PHR-ი არაერთი წელია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე. სწორედ ამ თემაზე, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ანა თავხელიძემ და სოფიკო მენაბდიშვილმა, ჩაატარეს ტრენინგი ადვოკატებისთვის, თემაზე: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების შესახებ".

შეხვედრის მსვლელობისას PHR-ის ადვოკატებმა მონაწილეებთან ერთად მიმოიხილეს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების შესახებ, ასევე ისაუბრეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ ძალადობაზე, არსებულ ხარვეზებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე.  

შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაიმართა და მას 23 ადვოკატი დაესწრო.

შეხვედრა პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების წვდომა სექსუალურ ჯანმრთელობასა და რეპროდუქციულ უფლებებზე" ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების სექსუალური ჯანმრთელობასა და რეპროდუქციული უფლებების (SRHR) ეფექტურ განხორციელებას როგორც ინსტიტუციონალური ცვლილებების გამოწვევით, ასევე საზოგადოების ინფორმირების გზით. პროექტის გუნდი მუშაობს ცნობიერების ამაღლების კამპანიებზე, ინფორმაციის ფართოდ გავრცელებაზე, როგორც პროფესიონალებში, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში, რითაც გვსურს გაიზარდოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების SRHR საკითხებზე ცოდნა, დღის წესრიგში დადგეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და გოგონათა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებაზე აქტიური მუშაობა.  


შეხვედრა RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.