გასულ კვირას PHR-ის წარმომადგენლები
ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის სპორტული კლუბის სპორტსმენებს შეხვდნენ. შეხვედრა პროექტ
„ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში გაიმართა.
აღნიშნულ პროექტს PHR-ი 2021 წლის გაზაფხულიდან
ახორციელებს. პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლების და პრევენციის მიზნით ახალგაზრდა
სპორტსმენებისთვის ძალადობის ფორმებზე და სექსუალურ შევიწროებაზე ინფორმაციის მიწოდება. პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა თვისებრივი და სამაგიდე კვლევები ქალთა მიმართ
სექსუალური ძალადობის შესახებ სპორტში.
ასევე ითარგმნა საერთაშორისო, მსოფლიო
დონის ათლეტების ისტორიები, სადაც ისინი საკუთარ გამოცდილებას და ბრძოლას უზიარებენ
ახალგაზრდა სპორტსმენებს.
შეხვედრის მსვლელობისას PHR-ის ადვოკატები ნიუ ვიჟენის სპორტული კლუბის წევრებს ესაუბრნენ საკუთარ უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებზე, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე სპორტის სფეროში, საერთაშორისო მაგალითებზე. ასევე გააცნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი მსოფლიო დონის ათლეტი ქალების ისტორიები ძალადობასა და შევიწროებაზე და იმაზე, თუ რა გავლენა იქონია ამ მოვლენებმა მათ ცხოვრებაზე და ისაუბრეს კვლევების მთავარ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე.
ნიუ ვიჟენის სპორტული კლუბის წარმომადგენლებს
ორგანიზაციის ადვოკატები არსებული რეგულაციების გამო ონლაინ რეჟიმში შეხვდნენ. შეხვედრა ინტერაქტიულ
რეჟიმში მიმდინარეობდა. სპორტული კლუბის წევრები აქტიურად იღებდნენ დისკუსიაში მონაწილეობას
და განიხილავდნენ ახლად მიღებულ ინფორმაციას.
ყველა მონაწილეს წინასწარ გაეგზავნა პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი მაისურები რომლებიც ქალი სპორტსმენების მხარდასაჭერად
შეიქმნა.
PHR-ი განაგრძობს შეხვედრებს სხვადასხვა
სპორტის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შეხვედრა გაიმართა პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში.