შშმ პირების დამოუკიდებლობა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური და აქტუალური საკითხია. აღნიშნული ბლოგი სწორედ დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებასა და ამ მხრივ, ქართულ გამოცდილებას ეხება.
დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებას, პირველ რიგში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენცია ეხება. კონვენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც პასუხობს შშმ პირთა საჭიროებებსა და გამოწვევებს. 2020 წლის მონაცემებით, მას 182 მონაწილე სახელმწიფო ჰყავს.[1] საქართველოც კონვენციის მონაწილე ქვეყანაა, შესაბამისად, დაკისრებული აქვს ვალდებულება, შეასრულოს მისი პირობები და წესები.
კონვენციის მიხედვით, ქვეყნებმა უნდა მიიღონ
ახალი კანონები, რომლებიც გააძლიერებს შშმ პირებს. მათ აქტიურად უნდა იმუშაონ ამ ჯგუფის
წარმომადგენელთა მიმართ დისკრიმინაციის პრევენციისა და შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებისადმი
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. დამატებით, ქვეყნები ვალდებულნი
არიან, ხელი შეუწყონ შშმ პირების მიერ ინფორმაციაზე, საცხოვრებელზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე
თანაბარ ხელმისაწვდომობას; შშმ პირებს ასევე უნდა მიეცეთ საშუალება, მონაწილეობდნენ
მათთან დაკავშირებული პოლიტიკის შექმნის პროცესში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 2014 წლიდან კონვენციის წევრია, ქვეყანაში ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირების დიდი ნაწილის საზოგადოებაში ჩართულობა კვლავ არ არის მიღწეული. პრობლემას წარმოადგენს დიდი ზომის ინსტიტუციების ფუნქციონირება და დეინსტიტუციონალიზაციის განუხორციელებლობა.
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს, პირველ რიგში, წინაღობად ხვდება სახელმწიფოს უმოქმედობა კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. ამას ემატება საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს არ შეუძლიათ დამოუკიდებელი ცხოვრება და მათი ნაწილი შესაძლოა, საფრთხის მომტანიც კი იყოს გარშემომყოფთათვის.[2]
სახელმწიფოს უმოქმედობის პარალელურად განსაკუთრებით
სავალალო მდგომარეობაა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. [3]
ეს ინსტიტუციები ხასიათდება პაციენტების დიდი რაოდენობით (ასეულობით ბენეფიციარით)
და პერსონალის სიმწირით. მათ
მნიშვნელოვან ნაწილში არის ღირსების შემლახავი მოპყრობა და დაბალი ხარისხის ინფრასტრუქტურა.
ხშირია მცხოვრებლების, ასევე, მომსახურე პერსონალსა და მცხოვრებთა შორის კონფლიქტი
და ძალადობა, ასევე, სერვისის მიმღებთა მიმართ სხვა ტიპის არასათანადო მოპყრობა.
ამგვარ მდგომარეობაში მყოფ მცხოვრებლებს თვეებისა და წლების განმავლობაში უწევთ დაყოვნება, რადგან არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრისი ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ოჯახის წევრები უარს ამბობენ ინსტიტუციიდან მათ გაყვანაზე. ამასთან, ინსტიტუციაში ბენეფიციარების დიდი ხნით დაყოვნება გავლენას ახდენს ამ ადამიანების სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რაც კიდევ უფრო აძნელებს საზოგადოებაში მათი დაბრუნების პროცესს.
მეორე მხრივ, მიღწევად შეიძლება
მივიჩნიოთ სათემო სერვისის, მცირე საოჯახო სახლების
– მაგალითად,
„ხელი-ხელს“ –
დაფუძნება. თითოეულ
სახლში ხუთ ადამიანზე მეტი
არ ცხოვრობს. საცხოვრისის ეს სერვისი 18 წელს მიღწეულ შშმ პირებზეა გათვლილი და მისი მიზანია,
ბენეფიციარებს გამოუმუშაოს
დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები: თვითმოვლა, საჭმლის გაკეთება, ფინანსების მიზნობრივად განკარგვა. ორგანიზაცია ,,ხელი-ხელს“ ასევე ხელს
უწყობს თითოეული მცხოვრების დასაქმებას, პროფესიულ განათლებას, ხელობის ათვისებას. აქედან გამომდინარე,
ამ სერვისით არაერთი მოსარგებლე დღესდღეობით
დასაქმებულია.
ფსიქოსოციალური ნიშნით შშმ ბენეფიციარები სარგებლობენ მობილური გუნდის მომსახურებით – თემზე დაფუძნებული სერვისით. ამ მომსახურებაში შედის ფსიქიატრთან ვიზიტი, მისი კონსულტაცია, ისევე, როგორც სოციალური მუშაკის ინტერვენციები. სერვისით მოსარგებლეებს მობილური გუნდი აგრეთვე უზრუნველყოფს მედიკამენტებით, საცხოვრებელში მიტანით. საბოლოო ჯამში, მობილური გუნდების მომსახურება მკვეთრად ამცირებს სტაციონირების საჭიროებას.
იმისათვის
რომ ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირები გახდნენ დამოუკიდებლები, სახელმწიფომ,
მათ შორის, პრიორიტეტად უნდა მიიჩნიოს და დააჩქაროს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი,
დახუროს დიდი ზომის დაწესებულებები და გამოყოს დიდი თანხა ალტერნატიული, სათემო სერვისების
უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ პროცესს თან უნდა ახლდეს სახელმწიფოს მიერ შშმ პირებისათვის
ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობა, ცნობიერების
ამაღლება სახელმწიფო მოხელეებსა თუ საზოგადოების დანარჩენ ნაწილში ფსიქოსოციალური და
ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირების უფლებებისა და მათი საჭიროებების შესახებ, ასევე,
შშმ პირების მაქსიმალური მონაწილეობის უზრუნველყოფა შესაბამისი კანონებისა და პოლიტიკის
შექმნის პროცესში.