხვევაში
როგორც იუნესკოს დეკლარაციის განხილვისას აღინიშნა, ადამიანის უფლებები დასაშვებად მიიჩნევს, გამონაკლის შემთხვევაში, ინფორმირებული თანხმობის გარეშე სამედიცინო ჩარევის განხორციელებას, მაშასადამე, ადამიანის ინდივიდუალური უფლებების შეზღუდვას საზოგადოებრივი ინტერესის ან სხვა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. თუმცა, იმისათვის, რომ ეს შეზღუდვა იყოს გამართლებული და, მოგვიანებით, უკანონო ქმედებად არ შეფასდეს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალი ჩარევის მკაცრ კრიტერიუმებს, ანუ ეგრეთწოდებულ ტესტს აწესებს. ამ ტესტით უნდა შეფასდეს ყველა ამგვარი ჩარევა (ანუ ინდივიდუალური უფლების შეზღუდვა) და თუ ეს უკანასკნელი ვერ დააკმაყოფილებს ტესტის რომელიმე საფეხურს, ჩარევა მიიჩნევა დაუშვებლად. ტესტს ოთხი საფეხური გააჩნია. თითოეული საფეხური ჩარევის ავტორმა, ანუ სახელმწიფომ წარმატებით უნდა გაიაროს, რათა ეს ჩარევა ადამიანის უფლებების დარღვევად არ მიიჩნიოს სასამართლომ. ეს საფეხურებია:
- ჩარევას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი;
- ჩარევა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით;
- ჩარევა უნდა იყოს აუცილებელი;
- ჩარევა უნდა
იყოს პროპორციული.
განვიხილოთ, სავალდებულო იმუნიზაციის შემთხვევაში, რამდენად
დააკმაყოფილებს სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებისათვის ინდივიდუალური
უფლებების შეზღუდვა ამ კრიტერიუმებს.
ლეგიტიმური მიზანი – საზოგადოებაში ინფექციური დაავადებების
გავრცელების თავიდან აცილება, მართლაც წარმოადგენს
ლეგიტიმურ მიზანს. თუმცა, როგორც ლორანს გოსტინი და ჯონათან მანი მიუთითებენ [5] იმისათვის,
რომ მიზანი იყოს ლეგიტიმური, იგი არ უნდა იყოს აბსტრაქტული, ზოგადი, დაუსაბუთებელი.
იგი არ უნდა ეყრდნობოდეს ირაციონალურ შიშებს
და სტერეოტიპებს. მაგალითად, ლეგიტიმურ მიზნად ჩაითვლება კონკრეტული ეპიდემიის
წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება და არა ზოგადი პრევენცია, რომელსაც კონკრეტიკა აკლია.
კანონით გათვალისწინება – ნებისმიერი ჩარევა ინდივიდის
უფლებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ნორმატიული აქტით და შესაბამისობაში უნდა იყოს
ქვეყნის უზენაეს კანონთან ანუ კონსტიტუციასთან.
ჩარევის აუცილებლობა – ტესტის ის საფეხურია, რომელიც
მოითხოვს, რომ ინდივიდის უფლების შეზღუდვა იყოს მკაცრად აუცილებელი. ადამიანის უფლებების
ევროპული სასამართლოს მიხედვით, ამ საფეხურის გავლისას სახელმწიფომ, როგორც მოპასუხემ,
უნდა დაასაბუთოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საჭიროება, ამგვარი ჩარევისა.
ამავე დროს, სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს, რომ ჩარევის უფრო მსუბუქი საშუალებით, მაგალითისთვის,
რომ არ შეეზღუდა ვაქცინაციაზე უარის თქმის უფლება, ვერ იქნებოდა მიზანი მიღწეული.
ჩარევის პროპორციულობა – როგორც ტესტის ბოლო საფეხური,
აფასებს, თუ რამდენად პროპორციული და თანაზომიერია გამოყენებული ჩარევა ანუ უფლების
შეზღუდვა, მისაღწევ მიზანთან კავშირში. როგორც ინტერ-ამერიკული სასამართლო ადგენს,
კანონმდებელმა, ამგვარი ჩარევის დაკანონებისას უნდა შეაფასოს საზოგადოებაში არსებული
რეალური ვითარება, მათ შორის ის, ხომ არ დგას ინიციატივის უკან კერძო ეკონომიკური ინტერესები.
შესაძლო ზიანისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმი
თუ სახელმწიფო გადაწყვეტს სავალდებულო ვაქცინაციის დანერგვას
და ამის შედეგად ადამიანებს მიადგებათ რაიმე სახის ზიანი, სახელმწიფო ვალდებულია, შესთავაზოს
მათ დარღვეული უფლების აღდგენის ეფექტური საშუალება. უფრო მეტიც, თუ ინდივიდის უფლების
შეზღუდვა სავალდებულო ვაქცინაციის გამო მოხდა კანონით გათვალისწინებული პირობების დარღვევით,
მას მიადგება არა მხოლოდ ზიანი, არამედ დაირღვევა მისი სხვა უფლებებიც. მაშასადამე,
სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესია პროცესუალური გარანტიების
არსებობა, რომელიც ადამიანს მისცემს საშუალებას მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის
გზით, ანუ სასამართლოს გზით აღიდგინოს დარღვეული უფლება.
ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში მიმდინარე
საქმე სავალდებული ვაქცინაციის შესახებ
პაველ ვავრიჩკა და სხვები ჩეხეთის წინააღმდეგ გახლავთ
ის მიმდინარე საქმე [6], რომელიც ეხება ჩეხეთში სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას.
ბავშვის ვაქცინაზიაზე უარის თქმის გამო დაკისრებული სანქცია (სკოლაში ჩარიცხვაზე უარის
თქმა) გაასაჩივრა მშობელმა, რომლის გადმოცემითაც, ჩარიცხვის წესი წარმოადგენს ჩარევას
მის პირად ცხოვრებაში, აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლებაში.
ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს
გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია და მისი განხილვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, კანონისა
და მართლმსაჯულების ევროპულმა ცენტრმა საქმეზე წარმოადგინა წერილობითი დასკვნა, რომლის
თანახმადაც: ევროპული ცენტრი ემხრობა იმგვარი
ჯანმრთელობის პოლიტიკასა და პროგრამას, რომელიც არ დაარღვევს ინდივიდუალურ უფლებებსა
და თავისუფლებებს, დავალდებულების და იძულების ნაცვლად კი მოსახლეობას შესთავაზებს
განათლებას და რეკომენდაციებს ვაქცინაციის შესახებ [7].
კანონისა და მართლმსაჯულების ევროპული ცენტრის თანახმად,
ევროპის ქვეყნებში არ არსებობს კონსენსუსი იმაზე, თუ რამდენად უნდა იყოს ვაქცინაცია
სავალდებულო. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში: ავსტრია, კვიპროსი, დანია, ესტონეთი,
ფინეთი, გერმანია, ირლანდია ლიტვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია პორტუგალია,
ესპანეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო – ვაქცინაცია არაა სავალდებულო. თუმცა,
ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებში ვაქცინაცია, სხვადასხვა ვაქცინის ოდენობით, სავალდებულოა.
მაგალითად საფრანგეთმა ახლახანს 11 ვაქცინის სავალდებულოობა დაადგინა.
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც სავარაუდოდ, მალე მიიღებს სასამართლო, დაეხმარება საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების ინიციატივის განხილვისას ზედმიწევნით გაითვალისწინოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლით დადგენილი სტანდარტი და მიიღოს იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება, როგორც საზოგადოებრივ, ისე თითოეული ბავშვის საუკეთესო ინტერესთან. ხოლო ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, საზოგადოება ჩაერთვება საკითხის კვალიფიციურ განხილვაში და საკუთარ დასაბუთებულ პოზიციას დააფიქსირებს.
__________________________________________________________________________________________________
[1] ინტერპრესნიუსი https://www.interpressnews.ge/ka/article/446350-paata-imnaze-mshobels-tu-ar-esmis-rom-misi-shvili-unda-iqos-acrili-sazogadoebam-tavi-unda-daicvas-aseti-mshoblisgan
[2] https://www.unicef.org/immunization
[3]
http://mediachecker.ge/mediacritics/detail/149/
[4] Acosta, J. vaccines, Informed
Consent, Effective Remedy and Integral Reparation: an International Human
Rights perspective, 131, Vniversitas, 19-64 (2015).
[5] Gostin, L & Mann, M. J.
Toward the development of a human rights impact assessment for the formulation
and evaluation of public health policies, in health and Human Rights: A Reader,
54-72. 1999
Pavel Vavricka et autres c.
Republique tcheque #47621/13