No one has ever become poor by giving


ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ფემიციდის საქმეზე არასრულწლოვნის ინტერესებს იცავს და მისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭება მოითხოვა.

მამის მიერ ყოფილი ცოლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის სავარაუდო მოწმე მათი არასრულწლოვანი შვილია. ის, რომ ბავშვი ფემიციდის ფაქტს შეესწრო ფსიქო-თერაპიული  მუშაობის პროცესში მისივე მონათხრობს ეფუძნება. ბავშვი აღწერს დანაშაულის სცენებს, ამბობს რომ მისი სიტუაციიდან გარიდება სცადეს, თუმცა დაბრუნდა სახლში და დაინახა, მამის მხრიდან დედაზე ძალადობის ფაქტი. მომხდარის შედეგად ბავშვმა მძიმე ტრავმა მიიღო.

PHR-მა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო ორგანოს და ბავშვის მიერ მონაყოლი გარემოებების შესწავლა მოითხოვა. ამავდროულად, მოითხოვა გამოძიებას ემოქმედა ბავშვის ინტერესების შესაბამისად და მხოლოდ თერაპიული მომზადების შემდეგ გამოეკითხა ბავშვი, რადგან ბავშვთა ფსიქოლოგისგან ეს არ იყო რეკომენდირებული. ადვოკატის მოთხოვნით საქმეზე გამოიკითხნენ ფსიქოლოგი და ბავშვის ოჯახის წევრი, ვისთანაც ის მომხდარის შესახებ დეტალებზე საუბრობდა. ადვოკატი ასევე უთითებდა სხვა მტკიცებულებებზე, რომლებიც იყო სისხლის სამართლის საქმეში და ადასტურებდნენ ბავშვის მონათხრობს.

ბავშვის ადვოკატმა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სავარაუდო ფემიციდის და დანაშაულის შემსწრედ ყოფნის გამო მოითხოვა ბავშვის დაზარალებულად ცნობა და მიუთითა სტამბოლის კონვენციაზე, რომელიც სახელმწიფოებს ავალდებულებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლად აღიაროს ბავშვები, რომლებიც შეესწრნენ ოჯახში ძალადობას და მიიღონ ყველა ზომა მათი უფლებებისა და საჭიროებების დასაცავად, ამავე კონვენციის თანახმად, ტერმინი „ძალადობის მოწმე ბავშვი“ არ გულისხმობს მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ბავშვები უშუალოდ ესწრებიან ძალადობის სცენას, არამედ, აგრეთვე მოიაზრებს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ბავშვებს ესმით ყვირილი ან ძალადობის ამსახველი სხვა ხმები ან ისინი ხანგრძლივად განიცდიან  ძალადობის შედეგებს.

ადვოკატმა ასევე მიმართა პროკურატურას გამოძიების ვადის გაგრძელების თხოვნით, რადგან ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად საგამოძიებო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვის აზრის მოსმენა გამოძიების დროს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვის ჩვენებას შეუძლია მოახდინოს მნიშვნელოვანი გავლენა საქმეზე სიმართლის დასადგენად.

პროკურატურამ არ გაიზიარა ადვოკატის მოთხოვნა და საქმეზე გამოძიება ბავშვის გამოკითხვის გარეშე დაასრულა. ზემდგომი პროკურორის დადგენილებით ბავშვს უარი ეთქვა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.

ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება PHR-მა სასამართლოში გაასაჩივრა და დამამძიმებელ გარემოებებში დედის მკვლელობის და დანაშაულის სავარაუდოდ შემსწრედ ყოფნის გამო ბავშვის დაზარალებულად ცნობა ითხოვა. სასამართლოსადმი მიმართვის შემდეგ პროკურატურამ შეცვალა გადაწყვეტილება და ბავშვს მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, თუმცა ძალადობის შემსწრედ ყოფნის შესახებ არ მიუთითა.

PHR-ის მოსაზრებით დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფომ სწორად შეაფასოს და აღიაროს მიყენებული ზიანი. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხებათ ბავშვებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გამოიჩინოს სათანადო გულისხმიერება, რათა მხედველობიდან არ გამორჩეს არცერთი მატრავმირებელი გარემოება და უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება ბავშვის რეაბილიტაციის მიზნით.  თუ არ მოხდება აღიარება, რომ ბავშვი შეესწრო  დედის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის გარკვეული ეპიზოდებს,  ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება მისი რეაბილიტაცია და მისი დაზარალებულად ცნობა, მიყენებული ზიანის სრულყოფილად არ აღიარებით, მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა და ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

გამომდინარე იქიდან რომ პროკურატურამ არ აღიარა ბავშვისთვის მიყენებული ზიანი ადვოკატმა დამატებით მიმართა სასამართლოს და შეცვლილი გარემოებიდან გამომდინარე დააზუსტა საჩივრის მოთხოვნები. კერძოდ, ითხოვა დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში ასახულიყო რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ფემიციდის გარკვეულ ეპიზოდებს ბავშვი შეესწრო.

სასამართლომ არ გაიზიარა PHR-ის პოზიცია და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადვოკატის მოთხოვნის დაკმაყოფილება დააზიანებდა ბრალდებულის უფლებებს, რადგან ბავშვის შესმწრედ ყოფნის აღიარებას შესაძლებელია ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის დამძიმება გამოეწვია.

ორგანიზაცია კატეგორიულად არ იზიარებს სასამართლოს მიდგომას და მიიჩნევს, რომ ბრალდებულის უფლებების დაცვა არ უნდა მოხდეს დაზარალებული ბავშვის უფლებების ხელყოფის ხარჯზე. მოცემულ შემთხვევაში კი მსგავსი კონკურენცია ფაქტობრივად არ არსებობდა, რადგან ადვოკატის მხრიდან ბავშვისთვის მიყენებული ზიანის დაზუსტება იქნა მოთხოვნილი.

გამომდინარე იქედან, რომ მოცემულ საქმეში ეროვნულ დონეზე, როგორც პროკურატურამ, ასევე სასამართლომ არ უზრუნველყო ბავშვის უფლებების სათანადოდ განხორციელება, PHR გააგრძელებს  ბავშვის ინტერესების დაცვას საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით.

 

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.