No one has ever become poor by giving

ოჯახში ძალადობის ერთ-ერთ რეზონანსულ საქმეზე სამართლებრივი პროცესების პარალელურად, როგორც დაზარალებულის, ისე ბრალდებულის ადვოკატების მიმართ სოციალურ მედიაში შეურაცხყოფისა და ზეწოლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციას ადვოკატმა ანა არგანაშვილმა მიმართა. ადვოკატის განცხადებით, მისი და მისი კოლეგების მიმართ სოციალურ ქსელში მუქარისა და პირადი შეურაცხყოფის შემცველი განცხადებები მასობრივ სახეს იღებს. 

იქიდან გამომდინარე, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაუშვებელია,  ადვოკატის საქმიანობაში ჩარევა და მასზე რაიმე სახით ზეწოლა და ამავდროულად, “დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა” წარმოადგენს დანაშაულს, ადვოკატთა ასოციაცია  შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს აღნიშნულ საკითხზე რეაგირების, ეფექტიანი გამოძიებისა და ადვოკატის მიმართ მუქარის განმხორციელებელი პირების იდენთიფიკაციის მოთხოვნით მიმართავს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ყურადღებით აკვირდება მუქარისა და ადვოკატის საქმიანობის ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტებს და მათზე ყოველთვის მოახდენს სათანადო რეაგირებას.

ადვოკატთა ასოციაციამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა.