No one has ever become poor by giving

როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, 2022 წლის 29 მარტს, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ირმა მანუკიანის საქმეში ჩაერთო.

ირმა მანუკიანი, 2022 წლის 16 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხონის ფსიქიატრიულში იძულებით მკურნალობის მიზნით გააგზავნა

PHR-ის ადვოკატებმა 30 მარტს, ირმასთან შეხვედრის და მისი სურვილის გაგებისთანავე, დაიწყეს ირმას საქმეზე მუშაობა. 

რაზე დაყრდნობით გადაიყვანეს ირმა ხონის ფსიქიატრიულში?

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ეს გადაწყვეტილება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო:

დასკვნა ეყრდნობოდა ექსპერტთა ისეთ შეფასებებს, რომელიც თავისი არსით დისკრიმინაციულია, ხოლო პროცესი სრულად ეწინააღმდეგება გაეროს შშმ პირთა კონვენციას. მაგ. კონკრეტული ქცევა, რომელიც არა შშმ პირის შემთხვევაში ნორმად ითლება, ირმას ფსიქიკური აშლილობის სიმპტომად ჩაუთვალეს.

მაგალითად, ექსპერტები შეშფოთებით მიუთითებენ: „არ იჩენს ექსპერტიზის მიმართ ინტერესს, თითქოს ერთი სული აქვს, როდის დამთავრდება პროცედურა.

ექსპერტები აღნიშნავენ: „გვიყვება რომ უსახლკაროა და თავშესაფარი არსად აქვს, თუმცა ემოციურად ეს არანაირად აისახება მის განწყობაზე“ დასკვნის მკითხველს ექმნება განცდა, რომ ირმამ თავისი ემოციები ექსპერტებისთვის მისაღები ფორმით ვერ გამოხატა და სწორედ ამის გამო ჩათვალეს ხონში გასაგზავნად.

ირმასთან შეთანხმებით, PHR-ის ადვოკატებმა, 2022 წლის პირველ აპრილს მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს. ვინაიდან, ხონის ფსიქიატრიულმა უარი თქვა ირმასთვის ვადამდელი შეფასების ჩატარებაზე, ადვოკატები ითხოვდნენ სასამართლოსგან: დავალებოდა ხონის ფსიქიატრიულს ირმასთვის ვადამდელი შეფასების ჩატარება. ადვოკატების მოთხოვნა ეფუძნებოდა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს და მტკიცებულებებს, რომელიც იძლეოდა კომისიის მხრიდან განსხვავებული დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რის საფუძველზეც შეწყდებოდა ირმას უკანონო იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს უარი, ირმასთვის ვადამდელი შეფასების ჩატარებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ (მოსამართლე ციცინო როხვაძე) ადვოკატებისთვის გაუგებარი და უცნაური მიზეზით უარი უთხრა ირმას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე:

განჩინებაში არაერთ უზუსტობას და ბუნდოვანებას ვხვდებით, მათ შორის:

სასამართლო: მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი სრულიად ეყრდნობა განმცხადებლების შეფასებას და ინტერნეტ გამოცემების ამონარიდებს“ - განვმარტავთ, რომ საქმეში არც ერთი ინტერნეტ გამოცემის ამონარიდი არ იდო

სასამართლო: მარტოოდენ ზოგადი განმარტებებით გლობალურ და ლეგიტიმურ მიზნებზე მსჯელობა არ არის საკმარისი სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის გამოყენებისათვის - ადვოკატების შუამდგომლობაში „გლობალური და ლეგიტიმური მიზანი“ ნახსენები არ არის.

სასამართლო: „მიუხედავად იმისა, რომ იზიარებს შუამდგომლობის ავტორების შეშფოთებას და განწყობას ირმა მანუკიანის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე, უპირობოდ არ განსაზღვრავს, წარმოდგენილი შუამდგომლობაში მითითებული ფორმულირებით მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს“.

ადვოკატები განმარტავენ, რომ ირმა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში არ არის მოთავსებული. აგრეთვე, იგი არ გადის „არანებაყოფლობით მკურნალობას“, არამედ „იძულებით მკურნალობას“. მკითხველისთვის კი უნდა ავხსნათ, რომ „არანებაყოფლობითი მკურნალობა“ და „იძულებითი მკურნალობა“ ორი განსხვავებული სფერო და ინსტიტუტია და სრულიად სხვადასხვა დროს გამოიყენება. გადაწყვეტილების დასაბუთება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლე სხვა საქმეზე საუბრობს და არა ირმას საქმეზე, რომელიც სრულიად სხვა დაწესებულებაში, სრულიად სხვა ტიპის „მკურნალობას“ გადის. სამწუხაროა, რომ სასამართლოს არ გამოუხატავს სურვილი გასაუბრებოდა ირმას მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები ითხოვდნენ ზეპირ განხილვას, რა დროსაც მოსამართლეს უშუალოდ მისგან შეეძლო გაეგო სად არის იგი მოთავსებული და რა ხდებოდა სინამდვილეში.

ირმას ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

და RFSU -ს ფინანსური მხარდაჭერით.