შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, შშმ მშობელთა ორგანიზაციები და დამოუკიდებელი აქტივისტები განაგრძობენ ,,შშმ პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ადვოკატირებას. 2020 წლის 14 თებერვალს PHR-ის მონაწილეობით მომზადდა და საქართველოს პარლამენტს მიეწოდა საჯარო  განცხადება, რომელშიც დეტალურად არის განხილული კანონპროექტში არსებული ხარვეზები.

მიუხედავად იმისა რომ, კანონპროექტის დღეს არსებული რედაქცია გაუმჯობესებულია ცალკეულ ნაწილებში, შშმ თემაზე მომუშავე ორგანიზაციები და შშმ პირები და აქტივისტების კვლავ მოითხოვენ, სიტუაციის გათვალისწინებით ან გადაიდოს კანონპროეტის განხოლვა ან გაგრძელდეს ონლაინ გზით ფართო მსჯელობა, რათა მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა შეძლოს სრულფასოვნად ჩართვა კანონპროექტის განხილვაში. პარლამნეტმა განაგრძო განხილვები და 2020 წლის 18 მარტს ონლაინ რეჟიმში მოეწყო შეხვედრა, რომელშიც შშმ პირთა უფლებების დამცავი ორგანიზაციები, მათ შორის PHR-ი და შშმ პირები მონაწილეობდნენ.

ონლაინ კონფერენციისას განხილულ იქნა წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ არსებული შენიშვნები. მათ შორის:

  • ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ საჭიროა დამატებითი მექანიზმების შემუშავება და შესაბამისი ფორმატის მოფიქრება რათა მაქსიმალურად მეტმა შშმ პირმა შეძლოს განხილვაში მონაწილეობა;
  • PHR-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტში არ ხდება ისეთ მწვავე თემებზე ყურადღების გამახვილება, როგორებიცაა: დეინსტიტუციონალიზაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობა და მხარდაჭერის სისტემის გაძლიერება, კანონპროეტს გამორჩა ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპი როგორიცაა პროგრესიული რეალიზაციის პრინციპი, სამუშაო ადგილის მოდიფიცირების კონცეფცია და ა.შ. და საჭიროა აღნიშნული თემებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით ახალი კანონით ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა.
  • პირველ ონლაინ კონფერენციაზე მოხდა კანონპროექტის თემატური განხილვის დაწყება. კერძოდ, მონაწილეებმა დააფიქსირეს საკუთარი შენიშვნები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ტერმინოლოგია, ჯანმრთელობის უფლება, განათლების უფლება, სოციალური უფლებები, შრომა და დასაქმება და სხვა.
აღსანიშნავია, რომ PHR ახდენს შშმ ქალების და გოგონების სექსუალური და რეპროდუციული ჯანმრთელობის უფლების რეალიზების ადვოკატირებას ამ კანონში, ეს კი აუცილებელი პირობაა მათი გენდერული ძალადობისგან დაცვის და სხვა კონსტიტუციური უფლებების დაცვისთვის.

საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის თქმით, ონლაინ კონფერენციების გამართვა კვლავ გაგრძელდება, რომელზეც შესაძლებელი იქნება დარჩენილი საკითხების განხილვა.

PHR-ი აქტიურად გააგრძელებს კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას.