No one has ever become poor by giving


PHR-მა სკოლის მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის მოთხოვნით სახალხო დამცველს მიმართა.

დათას, ისევე როგორც უამრავ ბავშვს ძალიან უყვარს “LEGO”-ს აწყობა. სწორედ ამიტომ დედის დახმარებით მან შპს „ნიუტონის რობოტიკის სკოლაში“ ლეგო რობოტიკის საცდელი გაკვეთილი გაიარა.  ეს მისი პირველი შეხება იყო ამ სკოლასთან.

ამიტომ როდესაც დათას დედამ ელ. ფოსტის მეშვეობით ამავე სკოლიდან საზაფხულო ბანაკის შესახებ შეტყობინება მიიღო ის სკოლას პირობების დასაზუსტებლად დაუკავშირდა. ბავშვის დედას აინტერესებდა შეძლებდა თუ არა დათა საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღებას. მან ასევე აცნობა სკოლას დათას შეზღუდული შესაძლებლობებისა (ბავშვს აუტისტური სპექტრის დიაგნოზი აქვს) და ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ, სკოლიდან მას თანხმობა უთხრეს. გამომდინარე ბავშვის საჭიროებებიდან მშობელსა და სკოლას შორის მოხდა შეთანხმება, რომ დათასთან ერთად მისი ქცევითი თერაპევტიც უნდა წასულიყო.  სკოლამ ამაზეც თანხმობა განაცხადა რითაც დათას საზაფხულო ბანაკში მონაწილეობა დაადასტურა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ქცევითი თერაპევტი ვეღარ ახერხებდა წასვლას, ამიტომ სკოლასთან შეთანხმებით, დათას ბებია უნდა გაჰყოლოდა.

2019 წლის 27 ივლისს, საზაფხულო ბანაკის დაწყებამდე ორი დღით ადრე, დათას დედას განუცხადეს რომ ბავშვის ბებიასთან ერთად გამგზავრება ვერ მოხერხდებოდა, რადგან სკოლა ვერ უზრუნველყოფდა ბებიის ღამის გასათევ ადგილს. მშობლის მხრიდან დამატებითი განმარტებების მოთხოვნის შემდეგ, სკოლამ განაცხადა, რომ თერაპევტის დაბინავებას სხვა ტუტორებთან ერთად აპირებდნენ, რაც ვერ დააკმაყოფილებდა დათას საჭიროებებს, რადგან იგი ღამე მარტო ძილს მიუჩვეველია. ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებაზე შეთანხმება კი საზაფხულო ბანაკის დაწყებამდე გაცილებით ადრე მოხდა.

ბავშვის დედამ სკოლის მხრიდან მსგავსი საქციელი შშმ სტატუსის გამო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შენიღბვის მცდელობად მიიჩნია, რადგან სკოლას არ გააჩნდა სხვა მიზეზი, უარი ეთქვათ ბავშვის ბებიისთვის საზაფხულო ბანაკში გაყოლაზე. თუ სკოლას შეეძლო ქცევითი თერაპევტის ღამის გასათევით უზრუნველყოფა, რატომ ვერ შეძლებდა ბავშვის ბებიისთვის? ან რატომ შეატყობინეს ეს ფაქტი საზაფხულო ბანაკის დაწყებამდე მხოლოდ 2 დღით ადრე?

დათას დედამ იურიდიული დახმარებისთვის ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართა.

აღსანიშნავია, რომ შპს “ნიუტონის რობოტიკის სკოლის” ქმედება ითვლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის გონივრულ მისადაგებაზე უარის თქმად, რომელიც გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით მიჩნეულია დისკრიმინაციის ერთ-ერთ სახედ. ამ მუხლის მიხედვით გონივრული მისადაგება ნიშნავს:

„ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი მოდიფიკაციებისა და კორექტივების განხორციელებას, რაც არ იწვევს არაპროპორციულ ან მძიმე ტვირთს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და თავისუფლებების ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზებას.“

კონვენციის მიხედვით შშმ პირები უნდა განიხილებოდნენ, „როგორც ადამიანები, რომლებსაც აქვთ უფლებები, მინიჭებული ადამიანის ყველა უფლებისა და ფუნდამენტური თავისუფლების განსახორციელებლად სხვებთან თანაბარ პირობებში, რაც მოიცავს საჭიროების შემთხვევაში მატერიალური მხარდაჭერის უზრუნველყოფას“. განსაზღვრებაში სიტყვის „შესაბამისი“ გამოყენება გულისხმობს, რომ მისადაგება უნდა იყოს ეფექტიანი იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა შეძლონ თავიანთი უფლებების განხორციელება სხვა ადამიანებთან თანაბარ პირობებში. გონივრული მისადაგების პიროვნებაზე ორიენტირებული ხასიათი ამგვარად მოითხოვს პასუხისმგებელი პირებისგან, თავი შეიკავონ ვარაუდების გამოთქმისაგან იმასთან დაკავშრებით, თუ რა შეიძლება იყოს კონკრეტული პირისთვის ყველაზე შესაფერისი, და მოითხოვს, რომ ამის ნაცვლად ისინი ჩაერთონ დიალოგში ამგვარ პიროვნებასთან იმ საკითხზე, თუ როგორ შეიძლება შესაბამისი არასახარბიელო პირობების ყველაზე ეფექტიანად დაძლევა“. ვინაიდან სკოლამ დათასთვის ვერ უზრუნველყო შესაბამისი, ბავშვისთვის აუცილებელი გარემოს შექმნა, ვფიქრობთ რომ სახეზეა გონივრულ მისადაგებაზე უარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე #PHR-მა სკოლის მხრიდან მსგავსი მიდგომა დისკრიმინაციად მიიჩნია და ამ ფაქტის დასადგენად მიმართა სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტს.