თათია თათოშვილის ბლოგი

გავრცელებული მოსაზრებით, ეს მამაკაცების განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემების დამსახურებაა, რომელიც ყოველთვის სჯაბნის ქალისას.

ამის დასადასტურებლად ფეხბურთელებსაც ჩამომითვლით და მკითხავთ, აბა, რომელ ქალ ფეხბურთელს აქვს ასეთი ანაზღაურება?

ახლა კი მოგიყვებით ისტორიას, სადაც დამნაშავე არა ქალის შესაძლებლობები, არამედ საზოგადოების დამოკიდებულებაა.

ყველაფერი დაიწყო, მაშინ, როდესაც პირველად მივიღე მონაწილეობა კალათბურთის ჩემპიონატში. როცა მასწავლებელმა ამარჩია და მითხრა სპორტსკოლაში მივსულიყავი, კმაყოფილების გრძნობამ მთელ სხეულში გამიარა. სკოლის სპორტის გაკვეთილებზე ძირითადად ბურთიც და მოედანიც ბიჭების იყო. მიზეზი რომ გეკითხათ: “ბიჭები არიან, თქვენ შეგიძლიათ უყუროთ”. ამის გამო ხშირად პროტესტს სხვა ფორმებითაც გამოვხატავდი, მოედანზე უნებართვოდ შევდიოდი და ბიჭებს თამაშს ვუშლიდი, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან, ცუდად აისახებოდა ბავშვებთან ჯანსაღი კომუნიკაციის შენარჩუნებაზე და ვერც სრულფასოვანი თამაშის შესაძლებლობას ვიღებდი.

პრობლემა იყო არა ის, რომ ფეხბურთი მიყვარდა, არამედ ის რომ უთანასწორო და უსამართლო დამოკიდებულება ყოველთვის აგრესიას იწვევდა ჩემში.

ეს დაახლოებით ჰგავდა, შენს მეგობარს შოკოლადს რომ აძლევენ, შენც მის გვერდზე დგახარ, შეიძლება არც გინდა ტკბილეული, მაგრამ ვერ ხვდები, რა განაპირობებს ამ დიფერენციაციას.

ბავშვის თვალით დანახული უთანასწორობა კიდევ უფრო მწვავეა და ყველაზე ტრავმულიც, ალბათ, რადგან მოუმწიფებელი ფსიქოლოგიის გამო, შესაძლოა, დაადანაშაულო არა ის, ვინც უსამართლოდ მოგექცა, არამედ საკუთარი თავი, რომ არ ხარ საკმარისად კარგი.

სპორტის მასწავლებლის ამ სიტყვების შემდეგ კი თითქოს ბიჭების თანასწორად ვიგრძენი თავი. დამავიწყდა მაყურებლის სკამიდან ბიჭების ცქერა და უსიამოვნო შეგრძნებები, რომ ვიღაცას ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა.

კალათბურთს ნამდვილად არ ვთამაშობ კარგად. პროცესი მსიამოვნებს და ენერგიის დახარჯვა, მეგობრებთან ერთად წვიმიან ამინდში ტალახიანი ბურთით თამაში და ყოველი წარუმატებელი სროლის შემდეგ ცრემლნარევი სიხარული.

ჩემპიონატის შესახებ იმავე დღეს გავიგე და გაკვეთილების შემდეგ პირდაპირ გავემართე.

ჩემპიონატს საინტერესო თანმიმდევრობა ჰქონდა: ჯერ ბიჭები თამაშობდნენ, ყველა ინტერესით უცქერდა, ტაშს უკრავდა, ოვაციებს გამოხატავდა. ცალ ფარზე იყო თამაში. მეორე ფართან ვვარჯიშობდი და თან ვაკვირდებოდი მსვლელობას.

დადგა გოგონების ჯერი. დარბაზი დაცარიელდა. მხოლოდ რამდენიმე მასწავლებელი, მსაჯი და ჟიური დარჩა. ჰო, და კიდევ რამდენიმე ბიჭი, რომელიც “სანახაობას” ელოდა. ჩემი სკოლის გუნდს მე და ჩემი ორი მეგობარი წარმოვადგენდით. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ დროს ხშირად ვთამაშობდით, ცოტა გვეშინოდა კიდეც, კონკურენტების შესახებ არაფერი ვიცოდით.

გაისმა მსაჯის სტვენა და დაიწყო ყველაფერი თამაშის გარდა. დიახ, კალათბურთი არა, ბურთით სირბილი. მეტოქეები ბურთს ხელში იღებდნენ და ძირს არ აგდებდნენ სანამ კალათამდე არ მიიტანდნენ. რა თქმა უნდა, პროფესიონალი კალათბურთელი არცერთი ჩვენგანი იყო, მაგრამ ყველასთვის ცხადი იყო, რომ ბურთის ორ ხელში აღება და ამით სირბილი, აშკარად, სპორტის სხვა სახეობებში შედიოდა.

მსაჯების პასუხი რა იყო?

არაუშავს, გოგონების შეჯიბრია.

ამით ცხადი იყო, რომ იმაზე მეტსაც კი ვაკეთებდით, რასაც ჩვენგან ელოდნენ.

ჩვენ წესებით განვაგრძეთ თამაში. ამ ჩემპიონატზე გავიმარჯვეთ.


მაგრამ რა შეცვალა ამ თამაშმა?

ყოველთვის ვიცი, რომ ქალებს არ აღიქვამენ, როგორც სპორტის ნაწილად, არამედ ფორმალურ მხარედ, სადაც “გენდერული თანასწორობის” თანხვედრაშია ყველაფერი.

რა უთანასწორობა ხვდებათ ქალებს სპორტში?

ქალებს სპორტში უთანასწორობა არ ხვდებათ, რადგან სპორტი ყოველთვის ქალების გარეშე განიხილება, ეს კი უთანასწორობაზე ბევრად მეტია.

ახლა დავუბრუნდეთ დასაწყისში დასმულ კითხვებს.

საიდან იღებს ეს ყოველივე სათავეს?

ბავშვობიდან.

“ბიჭი ხომ არ ხარ ფეხბურთი ითამაშო“;

„გოგოსავით მოიქეცი“;

„თქვენ კლასობანა ითამაშეთ, ბიჭებს მოედანი დავუთმოთ“;

მაშინ, როცა თანამედროვე სამყარო გვეუბნება, რომ ვირწმუნოთ საკუთარი თავის და ყველაფრის გაკეთებას შევძლებთ, საიდან უნდა მიიღონ ქალებმა მოტივაცია ან თვითრწმენა, როცა ბავშვობიდან მაყურებლის ადგილს უთმობენ.

ამ დროს ყველაზე რელევანტური ტომას ედისონის ისტორიის გახსენება იქნება. ეს საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რა ემართება ადამიანის შესაძლებლობებს, როცა მისი ვიღაცას სჯერა.

ჩვენ რას ვაძლევთ ქალებს?

გულგრილობას და ყველაზე მტკივნეული ამ გულგრილობაში ის ფარსია, რომლითაც ამის შენიღბვას ვცდილობთ.

ახლა კი მე გეკითხებით, მაშინ, როცა რომელიმე კაცი სპორტსმენის მიღწევებსა და ანაზღაურებას შევადარებთ ქალი სპორტსმენებისას, რამდენად თანაბარი მხარდაჭერა აქვთ მათ ბავშვობიდან?

რა თქმა უნდა, შედარებაც შეუძლებელია, რაც ჯამში მეტ ინტერესს განაპირობებს ბიჭების მხრიდან ვიდრე გოგონებისგან. საშუალო სტატისტიკურად რომ ავიღოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიჭებში მეტი კონკურენციაა და მეტია შანსი უკეთესი სპორტული ტალანტების აღმოჩენისა.

ვინ იცის, რამდენი ქალი დანებებია საზოგადოების არაადეკვატურ დამოკიდებულებას.

ამის მიუხედავად, ქალების ასპარეზი სპორტში თუ მეტად არა, არანაკლებ ხარისხიანი და საინტერესოა, მაგრამ რამდენი თქვენგანი უყურებს ქალთა ფეხბურთს? ქალთა კალათბურთს? ყველამ იცის მესი, მაგრამ მართა ვიეირას შესახებ თუ სმენია ვინმეს? ეს ავტომატურად ნიშნავს ნაკლებ ბიუჯეტს ქალთა და მეტს მამაკაცთა სპორტში.

შესაბამისად, უთანასწორობაა არა მხოლოდ მონაწილეობასა და შესაძლებლობებში, არამედ ანაზღაურებაშიც. ეს ძირითადად პროფესიონალურ სპორტში გვხვდება, სადაც თითქმის ყველა შემთხვევაში მამაკაცებს უფრო მეტი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე ქალებს. კალათბურთის, გოლფის, ფეხბურთის, ბეისბოლისა და ჩოგბურთის მამაკაცი სპორტსმენები 15%-დან 100%-მდე მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ქალი სპორტსმენები.

გარდა ამისა, ქალ სპორტსმენებს უწევთ გამკლავება სექსისტურ კომენტარებთან, განსაკუთრებით მამაკაცებისგან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალი სპორტსმენები არ არიან საკმარისად ძლიერები ან ნიჭიერები.

აღსანიშნავია მედიის დამოკიდებულებაც. მათი დაფარვა ძირითადად მხოლოდ მამაკაცთა ჩემპიონატებსა და მიღწეულ წარმატებებზეა ორიენტირებული. ხშირ შემთხვევაში ამ სფეროში არსებულ გენდერულ უთანასწორობაზე საუბარსაც არიდებენ თავს, მაშინ, როცა მედიას საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებაზე დიდი და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.

სად არის „გზა ხსნისა“?

მხარი დაუჭირეთ ქალთა და გოგონების სპორტს, დაესწარით ქალთა სპორტულ თამაშებს;

შეიმუშავეთ გენდერული თანასწორობის პოლიტიკა. სპორტულმა ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ გენდერული თანასწორობის მიმართულებით;

დაივიწყეთ სექსისტური ენა კომუნიკაციაში;

დაიქირავეთ მეტი ქალი სპორტის აღმასრულებელი;

ჩვენ რომ ბავშვობიდანვე ვაჩვენოთ გოგონებსაც და ბიჭებსაც მათი თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, იქნებ თანაბარი რწმენა და მოტივაციაც გაუჩნდეთ და შემდეგ ორივე სფეროს ისეთივე მაღალ ანაზღაურებადი და პოპულარული სპორტსმენები ჰყავდეთ, როგორებიც ახლა თითით საჩვენებელ მამაკაცთა სპორტში არიან.

ქალები არ ითხოვენ უპირატესობას სპორტში.

ჩვენ ვითხოვთ თანაბარ დამოკიდებულებას და კუთვნილ ადგილს მოედანზე.

ჩვენ ვითხოვთ მხარდაჭერას.

ჩვენ ვითხოვთ ქალთა შესაძლებლობების რწმენას.

რადგან

ჩვენ გვეკუთვნის ადგილი მოედანზე.

ჩვენ ვიმსახურებთ მხარდაჭერას.

ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი, რისი გაკეთებაც გვსურს.


მედია კონკურსის : "გენდერული თანასწორობა სპორტში" გამარჯვებული ბლოგი. 

მედია კონკურსი ჩატარდა პროექტ "ქალი ათლეტების დაცვა სექსუალური შევიწროებისა და ძალადობისგან სპორტში" ფარგლებში, როემლსაც ახორციელებს ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. 

ბლოგში გამოხატული მოსაზრება/მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ორგანიზაციისა და ნიდერლანდების საელჩოს პოზიციას.