ანა არგანაშვილი

თაკო კაპანაძე

 

მას შემდეგ, რაც COVID-19 გამოწვეული პანდემიის გამო სკოლები დაიკეტა და სწავლება სრულიად ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, თითქმის ერთი წელი გავიდა.

დაახლოებით ერთი წელი ჰქონდა განათლების სამინისტროს სკოლებში, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის აღსადგენად, ბავშვების დაბრუნების უსაფრთხო და ეფექტური გეგმის შემუშავებისთვის.

თუმცა, 2021 წლის თებერვალში სასწავლო პროცესის აღდგენას განათლების სამინისტრო ყოველგვარი გეგმის გარეშე შეხვდა.

ჩვენი, როგორც ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციისთვის, მიუღებელია განათლების სამინისტროს ასეთი ზედაპირული დამოკიდებულება, ბავშვების  სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების, განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლების მიმართ.

სწორედ ამიტომ, 2021 წლის 8 თებერვალს, ჩვენ მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით. მოვითხოვეთ სასამართლოს განათლების სამინისტროსთვის ერთიანი გეგმის შემუშავება დაევალებინა. გეგმის მიზანი იყო პანდემიის პირობებში ყველა ბავშვის და, განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების) სკოლებში უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველყოფა. სასამართლომ უარი გვითხრა უზრუნველყოფის დაკმაყოფილებაზე. ორგანიზაცია ბავშვების დაცვის სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს სასამართლოს უარის განჩინების გასაჩივრებით ზემდგომ (სააპელაციო) ინსტანციაში და ძირითადი სარჩელის შეტანით საქალაქო სასამართლოში.

ვინაიდან ბავშვთა უფლებების დაცვა არის მთელი საზოგადოების და არა მხოლოდ ერთი არასამთავრობოს მოვალეობა, საზოგადოებას ვთავაზობთ სასამართლოს განჩინებას (იხ. თანდართული ფაილი), სრულად და ორგანიზაციის საჩივრის ადაპტირებულ ვარიანტს[1].

სასამართლოს უარი ჩვენ მოთხოვნაზე 4 ძირითად არგუმენტს ეყრდნობა:

არგუმენტი #1 გეგმის შემუშავების შეუძლებლობა პანდემიით გამოწვეული არაპროგნოზირებადი სიტუაციის გამო.

შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირველი საფუძვლის დასასაბუთებლად სასამართლომ განმარტა, რომ განათლების სამინისტრო წინასწარ შემუშავებული გეგმით ვერ შეძლებს სასწავლო პროცესის მართვას მუდმივად ცვალებადი ეპიდემიური ვითარების გამო. მიგვაჩნია რომ აღნიშნული არგუმენტი არა რელევანტურია, ვინაიდან, ცვალებადი პირობების შემთხვევაშიც კი აუცილებელია სახელმწიფო უწყებას ჰქონდეს ხედვა, რომელიც გაითვალისწინებს პირობების ცვალებადობას.

საყოველთაოდ ცნობილი მოსაზრებაა, რომ კრიზისების მართვის მნიშვნელოვანი კომპონენტია კრიზისის დაძლევის კონკრეტული გეგმის არსებობა. ეს არაერთი სამეცნიერო წყაროთია განმტკიცებული. მაგალითად, 2010 წელს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა ოფისმა (WHO Regional Office for Europe) გამოაქვეყნა ნოტინგამის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა „რეკომენდაციები პანდემიისთვის მომზადების საუკეთესო პრაქტიკაზე[2]“. ეს რეკომენდაციები შემუშავდა 2009-2010 წლებში, ევროპაში, H1N1 გრიპის ვირუსთან ბრძოლის შეფასების საფუძველზე. მეცნიერთა ჯგუფმა შეაფასა გრიპის პანდემიის დასაძლევად მუშაობის ეფექტურობა ევროპის 6 ქვეყანაში: სომხეთში, ბოსნია-ჰერცოგოვინა, დანია, გერმანია, პორტუგალია, შვეიცარია და უზბეკეთი. შეფასების საფუძველზე გამოვლინდა, რომ ქვეყნების მხრიდან გრიპის ვირუსის ეფექტური მართვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო „პანდემიის საწინააღმდეგო გეგმის ეფექტური დაგეგმვა და შემუშავება“[3]. იგივე კვლევა მიუთითებს, რომ პანდემიის მართვისას არა მხოლოდ გეგმის არსებობა, არამედ ამ ანტი-პანდემიური გეგმის შემუშავების პროცესია მკაცრად გასაწერი და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს[4]:

1.     პანდემიის მართვის გეგმები არ უნდა იყოს კოპირებული რომელიმე გეგმიდან არამედ უნდა გვთავაზობდეს სამოქმედო ჩარჩოს.

2.     მოსამზადებელი სამუშაოების ინსტრუმენტები, როგორც ამ გეგმების ნაწილი, არ უნდა იყოს უკიდურესად სპეციფიკური, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი აცდენა რეალობისგან.

3.     გეგმაში ხაზი უნდა გაესვას პრიორიტეტებს, პანდემიის საპასუხო ქმედებების დაგეგმვისას.

4.     პანდემიის მართვის სცენარი არ უნდა დაეყრდნოს არა მხოლოდ უარესს სცენარს.

5.     პანდემიის მართვის გეგმა უნდა იყოს მოქნილი და ადაპტირებადი და ითვალისწინებდეს შემდეგ გარემოებებს:

-          გეგმის მოქნილობა შეიძლება გაძლიერდეს იმგვარი გეგმის შემუშავებით, რომელიც გაითვალისწინებს სხვადასხვა სცენარებს (არ არის დეტალური სცენარების გაწერის აუცილებლობა), მოიცავს იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებიც განხორციელდება ადგილობრივი ვითარების ცვლილების შესაბამისად და აღიარებს რომ საჭიროა არსებობდეს ამ ღონისძიებების განხორციელების რესურსები ადგილზე.

-          საჭიროა გეგმა ითვალისწინებდეს მოქნილობის (adaptability) გარკვეულ ხარისხს, რათა რეგიონალურმა და ლოკალურმა მოქმედმა პირებმა შეძლონ გეგმის სიტუაციისადმი შესაბამისობაში მოყვანა.

-          ქვეყნების მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოები (გაიდლაინები) უნდა იყოს მყარი და ხშირად არ უნდა იცვლებოდეს და თავიდანვე უნდა შემუშავდეს შესაბამისი კომპლექსურობის ხარისხით.

მაშასადამე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, ჯერ კიდევ 2009-2010 წლებში გავრცელებული გრიპის პანდემიის მართვის შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ პანდემიის კომპლექსურობას ქვეყნებმა უნდა უპასუხონ ეფექტური გეგმით და არა გეგმის არქონით. სასამართლოს მხრიდან პანდემიის ცვალებადი ხასიათით გეგმის არქონის გამართლება მიუთითებს, რომ სასამართლო არ იცნობს საჯარო მმართველობის მინიმალურ სტანდარტს პანდემიის მართვის პროცესში. ასევე არ იცნობს, ეპიდემიის მართვის საერთაშორისო მოდელებს. ადმინისტრაციული მმართველობის სამართლის უპირველესი მოვალეობა სწორედ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და ეფექტური საჯარო მმართველობის წახალისებაა, რომელსაც სასამართლოს მხრიდან არასათანადო ყურადღება ექცევა. სასამართლო უკიდურესად დაბალ სტანდარტს უყენებს საჯარო მმართველობას მაშინ, როდესაც მიუთითებს რომ პანდემიის დროს გეგმის შემუშავება შეუძლებელია, რაც ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევის წინაპირობად შეიძლება ჩავთვალოთ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ შუამდგომლობაში სასამართლოს წარვუდგინეთ განათლების სისტემაში პანდემიის მართვის გეგმის კონკრეტული ელემენტები, რომელიც შემუშავებული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის[5], ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთობლივი რეკომენდაციის[6] გათვალისწინებით. ასევე მივუთითეთ, რომ გეგმის ამ კომპონენტების გაუთვალისწინებლობა წარმოშობს საფრთხეს. აღნიშნული კომპონენტებია:

 

      i.         რამდენი მოსწავლე შეიძლება იყოს კლასში ერთდროულად, მათ შორის საკლასო ოთახის სიდიდის გათვალისწინებით;

     ii.         რა შემთხვევაში შეიძლება გადავიდეს სკოლა სწავლების დისტანციურ მოდელზე;

   iii.         ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლის შემთხვევაში, როგორ ხდება მასწავლებელთა რესურსის განაწილება;

    iv.         რა დამატებით ღონისძიებებს უნდა მიმართოს სკოლამ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან/მასწავლებლებთან დაკავშირებით. აღნიშნული ღონისძიებები არ გულისხმობს მხოლოდ მყარი ზედაპირების დეზინფიცირებასა და  ხელების დაბანის ინსტრუქციას და სხვა.

 

ვინაიდან სამინისტროა არ ჰქონდა აღნიშნული კრიტერიუმები გაწერილი სამოქმედო გეგმაში, როგორც მშობლებისთვის ისე მასწავლებლებისთვის და ბავშვებისთვის გაუგებარია სამინისტროს მიერ გადაწყვეტილებების მიღების ლოგიკა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ გეგმის არარსებობის პარალელურად,  ამ კრიტერიუმების განუსაზღვრელობა ყველა ბავშვს და, განსაკუთრებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს საფრთხეს უქმნის სკოლაში დაბრუნების დროს.

სასამართლო განმარტავს რომ „ბავშვებისათვის უსაფრთხო სასწავლო პროცესის უწყვეტად სასკოლო ოთახებში წარმართვა დაკავშირებულია სწრაფად ცვალებადი ვითარების არსებობასთან, გართულებულ ეპიდემიურ თუ სხვა სახის კრიზისულ ვითარებასთან ადაპტაციის მიზნით გადაწყვეტილების დროულად მიღების აუცილებლობასთან, რაც მუდმივად საჭიროებს ვითარების ადეკვატური ღონისძიებების გატარებას, მათ დაზუსტებასა თუ მოდიფიცირებას“ (განჩინება გვ.10). სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ გეგმის არსებობა ხელს უშლის ადეკვატური ღონისძიებების გატარებას და შეუძლებელს ხდის მათ დაზუსტებას და მოდიფიცირებას, რაც არ შეესაბამება ეფექტური გეგმის არსს. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევა ზემოთ მიუთითებს, პანდემიის მართვის ეფექტური გეგმა სწორედ იმგვარი მოქნილობით და ადაპტურობით უნდა ხასიათდებოდეს, რომ იგი ითვალისწინებდეს ყველა შესაძლო სცენარის განვითარებას.  განათლების სისტემა მზად უნდა დახვდეს თითოეულ სცენარს წინასწარ ნაფიქრი და გააზრებული არგუმენტებით. დაუშვებელია მოუმზადებელი შეხვდეს ამა თუ იმ სცენარს განათლების სამინისტრო, როდესაც საქმე ეხება ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. სავალდებულოა რომ ყველა შესაძლო სცენარი იყოს იმდენად კარგად გამოკვლეული, რომ წინასწარ ვიცოდეთ, რომელი რისკი რომელი ღონისძიებით ვმართოთ და ამისთვის რა რესურსი რომელი წყაროდან მოვიზიდოთ. სწორედ გეგმის ფარგლებში უნდა მოხდეს ადეკვატური ღონისძიებების გატარება, დაზუსტება და მოდიფიცირება და არა გეგმის და წინასწარი დაგეგმვის გარეშე.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე რომ ბავშვები წარმოადგენს განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს, ხოლო განათლების უფლება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და ეროვნული კანონმდებლობით, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისს დამტკიცებული #37 დადგენილების („საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე“) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განათლების სამინისტროს ვალდებულებაა, უზრუნველყოს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფა, იგი არის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანო. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განათლების სამინისტროს მიზანი, მათ შორის არის განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების კვლევა/შეფასება.

შესაბამისად, ეროვნული გეგმის შემუშავება განათლების სამინისტროსთვის კანონით პირდაპირ გათვალისწინებული ვალდებულებაა. სასამართლოს შეფასება, რომ განათლების სამინისტროს არ შეუძლია გეგმის შემუშავება მუდმივად ცვალებადი ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით ნიშნავს, რომ განათლების სამინისტრო მასზე დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს. ფაქტობრივად, აღნიშნული შეფასება არის სასამართლოს მიერ იმის აღიარება, რომ სამინისტროს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება არ შეუძლია, თუმცა სასამართლომ, ეს, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად გამოყენების ნაცვლად, სამინისტროს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზეზად დაასახელა.

აღნიშნული არგუმენტაციით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სრულად ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს, ბავშვთა უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტს. საპროცესო და მატერიალურ კანონმდებლობას და განათლების სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელ აქტებს.

 

არგუმენტი #2 კონკრეტული დაზარალებულის არარსებობა

როგორც განჩინებიდან იკვეთება, სასამართლოსთვის გაუგებარი აღმოჩნდა სპეციალური მოსარჩელის არსი. „თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ შეიძლება დადგეს რაიმე სახის ზიანი, მას შეუძლია ყოველ კონკრეტულ, ან თუნდაც კონკრეტული სკოლის შემთხვევაში იმსჯელოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის დაცვის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე და გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიება.“ (განჩინება გვ.10.)  აღნიშნული დასაბუთებით სასამართლო ეწინააღმდეგება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ შესაძლებლობას, კონკრეტული პირისთვის მიყენებული ზიანის გარეშე აწარმოოს დავა სასამართლოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კოლექტიური დარღვევის ან სავარაუდო დარღვევის შემთხვევაში. საქართველოს კანონში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“.

2020 წლის ივლისში, განხორციელებული ცვლილებების შედეგად კანონს დაემატა სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტი. ცვლილების მიზანი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციისთვის შესაძლებელი გახდეს სასამართლოსთვის მიმართვა, იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა რომ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სისტემურ დარღვევა ან სავარაუდო დარღვევა, ასევე, თუ საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრას ან/და მნიშვნელოვანია ამ სფეროში სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებისათვის.

კანონში განხორციელებული ცვლილებით, კოლექტიური დარღვევის შემთხვევაში სავალდებულო არ არის კონკრეტული პირის მიერ სასამართლოსთვის მიმართვა, მისთვის ინდივიდუალურად მიყენებულ ზიანზე მსჯელობა. საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული ცვლილება, რაც შეიძლება სასიკეთო იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, აზრს კარგავს, თუ სასამართლოს მეშვეობით მისი პრაქტიკაში რეალიზაცია ვერ მოხდა. ამიტომ სასამართლოს არგუმენტი, რომ ინდივიდუალური მოსარჩელის დარღვეულ უფლებასა და კონკრეტული პირისთვის მიყენებულ ზიანზე იმსჯელებს, ეწინააღმდეგება კანონს. ამგვარი დასაბუთებით სასამართლოს განსახილველად არ უნდა მიეღო შუამდგომლობა თუ თვლიდა რომ წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. თუმცა სასამართლომ მიიღო, იმსჯელა არსებითად და უარი შუამდგომლობაზე სწორედ კანონის დარღვევით დაასაბუთა, რაც წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

 

3.    არგუმენტი #3 გამოუსწორებელი შედეგის დადგომა

სასამართლო „გამოუსწორებელი შედეგის“ შესაფასებლად ეყრდნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც „სადავო ნორმატიულ აქტს შეუძლია თუ არა რომელიმე მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა ისევე, როგორც, თუ რას წარმოადგენს „გამოუსწორებელი შედეგი“, უნდა დადგინდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის №1/1/592 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ვიზიარებთ სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ „გამოუსწორებელი შედეგი“ უნდა შეფასდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში.

აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბავშვთა უფლებების სამართალი ახლად განვითარებული სამართლის დარგია და სასამართლომ „გამოუსწორებელი ზიანის“ შესახებ მსჯელობისას არ უნდა მოახდინოს მექანიკური გადმოტანა იმ მსჯელობებისა, რომელიც ეხება ზრდასრულ ადამიანებს.

ბავშვთა უფლებების კონტექსტში „გამოუსწორებელი ზიანის“ ცნების განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დავეყრდნოთ ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სამართლის იმ კონვენციებს, რომელიც სავალდებულო ხასიათისაა საქართველოსთვის (გაერთიანებული ერების ბავშვთა უფლებების კონვენცია) მათი რატიფიცირების სტატუსიდან გამომდინარე და განვიხილოთ ამ კონვენციის ნორმები ეროვნული სამართლის ნორმებთან ერთიანობაში.

2017 წლის 21 თებერვალს საქართველომ მოახდინა გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის „შეტყობინების პროცედურების შესახებ“ დამატებითი ოქმი, რომლის მე-6 მუხლი განსაზღვრავს კომიტეტის მიერ დროებითი ზომების გამოყენების შესაძლებლობას და მიუთითებს: „ნებისმიერ დროს შეტყობინების მიღების შემდეგ და საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღწევამდე, კომიტეტს შეუძლია შესაბამის მხარე სახელმწიფოს დაუყოვნებლივ გადასცეს განსახილველად თხოვნა ამ მხარე სახელმწიფოს მიერ ისეთი დროებითი ზომების მიღების შესახებ, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს საგანგებო გარემოებებში, სავარაუდო დარღვევის მსხვერპლის ან მსხვერპლთა მიმართ შესაძლო გამოუსწორებელი ზიანის თავიდან ასაცილებლად.“

აღსანიშნავია, რომ ბავშვთა უფლებების კომიტეტმა, 2014 წლის 1 თებერვალს, მე-80 სესიაზე განმარტა „გამოუსწორებელი ზიანის“ ცნება ბავშვთა უფლებების სამართალში[7]. განმარტების თანახმად:

გამოუსწორებელი ზიანი კონვენციის მიზნებისთვის ნიშნავს რომ უფლების დარღვევა, თავისი ბუნებით შეუქცევადია და არ ექვემდებარება რეპარაციას, აღდგენას ან ადეკვატურ კომპენსაციას. კომიტეტი გვთავაზობს 3 საფეხურიან ტესტს გამოუსწორებელი ზიანის განსაზღვრისათვის:

1.     ამგვარი დარღვევის რისკი ან მუქარა უნდა იყოს მყისიერი და გაზომვადი.

2.     რისკის დასაბუთებისათვის არ უნდა გამოვიყენოთ ეჭვს მიღმა სტანდარტი.

3.     აპლიკანტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უნდა იძლეოდეს საშუალებას განსაზღვროს რისკი prima facie სტანდარტით[8].

ამავე დოკუმენტში კომიტეტი მიუთითებს რომ ბავშვთა უფლებებზე რაიმე მოვლენის ზემოქმედების სიმძიმის განსაზღვრისას საჭიროა სახელმწიფოებმა გაითვალისწინონ ბავშვთა უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმებით განსაზღვრული „ბავშვების სპეციალური სტატუსი.“ „ბავშვთა უფლებების დარღვევას ხშირად აქვს მძიმე და ხანგრძლივი ეფექტი მათ განვითარებაზე. კომიტეტს მიაჩნია, რომ, მე-3 დამატებითი ოქმის მე-6 მუხლის მიზნებისთვის, მძიმე შედეგის გამომწვევ დარღვევად არ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ ბავშვის სიცოცხლის და ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა, არამედ კონვენციით გათვალისწინებული ყველა უფლების დარღვევა.“ .... „გამოუსწორებელი ზიანის განსაზღვრისას კომიტეტი მიუთითებს, რომ ბავშვები არიან განვითარებადი სუბიექტები და მათი უფლებების ზოგიერთი დარღვევა, რომელსაც ისინი ზრდის პროცესში განიცდიან, არასოდეს გამოსწორდება. არ არსებობს რეპარაციის ადეკვატური სახე ამ უფლებების დარღვევის აღსადგენად. გამოუსწორებელი ზიანის შეფასება უნდა მოხდეს ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში თუმცა, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ბავშვების ასაკი, სხვა გარემოებების შეფასების პარალელურად.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო თუ იმსჯელებდა კონვენციის სტანდარტით, მაშინ კომიტეტის მიერ დადგენილი „გამოუსწორებელი ზიანის“ ტესტი შემდეგნაირად იქნებოდა დაკმაყოფილებული.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის COVID -19 ით გამოწვეული ზიანი ან ზიანის საფრთხე და მუქარა არის მყისიერი და გაზომვადი. აღნიშნული დასტურდება უახლესი კვლევებით. ამ კვლევებზე დაყრდნობით საინფორმაციო საშუალებებმა[9] 14 იანვარს გაავრცელეს ინფორმაცია  „კორონავირუსის გართულებული ფორმა მხოლოდ 19 წლამდე პაციენტებშია და ინფექცია მულტისისტემური ანთებითი სინდრომი უწოდა. ის არასრულწლოვნებში ვირუსის გადატანის შემდეგ ვითარდება და 4-6 კვირის შემდეგ ვლინდება, აზიანებს ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოს, მაგალითად გულის პარკუჭებს, ფილტვებს, თირკმელებს, იწვევს ორგანიზმში წნევის ვარდნას და, ყველაზე ცუდ ვარიანტში შოკურ მდგომარეობამდე მისვლა გარდაუვალია.“ დამატებით, აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისმა 2021 წლის 11 თებერვალს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გარდაცვალების სტატისტიკა 3-ჯერ აღემატება შეზღუდვების არ მქონე პირთა გარდაცვალებას COVID-19-ის მიზეზით[10]. შესაბამისად სახეზეა მყისიერი და გაზომვადი საფრთხე, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, განათლების სამინისტროდან გაუფრთხილებელი მოქმედებების შედეგად დაექვემდებარებიან მათი უფლებებისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებით.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ  სასამართლომ განჩინებაში არ იმსჯელა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ინდივიდუალური მიდგომის კრიტერიუმებზე და იმსჯელა ზუსტად იმ სტანდარტით, როგორც იმსჯელებდა სრულწლოვანი პირის ნებისმიერი უფლების დარღვევის დროს. „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ განსაზღვრავს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინების ვალდებულებას. ბავშვის უფლებების დარღვევის შესახებ მსჯელობის დროს სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ბავშვის საუკეთესო ინტერესები, ასევე „გამოუსწორებელი შედეგის“ შეფასების დროს სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა რომ მინიმალური საფრთხის დანახვაც კი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო „გამოუსწორებელი შედეგის“ დადგომისთვის. მინიმალური ეჭვის არსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლომ უნდა ჩათვალოს რომ შეზღუდული შესაძლებლობისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებთან დაკავშირებით უფლებების დარღვევა იწვევს გამოუსწორებელი ზიანის დადგომას.

 

არგუმენტი #4  სასამართლო ვერ ხედავს საფრთხეს სსსმ ბავშვების სკოლაში არაგეგმაზომიერი დაბრუნების შემთხვევაში

PHR -მა სასამართლოს წარუდგინა არაერთი მტკიცებულება, რითიც დაადასტურა საფრთხის არსებობა სსსმ ბავშვებისთვის სკოლებში დაუგეგმავი და სპონტანური დაბრუნების შემთხვევაში:

1.     შუამდგომლობაზე თანდართულია 2019 წელს  კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN)-ის ეგიდით ჩატარებული კვლევა „სკოლებში წყლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური (WaSH)  მდგომარეობის შეფასება“. კვლევით დგინდება რომ ერთ-ერთი პრობლემა სკოლების საპირფარეშოებში არსებულ მდგომარეობას ეხება. შემთხვევათა აბსოლუტურ უმეტესობაში საპირფარეშოების სანიტარიული მდგომარეობა სრულიად არ პასუხობს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს: უმეტეს შემთხვევებში საპირფარეშოები არ არის მოპირკეთებული, საპირფარეშოების უმრავლესობაში არ ტარდება დეზინფექცია. ვიზიტების დროს ბევრგან დაფიქსირდა მძიმე ანტისანიტარია.

2.     განათლების სამინისტროს 2021 წლის 7 თებერვლის განცხადების თანახმად, 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები. სრულად განახლდა 9 სკოლა, ხოლო 150-ზე მეტი ნაწილობრივ. ასევე, დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო. სამინისტროს განცხადებაში არაფერია ნათქვამი დანარჩენ სკოლებში არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე, მითითებული არ არის დამატებითი ინფორმაცია სად მდებარეობს ნახსენები სკოლები. შუამდგომლობაზე თანდართული კვლევით[11] დასტურდება, რომ ქვეყანაში არსებობს სკოლები, სადაც შიდა სანიტარიული კვანძის მოწყობა არსებული დაგეგმარებით მოუხერხებელია. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მსგავსი ტიპის სკოლები მარაგდებოდეს სასმელი და ხელის დასაბანი წყლით. სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება არ იძლევა ინფორმაციას, მოხდა თუ არა აღნიშნული სკოლების უზრუნველყოფა წყლით, ხდება თუ არა ამ სკოლებში სანიტარიული კვანძის დასუფთავება. მხოლოდ ეს ფაქტიც ადასტურებს იმ გარემოებას რომ სკოლების უმრავლესობაში საპირფარეშოების დეზინფექცია და დასუფთავება შეუძლებელია. ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საყოველთაოდ გავრცელებული და ეფექტური ღონისძიება ხელების ხშირად დაბანაა. იმის გათვალისწინებით, რომ სკოლების უმეტესობაში მოსწავლეებს სისუფთავის შესანარჩუნებლად მინიმალური პირობებიც კი არ აქვს, სასამართლოს შეფასება სკოლების მიერ რისკის მართვის თაობაზე არის ზედაპირული და არ შეესაბამება რეალურ სურათს. მით უფრო რომ სასამართლო შეფასების დროს ვერ ეყრდნობა განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებულ ქმედებას,  რაც სკოლების ფინანსური ან ადმინისტრაციული მიმართულებით გაძლიერებას გამოიწვევდა.

3.     განათლების სამინისტროს მიერ ერთიანი გეგმის შემუშავების აუცილებლობაზე მიუთითებს სახალხო დამცველიც. 2021 წლის 15 თებერვლის განცხადებაში ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ „ სამინისტროს არ წარმოუდგენია ერთიანი სამოქმედო გეგმა, რაც უზრუნველყოფს სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურ მართვას, გამოვლენილ ხარვეზებზე სწრაფ რეაგირებასა და საჭიროებების შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას. უწყების მიერ მიღებული ზოგადი რეკომენდაციების თანახმად, სკოლებმა თავად უნდა შეიმუშაონ პანდემიის პირობებში, საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ერთიანი ხედვის და მიდგომის არსებობისთვის არასაკმარისია“. სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ „ამ დრომდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის მართვის მხრივ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისად თანმიმდევრული და არ აკმაყოფილებს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს.“

 4.     სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქვეყნის მასშტაბით სკოლებს აქვთ სრულიად განსხვავებული რესურსი იმის მიხედვით, თბილისში მდებარეობს სკოლა თუ რეგიონში, კერძო თუ საჯარო, რამდენია სკოლის ბიუჯეტი. სკოლებში განსხვავდება ასევე, მოსწავლეებისა და მასწავლებლებლების, დამლაგებლების რაოდენობა, სკოლის ფართობი. შესაბამისად, ცალსახად იმის თქმა რომ სკოლებს აქვთ ფინანსური ან/და ადამიანური რესურსი იმისთვის რომ თანაბრად კარგად მართონ სასკოლო პროცესი ეპიდემიის დროს, არ ემყარება არცერთ სანდო მტკიცებულებას. მაგალითად, როგორიც იქნებოდა სკოლების საჭიროებების წინასწარი კვლევა და ამის შედეგად მათი ინდივიდუალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. რაც განათლების სამინისტროს არ გაუკეთებია.

ყველა აღნიშნული არგუმენტის გათვალისწინებით სასამართლო გადაწყვეტილება ამ ნაწილში დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

სწორედ ამიტომ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების არაერთი საფუძველი:

·       სასამართლოს დასაბუთება არღვევს კანონით გათვალისწინებულ სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციის უფლებას, ინდივიდუალური პირის გარეშე მიმართოს სასამართლოს;

·       სასამართლო უფლების დარღვევის დროს არ მსჯელობს ბავშვის უფლების დასაცავად კანონით გათვალისწინებული განსხვავებული დაცვის სტანდარტით;

·       სასამართლო დუმს განათლების სამინისტროს მიერ პრევენციული და დაცვითი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტზე და პასუხისმგებლობა გადააქვს საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე სკოლაზე, სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად.

·       განათლების სამინისტრო უფლებამოსილების უკანონო დელეგირებას აკეთებს ინდივიდუალურ სკოლებზე და მასწავლებლებზე და ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების და სათანადო მოქმედების ვალდებულება გადააქვს სკოლებსა და მასწავლებლებზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით, სასამართლომ განათლების სამინისტროს მისცა შესაძლებლობა, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულით გამომდინარე მიგვაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ. კერძოდ, დაევალოს განათლების სამინისტროს Covid_19 ვირუსით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური ვითარების დროს სასწავლო პროცესის წარმართვის შესახებ ეროვნული გეგმის შემუშავება.

მიგვაჩნია რომ საქმის შინაარსისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სასამართლომ კერძო საჩივარი განიხილოს ზეპირი განხილვით, რათა საფუძვლიანად გამოარკვიოს საქმის გარემოებები. შესაბამისად, ვთხოვთ სასამართლოს კერძო საჩივარი განიხილოს ზეპირი განხილვით.

 *თქვენ გაეცანით კერძო საჩივრის არასრულ ტექსტს.

*ფოტო აღებულია ინტერნეტიდან, შემთხვევითობის პრინციპით. 

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.
 



[1] საჩივარში არ არის იურიდული ტერმინები და საპროცესო მოქმედებების ამსახველი ელემენტები, რომელიც რთული გასაგები იქნებოდა იურიდიული განათლების არმქონე საზოგადოებისთვის.

[2] World Health Organization, Regional Office for Europe, Recommendations for Good Practice in Pandemic Preparedness, identified though evaluation of the response to pandemic (H1N1) 2009. ხელმისაწვდომია (23 თებერვალი 2021): https://www.euro.who.int/__data/assets/pdf_file/0017/128060/e94534.pdf

[3] იგივე, გვ. 6.

[4] იგივე, გვ. 7.

[5] New guidelines provide roadmap for safe reopening of schools.

https://www.unicef.org/press-releases/new-guidelines-provide-roadmap-safe-reopening-schools

[6] Considerations for school-related public health measures in the context of COVID_19. https://www.who.int/publications/i/item/considerations-for-school-related-public-health-measures-in-the-context-of-covid-19. P. 2.

[7] Guidelines for Interim measures under the Optional Protocol to the Convention on the Rights of the Child on a communications procedure[7] https://www.ohchr.org/Documents/HRBodies/CRC/GuidelinesInterimMeasures.docx

[8] prima facie – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ერთი შეხედვით. სამართლებრივი მნიშვნელობით იგი შეიძ₾ლება გავიგოთ - ფაქტი დამტკიცებულად ითვლება, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება..

[10] Office for National Statistics, Updated estimate of coronavirus (COVID-19) related deaths by disability status, England: 24 January to 20 November 2020. https://www.ons.gov.uk/peoplepopulationandcommunity/birthsdeathsandmarriages/deaths/articles/coronaviruscovid19relateddeathsbydisabilitystatusenglandandwales/24januaryto20november2020

[11] „სკოლებში წყლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური (WaSH)  მდგომარეობის შეფასება“. 2019. გვ. 15.