No one has ever become poor by giving


რა არის დამცავი/შემაკავებელი ორდერი და რა შემთხვევაში ხდება მისი გამოცემა?

დამცავი/შემაკავებელი ორდერი არის სასამართლოს/პოლიციის მიერ გამოცემული აქტი, რომელიც გამოიცემა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის დროს. ორდერით განისაზღვრება მოძალადეთა შეზღუდვები და მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

როგორ დაიწყო საქმე?

2016 წლის 4 თებერვალს ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემა, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიმართ, რომლებსაც წარმოადგენენ: საქართველოს პრეზიდენტი, საქართელოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრი; აფხაზეთის და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები; მოქმედი კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებიდან (2006 წ) განსახილველ პერიოდამდე, გაცემულა თუ არა ძალადობის საფუძველზე დამცავი და შემაკავებელი ორდერი. შსს-მ ორგანიზაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

უარის საფუძველზე PHR-მა სასამართლოს მიმართა,  სადაც ამტკიცებდა რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ორდერების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო.

პირველი ინსტანციის სასამრთლომ ორგანიზაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა რასაც შსს-ს მხრიდან სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება მოჰყვა. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა, რასაც უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება მოჰყვა. უზენაესმა სასამართლომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ მღებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა და წერტილი დაუსვა 4 წლიან დავას. 

რა არის საჯარო ინფორმაცია?

“საჯარო ინფორმაცია” არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს მოთხოვნილი, მათ შორის ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი, საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ, ან არა უგვიანეს 10 დღისა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა რაც გასაჩოვრდა შსს-ს მიერ. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ხოლო განმეორებით გასაჩვრების შედეგად უზენაესმა სასამართლომ, დაშავებადაც კი არ ცნო შსს-ს საჩივარი.


რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ეს არის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რაც ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, ინფორმაციის საჯაროობის გზით, ამკვიდრებს პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ უმაღლესი საზოგადოებრივი კონტროლის სტანდარტს. აღნიშნული სტრატეგიული საქმის საფუძველზე, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება გაიგოს პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან თუ არა ოჯახში მოძალადეები ან როდესმე გამოცემულა თუ არა მათ მიმართ ქალზე ძალადობის გამო შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერი.

ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის” გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის და პარლამენტის ყველა წევრზე, საქართველოს პრეზიდენტზე, მათ მიმართ 2006 წლიდან დღემდე, გაცემულია თუ არა შემაკავებელი ან დამცავი ორდერი. მიღებულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საზოგადოებას.
გამომდინარე იქიდან რომ 2020 საარჩევნო წელია, როგორც კი ცნობილი გახდება პოლიტიკურ პარტიათა საარჩევნო სიები, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატების თუ პარტიული მაჟორიტარული კანდიდატების ვინაობა, ორგანიზაცია დეპუტატობის კანდიდატების შესახებაც გამოითხოვს იგივე ინფორმაციის. გვჯერა რომ როგორც მოქმედი თანამდებობის პირების ისე კანდიდატების შესახებ ამგავრი ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.