საქართველოში ამ დრომდე არ არსებობდა ერთიანი, ყოვლისმომცველი სამართლებრივი დოკუმენტი ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ.

ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო ბავშვზე ზრუნვის და კეთილდღეობის სფეროში ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვის ჩამოყალიბება. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვთა უფლებათა კოდექსის მიღება, რომელიც ამ მიზნით შეიქმნა. ეს არის დოკუმენტი, რომელმაც ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების სახელმძღვანელო პრინციპები და კომპლექსური მექანიზმი უნდა შექმნას.

ამ ბლოგში მსურს ვისაუბროთ ბავშვთა კოდექსის იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომლებიც ამ დრომდე კანონმდებლობაში გათვალისიწინებული არ ყოფილა, ასევე იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ბავშვის უფლებებზე მომუშავე ადვოკატებს გვაქვს, კერძოდ:

  • ბავშვის უფლებაზე სასამართლოს მიმართოს დამოუკიდებლად, ასაკობრივი ზღვრის გარეშე;
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვისას ადვოკატთა სავალდებულო სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებების სფეროში.

ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღებამდე, 14 წლამდე ბავშვები, რომელთაც სასამართლოსთვის დამოუკიდებლად მიმართვის უფლება არ ჰქონდათ კანონით მინიჭებული, რჩებოდნენ  მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლების გარეშე. ასეთ შემთხვევებს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მშობელი თუ ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენელი გულგრილად ეკიდება ბავშვის ინტერესის დაცვას ან სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვის უფლებების დარღვევა სწორედ სახელმწიფოსგან მომდინარეობს. ამ დროს ბავშვებს არ ჰქონდათ რაიმე ბერკეტი, თავიანთი უფლებების დასაცავად ებრძოლათ, სანამ ისინი 14 წლის ასაკს მიაღწევდნენ. მათი, როგორც ბავშვების უფლებები, ხშირად, არათუ დაუცველი რჩებოდა, არამედ მათი სავარაუდო დარღვევის შემოწმების შესაძლებლობაც არ არსებობდა. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში, ბავშვები სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის გარეშე რჩებოდნენ.

შემიძლია გავიხსენო არაერთი შემთხვევა, თუმცა ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელ საქმეს მოგითხრობთ: რამდენიმე წლის წინ ორგანიზაციას  მოგვმართა სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფმა 12 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონამ  – წერილი გამოგვიგზავნა, ხელით დაწერილი პატარა ფურცელზე და გვთხოვავყოფილიყავით მისი ადვოკატები“.

ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა მინდობით აღზრდაში, თუმცა  მისი ნების საწინაღმდეგოდ, გოგონას სურვილებისა და აზრის გათვალისწინების გარეშე, სოციალური მომსახურების სააგენტომ დაიწყო მისი გაშვილების საქმე. საქმის ყველა ეტაპზე არასრულწლოვანი წინააღმდეგი იყო იმ სახლიდან წასულიყო სადაც ფაქტობრივად მთელი ბავშვობა გაატარა.

აღნიშნულის საფუძველზე მივმართეთ მეურვეობა მზრუნველობის ორგანოს და ვთხოვეთ მის საპროცესო წარმომადგენლად დანიშვნა, რაზეც მივიღეთ კატეგორიული უარი და ამასთან აგვეკრძალა ბავშვთან ყოველგვარი კომუნიკაცია.

კომუნიკაციის აკრძალვის და წარმომადგენლობაზე უარის თქმის გამო მივმართეთ სასამართლოს, ეს მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თუმცა გასაჩივრების და გაჭიანურებული სამართალწარმოების პროცესის პარალელურად დასრულდა მისი გაშვილების საქმე და საბოოლოდ იგი გაშვილდა. საინტერესო ამ საქმეში ისაა, რომ ერთ წელზე მეტია საქმე იხილება უზენაეს სასამართლოში, თუმცა ის შედეგი, რისთვისაც ვიბრძოდით სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ იქნა მიღწეული.

აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანია იმ მიზეზით, რომ ეს შემთხვევა, სასამართლოსთვის მიმართვის, სამართლებრივი რჩევის მიღებისა და იურისტებთან კომუნიკაციის შეზღუდვისა, არ არის ერთეული შემთხვევა, იგი წარმოადგენდა სისტემური დარღვევის კონკრეტულ მაგალითს. ყველა მშობლების ზრუნვას მოკლებული და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვი დღეს-დღეობით დგას ანალოგიური პრობლემის წინაშე. როდესაც მათი უფლებები ირღვევა სწორედ იმ სახელმწიფო უწყების მიერ, რომელიც მათი კანონიერ წარმომადგენლის სტატუსით მოქმედებს, ამ ბავშვებს ფაქტიურად შეზღუდული ქონდათ საკუთარი უფლების დაცვის ყველანაირი მექანიზმი.

ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღების შემდეგ ეს პრობლემა მოწესრიგდა და ბავშვს უფლება აქვს, საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს[1]. მაგრამ, მიუხედავად ბავშვის უფლებათა კოდექსში ამ უმნიშვნელოვანესი პრინციპის გათვალისწინებისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ შეიცავს შესაბამის პროცესუალურ გარანტიებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ბავშვის პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფა და მისი მოსმენა.

მაგალითად:

  • სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ადგენს არასრულწლოვანი მოსარჩელისთვის სასამართლო განსჯადობის საკითხებს.
  • მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი გათავისუფლებულია საპროცესო ხარჯების გადახდისაგან, პროცესში დამარცხებულ მხარეს ეკისრება საპროცესო ხარჯების ანაზღაურება. ეს დათქმა გავრცელდება ბავშვის მიერ აღძრულ საკითხთან დაკავშირებით, რაც გაუმართლებელია და ბავშვს არ უნდა ეკისრებოდეს მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. ეს შეიძლება ერთგვარად ბავშვისთვის დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს სარჩელის აღძვრის დროს.
  • გაურკვეველია ბავშვი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე სასამართლოსთვის მიმართვის დროს ადვოკატისთვის მინდობილობის სანოტარო წესით გაფორმების საკითხი. არასრულწლოვნის მიერ სანოტარო მოქმედებაში მონაწილეობას კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე კი არ უშვებს სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის 25- მუხლი. [2]ამიტომ აღნიშნულ ბრძანებაშიც აუცილებელია ცვლილება.
  • მიუხედავად ბავშვის უფლებათა კოდექსში ბავშვის მოსმენის პრინციპის გათვალისწინებისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ შეიცავს შესაბამის პროცესუალურ გარანტიებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ბავშვის პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფა და მისი მოსმენა. სამოქალაქო პროცესში ბავშვი შესაძლებელია მონაწილეობდეს როგორც მოსარჩელის სტატუსით, ისე მშობლების დავაში საჭირო იყოს მისი აზრის გათვალისწინება და მოწვეული იყოს მისი მოსაზრებების მოსასმენად.
  • დღეს მოქმედი რეგულაციები არ ითვალისწინებენ სასამართლო ფორმებს, რომლებიც ბავშვზე იქნება მორგებული, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186- მუხლი არ ადგენს, რომ სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვის ფორმალური მხარის დაუცველობა არ უნდა გახდეს ბავშვის მიერ შეტანილი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

შესაბამისად, საჭიროა რეგულირება მთელი რიგი საკითხების, თუ როგორ ხდება ბავშვის პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფა პროცესში მისი სტატუსის თავისებურებათა გათვალისწინებით.

გარდა აღნიშნული ცვლილებისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოების დროს ადვოკატთა სავალდებულო სპეციალიზაციას. კერძოდ: ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოების პროცესში ჩართული ყველა პირი უნდა იყოს სპეციალიზებული კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად.[3]

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის პრინციპს. მითითებული ნორმის, სპეციალიზაციის სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო მოსამართლის შემთხვევაშისაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.[4]

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილებიდან გამომდინარე, გვაქვს შეხება ბავშვთა უფლებების დარღვევის სხვადასხვა შემთხვევებთან როგორც ოჯახში, ისე სკოლასა და სხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში. მნიშნველოვანია ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით სპეციალიზაცია ეხებოდეს არა მხოლოდ სისხლის სამართლის მიმართულებით მომუშავე პირებს, არამედ სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებითაც. აღნიშნულის ვალდებულებას ბავშვის უფლებათა კოდექსი იძლევა.

სპეციალიზაციის საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების დროს (ეს ვალდებულება ძალაში შედის 2020 წლის 1 სექტემბრიდან) უნდა განისაზღვროს სპეციალიზაციის ის სტანდარტი, რომელიც უფლებას მოგვცემს ადვოკატმა და ბავშვმა დამოუკიდებლად ვაწარმოოთ სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული საქმეები. აღსანიშნავია, რომსაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კანონის პროექტით კვლავ არ არის გადაწყვეტილი ისეთი პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ბავშვის საპროცესო წარმომადგენლობა იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ბავშვსა და მის წარმომადგენელს შორის.

საბოლოოდ კი მსურს გითხრათ, რომ ქვეყანას აქვს ახლი კოდექსი, რომელიც ბავშვთა დაცვისთვის აუცილებელ ყველა საკვანძო კომპონენტს აერთიანებს, მათ შორის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტურ შესაძლებლობას, ახლა მნიშვნელოვანია მისი სრული აღსრულება უზრუნველვყოთ, მაგრამ მისი აღსრულება პრაქტიკაში და ბავშვების უფლებების რეალური, ხელშესახები დაცვა დამოკიდებულია სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებსა და სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების რეალურ ამოქმედებაზე.

დამატებით ასევე მნიშნველოვანია აღინიშნოს, რომ ბლოგში განხილული ორივე საკანონმდებლო ცვლილება ბავშვის უფლებათა კოდექსის გარდამავალი დებულებების მიხედვით ძალაში შედის 2020 წლის პირველი სექტემბრიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი სექტემბრიდან ბავშვებს უფლება ექნებათ მიმართონ დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს და ყავდეთ ადვოკატები. ასევე ამ პერიოდიდან ძალაში შედის სავალდებულო სპეციალიზაციაც.

ბლოგის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ისაშშის მთავრობის ან აღმოსავლეთ– დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.



 

[1] ბავშვის უფლებათა კოდექსი, 20.09.2019, მე-13, 73- მუხლი https://matsne.gov.ge/ka/document/view/4613854?publication=1

[2] „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებინსტრუქციის  დამტკიცების თაობაზესაქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის 25- მუხლი.

[3] ბავშვის უფლებათა კოდექსი, 20.09.2019, 73- მუხლი

[4] ბავშვის უფლებათა კოდექსი, 20.09.2019, მე-51 მუხლი https://matsne.gov.ge/ka/document/view/4613854?publication=1