2020 წლის 18 ივნისს თბილისში, გადამოწმების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს ბავშვი და მოსთხოვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რომელიც არასრულწლოვანს არ ჰქონდა. პოლიციის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს მისთვის ფოტოსურათის გადაღება, რასაც არასრულწლოვანის მხრიდან უარი მოყვა, უარის შემდეგ კი პოლიციელებმა მიიღეს არასრულწლოვნის დაკავების გადაწყვეტილება. ადგილზე შეკრებილმა ხალხმა პოლიციას არ მისცა არასრულწლოვნის დაკავების შესაძლებლობა. პოლიციის მიერ ბავშვის უკანონოდ დაკავების მცდელობისას ბავშვმა სხეულზე დაზიანებები მიიღო.

აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ ბავშვის წინააღმდეგ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა მალევე შეწყვიტა კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო.

2020 წლის 29 ოქტომბერს PHR-მა განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა არასრულწლოვანთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალების ასლების გადმოცემა.

რამდენიმე თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადვოკატს არ გადასცა მოთხოვნილი ინფორმაცია.

2020 წლის 15 დეკემბერს ადვოკატმა მასალების გადმოცემის მოთხოვნით განმეორებით მიმართა სამინისტროს. განმეორებით მოთხოვნიდან 20 დღის შემდეგ არასრულწლოვნის წარმომადგენელს გადაეცა საქმის მასალების ასლები, თუმცა  ადმინისტრაციული საქმისწარმოების  მონაწილე პირთა, მათ შორის ბავშვის დამკავებელი პირების, იდენტიფიცირების გარეშე.  

PHR-მა ბავშვის ინტერესების დაცვის მიზნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სახელმწიფო ინსპექტორმა იმსჯელა და დაადგინა, რომ მასალების გადაცემა არაგონივრულ ვადაში მოხდა. გადაწყვეტილების თანახმად შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი საქმიანობა შეასრულა არაჯეროვნად. კერძოდ, არაგონივრულ ვადაში,  არასათანადო ფორმით და  არასრულად მოახდინა განმცხადებლისათვის დოკუმენტაციის მიწოდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით .

ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინსიტროს დაევალა ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალების  სრულად გადმოცემა.

PHR-ი აგრძელებს ბავშვთა ინტერესების დაცვას.