2024 წლის 29 თებერვალს პროკურორისა და გამომძიებლის გადაწყვეტილებით შოვის საქმეში ჩართულ PHR-ის ადვოკატს, ანა თავხელიძეს, აეკრძალა საქმის მასალების გასაჯაროება (დოკუმენტაციის გამოქვეყნება, მესამე პირებისთვის გადაცემა). აღნიშნული გადაწყვეტილება ადვოკატის მიერ გასაჩივრდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, თუმცა უშედეგოდ. ამ ეტაპზე საჩივარს განიხილავს ქუთაისის საქალაქო სასამართლო.

 

მიგვაჩნია, რომ მსგავსი შეზღუდვის დაწესება ხელს უშლის დაზარალებულის უფლებამონაცვლის უფლებების ეფექტურ განხორციელებას და ამყარებს ვარაუდს გამოძიების მიკერძოებასთან დაკავშირებით.

2023 წლის 29 თებერვლის მონაცემებით სისხლის სამართლის საქმიდან იკვეთება შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები:

 

ცხედრების ადგილზე დაყოვნება და დასურათება

·      საქმის მასალებით დგინდება რომ სტიქიის ზონაში გარდაცვლილთა პოვნისას ცხედრების მონიშვნა არ განხორციელებულა, რაც შეუძლებელს ხდის დადგინდეს გარდაცვლილთა ადგილზე დაყოვნების ხანგრძლივობა.

·      საქმეში დღემდე არ არის იდენტიფიცირებული საჯაროდ გავრცელებულ კადრებში აღბეჭდილი იმ  ექვსი გარდაცვლილის ვინაობა, რომელთა ცხედრების შოვში მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დატოვება და დაყოვნება მოხდა.

·      მაშველების გამოკითხვის ოქმების თანახმად, ცხედრების პოვნისას გადაღებულ ფოტო-ვიდეო მასალასა და ლოკაციებს ისინი შტაბში აპლიკაციით „WhatsApp” გზავნიდნენ, თუმცა მასალას გაგზავნისთანავე შლიდნენ მობილური ტელეფონებიდან.  გამოძიების დაწყებიდან დღემდე PHR ითხოვს მაშველების მიერ გაგზავნილი აღნიშნული შეტყობინებების გამოთხოვას აპლიკაციიდან, რათა დადგინდეს და გადამოწმდეს მასალათა მოპოვების ზუსტი დრო, ლოკაცია და კომუნიკაციის მხარეები. ამ დრომდე გამოძიებას ინფორმაციის გამოთხოვა არ განუხორციელებია. 

 

მაშველების აღჭურვილობა

·      გამოკითხვის ოქმებში მაშველები უთითებენ, რომ მათ არ ჰქონდათ შესაბამისი აღჭურვილობა, რის გამოც მასაზე გადაადგილების მიზნით ისინი ადგილზე ნაპოვნ ფიცრებსა და თუნუქის ნაჭრებს იყენებდნენ.

 

დრონები

მედია საშუალებებში თვითმხილველი მოწმეების მიერ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2023 წლის 03 აგვისტოს სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დრონებს არ უმუშავია. საპირისპიროს ამტკიცებს გამოძიება:

·      საქმეში არსებული გამოკითხვის ოქმების მიხედვით 2023 წლის 03 აგვისტოდან სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი  5 დრონი მუშაობდა, თუმცა არცერთი მათგანით არ განხორციელებულა სტიქიის ზონის უწყვეტი გადაღება-ჩაწერა.  მხოლოდ 1 დრონით იქნა გადაღებული რამდენიმე ფოტო და ვიდეო (რამდენიმე წამიანი ჩანაწერი), თუმცა ამ დრომდე დადგენილი არ არის აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა.

·      მასალების თანახმად შსს-ს კუთვნილი დრონის მეშვეობით სტიქიის ზონის დათვალიერება დაიწყო 03 აგვისტოს დაახლოებით 18:07 წუთზე. საქმეში წარმოდგენილია რამდენიმე ფოტო-ვიდეო ფაილი, საიდანაც პირველი კადრი გადაღებულია 18:20 წუთზე, ხოლო ბოლო კადრი 18:48 წუთზე. შსს-ს თანამშრომლის განმარტებით, მან ამ დროის მონაკვეთში დაათვალიერა სტიქიის ზონა, თუმცა მასის ზედაპირზე გარდაცვლილი ან გადარჩენილი არავინ დაუფიქსირებია.  მაშინ როდესაც, დროის აღნიშნულ მონაკვეთში დაახლოებით 7 გადარჩენილი იმყოფებოდა მასაში, რომელთა დაფიქსირებაც დრონის გამოყენების პირობებში შესაძლებელი იყო.

·      ყურადსაღებია გარემოება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის განმარტებით, მან დრონით გადაღებული კადრები წაშალა დრონიდან, მეხსიერების სიმცირის გამო და ზემოხსენებული კადრები პირადი მობილური ტელეფონით გადაგზავნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიულ საინფორმაციო ცენტრში.  საქმის მასალებით დგინდება, რომ კადრების წაშლის შემდეგ მას ახალი კადრების მეხსიერების ბარათზე ჩაწერა არ განუხორციელებია.

·      გამოძიებამ ამ დრომდე ვერ დაადგინა იმ ტურისტის ვინაობა, ვინც სტიქიის ზონაში პირველი კადრები დრონით გადაიღო. საქმეში არ მოიპოვება ტურისტის დრონით გადაღებული კადრების ჩანაწერებიც.

 

შვეულმფრენები

·      სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ შვეულმფრენების ჩართვასთან დაკავშირებით სასაზღვრო პოლიციაში მოთხოვნა 03 აგვისტოს 15:56 წუთზე შევიდა, მაშინ როდესაც პირველი ზარი „112“-ში 15:07 წუთზე განხორციელდა და პირველი და შემდგომი შეტყობინების ავტორები ვერტმფრენის ჩართვის გადაუდებელ საჭიროებაზე მიუთითებდნენ.

·      გამოკითხვის ოქმების თანახმად სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ორივე შვეულმფრენს ჰქონდა მხოლოდ აფრენა-დაჯდომისთვის გარე განათების ფარები და არა ღამე განათების ფუნქცია, რაც შესაძლებელს გახდიდა აღნიშნული შვეულმფრენის ღამე გამოყენებას.


შეტყობინებები


·      2023 წლის 03 აგვისტოს სტიქიის შესაძლო განვითარების შესახებ გამაფრთიხლებელი შეტყობინება  ონის მუნიციპალიტეტის მერიას  არ მიუღია. საქმის მასალებით დგინდება, რომ საინფორმაციო ბაზა, რის მიხედვითაც სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს გამაფრთხილებელი შეტყობინებები უნდა გაეგზავნა, რამდენიმე წელია არ განუახლებია. შედეგად კი, გამაფრთხილებელი შეტყობინებები ონის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერსა და თანამშრომლებს გაეგზავნათ.  გარდა ონის მუნიციპალიტეტისა,  საგენტოს მიერ შეტყობინებები არაუფლებამოსილ პირებთან გაიგზავნა სხვა არაერთ მუნიციპალიტეტსა თუ უწყებაში.
 


შოვში სტიქიურ მოვლენათა წინარე ისტორია

·      ინტერნეტ სივრცესა და მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კურორტ შოვში სტიქია წარსულშიც არაერთხელ მომხდარა, მათ შორის 2017 და 2020 წლებში.  აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებები.  მიუხედავად PHR-ის არაერთი მოთხოვნისა, ამ დრომდე აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეში რელევანტური მტკიცებულებები შეგროვებული არ არის, მათ შორის კითხვები არ დასმულა შესაბამის პირებთან.

 

საქმეში კვლავ პრობლემად რჩება:

·      გამოძიების წარმოება არასრული კვალიფიკაციით;

·      გამოძიების  მიკერძოებულობა და საქმისწარმოება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ;

·      ადვოკატებისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალებზე სრულფასოვანი წვდომის შეზღუდვა;

·       გადარჩენილების დაზარალებულად აღიარებაზე უარი.

 

შოვის საქმესთან დაკავშირებით PHR-ის წინა განახლებას (05.10.23) შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:  https://www.phr.ge/search/633

 

საქმეზე მუშაობს PHR-ის ადვოკატი ანა თავხელიძე.