ქორწინება, როგორც წესი, ბედნიერებასთან ასოცირდება, მაგრამ არა ყოველთვის. გასაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვი  (ძირთადად გოგონები) „ქორწინდებიან“. ქოწინება ბრჭყალებში, რადგან – არა! ქორწინება არ არის სწორი ტერმინი და ბავშვებთან მიმართებით არც უნდა ვიყენებდეთ. ბავშვი არ ქორწინდება, ბავშვზე ძალადობენ და ამ დროს ის ბედნიერი არ არის.

რა ხდება მაშინ, როცა ბავშვს ქორწინების წესებით თამაშს აწყებინებენ?  ყველა ივიწყებს, რომ ის ბავშვია  და ნაცვლად იმისა, რომ თანატოლებთან ერთად სკოლაში იაროს, მას მძიმე ტვირთად აწვება საოჯახო საქმე, იძულებულია, უარი თქვას განათლებაზე, გართობაზე, იზრდება მათ მიმართ ოჯახში ძალადობის რისკი და რჩებიან სრულიად დაუცველები.

უფრო მძიმეა იმ გოგონების მდგომარეობა, ვინც ბავშვობაშივე მშობლებად იქცევიან, ისე რომ არც ფსიქოლოგიურად  და არც ფიზიკურად მზად არ არიან დედობისთვის. არ იციან ბავშვი ხელში როგორ აიყვანონ, როგორ აბანაონ, როგორ გამოკვებონ, როგორ იზრუნონ მასზე. უცებ სათამაშო თოჯინის ნაცვლად, ხელში ბავშვი შერჩებათ, რეალური ბავშვი, რომელიც მართლა სუნთქვას, მართლა ჭამს, მართლა ტირის და იცინის… რეალური ბავშვი, ვისზე პასუხისმგებლობაც არც მეტი, არც ნაკლები, თავად ბავშვ-დედას ეკისრება და ჩნდება კითხვა – სად არის ამ დროსსახელმწიფო ან საზოგადოება?! როგორც უმრავლეს შემთხვევაში, მათი არჩევანი დუმილია.

დუმილი ირღვევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ალალბედზე მიტოვებულ ბავშვებში აქამდე დაგროვებული ტრავმები ამოიფრქვევა საზოგადოებისათვის მიუღებელი ფორმით.  ასეთ დროს დუმილს კრიტიკის ქარ-ცეცხლი ანაცვლებს.   არა!  საკუთარი თავის ან სახელმწიფოს განსჯა კი არა, ისევ იმ ბავშვების, რომელმაც ვერ გაუძლეს, ვერ გახდნენ „დიდები“ და ვერ გადარჩნენ. მათ შეცდომებს ჩასაფრებული საზოგადოება იწყებს ამ ბავშვების ჩასაქოლად დევნას და გადარჩენის უკანასკნელ შანსს ართმევს.  არ ვიცი, რისი დამსახურებაა  ადრეულ ასაკში  დედაბად ქცეული ბავშვების გადარჩენა, იღბალის თუ შემთხვევითობის…

სამართლებრივი მიმოხილვა

ბავშვთა მიმართა ძალადობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს ადრეულ ასაკში ქორწინება, რაც (child marriage) საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.  მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, სახელმწიფო უწყებები რიგ შემთხვევაში სათანადოდ არ რეაგირებენ და თვალს ხუჭავენ ქორწინების სახელით შენიღბულ სექსუალური ძალადობის ამ კონკრეტულ შემთხვევაზე. მაშინაც კი, როდესაც სახელმწიფო ახერხებს ასეთი ფაქტების გამოვლენას და სათანადო პირების დასჯას, მსხვერპლ ბავშვებს მაინც ვერ უზრუნველყოფს სათანადო სერვისებით. ამასთანავე, დაბალია პასუხისმგებელი პირების/უწყებების (სამედიცინო დაწესებულება, სკოლა)  მხრიდან შესაბამისი ორგანოების ინფორმირების შემთხვევები[1], რის წახალისებასაც შეუტყობინებლობის შემთხვევებში სათანადო პასუხისმგებლობის არ დაკსირება ახდენს.

ადრეულ ასაკში ქორწინების დეფინიცია

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის (OHCHR) ანგარიშის („ბავშვთა, ადრეული და იძულებითი ქორწინების აღმოფხვრისა და პრევენციის შესახებ“) თანახმად  ადრეულ ასაკში ქორწინება სახეზეა, როდესაც ერთ-ერთი  ან ორივე მხარე არის 18 წლის ასაკს მიუღწეველია. ადრეული ქორწინება ზოგადი ტერმინია და გარდა ადრეულ ასაკში ქორწინებისა,მოიცავს ისეთ შემთხვევასაც, როდესაც ქორწინების ორივე მხარე 18 წლის ასაკს მიღწეულია, მაგრამ სხვა ფაქტორების გამო არ არიან მზად თანხმობა გამოხატონ ქორწინებაზე. ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს მათი ფიზიკური, ემოციური, სექსუალური და ფსიქოსოციალური განვითარების დონე, ასევე, არაინფორმირებულობა. [2]

როგორ რეგულირდება საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხი?

ეროვნული კანონმდებლობა მეტწილად შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდართან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად საქორწინო ასაკს წარმოადგენს 18 წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ 18 წლამდე ქორწინების დარეგისტრირება შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, რეალურად პრობლემას სწორედ არარეგისტრირებული ქორწინება წარმოადგენს.  ბუნებრივია, არ არსებობს კონკრეტული ციფრები, თუ რამდენი ბავშვი იმყოფება ფაქტობრივ თანაცხოვრებაში. საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად  საქართველოში 2017 წელს 835, ხოლო 2018 წელს 738 არასრულწლოვანი (აქედან 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრუწლოვანი მამა) დარეგისტრირდა მშობლად.

გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა, რიგ შემთხვევებში ბავშვთა ადრეული ქორწინების  შემთხვევები სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეგულირების სფეროს წარმოადგენს. კერძოდ, საქართველოს  სისხლის სამართლი კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში წარმოადგენს სექსუალურ ძალადობას.  რაც ნიშნავს იმას, რომ 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ნებისმიერი ფორმით სექსუალური ურთიერთობა აკრძალულია. სექსუალური ძალადობის ამ შემთხვევისთვის კანონმდებლობით  არ არის გათვალისწინებული  ძალადობის ელემენტი, ვინაიდან ძალადობის გამოყენებით სექსუალური ურთიერთობის დამყარება ნებისმიერ პირთან წარმოადგენს გაუპატიურებას, რისთვისაც მსხვერპლის ასაკი (არასრულწლოვანი) დამამძიმებელი გარემოებაა.

სამწუხაროდ, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ერთმანეთისგან არ მიჯნავს ადრეულ ასაკში ქორწინებასა და  პედოფილიის სხვა შემთხვევებს, რაც ხელს უშლის სტატისტიკური მონაცემების დამუშავებასა და შესაბამისად, პრობლემის მასშტაბების გაზომვას.

საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხს გარდა შიდასახელმწიფოებრივი აქტებისა, არეგულირებს საერთაშორისო კანონმდებლობაც. ბავშვის ნიშნობას ან ქორწინებას იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნევს  „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ გაეროს კონვენცია, რომელიც  ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს მიიღონ ყველა საჭირო ზომა, მათ შორის საკანონმდებლო, მინიმალური ქორწინების ასაკის განსაზღვრის და სამოქალაქო მდგომარეობის აქტებში ქორწინების სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით.  აღნიშნული კონვენცია ადრეულ ასაკში ქორწინებას უკავშირებს ქალთა მიმართ დისკრიმინაციას. ადრეულ ასაკში ქორწინება, როგორც ბავშვის უფლების უხეშ დარღვევას, ჯანმრთელობის დაცვასთან კავშირში განიხილავს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია.

ადრეულ ასაკში ქორწინების თანმდევი შედეგები

ადრეულ ასაკში ქორწინება განსაკუთრებულ უარყოფით ზეგავლენას ახდენს გოგონებზე, სწორედ ამიტომ ის მიჩნეულია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციად. გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ბავშვის უფლებათა კომიტეტი ადრეულ ასაკში ქორწინებას განიხილავს ქალთან მიმართ დისკრიმინაციის გამოვლინებად, მათი უფლებების დარღვევად და უფლებების სრულფასოვნად  გამოყენების ხელშემშლელ დაბრკოლებად.[3]

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარის  N4  (2003) მიხედვით ადრეულ ასაკში ქორწინება და ორსულობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორებია, განსაკუთრებით სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შემთხვევაში, ასევე ზრდის  სხვადასხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების რისკს.

ქორწინებაში მყოფი გოგონები ხშირ შემთხვევაში იძულებულნი არიან შეწყვიტონ განათლების მიღება და იზოლირდნენ სოციალური აქტივობებიდან. ასევე, მათ მიმართ ძალიან მაღალია ოჯახში ძალადობის განხორციელების რისკი. [4]

ადრეულ ასაკში ქორწინების აღმოფხვრა

ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფაქტების დროულ გამოვლენას, რაშიც განსაკუთრებული როლი სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებს ეკისრებათ. ხშირ შემთხვევაში სწორედ პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან შეუტყობინებლობა აფერხებს ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტზე დროულ რეაგირებას.  სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულ მუშაობა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ადრეულ ასაკში ქორწინება წარმოადგენს სექსუალურ ძალადობას, შესაბამისად, სამართლადამცავი ორგანოს გარდა მნიშვნელოვანია სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საგანმანათლებლო დაწესებულების ჩართულობა, რასაც თან უნდა ახლდეს ბავშვისათვის სათანადო სერვისების (სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა სახის მომსახურება) მიწოდება. ამავდროულად ყველა ზემოაღნიშნული გარემოება მჭიდროდ არის დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებასა და რესურსებზე ხელმისაწვდომობასთან, ამიტომ სახელმწიფომ აქტიურად უნდა იმუშაოს როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით და უზრუნველყოს როგორც გოგონების, ასევე საზოგადოების ინფორმირება ადრეულ ასაკში ქორწინების თემაზე.


[1]  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 03 ივნისის N264073 წერილი

[2] გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის (OHCHR) ანგარიში  „ბავშვთა, ადრეული და იძულებითი ქორწინების აღმოფხვრისა და პრევენციის შესახებ“  გვ. 3

[3] გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის (OHCHR) ანგარიში  „ბავშვთა, ადრეული და იძულებითი ქორწინების აღმოფხვრისა და პრევენციის შესახებ“  გვ.7

[4]  https://www.unicef.org/reports გვ. 36