2023 წლის 12 ოქტომბერს ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართა ფეხბურთის ფედერაციას და მოითხოვა ორი მწვრთნელისთვის უფლებამოსილების შეჩერება, ფეხბურთელი გოგოების მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების გამო, რაც სასამართლო გადაწყვეტილებებითაა დადასტურებული.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიმართა ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს (შემდეგში-კომიტეტი) და მოითხოვა საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მწვრთნელებისთვის დროებით, ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობის აკრძალვა. ორივე საქმეში, სადაც სასამართლომ დაადგინა ათლეტი გოგოების მიმართ სპორტში სექსუალური შევიწროება, ქალ ათლეტებს PHR-ი წარმოადგენდა.
კომიტეტი დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილებებს და მხედველობაში მიიღო მწვრთნელების მხრიდან საფეხბურთო საქმიანობის გაგრძელების შედეგად გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რისკი. ორივე შემთხვევაში „სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები საკმაოდ მწვავე ხასიათისაა და ამ საკითხზე სათანადო უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან შემდგომში უმოქმედობამ, შესაძლოა გამოიწვიოს გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანი“-აღნიშნულია კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღების დროს შეაფასა დისკრიმინაციის შესაძლო რისკის პრევენციის საჭიროება და მწვრთნელების ინტერესი, განახორციელონ საფეხბურთო საქმიანობა. თუმცა, თითოეულ შემთხვევაში, უპირატესობა დისკრიმინაციისგან დაცვის კონსტიტუციურ უფლებას მიანიჭა. შესაბამისად, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, მწვრთნელებს დროებით, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანამდე, აეკრძალოთ ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობა.
ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და პრეცედენტულია, რადგან კომიტეტმა პირველად მიიღო გადაწყვეტილება მწვრთნელებისთვის საფეხბურთო საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სექსუალური შევიწროების გამო. გადაწყვეტილება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქალი ათლეტების, მათ შორის არასრულწლოვნების სექსუალური შევიწროებისგან დაცვისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით.
სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.