PHR სამართლებრივ დახმარებას უწევს ქალთა საფეხბურთო კლუბის ექვს ფეხბურთელს, მათ შორის, ორი არასრულწლოვანია. საქმე ეხება ქალების მიმართ, მწვრთნელის მხრიდან, განხორციელებულ სექსუალურ შევიწროვებას და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას.

ქალი ფეხბურთელები ხანგრძლივი დროის განმავლობაში განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროვებასა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ქალთა საფეხბურთო კლუბის კაცი მწვრთნელისგან.  მწვრთნელის მხრიდან შევიწროება გამოიხატებოდა სექსუალური შინაარსის მიმართვებში, დაცინვაში, კრიტიკაში. ასევე სექსუალური შინაარსის ფიზიკური სავარჯიშო დავალებების მოთხოვნაში, ქალების გასახდელში უნებართვოდ შესვლაში,  ქალი ფეხბურთელების ეთნიკურ წარმოშობაზე ნეგატიურ მინიშნებასა და სხვა ქმედებებში, რომელიც ამცირებდა, ღირსებას ულახავდა ქალ სპორტსმენებს და მტრულ გარემოს უქმნიდა სამუშაო ადგილას.  მწვრთნელის მხრიდან ინტენსიური სექსუალური შევიწროვების ფაქტების გამო, ქალი ფეხბურთელები იძულებულნი გახდნენ ვადაზე ადრე შეეწყვიტათ სახელშეკრულებო ურთიერთობა კლუბთან და დაეკარგათ შემოსავალი.

ქალებმა სექსუალური შევიწროების გამო დარღვეული უფლებების დასაცავად მიმართეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველ კომიტეტს. კომიტეტმა გაიზიარა ქალი ფეხბურთელების პოზიცია და  სექსუალური შევიწროვებისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო, სამართლიანად შეწყვეტილად მიიჩნია ქალ ფეხბურთელებსა და კლუბს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება, მწვრთნელის მიერ, გასაჩივრებულია  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალში. აღნიშნულ საქმეზე სექსუალური შევიწროების მსხვერპლებმა ასევე მიმართეს სასამართლოს.

აღსანიშნავია, რომ მწვრთნელს, 2020 წლის ოქტომბერში გაცემული სარეკომენდაციო წერილით მხარს უჭერს მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი.

მიგვაჩნია, რომ სექსუალური შევიწროების და ეთნიკური დისკრიმინაციის თაობაზე დავა, მათ შორის, არასრულწლოვნების დაცვის მიზნით უნდა წარიმართოს კანონის სრული დაცვით, ობიექტურ პირობებში. გადაწყვეტილებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს სხვა გარეშე ფაქტორებმა. შესაბამისად, მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს დაუყოვნებლივ დისტანცირდნენ აღნიშნული დავისგან. 


ფოტო აღებულია ინტერნეტიდან*