No one has ever become poor by giving


2021 წლის 16 მარტს  ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა პლატფორმამ სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან. კერძოდ, შეხვედრა გაიმართა სახალხო დამცველის მოადგილესთან, ეკატერინე სხილაძესთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის თანამშრომლებთან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა შშმ ქალების და გოგოების წინაშე არსებული ძირითადი პრობლემების განხილვა და მათი პოლიტიკის დღის წესრიგში აქტიურად დაყენების გზების განსაზღვრა მათი დროული და ეფექტური გადაჭრისათვის. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს, სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში მომზადებული საპარალამენტო და სპეციალურ ანგარიშებში განხილულ თემებში შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის თემების მეინსტრიმინგზე. განსაკუთრებით გამოიყო პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშებში შშმ ქალებისა და გოგოების წინაშე არსებული გამოწვევების ასახვის მნიშვნელობა.

სამომავლო თანამშრომლობისა და შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის მიზნით ერთიანი მიდგომების დანერგვისათვის გადაწყდა, რომ სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან მოხდება პლატფორმის წევრების ცოდნის გაზრდა სახალხო დამცველის საქმიანობისა და მათთვის აქტუალურ შინაარსობრივ თემებზე, როგორებიცაა: ძალადობა, თანასწორობა და ა.შ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად ჩაერთვება პლატფორმის წევრებთან ერთად ქვეყანაში შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვისა და მათი გაძლიერების მიმართულებით.

ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა პლატფორმა წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების, ქალთა უფლებების თემაზე მომუშავე ორგანიზაციებისა და აქტივისტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოების მშობლების გაერთიანებას. პლატფორმის მიზანია შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების ადვოკატირება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ყველა სფეროში შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების მეინსტრიმინგი.

პლატფორმა ჩამოყალიბდა 2020 წელს პროექტის ,,ქალთა გაერთიანება - საქართველო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და გოგონათა ხმის გასაძლიერებლად“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ორგანიზაციები ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და ,,ქალი და რეალობა“. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და გაერის მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით.