შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს აქვთ პატივისცემის, დისკრიმინაციისგან და ძალადობისგან დაცვის უფლება, უფლება ქონდეთ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე და დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები. საკანონმდებლო დონეზე აღიარების მიუხედავად, პრაქტიკაში შშმ ქალები ხშირად ვერ სარგებლობენ აღნიშნული უფლებებით და კანონის წინაშე თანასწორობის იდეა მხოლოდ ჩანაწერად რჩება.

არსებული მტკიცებულებების თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები სხვა ქალებთან შედარებით მომეტებულად განიცდიან სხვადასხვა სახის ძალადობას, მათ შორის, სექსუალურ ძალადობას. ამასთან, ძალადობას აქვს უფრო განგრძობადი და დაფარული ხასიათი.

შშმ ქალები განიცდიან სხვადასხვა სახის ძალადობას, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: ფიზიკური  და ფსიქოლოგიური ძალადობა, ინსტიტუციონალიზება ან მისი მუქარა, შვილების და ოჯახის წევრების დაკარგვის მუქარა, უგულვებელყოფა, ინფორმაციის და მომსახურებების მისაწვდომობის ნაკლებობა, შშმ ქალის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მისი თანხმობის გარეშე, ამათ შორის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში. ქალის ფინანსების კონტროლი მისი თანხმობის გარეშე.  სოციალური იზოლირება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ხშირ შემთხვევაში, სათანადოდ არ რეაგირებენ  სამართალდამცავი ორგანოები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ძალადობის განმეორების რისკებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს არა აქვთ წვდომა იურიდიულ სერვისებზე. ასევე, ისინი აწყდებიან სხვადასხვა სახის ბარიერებს, როგორც საზოგადოების მხრიდან, ისე სახელმწიფო სერვისებზე წვდომის კუთხით. მაგალითად, თავს არიდებენ პოლიციისთვის მიმართვისგან, რადგან წარსულში ჰქონდათ უარყოფითი გამოცდილება, როდესაც სამართალდამცავმა უწყებამ ვერ აღმოუჩინა ეფექტური მხარდაჭერა ძალადობის ფაქტის გამოძიების პროცესში. შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე ქალები ვერ აცხადებენ მათ მიმართ ჩადენილი სამართალდარღვევებს შესახებ, რადგან ძალადობის შესახებ გამოძიების დაწყება და მოძალადის დასჯა პირდაპირ კავშირშია მათი საჭიროებების დაკმაყოფილებასთან  და სხვა სოციალური პირობების გართულებასთან.

ძალადობის გამომწვევი მიზეზები:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ ძალადობას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის:

სოციალური მითები - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს ხშირად აღიქვამენ როგორც პასიურ, უმწეო და სექსუალობის არმქონე პიროვნებასეს ცრურწმენები ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების რეალიზებას ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. ასევე, არსებობს მცდარი შეხედულებები, რომ ძალადობა, განსაკუთრებით სექსუალური ხასიათის, შშმ ქალებთან მიმართებაში ნაკლებად სავარაუდოა.

ნასწავლი უმწეობა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, განსაკუთრებით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემისა და ინტელექტუალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ქალებს წართმეული აქვთ დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა. ისინი სხვადასხვა მიზეზის გამო, ისევ რჩებიან სოციალურ იზოლაციაში, რაც მატებს მათ მიმართ ძალადობის განხორციელების რისკებს.

სექსუალური განათლების არარსებობა - საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს არ ჭირდებათ განათლება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში.  სექსუალურ განათლების არქონის გამო, მათ ერიდებათ ღიად დასვან შეკითხვები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითებზე. ზოგიერთი ორმოც წელს გადაცილებული ქალი ერთხელაც არ ყოფილა გინეკოლოგთან. შშმ ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მისაწვდომობის ნაკლებობა იწვევს აღნიშნული უფლების მთელი რიგი კომპონენტების დარღვევას.  ინფორმაციის არქონის შემთხვევაში   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალმა შეიძლება ზუსტად ვერ განსაზღვროს, რა ქმედება ხორციელდება მის მიმართ, კონკრეტულად რა უფლების დარღვევას აქვს ადგილი, რა მავნე შედეგი შეიძლება მოიტანას აღნიშნულმა ძალადობამ და როგორ დაიცვას საკუთარი თავი.

დამოკიდებულება - რამდენადაც სახელმწიფოს არ აქვს ეფექტური მექანიზმი შშმ ქალთა გაძლიერების და დამოუკიდებლობის ხელშეწყობისათვის, ისინი ხშირ შემთხვევაში  დამოკიდებული არიან მოძალადეზე როგორც ფიზიკურად, ასევე მატერიალურად. ამის გამო მსხვერპლი იძულებულია არ განაცხადოს ძალადობის შესახებ, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს მისი ფსიქოსოციალური მდგომარეობის დამძიმებადა დ მისმა მოძალადეზე დამოკიდებულმა მდგომარეობამ  ჩააყენოს ძალადობის უფრო მომეტებული საფრთხის ქვეშ. ზოგჯერ მოძალადე მიიჩნევს, რომ რადგან ის ახორციელებს ზრუნვას მსხვერპლზე, მასვე აქვს უფლება განახორციელოს კონტროლი შშმ ქალზე, რადგან  „უკეთ იცის, რა  არის მისთვის საჭირო“.

დაუსჯელობა - შშმ ქალთა საჭიროებებისა და სათანადო კომუნიკაციის უნარების არმცოდნე პოლიციელმა შესაძლოა არასწორად შეაფასოს მომხდარი, დაუჯეროს მას, ვისაც უკეთ შეუძლია აზრის გადმოცემა, გაუჭირდეს იმის გაგება, რომ მოძალადiს თანდასწრებით მსხვერპლმა შეიძლება ვერ ისაუბროს მომხდარზე და შშმ ქალს ესაჭიროებოდეს განცალკევებით გასაუბრება სათანადო უნარების და  მგრძნობელობის მქონე თანამშრომელის დახმარება.  სათანადო ცოდნის და უნარების არმქონე პოლიციელმა შეიძლება არასწორად შეაფასოსო ფაქტები. მაგალითად, ქალის ქცევა შეიძლება განისაზღვროს, როგორც შფოთვა, ვიდრე ძალადობის ნიშნები. ასეთი შემთხვევები ახალისებს მოძალადის დანაშაულებრივ ქცევას, რადგან მოძალადე ხედავს, რომ მის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებას არ მოყვება სათანადო რეაგირება. ის ფიქრობს, რომ შშმ ქალი საკუთარი სტატუსის  გამო მაინცდამიანც სანდო მოწმედ ვერ გამოდგება და დაუსჯელობის განცდა აძლევს სრულ თავისუფლებას, ისე მოექცეს შშმ ქალს როგორც თავად მოესურვება.

რატომ ირჩევენ დუმილს ძალადობის მსხვერპლი შშმ ქალები?

ეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები, როგორც წესი, არ აცხადებენ ძალადობის შესახებ.   სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, მათ შორის შეიძლება გამოიყოს:

ეკონომიკური დამოუკიდებლობის არარსებობა - ოჯახის წევრზე ფიზიკური და ფინანსური დამოკიდებულების გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები განსაკუთრებით დაუცველები ზოგიერთი სახის დანაშაულის მიმართ. დამნაშავის დასჯის შემთხვევაშიც, შშმ ქალები შეიძლება აღმოჩდნენ ახალი პრობლემების წინაშე, რომლებსაც დამოუკიდებლად ვერ გაართმევენ თავს.

 

რწმენა, რომ იგი რატომღაც იმსახურებს ძალადობას - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები განიცდიან უხერხულობას, რომ ისინი არიან ტვირთი ოჯახისთვის და მათ გამო ოჯახის წევრები შეიძლება ზოგჯერ გამოვიდნენ მდგომაროებიდან. საკუთარი თავის დადანაშაულების გამო არ საუბრობენ საჯაროდ ძალადობის შესახებ და ამბობენ, რომ მოძალადეები ზოგჯერ თუ ცუდად ექცევიან, სამაგიეროს ზრუნავენ მათზე:

„პოლიციაში წასვლა არასწორია, რადგან ეს იქნება დაბეზღება და არის ცუდი საქციელი. კი მცემდა ხოლმე ჩემი ქმარი, მაგრამ ვპატიობდი, პოლიციისთვის რომ მეთქვა დაიჭერდნენ ჩემს გამო.“ -  ინტელექტუალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი

რწმენა, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ განიხილავს ძალადობას, ისევე როგორც სხვა ქალების მიმართ - შეზღუდვების მქონე ქალებს უმეტესად არ შეუძლიათ დამოუკიდებლად პოლიციის ორგანოში ძალადობის შესახებ განაცხადის გაკეთება და ჩვენების მიცემა. გარდა ფიზიკური დაბრკოლებებისა, შშმ ქალს აქვს საფუძვლიანი შიში, რომ არ დაუჯერებენ. მოძალადე მასზე უკეთ დაიცავს და წარმოადგენს საკუთარ ინტერესს, პოლიციაში მტკიცებულებათა ნაკლებობაზე მიუთითებენ და თავაზიანად დაემშვიდობებიან, რაც გამოიწვევს პოლიციის მიმართ ნდობის დაკარგვას და ძალადობრივ გარემოში დარჩენის იძულებას.

არაერთი ძალადობა გამოვლილი შშმ ქალი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ არიან სენსიტიური მათი საჭიროებების და მოწყვლადობის მიმართ, ასევე, შშმ ქალები აღნიშნავენ, რომ მათ ნაამბობს სამართალდამცავი ორგანოები ხშირად ეჭვის თვალით უყურებენ.

„თუ პოლიციელებმა იციან, რომ შეზღუდული შესაძლებლობები გაქვს, გრძნობ, რომ ისინი უბრალოდ აღარ აღიქვამენ შენს პრობლემას სათანადოდ. ეჭვის თვალით გიყურებენ და ფიქრობენ, რომ მოგეჩვენა რასაც ამბობ. შეზღუდული შესაძლებლობები ჩემს წინააღმდეგ მოქმედებს“ - ინტელექტუალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი.

 

" ჩემი საქმე გაგრძელდა დაახლოებით ერთი წელი. პოლიციაში რამდენჯერმე დამკითხეს, ყველა მე  მიყურებდა, ყველას ჩემი ამბავი აინტერესებდა. ძალიან მრცხვენოდა. სასამართლოში დაკითხვის დროსაც ჯოჯოხეთი გავიარე. საკუთარ თავს ვეკითხები ღირდა ეს ყველაფერი ჩემი ტანჯვის ფასად“?- სენსორული ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი.

 

„პოლიცია ჩემმა ოჯახის წევრებმა გამოიძახეს. მე არავინ მისმენდა, ამაზე გავბრაზდი და ვჩხუბობდი. ყველა მე მადანაშაულებდა. ძალით წამიყვანეს ფსიქიატრიულში. ვეუბნებოდი, რომ მე მოძალადე კი არა მსხვერპლი ვიყავი, მაგრამ არ მიჯერებდნენ. პოლიციასთან ურთიერთობას ვერ ვიტან. რომც დამჭირდეს მაინც არ გამოვიძახებ. არ შემოვუშვებ მაგათ სახლში, რადგან ისევ მე დამადანაშაულებენ ყველაფერში“ - ინტელექტუალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი.

 

შიში, რომ ვერავინ შეძლებს მის დახმარებას - არასათანადო მხარდაჭერა, უარყოფითი დამოკიდებულებები, საჭირო სერვისების ნაკლებობა, მცდარი სტერეოტიპული განწყობა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვერ ახერხებენ ფაქტების სწორად შეფასებას და ჩვენების მიცემას, უკარგავს მათ მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის და მისი საქმის სამართლიანად განხილვის უფლებას. ასევე შშმ ქალებს  აქვთ საზოგადოების და გარშემომყოფთა გაკიცხვის შიში.

 „ჩემს მეზობელს ქმარი სცემდა და პოლიციაში დარეკა, დაიჭირეს ის კაცი, მაგრამ მთელი სოფელი ამ ქალზე ლაპარაკობდა როგორი ქალია ქმარი დააჭერინაო. მეც რომ დავრეკო პოლიციაში ჩემზეც ხომ მაგას იტყვიან“ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი)

საცხოვრებლის დაკარგვის ან შვილების წართმევის შიში - რამდენადაც შშმ ქალები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ეფექტურად განახორციელონ საკუთარი უფლებების და თავისუფლებების დაცვა,  ძალადობის გაცხადების შემთხვევაში,  მათ უწევთ გაუმკლავდნენ სხვადასხვა სახის გამოწვევებს. მაგალითად, ინსტიტუციაში მოთავსების და შვილებთან დაშორების შიში. ეს აიძულებთ მათ ძალადობის დროს აირჩიონ დუმილი.

„ჩემი ქმარი და დედამთილი ცუდად მექცეოდა, მაგრამ პოლიციაში ვერ ვაცხადებდი, რადგან მითხრეს, რომ პოლიციაში თუ მივიდოდი ისინი იტყოდნენ ჩემი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნის შესახებ და მე არავინ დამიჯერებდა. თან ბავშვების წართმევითაც მემუქრებოდნენ. მირჩევნია ავიტანო ეს შეურაცხყოფა, ოღონდ ჩემს შვილებთან ვიყვე“ - ინტელექტუალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი.

სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე ინფორმაციის მისაწვდომობის პრობლემა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზოგიერთ ქალს, არ აქვთ საკუთარ სხეულზე და სექსუალობაზე ავტონომია.  არ იციან რომ მათ აქვთ არჩევანის თავისუფლება სექსუალურ ურთიერთობაზე. აღნიშნული გამოწვეულია საკუთარი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებზე ინფორმაციის სიმცირით.

”ტაქსის მძღოლი შემეხო და მოფერება დამიწყო. მე არ ვიცოდი შეეძლო  თუ არა უარი მეთქვა. ის ჩემზე ბევრად უფროსი იყო.” - ინტელექტუალური  ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი.

სტიგმა რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები დამახინჯებულად აღიქვამენ ფაქტებს - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ნაამბობს გამოძიების პროცესში ხშირად არ ეძლევა სათანადო შეფასება, რადგან აღიქმება, რომ მათ არ შეუძლიათ ფაქტების სწორად აღქმა.   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს  ჩვენების მიცემისას შესაძლოა შეექმნას დაბრკოლებები, როდესაც მათ არ შეუძლიათ ეფექტური კომუნიკაცია. ასეთ შემთხვევაში სათანადო მომსახურებს და სერვისების შეთავაზების ნაკლებობა  იწვევს მათი უფლებების დარღვევას.

,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსხვერპლმა, განაცხადა რომ მის მიერ პოლიციაში წარმოდგენილ მტკიცებულებებს არავინ არ მიაქცია ყურადღება და უთხრეს რომ არ იყო საკმარისი და საქმეც უპერსპექტივო იყო, რა დროსაც განიცადა ძალიან დიდი იმედგაცრუება. პოლიციის ასეთმა დამოკიდებულებამ დაზარალებულს გაუჩინა საკუთარი თავის დადანაშაულების და დაუცველობის განცდა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც პოლიციას პირდაპირ უთქვამს, რომ მის მიმართ განხორციელებული ძალადობა მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო.“ (სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი)

პოლიციის თანამშრომლების არა სენსიტიური დამოკიდებულება

პოლიციის  თანამშრომლების მხრიდან არასენსიტიურ დამოკიდებულებაზე არაერთი  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი უთითებს. იმის ნაცვლად, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული სამართლებრივი დახმარება და სერვისები, პოლიციის თანამშრომლები მათ მონათხრობს აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. შშმ ქალთა გამოკითხვა მიმდინარეობს დამთრგუნველ და სტრესულ გარემოში.

”მე ნამდვილად მკაცრი ვარ, როდესაც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ვესაუბრები. პირს, რომელიც აცხადებს დანაშაულის შესახებ, უნდა შეეძლოს ზუსტად და მკაფიოდ უპასუხოს შეკითხვებს, რადგან თუ ისინი ვერ გაუძლებენ პოლიციაში გამოკითხვას, სასამართლოშიც იგივეს იზამს.“ - პოლიციის თანამშრომელი.

არსებული რეალობა ადასტურებს, რომ აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთათვის საკუთარი უფლებების ცოდნა და გაძლიერება. სხვადასხვა სახის ბარიერებთან ერთად, სამართლებრივი ცნობიერების დაბალი დონე, იწვევს შშმ ქალის საკუთარი თავის დადანაშაულებას მომხდარზე. ასევე, მცდარი შეხედულება ძალადობის გაცხადებაზე, აიძულებთ მათ შეეგუონ ჩაგვრას და ძალადობას.

 

რეკომენდაციები:

არსებული გამოწვევების გათვალისწინებით,  სახელმწიფომ უნდა  შეიმუშაოს შშმ პირთა უფლებებზე და საჭიროებზე მორგებული სერვისები.

გათვალიწინებული უნდა იქნას შშმ ქალთა ძალადობის განმეორების რისკი;

 მათი მრავალმხრივი დისკრიმინაცია და მოწყვლადობა;

ფიზიკური, მორალური, ეკონომიკური უთანასწორობა მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს;

 მოძალადეზე დამოკიდებულება;

უახლოესი გარემოცვის და მხარდამჭერი პირების სიმცირე;

გამოვლენილი და აღმოფხვრილი უნდა იქნეს შშმ ქალთა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ხარვეზები, მათ შორის ფიზიკური და სოციალური ბარიერები.

აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალური სტატისტიკის წარმოება.

უნდა მოხდეს იმ პირების გადამზადება და ცნობიერების ამაღლება და  რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ შშმ პირთა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთათვის საკუთარ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. 

იმის გათვალისწინება, რომ სისხლის სამართლის სისტემაში ეფექტური მონაწილეობისთვის, არა იქნება საკმარისი კანონის წინაშე თანაბარი მოპყრობა. მნიშვნელოვანია შშმ ქალთა გაძლიერება, მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, ძალადობის პრევენცია, სამედიცინო და ფსიქო-სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფა.

 

ბლოგის ავტორი: ორგანიზაციის იურისტი თამარ გაბოძე

*ფოტო აღებულია შემთხვევითობის პრინციპით ინტერნეტიდან. 


პროექტი ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.