შეზღუდული შესაძლებლობისა და ფსიქოსოციალური
საჭიროებების მქონე ადამიანები ხშირად ვხდებით მსგავსი პატერნალისტული დამოკიდებულების
მსხვერპლნი, ვინაიდან საზოგადოებაში არსებული დაბალი ცნობიერებიდან გამომდინარე თანამოქალაქეებში
აღვიქმებით, როგორც განსაკუთრებული და გადამეტებული მზრუნველობის საჭიროების ობიექტები
და დაკლებად ადამიანის უფლებების მფლობელები და ღირსეული მოქალაქეები. აქვე აღვნიშნავ,
რომ ქვეყანაში ჩვენ მიმართ არსებული ზოგადი დისკრიმინაციული ფონიდან გამომდინარე გარკვეულწილად
დასაფასებელია ადამიანის დახმარებასა და ზრუნვაზე ორიენტირება, თუმცაღა, ქვემოთ მოყვანილი
მაგალითებით მიხვდებით კონკრეტულად რა შემთხვევებზე მაქვს საუბარი.
ჩემი გამოცდილება ეხება როგორც ოჯახის
წევრებს, ისე თანატოლებს მეგობრებსა და უბრალოდ რიგით გამვლელებს ქუჩაში.
მსგავსი შემთხვევები ოჯახიდან გაგრძელდა
სკოლასა და კოლეჯშიც, სადაც ზემზრუნველობითმა დამოკიდებულებამ შეიძინა რადიკალური სახე.
მუდმივად ისეთ საკითხებზე დახმარების შემოთავაზების სახით, როგორიცაა კიბეებზე ჩასვლა,
სწავლის პროცესში უნებართვო ჩარევა „ვინაიდან თითქოს მე არ მყოფნიდა ნებისყოფა და არ
მქონდა შესაბამისი კოგნიტური უნარები კონკრეტული დავალების შესასრულებლად”, გზაზე გადასვლა
და ა.შ. თითოეული ეს მაგალითი ძალიან მთრგუნავდა.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც ზემოთ
აღვნიშნე, დასაფასებელია ზოგადად მხარდაჭერა განსაკუთრებით კი როცა ძალზედ გარიყულ
ჯგუფს მიეკუთვნები, საბოლოოდ, ზედმეტი ყურადღება ფაქტის წინაშე გაყენებს, დაიჯერო,
რომ არ გაგაჩნია დამოუკიდებლად ცხოვრების საჭირო არანაირი უნარი, თასმის შეკვრიდან დაწყებული მეტროს სადგურების ცნობით და ელექტროუნულ
კალენდარში საჭირო აღნიშვნების გაკეთებით დამთავრებული.
ადამიანები სოციალური არსებები ვართ
და თითოეულ ჩვენგანში გამჯდარია პირობითი რეფლექსი დავეხმაროთ სხვას, თუმცაღა, ხშირად,
როდესაც ჩვენთვის კარგი უნდათ ამით პირიქით ცუდს გვიკეთებენ. მსგავსი გადამეტებული
მზრუნველობა შეგვიძლია შევადაროთ ტერმინს „დათვური სამსახური,“ ვინაიდან არ ვაძლევთ ადამიანებს საშუალებას დამოუკიდებლად
ფუნქციონირების ხარჯზე გაიზარდონ, როგორც პიროვნულად აგრეთვე პროფესიულად.
ამიტომ, ხშირად პატერნალისტური დამოკიდებულება
არის დამაზიანებელი. ადამიანს არ ეძლევა თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალება და ვერ ეჩვევა
დამოუკიდებელ ცხოვრებას, რეალურ სამყაროსთან დამოუკიდებლად შეჯახების შესაძლებლობას.
შედეგად კი ვიღებთ შეუმდგარ, საკუთარ თავში ჩაკეტილ და საზოგადოებისთვის სრულიად უცხო
ადამიანს.
ვფიქრობ ამ საკითხის გადაჭრა ერთმანეთის
მიმართ მეტ პატივისცემაში მდგომარეობს. კარგი იქნება თუ მეტ თავისუფლებას მივცემთ ერთმანეთს
და მხოლოდ დახმარების საჭიროების შემთხვევაში ვიქნებით ერთმანეთის გვერდით, ზედმეტი,
უსარგებლო ზრუნვით დამძიმების გარეშე.
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა კონვენცია UN CRPD ამბობს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. თავისუფლებას და სამართლიანობას
კი საყოველთაო მშვიდობის საფუძვლად მიიჩნევს. კონვენცია განამტკიცებს შშმ პირის ძირითად
უფლებათა და თავისუფლებათა უნივერსალურობას, განუყოფლობას, ურთიერთდამოკიდებულებებს
და წარუვალობას, ასევე კრძალავს უფლებებით სარგებლობას მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის
საფუძველზე. განსაკუთრებით აქცენტს სწორედ დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაზე აკეთებს
და არა ზემზრუნველობით გაპასიურებულ მოქალაქეზე. კონვენციით დაცული უფლებები წარმოშობს
ყველა სხვა პირის ვალდებულებებს უპირველესად კი სახელმწიფოს ვალდებულებას შშმ პირების
და მათი ოჯახების მიმართ.
ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებს უბრალოდ გვჭირდება, რომ გვაღიარონ თანასწორ ადამიანებად. პატივი გვცენ და ჩვენი
განსხვავებულებობა ინდივიდუალობის ნაწილად მიიღონ. ორიენტირდნენ ჩვენს შესაძლებლობებზე
და მხარი დაგვიჭირონ მიზნების მიღწევაში, ჩვენს პირად ცხოვრებაში ზედმეტი ჩარევის გარეშე.
ეს რეალურად შეგვიწყობს ხელს იმ ბარიერების დაძლევაში, რაც ყველამ აღვმართეთ საჯარო
სივრცეში და ჩვენს ცნობიერებაში.
ბოლოს კი, მინდა თქვენ გკითხოთ, ხართ
ან იქნებოდით თუ არა ისეთივე ჰიპერ მზრუნველი იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჭირდება
მხარდაჭერა და არა პატრონობა?!
ბლოგპოსტი მომზადებულია პროექტის – „ქმედუნარიანობის
ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ – ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია
„ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები – „ადამიანის
უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“
(PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა
ფსიქიატრიაში – თბილისი“ (GIP – Tbilisi).ბლოგპოსტში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს
ავტორის პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) შეხედულებებს.