No one has ever become poor by giving

2021 წლის 26 მარტს სასამართლომ განიხილა მორიგი ფემიციდის ფაქტი, რასაც ბავშვებიც შეესწრნენ.  დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის ეტაპზე ვართ.  მოულოდნელად, ბრალდებულის ადვოკატი 10 წლის ბავშვზე ამბობს: „მისი ჩვენება მოვისმინე, მშვენივრად იყო იცინოდა, რაღაცეებზე ლაპარაკობდა, რა ეტყობოდა იმას მსხვერპლის...“ მოსამართლე შენიშვნის გარეშე ტოვებს ბავშვის მადისკრედიტირებელ კომენტარს, რომელიც ბავშვის ცხოვრებას შემდეგი რამდენიმე წელი დაღად დააჩნდება.

ეს იყო  მართლმსაჯულების ისტორიაში კიდევ ერთი დღე, როდესაც ბავშვების ადვოკატებმა უსუსურად ვიგრძენით თავი, ვინაიდან ბავშვის დაცვა ვერ შევძელით, ბავშვთა საკითხებზე სასამართლოს  დაბალი მგრძნობელობის გამო

ბრალდებულის ადვოკატებმა საუბარი დაასრულეს, მიკროფონს ვრთავ და მოსამართლეს ვეკითხები შეიძლება ფემიციდით ბავშვებისთვის მიყენებულ ზიანზე ვისაუბრო? პირველი სიტყვა რაც მოსამართლისგან მესმის არის „გაჩუმდი!“

რა თქმა უნდა არ ვჩუმდები, რადგან ბავშვებს ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად ადამიანების დუმილი აზიანებს.  მოსამართლეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლზე ვუთითებ და ვუხსნი, რომ ამის უფლებას კანონი მაძლევს.

კოდექსი ამბობს: დაზარალებულს უფლება აქვს სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მისცეს ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა, ან წერილობით წარუდგინოს სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია.

მოსამართლე უფრო გაბრაზებული ხმით მიმეორებს „გაჩუმდი!“  და აგრძელებს: „კანონები უკეთესად წაიკითხე.“

ცოტა ვიბნევი, ვცდილობ გავიხსენო ყველა საქმე, სადაც მოვითხოვე დაზარალებულად ცნობილი ბავშვის ხმის მიტანა სასამართლომდე. მახსენდება მოსამართლე იმავე სასამართლოდან, რომელსაც წერილობით მივწერე პოზიცია და განაჩენში იმსჯელა ამაზე. მეორე მოსამართლე, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ  არა მხოლოდ ზიანის შესახებ, არამედ ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე მკითხა პოზიცია.

თავს ვარწმუნებ, რომ რაღაც შეეშალა მოსამართლეს, არ ვნებდები და ისევ ვაგრძელებ: ბატონო მოსამართლე, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს განაჩენის გამოტანამდე რა ეტაპზე შეუძლია დაზარალებულმა ამ უფლებით ისარგებლოს, ვაპირებ სხვა მოსამართლეების პრაქტიკაზე მივუთითო, მაგრამ აზრის დასრულებას არ მაცლის და ახლა უკვე ყვირილით მპასუხობს: „გაჩუმდი!“

ძალიან დაძაბული ვპასუხობ: ალბათ, უკეთესი იქნება თუ სასამართლო დაზარალებული ბავშვების ადვოკატის მიმართ მეტ პატივისცემას გამოიჩენს.

მოსამართლე: (იცინის) და დარბაზში მსხდომ მხარეებს მიმართავს: „ჩემი სტუდენტი იყო, მაგრამ ეტყობა მე ვერ ვასწავლე კარგად უნივერსიტეტში, რადგან არც ლექტორი იცის, არც უფროს-უმცროსი, არც მოსამართლე, არც მოქცევა და არც კანონი.“

მოულოდნელობისგან ვშეშდები.

სხდომის დარბაზიდან ჩემი კოლეგების ქირქილი მესმის,  ეკრანიდან ვერ ვხედავ, მაგრამ ვხვდები რომ თავს უქნევენ მოსამართლეს, თან აგრძელებენ: „ხო, აშკარად ეტყობა რომ კარგად ვერ სწავლობდა.“ მოსამართლეც ღიმილით ეთანხმება.

ვხვდები, რომ თმენის ყველანაირი რესურსი მეწურება, მაგრამ მაინც მშვიდად ვპასუხობ რადგან მახსოვს, რომ ამ დროს ბავშვის ინტერესი უნდა გადავარჩინო და ჩემს მიმართ დისკრიმინაციულ კომენტარზე მერეც მოვახერხებ ანალიზის გაკეთებას: შეურაცხყოფას მაყენებთ ბატონო მოსამართლე და ვფიქრობ, ეთიკის ნორმები ასე მოქცევის უფლებას არ გაძლევთ.

მოსამართლე: (უფრო ხმამაღლა ყვირის) „გაჩუმდი! თორემ დაგაჯარიმებ!“

ვჩუმდები, რადგან ვხვდები რომ ამდენის უფლება თავს მხოლოდ იმიტომ მისცა  რომ ქალი ადვოკატი ვარ, თან ახალგაზრდა. ალბათ ისევ თავის სტუდენტი ვგონივარ, მაგრამ ნუთუ სტუდენტებისთვის ასე მიმართვა მისაღებად მიაჩნია? კითხვაზე პასუხი არ მაქვს. წარმოვიდგინე, რომ ვარ კაცი ადვოკატი, მაშინვე სხვაგვარად ლაგდება სურათი. რა თქმა უნდა კაცს ასეთი ტონით თითქმის არასდროს მიმართავენ სასამართლო დარბაზში. თავს არ აგრძნობინებენ დამცირებულად მის მიმართ ძალაუფლების  გამომხატველი კომენტარის გაკეთებით.

ვჩუმდები.  სიმწრით მახსენდება, რომ  ამ მოსამართლემ  ამავე საქმეში  უნდა იმსჯელოს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე.

ვფიქრობ, დავუშვათ, სიტყვის უფლება მოეცა ჩემთვის,  საიდან უნდა დამეწყო მასთან საუბარი? ბავშვთა უფლებებით თუ გენდერული თანასწორობით, ეთიკის ნორმებით თუ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლებით?   

ჩემს პრაქტიკაში პირველად არ ვიცოდი რაზე შეიძლებოდა მესაუბრა მოსამართლესთან, რომელსაც პირველ სიტყვად „გაჩუმდი!“ აღმოხდა.

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაზე ისევე როგორც წინა შემთხვევაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და დამოუკიდებელ ინსპექტორს მივმართავთ, თუმცა, ბავშვის ადვოკატები თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, როდესაც ჩვენ სასამართლო დარბაზში ბავშვის უფლებების დაცვის შესაძლებლობა არ გვეძლევა.


ბლოგის ავტორი: ანა თავხელიძე