2021 წლის 26 მარტს ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა პლატფორმის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლებთან. სამუშაო შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო გაეროს მთავრობათაშორისი ორგანოს - ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის მუშაობის მიზნებისა და მიმართულებების გაცნობა, ასევე, შეხვედრის მონაწილეებისათვის კომისიის 2021 წლის შეთანხმებული დასკვნებიც გაცნობა.  

ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის მუშაობის მიზნებისა და 2021 წლის შეთანხმებული დასკვნების გაცნობის შემდეგ, გაიმართა დისკუსია, რომელიც მიზნად ისახავდა დასკვნების განხილვას საქართველოსა და შშმ ქალთა და გოგონების თემის საჭიროებების კონტექსტში. 2021 წლის კომისიის შეთანხმებული დასკვნები ხუთი ძირითადი მიმართულებით აკეთებს აქცენტს და მოუწოდებს სახელმწიფოებს ეფექტური ღონისძიებების გატარებას საკანონმდებლო, პოლიტიკისა და პრაქტიკის დონეზე. ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის მიმართულებით აღნიშნული ხუთი მიმართულებაა: ნორმატიული, საკანონმდებლო და საპროცესო პროცედურების გაუმჯობესება, საჯარო ცხოვრების ყველა სფეროში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და აღმოფხვრა, ინსტიტუციური რეფორმების გაძლიერება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობის მხარდაჭერისათვის ფინანსური რესურსების გაზრდა, ქალთა ხმის გაძლიერება საზოგადოებრივ ცხოვრების ყველა სფეროში თანასწორობის პრინციპის დაცვით.

გაეროს მთავრობათაშორისი ორგანო - კომისია ქალთა სტატუსის შესახებ - 1946 წელს შეიქმნა. აღნიშნული ორგანო გაეროს წევრ ქვეყნებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებას უწყობს ხელს. მისი შეხვედრები იმართება ყოველწლიურად ნიუ-იორკში. 2021 წელს პანდემიის გამო კომისიის დევიზი გახდა კომისიის მუშაობის დელეგატ ქვეყნებში ჩატანა (Bring CSW Home), რაც ითვალისწინებს შეხვედრების კომისიის წევრ სახელმწიფოებში ჩატარებას.  

ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა პლატფორმა წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების, ქალთა უფლებების თემაზე მომუშავე ორგანიზაციებისა და აქტივისტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოების მშობლების გაერთიანებას. პლატფორმის მიზანია შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების ადვოკატირება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ყველა სფეროში შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების მეინსტრიმინგი.

პლატფორმა ჩამოყალიბდა 2020 წელს პროექტის ,,ქალთა გაერთიანება - საქართველო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და გოგონათა ხმის გასაძლიერებლად“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ორგანიზაციები ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და ,,ქალი და რეალობა“. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და გაერის მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით.