არასრულწლოვანი შშმ პირის გაუპატიურების საქმე: I.C. – რუმინეთის წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის (საბოლოო გახდა 24/08/2016) გადაწყვეტილება   –  I.C.  რუმინეთის წინააღმდეგ

საჩივრის ნომერი – N36934/08
შედეგი:  დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი. ეს მუხლი გულისხმობს ადამიანის წამების, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯის ან მასთან ასეთი მოპყრობის დაუშვებლობას.

საქმის გარემოებები:

I.C. 1992 წელს დაიბადა და ცხოვრობს რუმინეთში.
2007 წლის 13 იანვარს, ის ესწრებოდა დაკრძალვის ცერემონიას სოფელში. დაახლოებით 20:00 საათზე  I.C. (14 წლის და 4 თვის), 2 მეგობარ გოგონასთან, P.A.  (10 წლის) და Z.F.D. ( 14 წლის) ერთად წყლის მოსატანად წავიდა მეზობლის სახლში. გზაზე მათ სამი ბიჭი მიუახლოვდა M.I.C. (15 წლის); M.S. (15 წლის), M.C.S. (16 წლის).
M.I.C.-მ განმცხადებელს ზურგს უკან გადაუგრიხა მკლავი,  თავში წაავლო ხელი და  უთხრა გაჰყოლოდა მას. ბიჭებმა  I.C. წაიყვანეს ახლოს  მდებარე ბაღში მიტოვებულ შენობასთან, აქ მათ M.C (22 წლის კაცი) ელოდებოდათ. ბიჭებმა დატოვეს გოგონა M.C.-სთან და წავიდნენ. M.C.-მ მიწაზე დააგდო გოგონა, ტანსაცმელი ნაწილობრივ გახადა და დაამყარა სექსუალური კავშირი.  ამასობაში, სხვა კაცი, A.C.L. (26 წლის) შემოესწრო გაუპატიურების ფაქტს და სცადა სექსუალური კავშირის დამყარება გოგონასთან, მაგრამ ფიზიოლოგიურად ვერ შეძლო.  იქვე იმყოფებოდა მესამე კაციც V.F. (30 წლის).  მას ასევე ჰქონდა განზრახული სექსუალური ურთიერთობის დამყარება მსხვერპლთან, თუმცა ბოლოს გადაიფიქრა და  გადაწყვიტა დახმარებოდა მას წამოდგომაში, გაწმენდასა და ჩაცმაში, ასევე მიაცილა სახლში, სადაც დაკრძალვის რიტუალი მიმდინარეობდა.  20 წუთის შემდეგ მამამ მოიკითხა I.C., გოგონამ უამბო გაუპატიურების შესახებ. მამამ დაუყოვნებლივ შეატყობინა პოლიციას.

გამოძიება:

I.C.-მ შემთხვევიდან მეორე დღეს ჩვენება მისცა და გაუპატიურებაში ჩართულობისთვის დაადანაშაულა სამი კაცი. მან ასევე ახსენა, რომ იგი მიტოვებულ შენობამდე ძალით მიიყვანეს, არ აძლევდნენ წასვლის საშუალებას და ყვირილის შემთხვევაში ემუქრებოდნენ ცემით. პოლიციამ მამის თანხლებით განმცხადებელთან ერთად დაასურათა შემთხვევის ადგილი, სადაც რაიმე საგანი ან სხვა მტკიცებულება არ აღმოჩენილა.
განმცხადებლის მიერ ძალადობაში მოანაწილედ დასახელებულმა  პირებმა უარყვეს ძალის გამოყენების ფაქტი და ასევე მიუთითეს, რომ მათთვის მსხვერპლის ასაკი უცნობი იყო (15 წლის ასაკს მიუღწეველი). ისინი აპელირებდნენ განმცხადებლის თანხმობაზე. მოგვიანებით კი დაამატეს, რომ  მათი ინფორმაციით გოგონას სექსუალური ურთიერთობა მანამდე სხვა კაცთანაც ჰქონდა. ასევე აღნიშნეს განმცხადებლის დაბალი აკადემიური მოსწრების შესახებ.
განმცხადებლის ორმა მეგობარმა დაადასტურა ძალით წაყვანის ფაქტი, ისიც, რომ I.C. ყვიროდა.  თუმცა დაკრძალვაზე დაბრუნებისას გოგონას არ უთქვამს მომხდარის შესახებ.
განმცხადებელმა გამოძიებას დამატებითი ჩვენება მისცა და კვლავ დეტალურად განმარტა მომხდარი. აღნიშნა, რომ მან არ იცოდა რისთვის მიჰყავდა სამ ბიჭს მიტოვებული სახლისკენ და რომ M.C. დაემუქრა ძალადობით, თუ არ დათანხმდებოდა სექსუალურ ურთიერთობაზე. მისი თქმით  M.C.-მ ორჯერ  გააუპატიურა. განმცხადებელმა ისიც განმარტა, რომ ეს იყო მისი პირველი სექსუალური კავშირი და რომ M.C., A.C.L. და V.F. იცნობდნენ განმცხადებელს და იცოდნენ მისი ასაკი.
საქმე  არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობის კვალიფიკაციით გადაეცა პროკურატურას შემდგომი გამოძიებისთვის.

განმცხადებელმა პროკურორისათვის მიცემულ ჩვენებაში ითხოვა საქმის გამოძიება გაუპატიურებისა და გაუპატიურებაში თანამონაწილეობის მუხლით M.C., A.C.L., M.I.C., M.C.S. და M.S.-ს მიმართ.
პროკურორმა ბრალდება წარუდგინა M.C.-ს არასრუწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის, ხოლო A.C.L.-ს იგივე ქმედების მცდელობისთვის.
პროკურორი დაეყრდნო შემდეგ ფაქტებს:  ორმა კაცმა განაცხადა, რომ მათ არ უძალადიათ მომჩივანზე. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მომჩივანს სხეულზე არ აღმოაჩნდა დაზიანებები. დაკრძალვის პროცესიაზე დაბრუნების შემდეგ მომჩივანს არ უთქვამს მეგობრებისთვის რა შეემთხვა. ამ გარემოებებზე დაყრდნობით პროკურორმა დაასკვნა, რომ მომჩივანს ნებაყოფლობით ჰქონდა სექსუალური კავშირი M.C.სა და A.C.L.-თან.  მოწმეებისათვის ( M.S., M.I.C. და M.C.S.) არ იყო ცნობილი M.C.-ის განზრახვა, შესაბამისად, მათი პასუხისმგებლობა არ დადგინდა. ხოლო V.F.-ს ვინაიდან არ დაუმყარებია სექსუალური ურთიერთობა მომჩივანთან, მის ნაწილში საქმე არ გაგრძელდა.

განმცხადებლის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობა

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გოგონას სხეულზე არ აღენიშნებოდა რაიმე სახის დაზიანება და არც სპერმის კვალი იქნა აღმოჩენილი.  თუმცა,  დადგინდა  პათოლოგია, რაც შეიძლება გამოეწვია სექსუალურ კავშირს. ექიმმა აღნიშნა, რომ განმცხადებელი იყო აღელვებულ მდგომარეობაში, შეშინებული, რის გამოც გადაამისამართა ფსიქოლოგთან და ნეიროფსიქიატრთან შემდგომი გამოკვლევებისათვის. მომხდარის შემდეგ განმცხადებელი რამდენჯერმე მოთავსდა  ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. მისი დიაგნოზი იყო სტრესთან დაკავშირებული შფოთვა, გაღიზიანება, ძილის დარღვევა, მსუბუქი ინტელექტუალური შეზღუდვა, ანემია და ტილიანობა. სასამართლო სამედიცინო ანგარიშის მიხედვით განმცხადებელს ჰქონდა ფსიქოლოგიური დარღვევა, რაც განპირობებული იყო განცდილი ძალადობის შედეგად გამოწვეული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმით. ფეხმძიმობის ნიშნები არ გამოიკვეთა.

ეროვნული სასამართლოს შეფასება:

2007 წლის 12 ოქტომბერს სასამართლომ დამნაშავედ ცნო M.C. არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისთვის და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლისა და ოთხი თვის ვადით.
A.C.L. დამნაშავედ ცნო არასრუწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობისთვის და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც განმცხადებელს არ აღენიშნებოდა დაზიანებები სხეულზე. სასამართლომ  გოგონას მეგობრების ჩვენებაზე, სადაც ნათქვამი იყოს რომ მსხვერპლი დახმარებას არ ითხოვდა. საბოლოოდ, სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულებს უნდა სცოდნოდათ რომ მსხვერპლი 15 წლის ასაკს მიუღწეველი იყო. სასამართლომ არ გაითვალისწინა განმცხადებლის პოზიცია, რომ ქმედება შეეფასებინა გაუპატიურებად, ასევე, მის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით რომ სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი ჯანმრთელობის მდგომარეობას არაფერი ჰქონდა საერთო მომხდარ ინციდენტთან. ასევე მიუთითა რომ მოწმეთა ჩვენებებით დგინდებოდა რომ განმცხადებელს აღნიშნულ ინციდენტამდე ჰქონდა სექსუალური კავშირი.

I.C. ადვოკატის მიერ გასაჩივრებულ იქნა გადაწყვეტილება. ზემდგომმა სასამართლომ მხოლოდ სასჯელი შეცვალა და განმცხადებლის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაადგინა. ხოლო საქმეზე არსებული კვალიფიკაცია ძალაში დატოვა, თუმცა. ამასთანავე განმცხადებლის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებების საპასუხოდ განმარტა: მსხვერპლი ცდილობდა სასამართლოს დარწმუნებას, რომ სექსუალური კავშირზე თანახმა არ იყო და ადგილი ჰქონდა გაუპატიურებას, თუმცა ეს ვერ დადასტურდა. სასამართლომ მიუთითა განმცხადებლის მეგობრების ჩვენებაზე, რომ გოგონას არ უთქვამს მათთვის მომხდარის შესახებ და არც საშველად მოუხმია ვინმესთვის.  ამასთანავე, სამედიცინო ექპსერტიზის დასკვნის თანახმად არ დგინდებოდა რომ განმცხადებელი გაუპატიურების მსხვერპლი იყო, რადგად მას არ  აღენიშნებოდა დაზიანებები სხეულზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება უშედეგოდ გასაჩივრდა განმცხადებლის მიერ, რადგან შემდგომი ინსტანციის სასამართლომაც გამორიცხა გაუპატიურების ფაქტი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  განმარტებით სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა და დაიცვას მოქალაქეები არასათანადო მოპყრობისგან, მათ შორის კერძო პირების მხრიდან აღნიშნული ზომები  გულისხმობს  ბავშვებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ეფექტურ დაცვას. ასევე, გონივრული ნაბიჯების გადადგმას, არასათანადო მოპყრობის თავიდან აცილების მიზნით, რის შესახებ სახელმწიფომ იცოდა, ან უნდა სცოდნოდა.  მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემთხვევაში სახელმწიფომ მათ დასაცავად უნდა გამოავლინოს განსაკუთრებული ყურადღება და ძალისხმევა, გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდულია მათი შესაძლებლობა და მზაობა  აწარმოონ სამართლებრივი დავა..

სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მესამე მუხლიდან გამომდინარე სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება დასჯად ქმედებად მიიჩნიოს თანხმობის გარეშე სექსუალური კავშირი. ასევე უზრუნველყოს პრაქტიკაში აღსრულება ეფექტური გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების გზით, მათ შორის მაშინაც, როდესაც მსხვერპლს ფიზიკური წინააღმდეგობა არ გაუწევია.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში სახელმწიფო უწყებები მოვლენათა განვითარების ორი საპირისპირო ვერსიის წინაშე აღმოჩნდნენ. განმცხადებელი უთითებდა, რომ გაუპატიურების მსხვერპლი გახდა, მაშინ როდესაც მომხდარში ჩართული ექვსი კაცი აცხადებდა, რომ სექსუალური ურთიერთობის დამყარება თანხმობით მოხდა.
შესაბამისად,  ამ საქმეში სახელმწიფო უწყებების მთავარი ამოცანა იყო დაედგინათ სექსუალური ურთიერთობა იყო თუ არა მსხვერპლის თანხმობით.

მსგავს საქმეებზე სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ორი შეუთავსებელი ვერსიის არსებობისას, რომელიმეს ნამდვილობის დადგენის მიზნით საჭიროა კონტექსტისა და ყველა თანმდევი გარემოებების  გათვალისწინება. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთი მხრივ სპეციალიზებული ფსიქოლოგის მოსაზრების დადგენით, ამასთანავე, იმ ადამიანების დაკითხვით ვინც იცნობს მსხვერპლს და მოძალადეს, მაგალითად, მეგობრები, მეზობლები, მასწავლებლები და სხვა პირები ვისაც შეუძლია ნათელი მოჰფინონ მათი ჩვენების სანდოობას. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ასევე შეეძლო დაედგინა არსებობდა თუ არა რაიმე მიზეზი, რის გამოც მსხვერპლს შეიძლება ყალბი ბრალდება წაეყენებინა ბრალდებულთათვის.  აღნიშნულ საქმეში კი სახელმწიფოს არც ერთი ზემოთხსენებული ნაბიჯი არ გადაუდგამს.

სასამართლომ გაიზიარა საერთაშორისო მიდგომები და  ყურადღება  გაამახვილა იმაზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით ძალადობის მაჩვენებელი  ბევრად უფრო მაღალია. საგამოძიებო ორგანოსა და  სასამართლოს არასათანადო რეაგირება ბავშვების, ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე  ქმნის დაუსჯელობის ფონს, რაც შესაძლებელია მიჩნეულ იქნას სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევად.

სასამართლოს განმარტებით ინტელექტუალრი შეზღუდვის ფაქტმა  განმცხადებელი ჩააყენა  უფრო მეტად მოწყვლად კატეგორიაში, რაც მოითხოვს განმცხადებლის ჩვენების ანალიზისას მეტ  გულისხმიერებას როგორც საგამოძიებო ორგანოების, ასევე ეროვნული სასამართლოების მხრიდან. უფრო მეტიც, ინტელექტუალური შეზღუდვის ფონზე სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა დათმობოდა განმცხდებლის თანხმობის ვალიდურობის შესწავლას. მაშინ როდესაც განმცხადებლის არც ერთი  პერსონალური მახასიათებელი, როგორიცაა მისი ასაკი,  მენტალური და ფიზიკური განვითარება ან ინციდენტთან დაკავშირებული სხვა გარემოებები – ღამე, ცივი ამინდი, მონაწილე პირების რაოდენობა, არ ყოფილა გათვალისწინებული პროკურორისა და მოსამართლის მიერ.

მოცემულ შემთხვვევაში კი პროკურორის და ეროვნული სასამართლოების მიერ გაკეთებული დასკვნები ეფუძნებოდა მხოლოდ ბრალდებულების ჩვენებებს და გარემოებებს, რომ განმცხადებელს სხეულზე არ აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, მან დასახმარებლად არ მოუხმო ვინმეს  და მომხდარის შესახებ მაშინვე არ უამბო მეგობრებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო უწყებებმა შეუსაბამოდ გაუსვეს ხაზი განმცხადებლის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის დადასტურების აუცილებლობას, ასევე არ განახორციელეს კონტექსტზე მორგებული მიდგომა. სახელმწიფოს არასათანადო რეაგირებაზე მიუთითებს ის გარემოებაც,  რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ მოითხოვეს განმცხადებლის ფსიქოლოგიური შეფასება, რათა დაედგინათ   სპეციალისტის მოსაზრება განმცხადებლის ასაკიდან გამომდინარე რეაქციების შესახებ.  ამასთანავე, მხედველობაში არ იქნა მიღებული ის სამედიცინო მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა განმცხადებლის მიერ ინციდენტის შემდგომ მიღებულ ტრავმას.
სახელმწიფომ პოზიციის წარდგენისას მიუთითა, რომ განცმხადებლის ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობრივი იყო.  რაზეც სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებლმა მომხდარიდან მალევე მიცემული ჩვენება დააზუსტა და მეტი სიცხადე შეიტანა მასში. განმცხადებლისგან განსხვავებით ჩვენებების  ცვლილება გამოიკვეთა M.C. და M.I.C.-სთან , ამასთანავე საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფოს მიერ რაიმე ნაბიჯები იქნა გადადგმული მათი ჩვენებების დამაჯერებლობის დასადგენად.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება, რომელიც გულისხმობს  ნებისმიერი ფორმით გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის დასჯადობას. შესაბამისად, მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევას.

მიყენებული მორალური ზიანისათვის  სახელმწიფოს დაეკისრა განმცხადებლის სასარგებლოდ  12 000 ევროს გადახდის ვალდებულება.

თარგმნა ანა თავხელიძემ
* პუბლიკაციის ფორმატიდან გამომდინარე სასამართლოს გადაწყვეტილება ნათარგმნია არასრულად.
* https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-163103%22]}

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*
*