არასრულწლოვანი რატი ყოჩაშვილის დავა უზენაეს სასამართლოშიც წარმატებით დასრულდა. უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჩივარი და ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს  ბავშვისთვის 7130 ლარის გადახდა დაეკისრათ.


უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა PHR-ის მიერ 2021 წლის 9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოგებულ მნიშვნელოვან დავას, რომელიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით პრეცედნეტულია. მოსამართლე დავით წერეთელმა დაადგინა, რომ  ქცევის დარღვევის ან კომუნიკაციის სირთულის მქონე ყველა შშმ პირს, ვისაც ესაჭიროება ზოგადი ანესთეზიით, ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების მიღება, სერვისი დაუყოვნებლივ და უფასოდ,  სახელმწიფოს დაფინანსებით უნდა მიეწოდოს.


,,დაევალოს საქართველოს მთავრობას შექმნას ისეთ მექანიზმი, რომელიც გამონაკლისის გარეშე, დაუყოვნებლივ, დააფინანსებს ყველა შემთხვევას, როდესაც არსებობს ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ზოგადი ანესთეზიის ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის საჭიროება.“ 


„სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გონივრულ ვადაში ეფექტიანად აღსრულება, რამდენადაც აღსრულება წარმოადგენს მთლიანად ამ უფლების საბოლოო მიზანს და არსს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს გზით უფლების დაცვა იქნება არასრული და არაეფექტიანი“ - მითითებულია მოსამართლის მიერ მიღებულ განჩინებაში. 


მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული  განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულებულიყო, საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლოს დავალების შესასრულებლად განჩინების გამოცემიდან 14 თვე დასჭირდა. შედეგად, სახელმწიფო უწყებების მხრიდან გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო 12 წლის რატიმ ვერ მიიღო სტომატოლოგიური მომსახურება ანესთეზიით სახელმწიფოს დაფინანსებით. ბავშვს უწევდა ტკივილის ატანა ხანგრძლივი დროის განმავლობაში და გაუუარესდა მდგომარეობა, კბილი რომელიც 2021 წლის ოქტომბერში დასაბჯენი იყო, ამოსაღები გახდა. ასევე, დაუზიანდა სხვა კბილებიც. ვინაიდან ბავშვი განიცდიდა აუტანელ ტკივილს, 2022 წლის ივლისში, რატის-ს დედამ ისესხა თანხა, რათა შვილს მიეღო სტომატოლოგიური მომსახურება. 


მიყენებული ზიანიდან გამომდინარე, 2022 წლის 30 ნოემბერს, ბავშვმა PHR-ის დახმარებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა  გადაწყვეტილების აღუსრულებლობით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. 2023 წლის 7 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ რატის საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბავშვის მოთხოვნა და ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას დააკისრა 7130 ლარის გადახდა არასრულწლოვანის სასარგებლოდ. 


„ეს განცდა ალბათ არასოდეს დამავიწყდება, ამდენი უსამართლობის შემდეგ, რაც კი წლების მანძილზე შემხვედრია რატის დიაგნოზიდან გამომდინარე, ეს იყო ერთგვარი შვება და ვიგრძენი საოცარი ძალა იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ვიგრძენი სამართლიანობა. ასევე, ძალას მაძლევდა ჩემს გვერდით მყოფი იურისტების განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომ მარტო არ ვიყავი ამ ბრძოლაში და მათ შეუძლიათ ყოველთვის დაიცვან შშმ პირთა უფლებები, რაც მე , როგორც დედას კიდევ უფრო მიმძაფრებს ბრძოლის უნარს რათა მომავალში მეტი შევძლო ჩემი შვილისთვის“.-თამუნა ელიკაშვილი, რატის დედა.


აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო უწყებებმა სააპელაციო და საკასაციო წესით გაასაჩივრეს. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოების საჩივარი დაუშვებლად ცნო. 


ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სახელმწიფოს დაფინანსებით სერვისის მიღება სამ კლინიკაშია შესაძლებელი, ესენია:  თბილისში - ჟვანიას პედიატრიული კლინიკა; ბათუმში - ხოზრევანიძის კლინიკა; ქუთაისში -  წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო და სარეაბილიტაციო ცენტრი. ჟვანიას პედიატრიული კლინიკა მომსახურებას უწევს არასრულწლოვნებს, ხოლო ქუთაისსა და ბათუმში სერვისის მიღება სახელმწიფო დაფინანსებით როგორც არასრულწლოვნებს, ასევე სრულწლოვნებს შეუძლიათ.


აღნიშნული გადაწყვეტილებით ყველა პირს, ვინც განიცადა მატერიალური და მორალური ზიანი სახელმწიფოს არაეფექტური მოქმედების გამო შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.


უზენაესი სასამართლო: ბადრი შონია, ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე;

თბილისის საქალაქო სასამართლო: დავით წერეთელი;

თბილისის სააპელაციო სასამართლო: ინგა კვაჭანტირაძე;

საქმეზე მუშაობდნენ იურისტები: თამარ კაპანაძე, ანა არგანაშვილი.