PHR-ი არაერთი წელია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საქართველოში და რეგულარულად ხვდებიან სხვადასხვა დღის ცენტრისა და დახურული ტიპის დაწესებულებების წარმომადგენლებს.
2021-2022 წლის განმავლობაში, პროექტ „შშმ ქალთა და გოგონათა მხარდაჭერა, მათი გაძლიერება და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა“ -ს, ფარგლებში, რომელიც პარტნიორი შვედური ორგანიზაციის, RFSU-ს მხარდაჭერით ხორციელდება ორგანიზაციის თანამშრომლები არაერთი დღის ცენტრისა და დახურული ტიპის დაწესებულების წარმომადგენელს შეხვდნენ.
ამ შეხვედრებისას გამოიკვეთა რომ აღნიშნული დაწესებულებების წარმომადგენლების უმეტესობა არ ფლობს შესაბამის ცოდნას და არ არის ინფორმირებული ბენეფიციართა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების შესახებ. სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მათ გადამზადებას. იმისათვის რომ აღმზრდელებმა/მომვლელებმა შეძლონ საკუთარი ბენეფიციარების დახმარება ამ უფლებების რეალიზებაში, პერსონალის გადამზადება ერთ-ერთო მნიშვნელოვანი კომპონენტია.
სწორედ ამ შეხვედრებიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე და დღის ცენტრებსა და დახურულ დაწესებულებებში გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით, PHR-მა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შესთავაზა ორგანიზაციის მიერ 2021 წელს, ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტების მიწოდება და გაცნობა არსებული სერვის პროვაიდერებისთვის - დღის ცენტრებისთვის, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისთვის, მინდობით აღმზრდელებისთვის, სათემო ორგანიზაციებისთვის.
დოკუმენტები ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებს. მასალების მოძიება ჩვენს ვებგვერდზეცაა შესაძლებელი:
1. აბორტის სერვისის მიწოდების ზოგადი პრინციპები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის. დააჭირე აქ.
2.
შშმ გოგოების
მხარდაჭერა გარდატეხის (პუბერტატის) ასაკში. დააჭირე აქ.
3.
ინტელექტუალური
შეზღუდვის მქონე ადამიანების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები.
დააჭირე აქ.
საჭიროების შემთხვევაში
ორგანიზაციამ აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალისათვის ამ მიმართულებით
ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარებაც შესთავაზა.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტები გადაეგზავნა სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს. ასევე, სააგენტომ მზადყოფნა გამოხატა საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლოს PHR-თან ტრენინგების ჩატარების მიზნით.
PHR-ი აგრძელებს მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და გოგონათა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
პროექტი „შშმ ქალთა და გოგონათა მხარდაჭერა, მათი გაძლიერება და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა“ ხორციელდება RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.