No one has ever become poor by giving

ყველას გვახსოვს 12 წლის ბავშვის ისტორია, ბავშვმა 2021 წლის მაისში ხილი უნებართვოდ დაკრიფა, რის შემდეგაც ხილის მეპატრონეებმა ბავშვი დაამცირეს და მასზე იძალადეს.

ისიც გვახსოვს, რომ 2021 წლის 15 ოქტომბერს გორის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურას დარღვევა დაუდგინა და 12 წლის ბავშვის დაზარალებულად ცნობა დაავალა: ერთი პირის მხრიდან დამამცირებელი მოპყრობის, ხოლო მეორე პირის მხრიდან ძალადობის მუხლით.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების მოთხოვნით PHR-მა უკვე სამჯერ მიმართა გორის რაიონულ პროკურატურას, ხოლო 2021 წლის 27 ოქტომბერს გადაწყვეტილების შესრულების მოთხოვნით  პროკურატურას დამატებით სასამართლომაც მიმართა,  გორის რაიონული პროკურატურა დღემდე არ უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას, რითაც არღვევს ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას და ზიანს აყენებს ბავშვის ინტერესებს.

საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის თანახმად სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად  წარმოადგენს დანაშაულს.

შესაბამისად, 2021 წლის 08  ნოემბერს PHR-მა განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ითხოვა გამოძიების დაწყება სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე და გორის რაიონული პროკურატურის მიერ ბავშვის უფლებების უხეში დარღვევისა და მიკერძოებულობის გამო, სისხლის სამართლის საქმის სხვა სტრუქტურული ერთეულისადმი დაქვემდებარება. 

PHR აგრძელებს ბავშვის უფლებების დაცვას. 

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება USAID/PROLoG ფინანსური მხარდაჭერით.