2021 წლის
26 იანვარს გაეროს წევრმა ქვეყნებმა საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა
შეაფასეს და კონკრეტული რეკომენდაციები გასცეს ქვეყანაში ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირების უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად.
სულ ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესების მიზნით
საქართველომ UPR-ის მესამე ციკლის ფარგლებში 81 რეკომენდაცია მიიღო [1].
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ
დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს წევრ
სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, გაეროს ყველა წევრ
სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილება ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ. საქართველოს შემთხვევაში 2021 წელს მესამე მოსმენა
გაიმართა.
საკმარისია, თვალი გადაავლო იმ რეკომენდაციების ჩამონათვალს, რომელიც
ჩვენმა ქვეყანამ მიიღო, რომ ნათელი წარმოდგენა შეგექმნას, რა უმძიმეს მდგომარეობაში
უწევთ დღეს საქართველოში ბავშვებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ცხოვრება.
ფაქტობრივად, არ არის სფერო, რომელიც მნიშვნელოვანი და სისტემური რეფორმების გატარებას
არ საჭიროებს. ყველაზე მძიმე ჩემთვის, როგორც ამ სფეროში დიდი ხნის განმავლობაში მომუშავე
ადამიანისათვის, არის ის რომ წლები გადის და ჩვენ კვლავ ერთი და იმავე პრობლემაზე გვიწევს
საუბარი როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
უამრავი პრობლემა გაჟღერდა გაეროს წევრი სახელმწიფოების გამოსვლებში,
მათ შორის, ბავშვთა სიღარიბის დაძლევა და ოჯახების გაძლიერება, ბავშვის მიმართ ძალადობის
ყველა ფორმის აღმოფხვრა ოჯახში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის სექსუალური
ძალადობა და ტრეფიკინგი, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების წინაშე არსებული პრობლემები,
ბავშვთა ადრეული ქორწინება, განათლების მისაწვდომობის გაზრდა, შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ბავშვების წვდომა ხარისხიან განათლებასა და ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე,
სოციალური პროგრამების განვითარება, შშმ პირთა დისკრიმინაციის აღმოფხვრა ცხოვრების
ყველა სფეროში, შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის ეფექტური იმპლემენტაცია, კონვენციის
დამატებითი ოქმის რატიფიცირება და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა. ეს კი მხოლოდ რეკომენდაციების
მცირე ჩამონათვალია.
თუმცა, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები
გამორჩეული აღმოჩნდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების უფლებების
დაცვის მიზნით, რადგან გაცემულ რეკომენდაციებში უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა შშმ
ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების დაცვის საკითხმა.
აღნიშნულ თემაზე გაცემული რეკომენდაციები კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ის საქართველოში
მცხოვრები შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის მიმართულებით წლებია ერთ-ერთ
მთავარი პრობლემად რჩება და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის მიუხედავად შშმ ქალებისა
და გოგოების დამოუკიდებელ ცხოვრებაში, მას არასოდეს ექცევა სათანადო ყურადღება როგორც
სახელმწიფოს დონეზე, ისე თემში.
ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული რეკომენდაციები,
რადგან ორგანიზაციამ, სადაც მე ვმუშაობ, მის მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უნივერსალური
პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში მომზადებულ ორ კოალიციური ალტერნატიული ანგარიშში [2], შშმ
ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვის საკითხს
ერთ-ერთი წამყვანი ადგილი მიაკუთვნა.
უფრო ზუსტად, რა თქვა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ შშმ ქალებისა და გოგოების რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის უფლების დაცვის შესახებ და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით?
საქართველოს სახელმწიფომ შშმ ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული უფლების დაცვის მიზნით სამი ძირითადი მიმართულებით უნდა იმუშაოს შემდეგი 4-5 წლის განმავლობაში. მისი მიზანი უნდა იყოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მისაწვდომობის უზრუნველყოფა, კონტრაცეპტივების სხვადასხვა მეთოდებზე ცოდნის გაზრდა და მისი მისაწვდომობა და შშმ ქალებისა და გოგოების ცოდნის გაზრდა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. უფრო კონკრეტულად:
1. უზრუნველყოფილი უნდა იყოს უნივერსალური წვდომა ხარისხიან სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და შესაბამის სერვისებზე;
2. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მისაწვდომობის გაზრდა უნდა მოიცავდეს უფასო წვდომას კონტრაცეპტივების სხვადასხვა მეთოდებზე;
3. უნდა შემუშავდეს და დაინერგოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ ყოვლისმომცველი საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა და მისი ეფექტური შესრულების გეგმა.
იმისთვის, რომ საქართველომ შეასრულოს გაეროს წევრი სახელმწიფოების
მიერ გაცემული რეკომენდაციები შშმ ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული
ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიმართულებით, აუცილებელია დღესვე დაამყაროს აქტიური კომუნიკაცია
შშმ ქალებთან და გოგოებთან/მათ მშობლებთან. ასევე, დაიწყოს რეკომენდაციების პრაქტიკაში
აღსრულება და 4 წლის შემდეგ შშმ პირთა უფლებების დაცვის თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს
მოგვცეს საშუალება, რომ შშმ ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის
უფლება აღარ გამოვყოთ, როგორც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა შშმ პირთა უფლებების დაცვის
მიმართულებით.
[1] ბავშვთა
უფლებების დაცვის მიზნით გაცემული რეკომენდაციები: 148.49, 148.56, 148.100,
148.110, 148.158, 148.159, 148.173, 148.174, 148.176, 148.177, 148.178,
148.179, 148.181, 148.182 , 148.184, 148.185, 148.197,
148.205, 148.206, 148.217, 148.218,
148.222, 148.224, 148.225, 148.226,
148.227, 148.228, 148.229, 148.230, 148.231, 148.232, 148.233, 148.234,
148.235, 148.236, 148.237, 148.238, 149.7,
149.15, 149.17;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების
დაცვის მიზნით გაცემული რეკომენდაციები: 148.44, 148.183, 148.226, 148.239,
148.247, 148.251;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
დაცვის მიზნით გაცემული რეკომენდაციები: 148.10, 148.11, 148.43, 148.45, 148.49,
148.52, 148.54, 148.70, 148.78, 148.82, 148.100, 148.240, 148.241, 148.242,
148.243, 148.244, 148.245, 148.246, 148.248, 148.249, 148.250, 148.252, 149.18;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
დაცვის მიზნით გაცემული რეკომენდაციები: 148.44, 148.172, 148.173, 148.175,
148.177, 148.178, 148.179;
ბავშვებისა და შშმ პირების სოციალური უფლებების
დაცვის მიზნით გაცემული რეკომენდაციები: 148.53, 148.96, 148.157, 148.163,
148.171
[2] PHR-ის, EMC-ისა და GYLA-ს ერთობლივი კოალიციური ანგარიში
სოციალური უფლებების შესახებ
https://emc.org.ge/uploads/products/pdf/UPR-Report_1594630575.pdf
კოალიცია თანასწორობისათვის მიერ მომზადებული
ანგარიში
http://equalitycoalition.ge/files/shares/CSO-Report_UPR37_Georgia_UPR.pdf
პროექტი ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.