No one has ever become poor by giving


PHR-მა დამსაქმებელი კომპანიის მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის მოთხოვნით სახალხო დამცველს მიმართა.

თეონას შშმ პირის სტატუსი აქვს – მარცხენა ხელის სამეანო დამბლა. იგი ასევე ფლობს უცხო ენებს, განათლება საზღვარგარეთ მიიღო და აქვს სამუშაო გამოცდილება.

თეონა იმ პრობლემაზე საუბრობს რომელსაც შშმ სტატუსის ქონის გამო ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში, კერძოდ მეღვინეობა „ხარება“-ში შეეჯახა.

2019 წლის სექტემბერს, მას ზემოთ ხსენებული კომპანიის HR დაუკავშირდა და პირველი გასაუბრება დაუნიშნა. დათქმულ დროს თეონა გასაუბრებაზე ოფისში მივიდა, სადაც მას HR დეპარტამენტის წარმომადგენელი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი დახვდა.

პირველმა გასაუბრებამ წარმატებით ჩაიარა მას დაუსვეს კითხვები კვალიფიკაციაზე, ასევე გააცნეს მოვალეობები, რომელიც ვაკანტური პოზიციის დაკავების შემთხვევაში დაეკისრებოდა. რამდენიმე დღეში იგივე კომპანიიდან თეონას კვლავ დაუკავშირდნენ და მეორე გასაუბრებაზე დაიბარეს. ამჯერად უკვე ბევრად მეტი თანამშრომელი ესწრებოდა ინტერვიუს პროცესს. მას თითქმის იგივე კითხვები დაუსვეს, ასევე ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მხრიდან ხაზი გაესვა უცხოეთში მიღებული განათლების ფაქტს და იმას რომ თეონა უცხო ენებს ფლობს და აქვს სამუშაო გამოცდილება. მეორე გასაუბრებიდან მომდევნო დღესვე დაუკავშირდნენ მას და უთხრეს რომ პოზიციაზე მისი კანდიდატურა დამტკიცდა და 19 სექტემბრიდან ელოდნენ სამსახურში.

პირველი სამუშაო დღე ჩვეულებრივ თანამშრომლების გაცნობით და სამუშაო ადგილის ჩვენებით დაიწყო, რის შემდეგაც თეონა დაკისრებული მოვალეობების შესრულებას შეუდგა – ზარების გადამისამართება, კორესპონდენციის მართვა და ა.შ. ყველაფერი ჩვეულებრივ მიმდინარეობდა, გაუგებრობა კი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც თეონას საკუთარი შშმ პირის სტატუსის გამხელა მოუწია სახელფასო აპლიკაციის შევსებისას. სტატუსიდან გამომდინარე იგი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით, რის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია კომპანიას რამაც გარკვეულწილად დაბნეულობა გამოიწვია HR დეპარტამენტში. თუმცა ინფორმაცია მიიღეს და შეიტანეს პირად საქმეში.

ცოტა ხანში კი ადმინისტრაციის უფროსმა დაიბარა, თითქოსდა ხელფასთან დაკავშირებულ პრობლემაზე, რეალურად კი ადმინისტრაციის უფროსი თავდაცვით პოზიციაში ჩადგა, არაკორექტულად რამდენჯერმე მიანიშნა თეონას მის ფიზიკურ მდგომარეობაზე:

„ არაფერი არ გეტყობა, მაგრამ…“ 
„ხანდახან სტუმრებისთვის ყავის მიტანა იქნება საჭირო“ – არც კი ჰკითხა შეეძლო თუ არა ამის გაკეთება.

ეს შეხვედრა თეონას სამსახურიდან გათავისუფლებით დასრულდა..

კომპანიის მხრიდან თეონას უკანონო გათავისუფლება მხოლოდ მისი შშმ სტატუსის გამო მოხდა რაც დისკრიმინაციულად მიიჩნია და იურიდიული დახმარებისთვის მან ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართა.

#PHR-მა დამსაქმებლის მხრიდან მსგავსი მიდგომა დისკრიმინაციად მიიჩნია და ამ ფაქტის დასადგენად მიმართა სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტს.

*შენიშვნა – სახელი შეცვლილია განმცხადებლის ანონიმურობის დაცვიდან გამომდინარე.