ანა არგანაშვილი

ანა თავხელიძე

25.11.2020


პატივცემულო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებო, ეს არის ორი ადვოკატის წერილი, რომელთაც ღამე გაათენეს იმის განცდით, რომ გუშინ 9 და 7 წლის ბავშვები ვერ დაიცვეს სასამართლო პროცესზე. ყველა ბავშვს გაუცრუეს იმედი და დააკარგვინეს რწმენა, რომ ჩვენ, ბავშვის ადვოკატებს, შეგვიძლია ბავშვების დაცვა - ყველაფრის მიუხედავად.

თქვენ არ ცდებით, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჩივრები დახურული კონვერტით იგზავნება, მაგრამ  ჩვენ ისიც ვიცით, რომ ეს საჩივრები არასოდეს აღარ განიხილება. ამიტომ გწერთ ღიად. ჩვენ ვალდებული ვართ, როდესაც ჩვენ ბავშებს ვერ ვიცავთ არა მხოლოდ თქვენ, არამედ საზოგადოებას შევატყობინოთ და ჩავაბაროთ ანგარიში. რადგან თუ იურიდიული საზოგადოება ასე დავსუსტდით, რომ ერთმანეთთან პროფესიული ბრძოლის პროცესში ბავშვების ფსიქიკას ვაზიანებთ, მაშინ, ალბათ საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, ისევ ვიმსახურებთ თუ არა ბავშვებთან მუშაობას.

გუშინ, საქართველოს ერთ-ერთ სასამართლოში, ორი კაფანდარა, ძალიან სუსტი აღნაგობის და ძალიან შეშინებული ბავშვი იკითხებოდა. საქმე ეხებოდა მამის მიერ ჩადენილ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას და სხვა დანაშაულებს დედის და ბავშვის წინააღმდეგ. ბავშვების ადვოკატებად ვიყავით ჩვენ, ამ წერილის ავტორები,  ორი ანა,  რომელთაც ერთად აღებული ბავშვებთან მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება გვაქვს. ხოლო ბრალდებულს ჰყავდა 3 ადვოკატი. ვინაიდან ამ წერილში ბავშვების კონფიდენციალობას ზედმიწევნით დავიცავთ, ჩვენ მხოლოდ ვისაუბრებთ იმაზე, რაც პროფესიონალებმა ისაუბრეს მაგრამ, არაფერს ვიტყვით ბავშვების პასუხებზე.


სანამ პროცესი დაიწყებოდა

 

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პროცესამდე 20 წუთით ადრე მოსული სამი ბავშვი და დედა, ჩვენთან ერთად, ნოემბრის სუსხიან დღეს მანქანიდან გარეთ გადმოვიდა. ყველანი ფეხებს ვაბაკუნებდით გასათბობად და ვლაპარაკობდით სკოლის დავალებებზე; ვიცინოდით, რომ მე და ბავშვებს ერთნაირი, პომპონიანი ქუდი გვეხურა. ერთ-ერთ ბავშვს  განსაკუთრებით უჭირდა ქუჩაში დგომა და მის გასართობად იქვე ფერადი ბუშტები შევიძინეთ. ვიწყებდით გაბერვას.

უეცრად დავინახეთ, რომ ბრალდებული მეორე მანქანიდან შუათითს გვიჩვენებდა. იმ წუთიდან მივხვდით, რომ იმ დღეს პროცესი არაორდინალურად ჩატარდებოდა. დავრეკეთ პროკურორთან და ვთხოვეთ პროცესზე ორი ბავშვის უსაფრთხოდ შეყვანაში დაგვხმარებოდა. მესამე ბავშვი, რომელიც არ იკითხებოდა დედასთან ერთად სიცივეში ქუჩაში დარჩა.

ვცდილობთ ბავშვებთან არ შევიმჩნიოთ რომ მძიმე პროცესი გველის. შეყვანისას ბავშვის ხელებს ვამოწმებ, მიუხედავად სიცივისა ხელები თბილი აქვს, ესე იგი ძალიან არ ნერვიულობს. მიხარია.

შევდივართ სასამართლოში და მაქვს მოლოდინი, რომ ბავშვებისთვის ცალკე ოთახი დაგვხვდება. ტყუილად. სასამართლოში რემონტია. ნახევარი ფლიგელი დანგრეული. ბავშვები შეჰყავთ ჩვეულებრივ სასამართლო დარბაზში. დარბაზში სასამართლოს თანამშრომლები გვესალმებიან. ვხედავთ რომ გაჭირვება აქვთ. პროგრამა არ ირთვება, შნური არ მუშაობს,  წვალობენ. მაუსი თუ მუდმივად არ ამოძრავე ეკრანი ითიშება. მაუსის მუდმივი მოძრაობა სოციალურ მუშაკს დაევალა, რომელსაც პროცესზე ბავშვის დაცვის უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ის კი მთელი პროცესი უსასრულოდ ამოძრავებდა მაუსს. ამაზეც ვიცინით ბავშვებთან ერთად.  ვიხსენებთ, რომ სკოლაც ახლა კომპიუტერებით ტარდება და ჩვენც გვიჭირს ხოლმე შესვლა პროგრამაში. ვლაპარაკობთ სეკრეტ სანტას საჩუქრებზე.

ჩამოდის მოსამართლე. ვხედავ, რომ მანტია აცვია და ასე ეცნობა ბავშვებს. არაუშავს, ვფიქრობ ჩემთვის, ალბათ გახდა ვერ მოასწრო, თორემ ეცოდინება, რომ ბავშვებთან მანტიას იხდიან მათთვის უშუალო გარემოს შესაქმნელად. „როგორი პრინცესები არიან, ნამდვილი პრინცესები“- ამბობს მოსამართლე. არაუშავს, ვფიქრობ ჩემთვის, ნამდვილად ეცოდინება, ბავშვთა უფლებების ტრეინინგზე მაინც აუხსნიდნენ, რომპრინცესაგენდერულად დატვირთული სიტყვაა და ვცდილობთ არ გამოვიყენოთ თუ, ზუსტად არ ვიცით, რომ ბავშვს ამის მოსმენა სიამოვნებს.  ბავშვებთან 2 წუთიანი გაცნობის შემდეგ, მოსამართლე ჩვენკენ ტრიალდება. ჩვენ პატივისცემის ნიშნად ისევ ფეხზე ვდგავართ. მოსამართლე გვეუბნება, რომ დღევანდელ პროცესზე ჩვენგან არცერთი სიტყვის მოსმენა არ უნდა, საერთოდ არ მივეკაროთ ბავშვებს და ხმა არ ამოვიღოთ. მე ენა მივარდება, ანასკენ ვტრიალდები, მასაც ნიღაბით დაფარულ სახეზე ეტყობა გაუგებრობა. ხმამაღლა ვამბობთ: „რა თქმა უნდა, პატივცემულო მოსამართლევ, ჩვენ მხოლოდ კანონმდებლობის და ადვოკატთა ეთიკის კოდექსის ფარგლებში ვიმოქმედებთ.“ უკვე ვიცით, რომ შესაძლოა ჩვენ სხვადასხვანაირად გვესმოდეს კანონმდებლობა და ეთიკის კოდექსი, მაგრამ აღარ ვუღრმავდებით, დაძაბული პროცესის წინ სიმშვიდის ბოლო წამებს ვითვლით.

 

პროცესი

იკითხება პირველი ბავშვი, 7 წლის. იმდენად პატარაა, მოსამართლის სკამზე ძლივს ჩანს, ფეხებით იატაკს ვერ წვდება და სასაცილოდ ჩამოკიდებული აქვს. ადვოკატებს ბავშვთან მიახლოების უფლება არ გვაქვს (!), ვხვდებით რომ ჩვენ და ბავშვს შორის მანდატური მოსამართლის დავალებით დგას, რათა ხმის ამოღება ვერ შევძლოთ. მანდატურს უხერხულობას ვატყობთ, მაგრამ დავალებაა, რას იზამს. ბავშვს ერთ მხარეს ფსიქოლოგი და მეორე მხარეს სოციალური მუშაკი დაუსვეს. ბავშვი, ამ დიდ ოთახში მხოლოდ ანას იცნობს კარგად. შიგადაშიგ სოციალური მუშაკის პალტოს მიღმა თვალს აპარებს და ანას ეძებს. პროცესი იწყება.

კამერას დიდი ხნისა და წვალების შემდეგ რთავენ. კამერა იმდენად უხარისხოა რომ მანდატურს ის ხელით უჭირავს, ჩანს მხოლოდ ბავშვის სახე და გარშემო რა ხდება - არაფერი ჩანს. ბავშვს უთხრეს, რომ მოსამართლის მონიტორს უნდა უყუროს. რა ჩანდა მონიტორზე? მოსამართლის გაყოფილი ეკრანი, პროკურორი და მოსამართლის სახის ნიღბის ქვედა ნაწილი. არ ჩანს მოსამართლის თვალები. მისი ხმა ბავშვს უსასრულობიდან ესმის, ვერც გამომეტყველებას ვერ ხედავს - ნიღბის გამო. ჩემთვის ვფიქრობ, ნუთუ ამ მოსამართლეს ბავშვთა ფსიქოლოგებმა ტრეინინგზე არ აუხსნეს, რომ ბავშვთან საუბრისას კავშირს თვალებით ვამყარებთ და მეორე ოთახში, უხარისხო კამერის და უხარისხო ხმის საშუალებით, ის ბავშვთან გულითად საუბარს ვერ მოახერხებს. გამამართლებელი მიზეზების ძებნას აღარ ვიწყებ. ფაქტია რომ ამას არ აკეთებს - აუხსნეს თუ არ აუხსნეს, აღარ აქვს მნიშვნელობა.

პროცესი დაიწყო, ბავშვი დაძაბულია, ხელები დამალული აქვს. მოსამართლის ხმა გაჭირვებით ისმის. ბავშვისთვის არავის აუხსნია, ვინ არის მეორე ოთახში, ვინ ესწრება ან ვინ ელაპარაკება. მოსამართლის ნიღაბის 2/3-ის და პროკურორის თმის გარდა ვერაფერს ხედავს ეკრანზე. ჩვენ ვერ ვეკონტაქტებით, ფსიქოლოგიც აშკარაა არაფერს უყვება. ნუთუ, არც ამ ფსიქოლოგს არ აუხსნეს არაფერი ტრენინგზე - ვფიქრობ ისევ ჩემთვის.

 

გინდა მამიკომ გიყუროს?

 

მოსამართლე 7 წლის ბავშვთან დაკითხვას იწყებს: „აბა ნუცა[1], ალბათ იცი, დღეს იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ვილაპარაკოთ დედიკოს და მამიკოს ურთიერთობაზე, ისაუბრებ დედიკოს და მამიკოს ურთიერთობაზე?“ პირველივე კითხვა თავში ჩაქუჩივით მირტყამს. გულში ვყვირირა ურთიერთობაზე პატივცემულო მოსამართლევ? რა ურთიერთობაზე? სისხლის სამართლის დანაშაულზე შევიკრიბეთ და იცის ეს ბავშვმა, რატომ ვიწყებთ ბავშვისთვის ტყუილს თქმით“.


ვცდილობ ხმამაღლა ვთქვა, ვგრძნობ მანდატურის გამოხედვას, ორივემ ვიცით რომ ლაპარაკი აკრძალული მაქვს.

მოსამართლე აგრძელებს: „რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, რაც თქვენ სახლში მოხდა, კითხვებს დაგისვამენ ადვოკატები, რომლებიც მამიკოს ეხმარებიან. თვალები მიფართოვდება. იმის გააზრებასაც ვერ ვასწრებ, რომ ამგვარად ფორმულირებული ფრაზა გულისხმობს ბავშვისთვის განცდის გაჩენას, რომმამიკოს დახმარება ჭირდებადა უნდა დავეხმაროთ. ყველა ბავშვის ინსტიქტი ხომ მშობლის დახმარებაა. ნუთუ არ იცის, რომ სიტყვებს კონოტაცია აქვთ და ბავშვებისთვის გარკვეულ სიტყვათშეთანხმებას განსაკუთრებული, თითქმის წმინდა მნიშვნელობა აქვს.

შემდეგი კითხვა, უკვე ცივ წყალს მასხამს: „გინდა თუ არა ახლა მამიკო გხედავდეს, როცა კითხვებს დაგისვამენ?“. ღმერთო ჩემო, მამიკო რანაირად უნდა ხედავდეს ბავშვს, როცა კითხვებს დაუსვამენ იმაზე თუ რანაირად დაარტყა მამამ დედას და ბავშვს. როგორ შეიძლება ეს კითხვა დაუსვა ბავშვს? ამავე დროს, ხომ ყველამ ვიცით, რომ 7 წლის ბავშვი წინასწარ ვერ გაიაზრებს, რომ ასეთი კითხვები დაისმება. მან ხომ არ იცის, რა არის დაკითხვა? ვერ დაიცავს თავის თავს ამ დროს.
ეს სიტუაცია ხომ წინასწარ დააზღვია კანონმდებელმა და იმპერატიულად ჩაგვიწერა არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, რომ როდესაც ოჯახში ძალადობის საქმეზე ბავშვი იკითხება მშობლები არ უნდა ესწრებოდნენ. ამაზე ანას გულმა არ მოუთმინა, წამოხტა. კამერაში ცდილობს სახე მოახვედროს, უშედეგოდ. მე ვცდილობ კამერა ისე დავიჭირო რომ ანა გამოჩნდეს: „პატივცემულო მოსამართლევ, პატივცემულო მოსამართლევ, გთხოვთ, ამ კითხვას ნუ უსვამთ ბავშვს, პატივცემულო მოსამართლევ ხომ იცით რომ ბავშვი ვერ გიპასუხებთ ... ხომ იცით, რომ კანონში იმპერატიულად წერია“. მოსამართლის სახე ისევ არ ჩანს მაგრამ მესმის აგრესიული ყვირილი, ადვოკატო დაჯექით ადგილზე და არ დაგინახოთ კითხვები დასვათ. გავშრით. ანა ჯდება ისევ ბავშვისგან მოშორებით - ორი ადვოკატისთვის გამოყოფილ ერთ სკამზე, რომელზეც სანახევროდ ვართ ჩამომჯდარიმესმის პროკურორის ხმა, პატივცემულო მოსამართლევამა და ამ მუხლში წერია...“. მოსამართლე არც მის აზრს ითვალისწინებს, „მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ბავშვის აზრს მოვუსმინო და ასე ვიმოქმედო, აბა ნუცა გინდა მამიკომ გიყუროს...?“. „მინდა“ - ამბობს ბავშვი. რა თქმა უნდა, სხვას რას უნდა ველოდოთ როცა ბავშვს მამა ენატრება. ნუთუ ეს არ აუხსნეს ბავშვთა უფლებების ტრეინინგზე? - აღარ მაქვს პასუხი.

მოსამართლე: „შენ შეგიძლია არ ისაუბრო დედიკოს და მამიკოს ურთიერთობაზე და წახვალ სახლში, ან შეგიძლია უპასუხო და მაშინ მხოლოდ სიმართლე უნდა თქვა. გინდა ისაუბრო თუ, არ ისაუბრო?“ „გინდა საუბარი თუ, სახლში გინდა წახვიდე ახლავე?.“ სანამ რამის გაფიქრებას ვასწრებ, ანა ადგილიდან ყვირის, ეს ბავშვი მაინც წავა სახლში, ნუ უსვამთ ასე კითხვას, ნუ აკეთებინებთ არჩევანს სახლში წასვლას და კითხვებზე პასუხის  გაცემას შორის.
ბავშვი: „ხო მინდა წავიდე სახლში და არ ვისაუბრო“.
მოსამართლე: მიღებულია. ბავშვი აღარ დაიკითხება.

ბავშვმა აშკარად ამოისუნთქა. ჩამოძვრა სკამიდან. როცა ჩაგვიარა, ჩვენ გავუღიმეთ, ანამ გაამხნევა მხარზე ხელის დადებით, „შენ ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ.“ ბავშვი გაჰყავთ. რადგან ბავშვების ოთახი  არ არის სასამართლოში, არ ვიცით სად მიჰყავთ, ალბათ მოსამართლის თანაშემწის ოთახში, სადაც არავის იცნობს, იმედია არ შეეშინდება, ვფიქრობ ჩემთვის. ანას გადავულაპარაკე, რომ, თუნდაც გაგვაგდოს სხდომიდან, მეორე ბავშვი უნდა დავიცვათ და არ მივცეთ საშუალება ასეთ სტრესში ჩააგდოს. ანა მეთანხმება - დავიცვათ.

 

როგორ? რა თქვა? არ მესმის, რა თქვა?

 

შემოდის მეორე ბავშვი, ისიც, ძალიან გამხდარი, 9 წლის თამუნა[2], რომელიც კიდევ უფრო სუსტად გამოიყურება. დაძაბულია, თვალით არ კონტაქტებს, ვამჩნევ სევდას. სვამენ იმავე სკამზე, მიახლოება ისევ არ შეგვიძლია.

მოსამართლე იმეორებს იმავე შესავალს, „საუბარი მამიკოს და დედიკოს ურთიერთობის შესახებ.“ გულში პროტესტის დრო აღარ მაქვს. ყველაფერს ხელით ვიწერ, ვიცი ამ სხდომის ჩანაწერს არ მოგვცემენ. შემდეგ ისმება იგივე, საშინელი


კითხვა: „გინდა მამიკო გიყურებდეს, როცა კითხვებს დაგისვამთ...“.
ბავშვი ამბობს: „არა!“.
ხანგრძლივი პაუზა. მოსამართლე იმეორებს: “გინდა გიყურებდეს? უბრალოდ აქ იქნება ოთახში.“
ბავშვი იმეორებს:  „არა.“
მოსამართლე: „აბა ფსიქოლოგმა დაუსვას კითხვა, ვერ გავიგონე კარგად.“ ბავშვის ფსიქოლოგის კითხვაზეც ამბობს: „არა.“ ბრალდებული მეორე ოთახიდან გაჰყავთ. ბავშვს ამას არავინ უხსნის მისთვის გასაგებად, მაგრამ ვგრძნობ, რომ ყველაფერი ესმის.

მოსამართლე: „ჩვენ გვინდა შეკითხვები დაგისვათ მამიკოზე და დედიკოზე, შენ შეგიძლია არ ისაუბრო და მაშინ წახვალ სახლში...“. ბავშვი, ძალიან ჩუმად ამბობს: „მინდა ვისაუბრო.“
ხანგძლივი პაუზა...
-      -  ანუ, გინდა ისაუბრო?
-      - კი.
-      -  გინდა ისაუბრო, რა მოხდა მამიკოს და დედიკოს შორის, გინდა ისაუბრო? ვერ გავიგე?
-      - კი, მინდა.
-      - ანუ რა გინდა? აუხსნას ბავშვს ფსიქოლოგმა მისთვის გასაგებად.

ფსიქოლოგი უსვამს იმავე კითხვას. ბავშვი თავს იქნევს დასტურის ნიშნად. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბავშვმა დასტური გამოხატა.

-   როგორ, რა თქვა? ვერ გავიგე? გინდა საუბარი? - ფაქტობრივად ყვირის მოსამართლე.
   -  კი - ჩურჩულებს ბავშვი.

მოსამართლე ისევ ამბობს რომ არ ესმის, აბა ფსიქოლოგმა დაავალოს, რომ ბავშვმა თქვას გარკვევითმე მინდა ვისაუბრო რა მოხდა მამიკოს და დედიკოს შორის“. ფსიქოლოგი უხსნის, ფაქტიურად აძალებს ბავშვს თქვას მეასედ რაც უკვე თქვა, გაიმეოროს კონკრეტული სიტყვები.

ბავშვის ჩურჩულით იმეორებს: „მე მინდა ვისაუბრო რა მოხდა მამიკოს და დედიკოს შორის.“... მე და ანა გაქვავებული ვსხედვართ. მე ვეკითხები, ეს სად წამომიყვანე, რას მაყურებინებ, ეს რომ სკოლაში გააკეთოს ვინმემ ხომ იცი რომ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე დავიწყებთ საქმეს. „ვიცი“. მპასუხობს ანა. მოსამართლე შესვენებას აცხადებს, რადგან ბავშვი ჩვენებას ბრალდებულის გარეშე აძლევს, ადვოკატებს მასთან გასაუბრების საშუალება უნდა მისცეს.

ვიხსენებ ყველაფერს რაც 6 წელი ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მისწავლია საქართველოში და შემდეგ 3 წელი ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრებში მუშაობისას მინახავს. 6 წელი ოკუპაციური თერაპიაში მისწავლია და პრაქტიკაში მინახავს როგორ მუშაობენ ბავშვებთან ჩემი პროფესორები დიდ ბრიტანეთში, დანიაში, შვედეთში ჰოლანდიაში. სიტყვა-სიტყვით ვიხსენებ, რა მასწავლეს შარშან ტეხასის სამართლის სკოლაში პროფესორებმა, როგორ უნდა ვემსახურო მართლმსაჯულებას მთელი გულით და შეგნებით და დავიცვა ჩემი კლიენტები, განსაკუთრებით, როცა ისეთი პატარები არიან, რომ სკამზეც კი არ ჩანან და ამის მსგავსი არაფერი მახსენდება. ამის მსგავსი არაფერი მინახავს.

 

შესვენება

 

შესვენებაა, ანა წამოხტა. აბა თამუნა,[3] წყალი ხომ არ გინდა? აბა ცოტა დავისვენოთ? ანა ჩანთიდან წყალს იღებს, ყურადღებიან მანდატურს ჭიქები შემოაქვს. ბავშვი და ანა იწყებენგამოცნობანასთამაშს. ანა მართმევს კალამს, რომლითაც ოქმს ვწერ და სიცილით იწყებს თამაშს. ბავშვიც იღიმება, იგონებს სიტყვებს. „- ზე იწყება, -ზე მთავრდება, 9 ასოა.“ თამაშში მანდატურებიც ერთვებიან. ორი ადვოკატი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ორი მანდატური ვცდილობთ გამოვიცნოთ სიტყვამიკროფონი“. შემდეგი სიტყვააახალი წელი“, ბავშვი ცოტა გამხიარულდა. ამოვისუნთქეთ. დაკითხვა გრძელდება.

 

იურიდიული ტექნიკა

 

ეკრანზე ჩნდება მესამე ფანჯარა, ნიკაპზე პირბადიანი კაცია, მე ვერ ვცნობ, „ბრალდებულის მესამე ადვოკატია“ - მიხსნის ანა. ბავშვს არავინ უხსნის. და, აქ იწყება ყველაზე მძიმე.

ადვოკატი, რომელიც შუა სხდომაში შემოვიდა ეკრანზე და პროკურორის მსგავსად დისტანციურად ერთვება პროცესში, იწყებს ხმამაღლა ლაპარაკს. პერიოდულად ყვირილზე გადადის. „არ მესმის, არ მესმის, ფფფუ, ფფფუუ.. არ მესმის, გაიმეორეთ, არ მესმის...“. თავიდან მგონია, რომ ინტერნეტის პრობლემაა. მერე ვხვდები რომ შევცდი. ყველა კითხვის შემდეგ, რომელსაც პროკურორი სვამს, იწყებსარ მესმის.“ პრკურორი იმეორებს კითხვას. როგორც კი ბავშვი ჩუმად უპასუხებს, ისევ ხმამაღლა, თითქოს ავტობუსის გაჩერებაა, ყვირის: „როგორ, რა თქვა? რა თქვა? მითხარით ვინმემ..“. ჩემი გულუბრყვილო აზრი, რომ მართლა არ ესმოდა, მაშინ შეიცვალა აზრით, რომ ეს იურიდიული ტექნიკა იყო, როდესაც პროკურორის მხრიდან კითხვის დასმის შემდეგ, ადვოკატმა დაიწყო უწყვეტი ხმამაღალი პროტესტი. პროტესტები ეხება ყველაფერს:

-        - რა კითხა?

-         - რატომ კითხა?

-         - ეს სიტყვა არ მომწონს.

-         - ვინ ზის ბავშვის გვერდზე?

-       - რატომ ზის?

-      - ბავშვზე ზემოქმედებას ხომ არ ახდენს?

-      - ბავშვს ეს სიტყვა ესმის?

-      - როგორ ესმის ეს სიტყვა?

-     - რა იცით რომ ესმის?

-     - თქვა მესმისო?

-     - რა თქვა როგორ ესმის მაინც?

-     -  მაინც რატომ თქვა ეს სიტყვა პროკურორმა?

მისი პროტესტი, აბსოლუტურად ყველა კითხვის შემდეგ უსასრულოდ გრძელდება.

ყველა მივხვდით,  რომ ესიურიდიული ტექნიკაა“. მეორე ადვოკატიც მიხვდა, რომელიც გვერდით ოთახშია. გვესმის რომ დაბალ ხმაზე ეუბნება ნიკაპზე პირბადიან ადვოკატს, „კაი დააცალე ბავშვს, კაი გაანებე თავი, კაი აცალე რა დაგემართა.“

არ მოქმედებს ეს ნიკაპზე პირბადიან ადვოკატზე, ყვირის მთელი დაკითხვის განმავლობაში. პროკურორის ორსაათიანი დაკითხვის დროს, აბსოლუტურად ყველა კითხვის (!) შემდეგ იწყებს ჩხუბს. არ ვიცით რაზე ჩხუბობს, ყვირის. მოსამართლე ამშვიდებს, ის ისევ ყვირის.

ჩვენ სკამიდან ვაპროტესტებთ, სოციალურ მუშაკს ვეხვეწებით: უთხარით რამე, ხომ ხედავთ, რომ ბავშვს თრგუნავს და სპეციალურად აკეთებს. ბავშვი შეშინებულია ამ ჩხუბის გამო. თითებს იმტვრევს. სოციალური მუშაკი მორიდებით გვპასუხობსპირველად ვარ სასამართლო პროცესზე.“ ვხვდებით, რომ არ იცის, როგორ დაიცვას ბავშვი და სიმწრის ღიმილი გვაქვს.

ახლა ფსიქოლოგს მივმართავთ: გააკეთეთ რამე, ხომ ხედავთ ბავშვს რას უკეთებს, სპეციალურად ყვირის ეს ადვოკატი ბავშვის სტრესში ჩასაგდებად. ფსიქოლოგი ჩვენსავით შეწუხებულია ეუბნება ერთხელ, მეორედ, მესამედ, მეოთხედ:

პატივცემულო ადვოკატო, გთხოვთ ნუ აკეთებთ ამას, ბავშვი ითრგუნება.“

პატივცემულო ადვოკატო გთხოვთ, არ შეიძლება ასე ბავშვზე ზემოქმედება“.

ძალიან გთხოვთ, ნუ აკეთებთ ამას, მიეცით ბავშვს საშუალება დაფიქრდეს, ნუ ყვირით, ნუ აწყვეტინებთ“. ფსიქოლოგს არავინ უსმენს, ისევ ყვირილი, ისევ ჩხუბი. მანდატურებს გავხედე, შეწუხებულები დგანან, ვერაფერს აკეთებენ და სახეზე აწერიათ რომ გული უკვდებათ ამ სცენაზე.

საიდანღაც ისმის, პროკურორის ხმა, რომელიც ცდილობს ადვოკატის ყვირილი გადაფაროს:

პატივცემულო მოსამართლევ, გთხოვთ ააცილოთ ეს ადვოკატი ბავშვს, ის აზიანებს ბავშვის ინტერესებს, ბავშვზე ზემოქმედებს, თრგუნავს და აშინებს ბავშვს ამ ყვირილით.“ მოსამართლე არ აკმაყოფილებს აცილების შუამდგომლობას. მოსამართლე ამბობს, რომ რადგან ბრალდებული არ ესწრება ის ვერცერთ კითხვას ვერ მოუხსნის მის ადვოკატებს და ვერაფერს შეუზღუდავს.

არაფერი იცვლება, დაკითხვა გრძელდება ყვირილში, ჩხუბში, ერთმანეთისთვის ხელის გადაწევაში. ვინ რას ყვირის არ მესმის. ბავშვს სახეზე ვუყურებ, გაქვავებულია. მეათედ იმეორებს ერთსა და იმავე კითხვაზე პასუხს, მეთერთმეტედ, როცა ისევ არ მოსწონს იმ ადვოკატს მისი პასუხი ამბობს, „არ მახსოვსდა თავს დაბლა ხრის.

ან, ამდენს როგორ უძლებ, ბავშვო“- ჩემთვის ვფიქრობ...

ანა პერიოდულად წამოხტება, მირბის კამერასთან და ცდილობს ბავშვის დასაცავად რამე თქვას, არავინ უსმენს, ისეთი გაუგებრობა ხდება. ადვოკატი ისევ ყვირის... ამ ბავშვის ტანჯვის საყურებლად მოგვიყვანეს? მეკითხება ანა. იმასაც ვეღარ ვახერხებთ რამე გავაგონოთ მოსამართლეს, ბოლოს ვთხოვთ, ვეხვეწებით: დაიღალა ბავშვი 4 საათი გავიდა დაკითხვაზეა, დაიღალა, გთხოვთ გაუშვათ.

არა“, ამბობს მოსამართლე, ამ ბავშვს მეორედ ვეღარ დავიბარებ, თუ გინდათ შესვენებას გამოვაცხადებ.

კითხვები უსასრულო კითხვები: ეს რატომ თქვი, ის რატომ თქვი, აბა მაშინ რომ ეს თქვი? ახლა ასე რატომ ამბობ?

ერთ-ერთი კითხვა: „ანუ, მართლა უთხრა დედიკომ მამიკოს... ფრჩხილებს დავაძრობო“, მესმის ადვოკატის ხმა. აბა, ფსიქოლოგმა ბავშვისთვის გასაგები ფორმულირება გააკეთოს, ამბობს მოსამართლე. ანუ, ფრჩხილებს დავაძრობო? იმეორებს ფსიქოლოგი. აი, ვის რა უნდა ავუხსნათ აქ? - ვფიქრობთ ჩვენ.

ოთახში ჰაერი იმდენად იხუთება, ანა მანდატურებს თხოვს, შიდა კორიდორში გამავალი კარი მაინც გაგვიღონ. მე სუნთქვა მიჭირს სიცხისგან და პულოვერს ვიხდი. ბავშვს ვერ ვუახლოვდები შევამოწმოროგორ გრძნობს თავს, შუა დაკითხვისას შორიდან ვეძახით: წყალი გინდა? ხომ არ გცხელა? ფსიქოლოგს ვთხოვთ, ბავშვი დაასვენოს: ხომ ხედავთ ვეღარ ძლებს.

შესვენებაზე იმავე ოთახში ვრჩებით, რადგან გარეთ ბრალდებულია და არ გვინდა ბავშვს რამე უთხრას. ანა წამოხტება და ბავშვთან ერთად მთელი ძალით თამაშობსგამოცნობანას“. ბავშვი მთელი პროცესის განმავლობაში მხოლოდ ამ დროს იცინის. ვგრძნობ, რომ ესგამოცნობანამისთვის ახლა ღუზაა, რომელმაც ამ ძალადობის დროს უნდა გადაარჩინოს. ბავშვს მოშივდა, საბედნიეროდ ფსიქოლოგს პარკით ბულკი აქვს მოტანილი. მანდატური ისევ მოარბენინებს წყალს. მერე აძლევს ვაშლს. ბავშვი გემრიელად ჭამს. მთელი ოთახი ბედნიერი ვართ, რომ ოდნავ მაინც შევუმსუბუქეთ იქ ყოფნა. „გამოცნობანასაცისევ ყველა ვთამაშობთ.

 

ბოლო ლურსმანი

გრძელდება დაკითხვა, ყველა მივეჩვიეთ, რომ ადვოკატი ყვირის, ბავშვიც მიეჩვია, აღარ აქცევს ყურადღებას. უბრალოდ პასუხობს, ჩვენც მხოლოდ თვალებს ვატრიალებთ. გავიდა თითქმის 4.30 საათი.

ბოლო წუთებია. პროკურორს ისევ რაღაც კითხვები აქვს. და ამ დროს თავში ჩაქუჩივით მხვდება ფრაზა:

გინდა მამიკო დაისაჯოს?- წერა შევწყვიტე და თავი ავწიე, რომ გავარკვიო ეს ვინ თქვა. ამჯერად პროკურორია. ნუთუ საერთოდ არაფერს არ ასწავლიან ამ ტრენინგებზე - ამის გაფიქრება მოვასწარი. სანამ ანას გადავხედავდი, ის უკვე გარბოდა კამერისკენ, რომ ამ კითხვის მოხსნა მოეთხოვა. რა აზრი აქვს, ბავშვმა ყველაფერი გაიგო და ჩაიჩურჩულაარა.“
ჩემ თავში ყველა პროფესორი ყვირის, რომ ეს წუთია პროკურორმა ბავშვს მთელი ცხოვრების მენტალური პრობლემა გაუჩინა. ის ყოველ დილას და, ყოველ საღამოს, ბავშვობაში და, შემდეგ უკვე, ზრდასრულობაში თავის თავს დაადანაშაულებს მამის დასჯაში.

ფსიქოლოგი ცდილობს სიტუაცია გამოასწოროს და უსვამს მეორე, უფრო საშინელ კითხვას: „როგორი მამაა? გიყვარს მამასთან ყოფნა“- ანა ისევ გარბის კამერისკენ. მე მხრებს ვიჩეჩავ, რა აზრი აქვს რამის თქმას ფსიქოლოგისთვის.

დაკითხვა მთავრდება. მოჰყავთ მეორე ბავშვი, რომელიც ვერ მიხვდა, თვითონ ასე მალე რატომ გამოვიდა დარბაზიდან. თან ისე რომ არც სახლში წასულა. ვაცმევთ სასაცილო კურტკებს. ყველანი ნაომარივით ვართ. უფროსები ერთმანეთში აღარ ვსაუბრობთ, ვიცით, რომ ეს საათები ჩვენ ბავშვი ვერ დავიცავით. მოსამართლე აღარც შემოსულა ბავშვებთან დასამშვიდობებლად.

პატივცემულო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებო, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სასამართლოში ბავშვებისთვის მეგობრული გარემო შექმენით, იმედი უნდა გაგიცრუოთ. არა, არ შეგიქმნიათ. იქ ბავშვები დამატებით ძალადობის მსხვერპლები ხდებიან, ჩვენ კი მათ ვერ ვიცავთ. არაფერი არ მუშაობს, არც ბავშვზე ორიენტირებული მოსამართლე, არც პროკურორი არც ადვოკატები. ერთადერთი რაც თავის ადგილას იყო გუშინ - გულისხმიერი მანდატურები, რომლებიც იმას მაინც ახერხებდნენ ბავშვებისთვის გაეღიმათ, მათი ტკივილი განეცადათ და თბილად დამშვიდობებოდნენ. ასეთი იყო ჩვენი გუშინდელი დღე, და თქვენი?



[1] სახელი გამოგონილია ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით.

[2] სახელი შეცვლილია ბავშვის პერსონალური მონაცემების დასაცავად.

[3] სახელი ბავშვის პერსონალური მონაცემებსი დაცვის მიზნით გამოგონილია.