2020 წლის 25 ნოემბერს ორგანიზაციის ადვოკატებმა:
ანა არგანაშვილმა და ანა თავხელიძემ გამოაქვეყნეს საჯარო განცხადება მოსამართლის მხრიდან
ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში დაკითხვის დროს ბავშვების
უფლებების დარღვევის შესახებ. ადვოკატებმა
მალევე საჩივრით მიმართეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს
და მოითხოვეს მოსამართლის მიერ განხორციელებული ქმედების დისციპლინურ გადაცდომად შეფასება.
კერძოდ, მოსამართლემ ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეზე ბავშვების დაკითხვის პროცესს ნაწილობრივ დაასწრო ბრალდებული მშობელი.
დამოუკიდებელმა ინსპექტორმა იხელმძღვანელა
ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის
პრინციპით და დაასკვნა, რომ ბავშვების დაკითხვის პროცედურაზე ბრალდებული მშობლის ნაწილობრივ
დასწრებით, მოსამართლემ უგულებელყო არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და შექმნა მათი
მეორეული ვიქტიმიზაციის საფრთხე. კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლომ
სავარაუდო მოძალადე მამის სხდომათა დარბაზში ყოფნის პერიოდში მოუსმინა არასრულწლოვნებს
და ჰკითხა მათ იყვნენ თუ არა თანახმა ჩვენება მიეცათ ბრალდებული მამის სისხლის სამართლის
საქმეზე.
ინსპექტორმა მიუთითა, რომ ბავშვების
დაკითხვის ამგვარი წესი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. უფრო მეტიც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით იმპერატიულად
აკრძალულია, რომ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის
დროს, არასრულწლოვანი დაზარალებულის გამოკითხვა/დაკითხვა მოხდეს მოძალადე მშობლის თანდასწრებით.
შესაბამისად, მოსამართლის მიერ არასრულწლოვნების დაკითხვის პროცედურის ეტაპზე განხორციელებული
ქმედებებით ზიანი მიადგათ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რაც ობიექტური დამკვირვებლის
თვალში ლახავს სასამართლოს ავტორიტეტს და საფრთხის ქვეშ აყენებს სასამართლოს მიმართ
საზოგადოებრივ ნდობას.
სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.