წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2017 წლის იანვრიდან ნოემბრამდე.
ავტორები: ანა არგანაშვილი; ნანა გოჩიაშვილი; „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” სახელით.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში 871 532 ბავშვია, რომელთაგან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით ოფიციალურად რეგისტრირებულია 10 0692 . იმავე აღწერის მონაცემებით, 25 925 ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი ან ოჯახის წევრი აღნიშნავს, რომ ბავშვს აქვს გარკვეული ტიპის შეზღუდული შესაძლებლობა ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა.

ეს მაჩვენებლები ქვეყნის საბჭოთა წარსულის ანარეკლია, როცა პირის შეზღუდულ შესაძლებლობას არ აღიარებდნენ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სამედიცინო დიაგნოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აშკარად იყო გამოხატული. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს არ განუახლებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრაციის სისტემა. ოფიციალური ადმინისტრაციული ორგანოები ბავშვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსს მხოლოდ მაშინ ანიჭებენ, როცა გამოვლენილია კონკრეტული დიაგნოზისათვის დამახასიათებელი სიმპტომები და არ ითვალისწინებენ ბავშვების სოციალური და საგანმანათლებლო ჩართულობის რეალურ საჭიროებებს. ეს შეზღუდული შესაძლებლობების გაგების სამედიცინო მოდელია, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის სტანდარტებს ეწინააღმდეგება.