PHR-ის მოთხოვნით ძალადობის მოწმე ბავშვების დაკითხვის პროცესში საერთაშორისო სტანდარტებს გაითვალისწინებენ

2020 წლის მარტში, როდესაც სასამართლო სხდომაზე ძალადობის შემსწრე ბავშვების დაკითხვის პროცედურასთან დაკავშირებით ბავშვების ადვოკატმა, PHR-ის წარმომადგენელმა, დარბაზიდან პოზიციის დაფიქსირება სცადა, ბრალდებულის ადვოკატებმა მოსამართლეს მიმართეს ბავშვების ადვოკატისთვის არ მიეცა აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. თუმცა, მოსამართლემ მაინც იმსჯელა ბავშვების ადვოკატის მიმართვაზე და ბავშვთა ინტერესების სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

სამართლის ისტორიაში არაერთხელ ყოფილა ვითარება როდესაც სამართლიანობის და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, ადვოკატები დადგენილ პროცედურულ წესებს ცვლიან კლიენტთა ინტერესების უკეთ დაცვის მიზნით.  ეს თითქმის გარდაუვალია, როდესაც კანონის რომელიმე  წესი, არ ითვალისწინებს ბავშვის განსაკუთრებულად მგრძნობიარე ბუნებას და  თავად ხდება უსამართლო ამ ბავშვის მიმართ.

აღნიშნულ პროცესზე ბავშვების ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სასამრთლოს მიმართა და მოითხოვა ბავშვების ინტერესის დაცვა შემდეგი ფორმით:

  • საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, დაკითხვის დაწყებამდე, მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ ძალადობაში ბრალდებულ მამას უნდა შეეზღუდოს ბავშვებთან კომუნიკაცია.
  • ბავშვების დაკითხვის პროცესს არ უნდა დაესწროს ბრალდებული.
  • ბავშვები უნდა დაკითხოს ფსიქოლოგმა დისტანციურად, ბავშვისათვის მაქსიმალურად მშვიდ გარემოში.
  • ბავშვების ჯვარედინად დაკითხვის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს ბრალდებულის ადვოკატს, მათთვის ხელახალი ტრავმის მიყენების თავიდან ასარიდებლად.

PHR-ის ადვოკატმა პოზიცია დაასაბუთა „ბავშვის უფლებათა შესახებ“ გაეროს კონვენციის ნორმებზე,, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციასა  და არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, და, ასევე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით.

მოსამართლემ გაიზიარა PHR-ის პოზიცია  ბავშვების სპეციალიზებული ფსიქოლოგის თანდასწრებით დისტანციური დაკითხვის უზრუნველყოფის შესახებ. ასევე, იმსჯელა ბავშვების ჯვარედინი წესით დაკითხვის საკითხზე და განმარტა, რომ თითოეული შეკითხვის დასაშვებობას ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე შეაფასებდა სპეციალიზებული ფსიქოლოგი.

სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა PHR-ის პოზიცია ბავშვების ბრალდებულის თანდასწრებით დაკითხვის თაობაზე. სასამართლომ მიუთითა არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 24-ე მუხლის  „დ“ ქვეპუნქტზე  და განმარტა, რომ დაკითხვის დაწყებამდე ფსიქოლოგის მიერ თავად ბავშვებთან დაზუსტდებოდა სურდათ თუ არა მათ ბრალდებულის დასწრება დაკითხვაზე.  აღნიშნულ პოზიციას კატეგორიულად არ დაეთანხმა PHR-ის წარმომადგენელი და დამატებით წერილობით მიმართავს სასამართლოს.

ბავშვების ადვოკატის მტკიცებით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად დაუშვებელია ოჯახში ძალადობის შემსწრე ბავშვის ბრალდებული მშობლის თანდასწრებით დაკითხვა, სასამართლო ვალდებულია  ოჯახში ძალადობის საქმეებზე იხელმძღვანელონ სპეციალური საკანონმდებლო აქტებითა და ნორმებით. მიუხედავად ბავშვების მიერ დაფიქსირებული პოზიციისა, ბავშვების დაკითხვა ოჯახში ძალადობაზე ბრალდებული მშობლის თანდასწრებით არის მატრავმირებელი და ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

PHR-ი აგრძელებს ბავშვთა ინტერესების დაცვას სასამართლოში და სასამართლოს გარეთ მათთვის სამართლებრივი დაცვის ხელმისაწვდომობის და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიზნით.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*
*