2021 წლის 19 აპრილს PHR-მა დიდი ზომის ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით სპეციალური მოსარჩელის სტატუსით სტრატეგიული სამართალწარმოება დაიწყო. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბავშვების ინსტიტუციონალიზაციის პრაქტიკა წინააღმდეგობაში მოდის ბავშვის უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან, ასევე ქვეყანაში გაცხადებულ დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკასთან.

დიდი ზომის დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით, ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2021 წლის 19 აპრილს, დროებით განჩინების გამოცემის შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის ნინოწმინდის პანსიონატში ეფექტური მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობის მიცემა. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის წარმომდგენლები მიმდინარე წლის აპრილის თვეში ნინოწმინდის პანსიონატში არ შეუშვეს. იქედან გამომდინარე, რომ გარემო მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა მსგავს დაწესებულებებში მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელს აქვს, PHR-ის შეფასებით მონიტორინგში ხელშეშლა, მნიშვნელოვნად აზიანებს იქ მცხოვრებ ბავშებს და მათი უფლებების დარღვევის წინაპირობას ქმნის.

სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტები, რომლებზეც საუბარია სახალხო დამცველის აპარატის წინა წლების ანგარიშებში და ცალსახად მიუთითებენ, ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვის უფლებების ყოველმხრივ დარღვევებზე. ნიშანდობლივია, რომ სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების დასაბუთებისას არ გამოიყენა ბავშვის უფლებების დაცვის არცერთი საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტი, რაც კიდევ უფრო პრობლემურს და დაუსაბუთებელს ხდის გადაწყვეტილების შინაარსს. გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი ბავშვის უფლებათა კოდექსზე, რომელიც პირდაპირ კრძალავს ბავშვების ინსტიტუციონალიზაციას და ალტერნატიული მომსახურებების განვითარებაზე აკეთებს აქცენტს, ბავშვის უფლებათა კონვენციასა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრის მნიშვნელობაზე.

შესაბამისად, PHR-მა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და აჩვენებს ბავშვის უფლებების ცოდნის შესახებ სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს. ნინოწმინდის პანსიონატში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით, ორგანიზაციამ დღეს, 28 აპრილს სააპელაციო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ნინოწმინდის პანსიონატში სახალხო დამცველის მონიტორინგის განხორციელებაში ხელშეშლის აღმოფხვრა პანსიონატის ადმინისტრაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

PHR ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად მალე მოხდეს ქვეყანაში დეინსტიტუციონალიზაციის გეგმის შემუშავება და დიდი ზომის დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების უფლებების დარღვევის აღმოფხვრა.

გთავაზობთ ორგანიზაციის მიერ შუამდგომლობაში მოყვანილ ფაქტებს: 


1.   ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ბავშვთა უფლებების დარღვევას აქვს სისტემური ხასიათი და გრძელდება მრავალი წლის განმავლობაში, ჯერ კიდევ 2015 წლის ანგარიშში სახალხო დამცველი მიუთითებდა არაერთ დარღვევაზე (დანართი #4):


2.   დაწესებულებაში გავრცელებულია აღსაზრდელებს შორის ბულინგი: „საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში ბენეფიციართა გარკვეული ნაწილი მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან ბავშვებს შორის ბულინგის შემთხვევებზე საუბრობდა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ნინოწმინდის პანსიონში არსებული მდგომარეობა, სადაც ხშირია აღსაზრდელებს შორის ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.(დანართი #4, გვ. 41-42)


3.   დაწესებულებაში ხდება აღმზრდელების მხრიდან ბავშვებზე ძალადობა თავისუფლების შეზღუდვის, საკვების შეზღუდვის და დამამცირებელი, ღირსების შემლახველი მოპყრობის კუთხით: „მონიტორინგის ჯგუფის მიერ ბავშვებთან გასაუბრებით გამოვლინდა, აღმზრდელების მხრიდან, ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები: ნინოწმინდის პანსიონში გამოიკვეთა, რომ ბენეფიციარებს, დასჯის მიზნით ეკრძალებათ ოთახიდან გასვლა, უწევთ კვების ერთ-ერთი კომპონენტის გამოტოვება - მაგ. ვახშმის. ბენეფიციარების თქმით, ფიზიკური დასჯის მიზნით, არასრულწლოვნებს თავზე ხელებდაწყობილს, თანატოლების თვალწინ უწევთ დერეფანში მუხლებზე ხოხვით სიარული“  და სხვა. (დანართი #4, გვ. 41-42).

4. დაწესებულებაში რელიგიურ რიტუალებში ბავშვების იძულებით ჩართვა ხდება დასჯის მიზნით: „გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში ერთ-ერთ გავრცელებულ დასჯის ფორმას მეტანია წარმოადგენს. სტეფანწმინდის გიმნაზია-პანსიონის აღმზრდელები, ბავშვის რთული ქცევის შემთხვევაში, ბენეფიციარებს სასულიერო პირებთან აგზავნიან და სულიერი მამა ცოდვების მონანიების თუ დასჯის მიზნით ბავშვებს მეტანიებს აკეთებინებს: სასჯელის ზომად 50-100 მეტანია განისაზღვრება. ბენეფიციარები მეტანიების გაკეთების ვალდებულებაზე ლოცვების გამოტოვების შემთხვევაშიც საუბრობენ. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მეტანიების გაკეთების ვალდებულება ნინოწმინდის ბენეფიციარებსაც აქვთ, როგორც დასჯის ფორმა.(დანართი #4, გვ. 41-42).

5.   დაწესებულების აღმზრდელები ვერ აიდენტიფიცირებენ ბავშვთა მიმართ ძალადობას, შესაბამისად, არ ხდება ძალადობის აღრიცხვა, ბავშვების დაცვა, რეაბილიტაცია: „მონიტორინგის დროს გამოვლინდა, რომ სკოლა-პანსიონის სერვის მიმწოდებლები არ იცნობენ ძალადობის პრევენციისა და ძალადობის მართვის სტანდარტებსა და სამართლებრივ რეგულაციებს. ძალადობის იდენტიფიცირების და რეფერირების, ძალადობის მსხვერპლთა შემთხვევის მართვის სამართლებრივი რეგულირების საკითხებში სერვისის მიმწოდებელთა ცოდნის დაბალი დონე განაპირობებს, რომ არცერთი ბენეფიციარი არ არის იდენტიფიცირებული, როგორც ძალადობის მსხვერპლი და, ამდენად, მათ მიმართ არც შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიება ხორციელდება.(დანართი #4, გვ. 41-42).

6.   ბავშვებს, რომელთაც აღენიშნებათ რთული ქცევა, უსწორდებიან ძალადობით და დასჯით: „აღმზრდელების მხრიდან ბავშვის რთული ქცევის მართვის სათანადო უნარების არქონა მის მიმართ ძალადობრივი მოპყრობის მაპროვოცირებელი ხდება და არასრულწლოვნების დასჯა ბენეფიციარზე როგორც ფსიქოლოგიური ისე ფიზიკური ზემოქმედების ხასიათს იძენს(დანართი #4, გვ. 41-42).

7. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები: „მონიტორინგის ჯგუფის მიერ სამედიცინო პერსონალის, ბენეფიციართა ინტერვიუირების მონაცემებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის შეჯერებული შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონების ბენეფიციარები, მიუხედავად გადაუდებელი საჭიროებისა, ვერ იღებენ ადეკვატურ ფსიქოლოგიურ ან/და ფსიქიატრიულ დახმარებას. პანსიონის აღმზრდელები არ ფლობენ რთული ქცევის მართვის უნარ-ჩვევებს, დაწესებულებებში არ მუშაობენ პროფესიონალი ფსიქოლოგები. მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ პანსიონებში მუშაობენ ექიმები, რომლებსაც ფსიქიატრიული შემთხვევის მართვის გამოცდილება და ლიცენზირება არ აქვთ. ამდენად, კვალიფიციური ფსიქოლოგიური ან ფსიქიატრიული გამოკვლევა და შეფასება სკოლა/პანსიონის ბენეფიციარებს არ ჩატარებიათ“. (დანართი 4, გვ 14).

8.   ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს, რომელთაც აქვთ ქცევის დარღვევა, რაც ხშირად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემასთან არის კავშირში, არაკვალიფიციური პერსონალი უწევს დახმარებას, რაც მათვის არასათანადო სამედიცინო მომსახურებაა და პოტენციურად თვითდაზიანების და სხვათა დაზიანების საფრთხეს შეიცავს: „ნინოწმინდის სკოლა-პანსიონში, როგორც აღვნიშნეთ, ბავშვებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს პროფესიით პედაგოგი, რომელსაც ფსიქოლოგიის საკითხებში ტრენინგი აქვს გავლილი. განსაკუთრებით საყურადღებოა ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციართა ფსიქიკური ჯანმრთელობა. აღსაზრდელებში ხშირია ფსიქიკური პრობლემები, ქცევითი და ემოციური აშლილობა. მიუხედავად აღნიშნულისა, ბავშვებს ფსიქიატრიული გამოკვლევა არ ჩატარებიათ, არ მომხდარა მათი შეფასება და, შესაბამისად, მათ არც ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარება მიუღიათ.(დანართი 4, გვ. 14).

9. აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ბავშვთა უფლებების მონიტორინგი იზღუდება უკვე წლების განმავლობაში, სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, 2018 წელს მის წარმომადგენლებს შეუზღუდეს ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების შესაძლებლობა, რაც მონიტორინგის მთავარ ფუნქციას აზრს უკარგავდა. (დანართი #5).

10. 2018 წლის მონიტორინგის ანგარიშში სახალხო დამცველმა წარმოადგინა დასკვნა რელიგიური დაწესებულებების მხრიდან ბავშვზე ზრუნვის საქმიანობის გაწევასთან დაკავშირებით უფრო ფართე კონტექსტში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში ბავშვთა უფლებები სისტემურად ირღვევა და ნინოწმინდის პანსიონი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის (დანართი #6): სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით:

11. რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებული ბავშვთა დაწესებულებები ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებებს და დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმას: „ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში მყოფი სკოლა-პანსიონების (შემდგომში - რელიგიური პანსიონები) ფუნქციონირება ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება, რაც უკავშირდება პანსიონების ლიცენზირების, სახელმწიფო კონტროლის უმოქმედობის და სააღმზრდელო გარემოს ბენეფიციართა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ნაკლებად ორიენტირების პრობლემებს. ბავშვზე მზრუნველობის სახელმწიფო სისტემაში რეზიდენტული ტიპის დაწესებულება უნდა ქმნიდეს ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ სააღმზრდელო პირობებს, იყოს მცირე ზომის და უზრუნველყოფდეს ბავშვის კეთილსაიმედო ზრუნვას, განვითარებასა და უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს. ამის საპირისპიროდ, რელიგიური პანსიონების უმეტესობა დიდი ზომის ინსტიტუციაა, რაც დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მიზნებს არ შეესაბამება, პანსიონებში არსებული სააღმზრდელო პირობები კი, ვერ პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს“ (დანართი #6, გვ. 43).

12. სახელმწიფო არ აწარმოებს რელიგიურ დაწესებულებებში მყოფი ბავშვების აღრიცხვას, ასევე არ ამონიტორინგებს ამ დაწესებულებებში ბავშვთა მდგომარეობას: „განსაკუთრებით პრობლემურია, რომ პასუხისმგებელ უწყებებს დღემდე არ აქვთ ინფორმაცია რელიგიური პანსიონებისა და მათში ჩარიცხული ბავშვების ზუსტი რაოდენობის შესახებ, ხოლო უკვე იდენტიფიცირებულ დაწესებულებებში მეტად სუსტია სახელმწიფოს კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო თითქმის არ მონაწილეობს ბავშვების დაწესებულებაში ჩარიცხვისა და ამორიცხვის პროცესებში, არ კონტროლდება პანსიონებში არსებული სააღმზრდელო პირობები და გარემო. შესაბამისად, დაწესებულებაში შესვლა და დატოვება სახელმწიფოს პასუხისმგებელი უწყების მიღმა ხდება. ყოველივე ეს სრულიად დაუცველ მდგომარეობაში აყენებს ამ დაწესებულებების არასრულწლოვან ბენეფიციარებს(დანართი #6, გვ. 45).

13.   იმ რელიგიურ ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებშიც კი, რომელიც ლიცენზირებულია, არ არის ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებით მოთხოვნილი პირობები: „ზემოაღნიშნული პრობლემები ფიქსირდება ლიცენზირებულ პანსიონებშიც, სადაც ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის დაცვაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან რაიმე სახის კონტროლი ან ზედამხედველობა არ მიმდინარეობს. მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ ლიცენზირებულ პანსიონებში ყველა ბენეფიციარის შეფასება, განვითარებისა და სოციალური ფუნქციის ამამაღლებელი კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა, მათთვის ინდივიდუალური განვითარების გეგმების შედგენა ამ დრომდე არ განხორციელებულა(დანართი #6, გვ. 45).

14. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ რელიგიურ პანსიონებში ადგილი აქვს ბავშვთა უფლებების დარღვევის სისტემურ პრაქტიკას: „პანსიონებში ბავშვებს უმეტესად არ აქვთ საკუთარი აზრის, შეხედულების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა. დაწესებულებებში არსებული შეზღუდვები, აღზრდის მკაცრი წესი, არასრულწლოვანთა დიდი რაოდენობა, ნაკლებად ქმნის ოჯახთან მიახლოებულ ინკლუზიურ გარემოს. შესაბამისად, შემოწმების შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ დაწესებულებებში არსებული სააღმზრდელო პირობების მისადაგება ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტებთან, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს(დანართი #6, გვ. 45).

15. ბავშვთა მიმართ ძალადობაზე ბავშვები ვერ მიმართავენ დაცვის მიზნით შესაბამის უწყებებს: „საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგების თანახმად, ბავშვების სააღმზრდელო პროცესში, დასჯის მეთოდად შეიძლება გამოყენებული იყოს ყურის აწევა, თმის მოქაჩვა, კუთხეში დაყენება, რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის დროებითი შეზღუდვა, მეტანიების გაკეთება. აღნიშნულის პარალელურად, ბავშვებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ მსგავსი მოპყრობის გაპროტესტების, თავიანთი განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა და ისინი ეგუებიან არსებულ გარემოს. ერთ-ერთ დაწესებულებაში, კერძოდ, ნინოწმინდის პანსიონში არასრულწლოვნები თითქმის იზოლირებულები არიან სოციუმიდან, ამასთან, ბავშვებს არ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, თუ ვის შეიძლება მიმართონ თავიანთი უფლებების დაცვის მიზნით.(დანართი #6, გვ. 45).

16. რელიგიურ პანსიონებში, განსაკუთრებით ნინოწმინდის პანსიონში მყოფი ბავშვების ფაქტიურად იზოლირებული არიან სოციუმისგან და მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან: „ასევე, კვლავ პრობლემურია, რომ სკოლაში, რომელიც ნინოწმინდის პანსიონთან ტერიტორიულად საკმაოდ ახლოს მდებარეობს, ბავშვები ჯგუფების მიხედვით დაჰყავთ აღმზრდელებს, დერეფანში ელოდებიან და შემდეგ პანსიონამდე მიაცილებენ. ბავშვები აღმზრდელების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, მათ შორის, ეზოშიც და სკოლის დერეფნებშიც. პანსიონი შემოსაზღვრულია მაღალი გალავნით, რომლის დატოვების უფლება ასევე არ აქვს ბენეფიციარს აღმზრდელის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს საჯარო სკოლის საკლასო ოთახის ან პანსიონის ტერიტორიის გარეთ გასვლა დასჭირდება, აუცილებელია აღმზრდელთან შეთანხმება ან/და მისი გაყოლა. პანსიონის ადმინისტრაცია აღნიშნულ მოთხოვნას ბავშვების უსაფრთხოების დაცვით ხსნის, თუმცა, მეორე მხრივ, არასრულწლოვნებს, ფაქტობრივად, არ რჩებათ პირადი სივრცე, ვერ გადაადგილდებიან დამოუკიდებლად, რაც ვერ უზრუნველყოფს მათ მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.(დანართი #6, გვ. 47-48).

17. აღნიშნულ დარღვევებზე დიდი ხანია სახელმწიფოს აქტიური ქმედებისკენ მოუწოდებს არასამთავრობო სექტორიც, თუმცა სახელმწიფო არ ითვალისწინებს ამ მოთხოვნას: 2018 წელს კოალიციამ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის როგორც მედიით, ისე კორესპონდენციის მეშვეობით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოუწოდა რეაგირებისკენ, რელიგიურ ბავშვთა დაწესებულებაში ბავშვების დაცვის მიზნით, თუმცა სამინისტროს აღნიშნულზე ქმედითი ზომები არ მიუღია (დანართი #7).

18. რაც შეეხება სახელმწიფო უწყებების პოზიციას, მედიის საშუალებით საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება, რომ ისინი იაზრებენ რელიგიური ბავშვთა სახლების არსებობის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება დღემდე არ მომხდარა. მაგალითად, 2018 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ:  ,,სახელმწიფო პოლიტიკას ეწინააღმდეგება დიდი ზომის ბავშვთა სახლების არსებობა. ამის მიუხედავად, ქვეყანაში დღემდე ფუნქციონირებს ასეთი ტიპის ბავშვთა სახლები. სახელმწიფო აღიარებს, რომ რელიგიური ინსტიტუციების დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა სახლებს სათანადოდ ვერ აკონტროლებს. უფრო მეტიც, ბავშვთა სახლების დაფინანსების ძირითადი წყარო დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტია, რადგან საქართველოს საპატრიარქოც ბიუჯეტიდან ფინანსდება.“ (დანართი #8) 


19. აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული კონტროლი რელიგიურ ბავშვთა სახლებზე, სახალხო დამცველის ჩართვის გარეშე, იმთავითვე დაბალი ნდობით სარგებლობდა. ბავშვთა დაცვის ექსპერტების მხრიდან სახელმწიფო უწყებების პირველი შესვლა რელიგიურ ბავშვთა სახლებში შეფასდა როგორც არაეფექტური, ვინაიდან, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა იქ ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი დარღვევა, მაშინაც კი, როდესაც ეს დაწესებულებები ლიცენზირების გარეშე მუშაობდნენ. 2014 წელს გამართულ საჯარო შეხვედრაზე, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა საზოგადოებას რელიგიური დაწესებულების მონიტორინგის შედეგები გააცნო, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის „ევრიჩაილდის“ წარმომადგენელმა ანდრო დადიანმა განმარტა: „[ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის] ინსტრუმენტი ობიექტური სურათის მიღების საშუალებას არ იძლევა. განსაკუთრებით საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში, ძალადობის ფაქტები, რომც მომხდარიყო, ვერ დაიჭერდით. თქვენ ესაუბრეთ აღმზრდელებს და ბავშვებს. თქვენ გჭირდებოდათ მესამე მხარე.“ (დანართი 9. გვ. 2-3)

20. აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის სიმწვავეზე აგრეთვე ისაუბრა საერთაშორისო ორგანიზაციამ Disability Rights International, რომელმაც 2010-2013 წლებში საქართველოში ბავშვთა აღზრდის დაწესებულებების მონიტორინგის საფუძველზე დადო შემდეგი დასკვნა: „საქართველოში საეკლესიო თავშესაფრებზე კონტროლის, რეგულირების ან მონიტორინგის არარსებობა ყველა ბავშვს - განსაკუთრებით შშმ ბავშვებს დიდ საფრთხეში აგდებს.” კვლევაში წერია, რომ UNICEF-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თავშესაფრების კონტროლის მექანიზმი: „ეკლესია საქართველოს მოსახლეობაზე დიდ გავლენას ახდენს, ამიტომ ბავშვთა თავშესაფრები მგრძნობიარე პოლიტიკურ საკითხად გადაიქცა“. საქართველოს მთავრობის სოციალური დაცვის პროგრამების დეპარტამენტის დირექტორმა DRI-ის დაუდასტურა, რომ ეკლესიის დაწესებულებებს საქართველოში არ აქვთ სპეციალური ლიცენზია ბავშვების მისაღებად, მაგრამ, მიუხედავად ამისა „ძალიან ძნელი“ იქნება ეკლესიასთან შეჭიდება. გვატემალაში და მექსიკაში DRI-ს ბოლო გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ტრეფიკინგის აყვავება იწყება იმ დაწესებულებების დახურულ კარს მიღმა, რომლებიც ყოველგვარი კონტროლის, რეგულაციის ან რეგულარული მონიტორინგის გარეშე არიან დარჩენილები. მსოფლიოს ყველა კუთხეში სხვადასხვა ორგანიზაციების კვლევებმა გამოავლინა რომ რუსეთში, ჩინეთში, კამბოჯაში, პორტუგალიაში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში პროსტიტუციის მიზნით ბავშვები თავშესაფრებიდან ძალიან ხშირად გაჰყავთ“ (დანართი # 10)

21. აღსანიშნავია, რომ თავად საპატრიარქოს წარმომადგენლებიც მედიასთან აღიარებენ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მართლაც ხდება პრობლემები, თუმცა მათი მხრიდან დღემდე ამ პრობლემის მოგვარება არ დაწყებულა: „ერთადერთი, რომელ დაწესებულებაზეც შეიძლება ნაწილობრივ კრიტიკა მივიღოთ, არის ნინოწმინდის თავშესაფარი და იქაც მუშაობა დაწყებულია...“ ამბობს საპატრიარქოს სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავჯდომარე, იღუმენი ანდრია სილაგაძე. აგრეთვე არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ დაწესებულებებში მოსდით შეცდომები, ხარვეზები: ,,ასეთი გადაცდომა, შესაძლოა იყოს დამოკიდებული მასწავლებლის ცუდ ხასიათზე, მსგავსი რამ, ნებისმიერ დაწესებულებაში შეიძლება მოხდეს. მან შეიძლება, დაგროვილი აგრესია არასწორად გამოხატოს ბავშვთან, მაგრამ ეს არ არის დაწესებულების მართვის სტილი„ (დანართი #11).