ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ფეხბურთის ფედერაციას მიმართა და მოითხოვა ორი მწვრთნელისთვის უფლებამოსილების შეჩერება ფეხბურთელი გოგოების მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტზე, რაც სასამართლო გადაწყვეტილებებითაა დადასტურებული.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავს ქალთა საფეხბურთო კლუბის „ქუთაისის მართვე“ და საფეხბურთო კლუბი „ნიკეს“ ყოფილი ქალი ფეხბურთელების ინტერესებს მწვრთნელების მხრიდან  სექსუალური  შევიწროების ფაქტზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 4 ივლისს დაადგინა „მართვეს“ მწვრთნელის მხრიდან 9 ქალი ათლეტის მიმართ სექსუალური შევიწროება. „ნიკეს“ მწვრთნელის მხრიდან კი 3 ათლეტი გოგოს, მათ შორის არასრულწლოვნების, სექსუალური შევიწროება 2022 წლის 18 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხოლო 2023 წლის 22 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დაადგინა. 

აღსანიშნავია, რომ სექსუალური შევიწროება სპორტში, მათ შორის ფეხბურთშიც, გლობალურად მწვავე პრობლემაა და საგულისხმოა, რომ ამგვარ ფაქტებზე ფიფა მყისიერად რეაგირებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფასა და უეფას წევრია, შესაბამისად, მისთვის ამ ორგანიზაციების სადისციპლინო და ეთიკის კოდექსი სავალდებულოდ შესასრულებელია. ამავდროულად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წარმოადგენს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილებები მწვრთნელის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებზე. მწვრთნელის მიერ სექსუალური შევიწროება ეროვნული და საერთაშორისო საფეხბურთო რეგულაციების თანახმად, სანქციებს, მათ შორის საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს, კერძოდ: ფიფას ეთიკის კოდექსი კრძალავს დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებას და ის მწვრთნელებზეც ვრცელდება.

სწორედ ამიტომ, ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციების გათვალისწინებით, ორგანიზაციამ 12 ოქტომბერს წერილობით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და სასამართლო გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, მწვრთნელების მიმართ სანქციის გამოყენება მოითხოვა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს შექმნას უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო ქალი ათლეტებისთვის. ამასთან, ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს გენდერული თანასწორობის კამპანიებში და მისი პრეზიდენტიც პოზიციონირებს, როგორც გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი. ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც, PHR იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დროულ და ეფექტიან რეაგირებას მოახდენს მისთვის ცნობილ ინფორმაციაზე, იმოქმედებს მასზე დაკისრებული მოვალეობებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და  ქმედით ნაბიჯებს გადადგამს იმ სხვა გოგოების, მათ შორის არასრულწლოვნების დასაცავად, რომლებსაც დღესაც უწევთ აღნიშნულ მწვრთნელებთან ურთიერთობა.  


სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.